მთავარი,სიახლეები

სტრესისგან რძე გამიშრა, ბავშვს ვერ ვკვებავ, წასასვლელი არ გვაქვს – დარია უკრაინიდან

20.09.2022 • 2779
სტრესისგან რძე გამიშრა, ბავშვს ვერ ვკვებავ, წასასვლელი არ გვაქვს – დარია უკრაინიდან

უკრაინელ დარია დანელიას მესამე შვილი ბათუმში გაუჩნდა. მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ბათუმში მარტში ჩამოვიდა, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. საქართველოში წამოსვლამდე ოჯახთან ერთად ბუნკერში იმალებოდა.

ბათუმში დარია და მისი ოჯახი ერთმა კაცმა შეიფარა, რომელიც თავადაც ქირით ცხოვრობდა ბათუმში, ოროთახიან ბინაში. ერთი ოთახი მან დარიას ოჯახს დაუთმო.

მესამე შვილი დარიას 4 თვის წინ შეეძინა. ბინის მეპატრონე სახლის გაყიდვას აპირებს და ოჯახს ბინის დაცლას სთხოვს. დარიას მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად წასასვლელი არსად აქვს.

ოჯახი უკრაინელი ლტოლვილებისთვის განკუთვნილ დახმარებას, 300 ლარს არ იღებს. ეს ყოველთვიური დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს გამოუყვეს, რომლებიც სახელმწიფომ საკუთარი ხარჯებით სასტუმროებში განათავსა. დახმარების გამოყოფის შემდეგ ლტოლვილებს სასტუმროები დაატოვებინეს.

დარია დანელია ოჯახთან ერთად

„სახლი, სადაც ვცხოვრობთ იყიდება. არ ვიცი, სად წავალთ. ბათუმს ვერ ვტოვებთ, ჩვენი შვილები აქ მე-20 სკოლაში შევიდნენ და უკრაინულ სექტორზე სწავლობენ. კატეგორიულად არ გვინდოდა მათ რუსულ ენაზე ესწავლათ.

ბინის დაქირავება ძალიან ძვირია ბათუმში, ძალიან იაფიც რომ იყოს, არ ვიცი რით უნდა გადავიხადოთ.

აგრილდა, წინ ზამთარია და გათბობის ხარჯები დაგვემატება მალე. ჩვილი ძალიან მალე იზრდება, ყოველ ორ თვეში ერთხელ ახალი სამოსი სჭირდება.

საფენები, კვება სჭირდება. სტრესისგან რძე გამიშრა. ჩვილს ბუნებრივად ვერ ვკვებავ, ხელოვნური კვება სჭირდება. პრობლემას პრობლემა ემატება. ზამთარი მოდის, აცივდება და არ ვიცი როგორ ვიქნებით, რა იქნება.

24 სექტემბერს ჩვენი ბიჭი 4 თვის ხდება. მხოლოდ „მალიუტკას“ ჭამს, ყველა სხვა საკვები წამლავს.

პამპერსი გვჭირდება 3, 4 ზომა, ბავშვი უკვე 6 კილოგრამს იწონის“, – ამბობს დარია დანელია.

საცხოვრებელი რომ სჭირდებათ, ოჯახს ამის შესახებ არსად განუცხადებია. დარია ამბობს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს ბათუმში უკრაინის საკონსულო ვერ უზრუნველყოფს. მისივე თქმით, რესურსი აღარც იმ ოფისებს აქვთ, რომლებიც აქამდე დაეხმარნენ ბინის პოვნაში.

დარიას უფროსი ბიჭი 7 წლისაა, მომდევნო 6 წლის, ჩვილი მალე 4 თვის ხდება.

ბავშვებს, დარიას და მის მეუღლეს სჭირდებათ თბილი სამოსი, ბავშვებს არც ბოტები და ქოლგები აქვთ.

„ბავშვი წავიყვანე სკოლაში რამდენიმე დღის წინ და მერე მთელი დღე თავი მტკიოდა. წვიმაში ვიარეთ. არ გვქონდა ქოლგები და ქუდი. არც თბილი სამოსი და რეზინის ფეხსაცმელები წვიმისთვის, არც მე, არც ბავშვებს, არც ჩემს ქმარს.

ავტობუსით სამგზავრო ბარათი გვაქვს, კარგია, რომ სკოლის მოსწავლეები უფასოდ მგზავრობენ, მაგრამ მე ან ჩემს ქმარს დაგვყავს ყოველდღე და ჩვენ გვიწევს გადახდა, ხანდახან ეს სამგზავრო 30 თეთრიც არ არის. ხშირად თვალებს ხუჭავენ კონდუქტორები და არაფერს გვეუბნებიან, მაგრამ ძალიან გვეუხერხულება“, – გვიყვება დარია.

დარიას მეორეკლასელი შვილი ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში სწავლობს უკრაინულ სექტორზე.

უკრაინელი ბავშვები ამჯერად გადაქსეროქსებული, შავ-თეთრი წიგნებით სწავლობენ. დარია ამბობს, რომ მეორეკლასელი შვილის 4 წიგნის მხოლოდ პირველი ნაწილების გადასაქსეროქსებლად 35-40 ლარი დახარჯა. ფერადი ქსეროქსი ძვირი ღირს. შესაბამისად, ბავშვს მოსაწყენი, შავ-თეთრი ქსეროასლებით უწევს სწავლა.

ლტოლვილი ქალი გვეუბნება, რომ მისი მეუღლე ბათუმში ჩამოსვლის დღიდან ეძებს სამუშაოს და აქვს მძღოლობის 30 წლიანი გამოცდილება.


მკითხველების თხოვნით და ოჯახის ნებართვით დახმარების მსურველებისთვის ვაქვეყნებთ დარიას ტელეფონის ნომერს:

555 47 35 30 – დარია დანელია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: