მთავარი,სიახლეები

ბათუმის თეატრში „ოცნებიდან“ გადმოსული სამხატვრო ხელმძღვანელი სპექტაკლს სტალინზე დგამს

20.09.2022 •
ბათუმის თეატრში „ოცნებიდან“ გადმოსული სამხატვრო ხელმძღვანელი სპექტაკლს სტალინზე დგამს

„მე წინააღმდეგი ვარ“, – ამბობს ბათუმის სახელმწიფო, დრამატული თეატრის მსახიობი ოთარ ქათამაძე ითამაშოს სპექტაკლში, რომელიც სტალინზეა და რომლის დადგმასაც ბათუმის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი – ნუკრი ქანთარია აპირებს.

ნუკრი ქანთარიამ „ბათუმელებსაც“ დაუდასტურა, რომ განიხილავს დადგას ბულგაკოვის პიესა „ბათუმი“. ეს სტალინის სახოტბო პიესაა.

ნუკრი ქანთარია პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ის უკონკურსოდ დანიშნა აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა. დანიშვნისთანავე „ოცნებასთან“ პირდაპირ დაკავშირებული სამხატვრო ხელმძღვანელის ხელფასი გააორმაგეს და ნუკრი ქანთარიას ჯამაგირი თვეში 6 ათასი ლარია.

ნუკრი ქანთარიამ რამდენიმე დღის წინ უთხრა მსახიობებს, რომ სპექტაკლის დადგმას აპირებს სტალინზე და რეჟისორი თავად იქნება. მსახიობი მეგი კობალაძე გვიყვება, რა უთხრა მსახიობებს ნუკრი ქანთარიამ.

„ვიკითხეთ, რატომ მაინცადამაინც სტალინზე უნდა მომზადდეს სპექტაკლი. გვითხრა, რომ ეს პიესა ბულგაკოვმა დაწერა 1939 წელს დანჩენკოს დაკვეთით, ალბათ სტალინისგან აიღეს ნებართვა, მაგრამ მიუხედავად მისი სურვილისა, მაამებლური პიესა დაედგათ, ის მაინც ვერ გაექცა რეალობას, ბევრი ქვეტექსტი ჩადო, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია სტალინს და პიესის დადგმის უფლება არ მისცა…

ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ეს პიესა არ მოიცავს სტალინის პროპაგანდას და მსგავს საკითხებს,“ – ამბობს მსახიობი მეგი კობალაძე.

მსახიობ ოთარ ქათამაძისთვის კი გაუგებარია, თუკი სტალინის კრიტიკა სურს ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს, რატომ არ შეარჩია მან რომელიმე თანამედროვე დრამატურგი და ამჯობინა, ბულგაკოვ, რომელმაც დრამატურგების და ლიტერატორების შეფასებით, სტალინს სახოტბო პიესა მიუძღვნა.

„სტალინზე თუ უნდოდათ პიესა, შეიძლებოდა ვინმე თანამედროვე დრამატურგისთვის მიეცათ შეკვეთა და დაეწერა. ჩემი აზრით, დღეს სტალინის „გმირობებზე” კი არა, სტალინის სისასტიკეზე უნდა იწერებოდეს, მით უმეტეს ახლა, როცა ეგ პერიოდი საერთოდ არაა დრამატურგიაში და თეატრში ასახული,“ – ამბობს მსახიობი ოთარ ქათამაძე.

მწერალსა და დრამატურგს დავით გაბუნიას ვკითხეთ, როგორ არის წარმოჩენილი სტალინი ბულგაკოვის პიესაში – „ბათუმი“?

„ეს პიესა ტიპური პანეგირიკია, სახოტბო ნაწარმოები, რომელშიც სტალინი ხაზგასმით დადებით, რომანტიკული გმირის მსგავსად დაუდეგარი სულის, მებრძოლ, პრინციპულ და იდეალისტ ახალგაზრდა კაცადაა წარმოდგენილი. დაუდასტურებელი წყაროები იმასაც ამტკიცებენ, რომ სტალინმა პიესა სწორედ ამ ზედმეტი, გადაჭარბებული სახოტბო ხასიათის გამო აკრძალა,“ – უთხრა დავით გაბუნიამ „ბათუმელებს“.

ის მოგვიყვა ისტორიასაც, როგორ შეიქმნა ეს ნაწარმოები.

„ბულგაკოვის „ბათუმი“ 1939 წელს დაიწერა და სპეციალურად სტალინის 60 წლის იუბილეს უნდა დამთხვეოდა მისი დადგმა, მაგრამ, როგორც წყაროები ამტკიცებენ, პიესის აკრძალვა თავად სტალინის გადაწყვეტილება იყო.

პიესაში სტალინის ახალგაზრდობაა წარმოდგენილი, მოქმედება იწყება სემინარიაში, საიდანაც ახალგაზრდა ჯუღაშვილს გარიცხავენ, შემდეგ გადავდივართ ბათუმში, 1902 წელს, სადაც მუშების დემონსტრაცია დახვრიტეს და შემდეგ უკვე ნაჩვენებია „სოსოს“ პატიმრობა/გადასახლება და გადასახლებიდან გაქცევა.

ზოგადად, საბჭოთა დრამატურგიაში სტალინი, როგორც პერსონაჟი 1930-იანი წლების შუიდან ჩნდება, როცა მთელმა საბჭოთა კავშირმა დაიწყო მასშტაბური მზადება ბელადის იუბილეს პომპეზური აღნიშვნისთვის. ქართულ დრამატურგიაშიც გვყავს სტალინი, როგორც პერსონაჟი და, სხვათა შორის, აქაც ბათუმის დემონსტრაციაში სტალინის მონაწილეობაა აღებული საკვანძო ამბად – ვგულისხმობ შალვა დადიანის პიესას „ნაპერწკლიდან“, თუმცა მომავალი დიდი ბელადი აქ მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, ბულგაკოვის პიესისგან განსხვავებით,“ – გვიყვება დავით გაბუნია.

„გასაგებია, რა მიზნითაც რეკავთ,“ – მხოლოდ ეს გვიპასუხა ნუკრი ქანთარიამ, რომელსაც ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა სტალინის სახოტბო სპექტაკლის დადგმა ბათუმის დრამატულ თეატრში. სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, მას არ სცალია ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ.

დრამატურგი დავით გაბუნია კი არ გამორიცხავს, სამხატვრო ხელმძღვანელმა ბულგაკოვის პიესის „ახალი ვერსია“ დადგას, სადაც სტალინი „საძაგლად მაამებლური“ კი არ იქნება, როგორც ეს ბულგაკოვმა გამოიყვანა, არამედ პირიქით – ის კრიტიკულად იქნება გააზრებული.

„თეატრალურ პრაქტიკაში ძალიან გავრცელებულია კლასიკური ან ძველი ტექსტების გადაკეთება, ახალი ვერსიების შეთხზვა, რომლებიც ხშირად პირველწყაროსთან იდეურ წინააღმდეგობაშიც კი შეიძლება იყოს, ან პერსონაჟების ბედი სულ სხვაგვარად წყდებოდეს, რაღაცები იყოს ჩამატებული, ამოკლებული და ა.შ. ასე რომ, მოულოდნელი და შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ, დედანთან აცდენის ხარისხის მიხედვით აფიშაზე ხანდახან არ აწერენ ავტორს: ვთქვათ, ეს არის არა ბულგაკოვის პიესა, არამედ – „ბულგაკოვის მიხედვით“ ან „ბულგაკოვის მოტივებზე“ შექმნილი სპექტაკლი. მით უმეტეს, რომ ბულგაკოვის გარდაცვალებიდან 70 წელზე მეტია გასული. ეს ნიშნავს, რომ მისი ტექსტები საავტორო უფლებებით აღარაა დაცული და ნებისმიერ ინტერპრეტატორს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ შეცვალოს.

ერთია, როგორია თავად ბულგაკოვის პიესა – საძაგლად მაამებლური, მაგრამ სულ სხვა საქმეა, რა ჩანაფიქრი აქვს დამდგმელ ჯგუფს. სტალინის როლის კრიტიკული გადააზრება, მისი დანაშაულების შესახებ მსჯელობა ქართულ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება. ვნახოთ, როგორი იქნება სპექტაკლი,“ – გვითხრა დრამატურგმა, მწერალმა დავით გაბუნიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: