მთავარი,სიახლეები

„გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე მოდის იარაღით“ – ზალუჟნის პასუხი პუტინს

22.09.2022
„გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე მოდის იარაღით“ – ზალუჟნის პასუხი პუტინს

რუსეთის ხელმძღვანელობის არც ერთი განცხადება არ იმოქმედებს უკრაინელების მზადყოფნაზე იბრძოლონ თავისუფლებისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებს ყველას, ვინც უკრაინაში ჩამოდის იარაღით, მიუხედავად იმისა, ნებაყოფლობით იქნება ისინი აქ თუ მობილიზებით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა.

ზალუჟნი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციაზე.

„აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის არც ერთი განცხადება არ იმოქმედებს ჩვენს მზადყოფნაზე ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე მოვა იარაღით – ნებაყოფლობით თუ მობილიზებით“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები 8 წელი და 7 თვე აკავებენ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ჩვენ მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ ვერ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და ღირსეულად შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება“, – წერს ის.

ზალუჟნიმ დასძინა, რომ ასობით ათასი კაცი და ქალი იცავს უკრაინის მიწას, საკუთარ სახლებს, ბავშვებს და უკრაინის მომავალს.

___

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. რუსული წყაროების თანახმად, გუშინ რუსეთში 1300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. მათგან უმეტესობა – სულ მცირე 542  – სანქტ-პეტერბურგში, დაახლოებით 504 ადამიანი კი – მოსკოვში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: