მთავარი,სიახლეები

ჩვენ ქურდები და მკვლელები ახლა რუსეთის ომში ვიბრძვით – როგორ აგროვებს პრიგოჟინი პატიმრებს

21.09.2022 • 1629
ჩვენ ქურდები და მკვლელები ახლა რუსეთის ომში ვიბრძვით – როგორ აგროვებს პრიგოჟინი პატიმრებს

ბრიტანულმა The Guardian-მა გამოარკვია, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი, ივნისის შემდეგ არაერთ რუსულ კოლონიაში იმყოფებოდა.

გამოცემასთან საუბრობენ პატიმრები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ციხეებში პრიგოჟინი პირადად ჩავიდა და პატიმრებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ, სასჯელისგან გათავისუფლება შესთავაზა.

—-

ივლისის ერთ შუადღეს, როდესაც მოსკოვიდან 500-მდე კილომეტრით დაშორებული ტამბოვის კოლონიაში ვერტმფრენის ხმა გაიგონეს, პატიმრები საკუთარი საკნების ფანჯრებს მიაწყდნენ.

„არავინ არასდროს იყენებს ვერტმფრენს აქ მოსასვლელად. გვაინტერესებდა რა ხდებოდა ასეთი,“ – იხსენებს ივანი, ერთ-ერთი პატიმარი.

ნახევარ საათში, მას და დანარჩენებსაც უბრძანეს, ციხის მთავარ მოედანზე შეკრებილიყვნენ.

„თვალებს არ ვუჯერებდით, რომ მან ამხელა გზა გამოიარა ჩვენთან შესახვედრად,“ – ამბობს ივანი, რომელიც კოლონიაში 23-წლიან სასჯელს იხდის მკვლელობისთვის. მისი სახელი მისი თხოვნით და უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია. – „მაგრამ ის იქ იდგა, ჩვენ წინ: ნამდვილად პრიგოჟინი და გვეხვეწებოდა „ვაგნერში“ გავწევრიანებულიყავით და უკრაინაში გვებრძოლა.“

ზაფხულის დასაწყისიდან არაერთი ცნობა გაჩნდა იმის შესახებ, რომ ევგენი პრიგოჟინი, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი და „ვაგნერის“ ხელმძღვანელი (რასაც ის ყოველთვის უარყოფდა) მებრძოლებს რუსეთის პენიტენციურ სისტემაში ეძებდა, რათა როგორმე რუსეთის დანაკარგი და სამხედროების დეფიციტი შეევსო.

გასულ კვირაში გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც რუსულ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, ჩანს კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს პრიგოჟინს. ეს კაცი პატიმრებს ხვდება ტამბოვიდან 800 კილომეტრით დაშორებულ ციხეში და ეუბნება, რომ ისინი თავისუფლებას მოიპოვებენ, თუ ექვსს თვეს მის ჯგუფთან იმსახურებენ. ეს ვიდეო, ამ პროცესის ამსახველი პირველი კადრებია.

„როდესაც ეს ვიდეო ვნახე, ვიფიქრე, პრიგოჟინს ალბათ ძალიან რთული გრაფიკი აქვს, რადგან იგივე სიტყვები გვითხრა ჩვენც,“ – იხსენებს ივანი. – „შეგვპირდა, რომ გაგვათავისუფლებენ თუ ექვსი თვე ვიბრძოლებთ. მაგრამ ისიც გვითხრა, რომ შეიძლებოდა, უკან ცოტა ჩვენგანი დაბრუნებულიყო“.

The Guardian-ი ოთხ მსჯავრდებულს და პატიმართა ოჯახის წევრებს ელაპარაკა, ყველა მათგანმა პრიგოჟინის შეთავაზების შესახებ მსგავსი ისტორია მოჰყვა.

ივანმა შეთავაზებაზე უარი თქვა, თუმცა გამოცემას უთხრა, რომ დაახლოებით 120 პატიმარი ჩაეწერა სიაში და ერთკვირიანი წვრთნის შემდეგ უკრაინაში წავიდნენ.

ივანი ამბობს, რომ თუ პრიგოჟინი მათ კოლონიაში კიდევ მივა, ამჯერად ისიც დათანხმდება შეთავაზებას. „კიდევ 11 წელი მაქვს დარჩენილი ციხეში“ – ამბობს ის. – „ან ამ მძ***ში მოვკვდები ან მოვკვდები სადმე იქ, რა მნიშვნელობა აქვს. იმის შანსი მაინც მექნება, რომ ჩემი თავისუფლებისთვის ვიბრძოლო. ჩვენ ყველა რუსულ რულეტს ვადარებთ ამ სიტუაციას.

ამასთან, ახლა იქ წასვლა მოხალისეობრივია. მალე შესაძლოა არჩევანი აღარ გვქონდეს და იძულებით წაგვიყვანონ“, – ამბობს ივანი და მის ნათქვამს სხვა პატიმრებიც ეთანხმებიან, ვისაც The Guardian-ი ელაპარაკა.

ჩრდილოეთ კომის მე-2 კოლონიის პატიმარი გამოცემასთან ზუსტად მსგავს შეხვედრას აღწერს პრიგოჟინთან. ეს შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებში შედგა.

ვლადიმირმა, რომელსაც სულ სამი კვირა ჰქონდა დარჩენილი თავისი სასჯელის ვადის დასრულებამდე, გადაწყვიტა, პრიგოჟინის შეთავაზებაზე უარი ეთქვა. თუმცა ამბობს, რომ მისი ბიძაშვილი, რომელსაც 15 წელი ჰქონდა დარჩენილი ციხეში, ერთ-ერთი იყო იმ 104 პატიმარს შორის, რომლებიც უკრაინაში წასვლაზე დათანხმდნენ.

გამოცემა წერს, რომ The Guardian-მა ვერ შეძლო მსჯავრდებულების მიერ მოთხრობილი ყველა დეტალის გადამოწმება და დაზუსტება, თუმცა მათი მონაყოლი სრულად ემთხვევა მანამდე არსებულ ცნობებს, რომლებიც რუსულმა საგამოძიებო გამოცემებმა მოიპოვეს.

ვლადიმირის თანახმად, პატიმრებს პრიგოჟინის ვიზიტის დროს აჩვენეს ვიდეო, თუ რა „მამაცად იბრძვიან“ რუსი სამხედროები უკრაინაში და დაჰპირდნენ იმასაც, რომ იქ ჩადენილი ქმედებების გამო არ დაისჯებიან.

„პატიმრებს შეუძლიათ იმოქმედონ სრულიად დაუსჯელად,“ – ამბობს ვლადიმირი, რომელმაც საპატიმრო უკვე დატოვა. – „ციხე ცხოველად გაქცევს და უდიდეს სიძულვილს აგროვებს შენში. მათ იქ ხელები გაეხსნებათ.“

ყველა მსჯავრდებული, რომლებსაც გამოცემა ესაუბრა, ამბობს, რომ მათ ექვსთვიანი „სამხედრო სამსახურის“ შემდეგ პრეზიდენტის შეწყალებას და თვეში 100 000 რუბლს ($ 1 600) შეჰპირდნენ.

როგორც ვლადიმირი იხსენებს, პრიგოჟინმა შეკრებილ მსჯავრდებულებს უთხრა, რომ ისინი აგროვებდნენ „პატიმრებს ყველანაირი წარსულით, მთავარია ჯანმრთელები ყოფილიყვნენ“, თუმცა აფრთხილებდა, რომ სმა, ნარკოტიკები, მაროდიორობა და დეზერტირობა დაისჯებოდა.

უკრაინის ომისთვის ციხეებიდან გამოყვანილი პატიმრების ზუსტი რაოდენობის დადგენა ძალიან რთულია – წერს The Guardian-ის და დასძენს, რომ აშშ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, „ვაგნერი“ 1500-მდე მსჯავრდებულის გადაბირებას ცდილობდა.

თუმცა ოლგა რომანოვა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დაპატიმრებული რუსეთის“ ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. მისი შეფასებით, უკრაინაში მებრძოლთა სიაში უკვე დაახლოებით 11 000 რუსი პატიმარი ჩაეწერა:

„პროცესი დაჩქარებული წესით მიდის. მხოლოდ ამ დილით მივიღეთ ცნობა 600 პატიმრის გამოყვანაზე ნიჟნი ნოვგოროდიდან“.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთმა ამ გზით შესაძლოა მოკლევადიანად ამოავსოს „შექმნილი ორმო“, თუმცა ეს მის მწვავე დეფიციტს ვერ უშველის.

„რუსეთს უკვე აღარ ჰყავს პროფესიონალი არმია ტრადიციული გაგებით. ის ახლა შედგება ზოგიერთი პროფესიონალი დანაყოფისგან, კონტრაქტით აყვანილი სამხედროებისგან, დაქირავებული მებრძოლებისგან და ახლა უკვე როგორც ჩანს პატიმრებისგან,“ – ამბობს რობ ლი, სამხედრო ანალიტიკოსი. – „არმია მაშინაა ეფექტიანი, როდესაც ცხადი იერარქია და წესრიგია. წარმოდგენაც მიჭირს, რა დისციპლინარულ პრობლემებს შექმნიან მსჯავრდებულები“.

„რის მიღწევა შეუძლია ასეთ არმიას ბრძოლაში?“ – კითხულობს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ახლა თვითონაც პატიმარია. ნავალნიმ ერთ-ერთ კოლონიაში გადაღებული ვიდეო ტვიტერზე გააზიარა და სხვა პრობლემებთან ერთად, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ასეთი შეთავაზება დანაშაულის წახალისებაა, რადგან ადამიანებმა რუსეთში იციან – რაც უნდა ჩაიდინონ, სასჯელისგან თავის დაღწევა ამ გზით შეუძლიათ.

როგორც გამოცემა წერს, პრიგოჟინთან დაკავშირებულმა ტელეგრამ არხებმა უკვე დაიწყეს იმ პატიმრების ვიდეოების გამოქვეყნება, რომლებიც „ვაგნერში“ გაწევრიანდნენ და ახლა იმისკენვე სხვა მსჯავრდებულებს მოუწოდებენ, თუმცა დასძენს, რომ პრიგოჟინის სიტყვამ ყველა პატიმარზე თანაბარი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და არც ყველა აღმოჩნდა მზად, უკრაინაში საბრძოლველად წასულიყო.

იური ბუტუსოვმა, უკრაინელმა ჟურნალისტმა, გასულ კვირას გამოაქვეყნა ინტერვიუ რუს პატიმართან, რომელიც უკრაინაში იბრძოდა და ტყვედ ჩავარდა. ის ამბობს, რომ მან პრიგოჟინის მიცემული შანსი გამოიყენა, რათა უკრაინაში ტყვედ ჩაბარებულიყო.

„საკუთარ თავს ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავნებდე-მეთქი“, – ამბობს ის.

პატიმართა უფლებების დამცველი ოლგა რომანოვა ფიქრობს, რომ რუსეთში, ქვეყანაში, რომელიც პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, პრიგოჟინის ვერტმფრენი ჯერ კიდევ კარგა ხანს იფრენს.

„როგორი გავლენაც უნდა ჰქონდეს ამას ომზე, პრიგოჟინის ეს უჩვეულო კადრები, დამკვირვებლებმა უკვე შეაფასეს, როგორც პუტინის პრეზიდენტობის სასტიკი სახე,“ – წერს The Guardian-ი და სტატიას ტამბოველი პატიმრის, ივანის სიტყვებით ამთავრებს:

„სიმართლე ისაა, რომ ჩვენ – ქურდები და მკვლელები ახლა რუსეთის ომში ვიბრძვით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: