მთავარი,სიახლეები

როგორ შეიძლებოდა ვინმეს თხოვნით დოკუმენტი შეგვეცვალა – ბულვარის გენგეგმის ავტორი

23.08.2022 •
როგორ შეიძლებოდა ვინმეს თხოვნით დოკუმენტი შეგვეცვალა – ბულვარის გენგეგმის ავტორი

ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ცვლილების შეტანა და დოკუმენტისთვის სახელის შეცვლა გაუგებარი აღმოჩნდა იმ კომპანიის წარმომადგენლებისთვის, რომელმაც გენგეგმა მოამზადეს.

ბულვარის გენგეგმის ავტორის, კომპანია „ბაუ დიზაინის“ დირექტორი, მიხეილ ბალიაშვილი ამბობს, რომ ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიტანა ცვლილება ჯერ მერიამ, შემდეგ კი საკრებულომ დოკუმენტში ავტორთან შეთანხმების გარეშე.

საკრებულოს სხდომაზე დოკუმენტის წარსადგენად კომპანიის წარმომადგენლები თბილისიდან უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა  ცვლილებებით გამოწვეული გაურკვევლობის გამო ისინი მისი დამტკიცების პროცესს არ დაესწრნენ.

„ბოლომდე არ გვაქვს ინფორმაცია, რა მოხდა. ვიცით, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის ნაცვლად შეითანხმეს ბულვარის დაცვისა და განაშენიანების პროექტი, განაშენიანების გეგმა ფრჩხილებში ჩაწერეს. კანონმდებლობა ასეთი სახელწოდებით დოკუმენტს არ იცნობს, შესაბამისად, რას ემსახურებოდა ეს, ან რა სტატუსით შეითანხმეს გენგეგმა, გაუგებარია ჩემთვის. დაკვეთა იყო განაშენიანების გეგმის მომზადება, დოკუმენტის ყველა გვერდზე მითითებულია განაშენიანების გეგმა,“- ამბობს მიხეილ ბალიაშვილი.

ბულვარის გენგეგმა ბათუმის საკრებულომ 22 აგვისტოს ხმაურისა და პროტესტის ფონზე დაამტკიცა. დამტკიცებამდე დოკუმენტს სახელი შეუცვალეს. ასევე, ამოიღეს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ „ამბასადორი ბათუმის“  21-სართულიანი შენობა ბულვარისთვის შეუსაბამო ნაგებობაა.

შპს „ბაუ დიზაინის“ დირექტორი გვიხსნის, რომ  დოკუმენტში ცვლილება  საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებასაც გულისხმობს:

„ამბასადორი არაერთ გვერდზეა ნახსენები, როგორც ტექსტურ, ისე გრაფიკულ ნაწილში, ასევე – პარამეტრები, რითაც უნდა მოხდეს იმ ტერიტორიის განვითარება. ჩამოთვლილია კრიტერიუმებიც, რითაც მიჩნეული იქნა, რომ შენობა  შეუსაბამოა. ვერ ვხვდებით, რას ნიშნავს ჩანაწერის ამოღება, პროექტს ხომ ჩვენ გარდა, ავტორების გარდა, ვერ გადააკეთებს ვერავინ“.

ჩანაწერი „ამბასადორის“ შენობის შეუსაბამობის შესახებ  ბათუმის მერიამ, შემდეგ კი საკრებულომ, ბულვარის გენგეგმიდან კომპანიის მოთხოვნით ამოიღო.

„ამბასადორის“ შენობის შესახებ ჩანაწერის ამოღებას დოკუმენტის ჩაბარებამდეც ითხოვდნენ, თუმცა ბულვარის გენგეგმის ავტორი კომპანია „ბაუ დიზაინი“ ამას არ დაეთანხმა.

„საბოლოოდ ამბასადორის საკითხი მიღებულ იქნა დამკვეთის მიერ, რადგან ჩვენ დოკუმენტი ჩავაბარეთ იმ კომისიაში, რომელმაც საბოლოოდ მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა და ჰქონდათ შენიშვნები მისი განხილვის დროს.

კომისიაში შედიოდნენ როგორც საკრებულოს, ასევე მერიის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლები. მათთვის ცნობილი იყო რა დოკუმენტს ვამზადებდით და რა ჩაიწერა იქ.  დოკუმენტის მიღების შემდეგ ცვლილება – ასეთი პრაქტიკა არასდროს ყოფილა. დღემდე ეს დოკუმენტი მოვიდა რამდენიმე საჯარო განხილვის შედეგად, ასევე არასამთავრობოებს ჰქონდათ შესწავლილი და კომენტარები მოცემული. როგორ შეიძლებოდა ვინმეს თხოვნით დოკუმენტი შეგვეცვალა, როცა მთელი პროცესი იყო გავლილი,“ – ამბობს მიხეილ ბალიაშვილი.

„ამბასადორთან“ დაკავშირებული ჩანაწერის დოკუმენტიდან ამოღების გადაწყვეტილების მიზეზად საკრებულოში „ოცნების“ უმრავლესობამ სასამართლო დავა დაასახელა – „რადგან მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომ არ იყოს რაიმე გაუგებრობები“.

„ბაუ დიზაინის“ დირექტორის განმარტებით, სასამართლო დავა, შენობის, როგორც ბულვარისთვის შეუსაბამო ნაგებობად შეფასებასთან  კავშირში არ არის და სასამართლო დავა რომც არ მიმდინარეობდეს, მას მაინც იგივე შეფასება ექნებოდა. 

ბათუმის ბულვარის გენგეგმა ბულვარის ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადეს და ამაში ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტი ბულვარის ადმინისტრაციამ ჩაიბარა, ჩატარდა საჯარო განხილვები, რამდენიმე საკითხი კონსულტაციების შემდეგ დააზუსტეს, საბოლოოდ კი ის საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნეს.

სწორედ საკრებულომ მიიღო წერილი „ამბასადორისგან“ მოთხოვნით – შენობასთან დაკავშირებული ჩანაწერი დოკუმენტიდან ამოეღოთ. საკრებულო ასეც მოიქცა.

ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მერიასთან დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ბულვარი, როგორც ქონება, მერიას ეკუთვნის, ამიტომაც გენგეგმის საბოლოო ვარიანტი ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა.

_____________

ფოტოზე: „ამბასადორის“ მშენებარე სასტუმრო ბათუმის ბულვარში. სწორედ ეს შენობა მიიჩნია ბულვარისთვის შეუსაბამოდ გენგეგმის ავტორმა კომპანიამ.

ამავე თემაზე: 

ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმა დაამტკიცა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: