მთავარი,სიახლეები

პუტინი ეცდება უკრაინის კონტრშეტევა „რუსეთზე თავდასხმად“ წარმოაჩინოს – ISW

21.09.2022
პუტინი ეცდება უკრაინის კონტრშეტევა „რუსეთზე თავდასხმად“ წარმოაჩინოს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ცდილობს, რათა უკრაინის ბრძოლა თავისი მიწების გასათავისუფლებად, „რუსეთზე თავდასხმად“ გამოაცხადოს.

20 სექტემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებმა განაცხადეს, რომ ისინი რუსეთთან შეერთების მოთხოვნით „რეფერენდუმების“ ჩატარებას 23-27 სექტემბერს გეგმავენ.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი აპირებს გააყალბოს ამ ფიქტიური რეფერენდუმების შედეგები, მოახდინოს უკრაინის ოკუპირებული რაიონების ანექსია და სავარაუდოდ, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ის ტერიტორიებიც, რომლებიც უკრაინის კონტროლქვეშაა, რუსეთის ნაწილად გამოაცხადოს.

„კრემლის გეგმები, პირველ რიგში, შიდა აუდიტორიაზე გათვლილი: პუტინი სავარაუდოდ, ცდილობს გაზარდოს რუსეთის ჯარების ფორმირების შესაძლებლობები იმით, რომ რუსებს მოუწოდოს, ნებაყოფლობით წავიდნენ ომში რუსეთის ტერიტორიების „დასაცავად“.

პუტინი და მისი მრჩევლები, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ რუსეთის ახლანდელი ძალები არასაკმარისია უკრაინის დასაპყრობად და რომ მოხალისეთა მობილიაზციის გზით არმიის სწრაფად გაძლიერების მცდელობებიც თავის კულმინაციას აღწევს ისე, რომ რუსეთის არმიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს,“ – წერენ ISW-ის ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ პუტინი ქმნის სამართლებრივ და საინფორმაციო პირობებს არმიის გასაძლიერებლად ისე, რომ საყოველთაო მობილიზაცია არ გამოაცხადოს.

ISW-ის ვარაუდით, პუტინს სჯერა, რომ შეუძლია გამოიყენოს რუსული ეთნონაციონალიზმი, რუსეთის ხალხების დაცვის მოწოდება და მოხალისეთა დამატებითი ძალები შექმნას.

ინსიტუტის მკვლევრები, ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის დუმის მიერ გუშინ მიღებულ კანონზეც,რომელიც დეზერტირობისთვის, სამხედრო სამსახურიდან თავის არიდებისა და ტყვედ ჩაბარებისთვის სასჯელს ამკაცრებს.

ISW-ის შეფასებით, ამით პუტინი ცდილობს, რუსეთის არმიის დანაყოფების დაშლის პროცესი შეაჩეროს და იმედი აქვს, რომ თვითმობილიზაციის გაძლიერება და არამოტივირებული რუსი სამხედროებისთვის ანგარიშის გასწორება, მას საშუალებას მისცემს დანარჩენი დონეცკიც დაიპყროს და ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული ნაწილები შეინარჩუნოს.

„ის ცდება,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები. – „პუტინს არ აქვს არც დრო და არც რესურსი, რაც ეფექტიანი საბრძოლო ძალის შექმნას სჭირდება“.

თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინი ჯერ მაინც ამ გზას მოსინჯავს, ვიდრე შემდგომ ესკალაციაზე წავა – თავისივე მარცხში ვინმეს დადანაშაულებაზე. ISW ვარაუდობს, რომ „განტევების ვაცად“ ქცევის ყველაზე რეალური პერსპექტივა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს აქვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: