მთავარი,სიახლეები

პუტინის სრული უპატივცემულობა ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ – კულება მობილიზაციაზე

21.09.2022
პუტინის სრული უპატივცემულობა ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ – კულება მობილიზაციაზე

პუტინს „სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს ომის ცეცხლში, რომლის მოგების შანსი არ აქვს“, –  ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას.

„პუტინმა სრული უპატივცემულობა გამოავლინა ჩინეთის, ინდოეთის, მექსიკის, თურქეთის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც დიპლომატიისკენ და უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ. მას სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს ომის ცეცხლში, რომლის მოგების შანსი არ აქვს.“, – წერს დმიტრო კულება.

გუშინ, 20 სექტემბერს, რუსეთის დუმამ მიიღო ცვლილებები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც კოდექსს დაემატა ახალი ტერმინები – „მობილიზაცია, სამხედრო მდგომარეობა და ომის დრო“. ამ კანონით გამკაცრდა და მრავალწლიანი პატიმრობით დაისჯება სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, ისევე როგორც ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება.

გუშინვე, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებმა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმების ჩატარებაზე განაცხადეს.

ასევე, გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ცდილობს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირი, რომელიც სავარაუდოდ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინია, საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრები დაარწმუნოს, რომ ვაგნერში 6 თვიანი მსახურების შემთხვევაში ისინი ციხეში აღარ დაბრუნდებიან.

პრიგოჟინს არ დაუდასტურებია, რომ თავადაა ვიდეოზე, თუმცა განაცხადა, რომ მხარს უჭერს პატიმრების რეკრუტირებას და „ვისაც არ სურს ომში პატიმრების გაგზავნა, საკუთარი შვილები უნდა გაგზავნოს“.

ვიდეოს ნამდვილობა BBC-მ დაადასტურა, ხოლო 20 სექტემბერს the Guardian-მა გაავრცელა სტატია, რომელშიც რუსეთის ერთ-ერთი ციხის 4 პატიმარსა და მათ მშობლებთან ინტერვიუებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ მათაც შესთავაზეს „ვაგნერში“ გაწევრიანება ციხიდან გათავისუფლებისა და თვეში 100 ათასი რუბლი ხელფასის სანაცვლოდ.

არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა რუსეთი ამ ნაბიჯებით ცდილობდეს უპასუხოს უკრაინის წარმატებული კონტრშეტევას.

დღეს, 21 სექტემბერს, პიტინი ნატოს ბირთვული იარაღითაც დაემუქრა და განაცხადა, რომ „ეს ბლეფი არაა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: