მთავარი,სიახლეები

ომში წასვლაზე უარი და ტყვედ ჩაბარება რუსეთში მკაცრად დაისჯება – ახალი კანონი

20.09.2022
ომში წასვლაზე უარი და ტყვედ ჩაბარება რუსეთში მკაცრად დაისჯება – ახალი კანონი

დღეს, 20 სექტემბერს, რუსეთის დუმამ მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც ომის დროს ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება და სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მკაცრად დაისჯება. ინფორმაციას ამის შესახებ The Moscow Times ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, „მობილიზაციის, სამხედრო მდგომარეობის და ომის დროს“ ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება, დეზერტირობა და ასევე მაროდიორობაც ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად – სასჯელის ზომად კი 10-დან 15 წლით პატიმრობა განისაზღვრა.

გარდა ამისა, ომის დროს სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მრწამსის გამო, სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება.

ცვლილებები რუსეთის სათათბირო ორგანოში ყველა პარტიამ ერთდროულად წარადგინა.

ადამიანის უფლებადამცველი, რუსი ადვოკატი პაველ ჩიკოვი წერს, რომ „მობილიზაცია, სამხედრო მდგომარეობა და ომის დრო“ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში აქამდე ნახსენები არ ყოფილა.

The Moscow Times-თან პროცესის დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ამ კანონის მიღება გზას გაუხსნის გენერალური მობილიზაციის გამოცხადებას, რამდენადაც რუსეთი ცდილობს უკრაინაში ცოცხალი დანაკარგების შევსებას.

სამხედრო იურისტმა, მაკსიმ გრებინიუკმა ახალი ამბების დამოუკიდებელ ვებგამოცემა Vyorstka-სთან განაცხადა, რომ სამხედრო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელია იმ ჯარისკაცების დაპატიმრება, რომლებიც მსახურებაზე უარს იტყვიან – კანონში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მსგავსი ქმედება „შეიარაღებული კონფლიქტის“ დროს  ჯარისკაცების დასჯას ითვალისწინებს.

ადვოკატ ჩიკოვის ინფორმაციით, რუსეთის სათათბირო ორგანოს ქვედა პალატის დეპუტატებმა, ანონიმური კენჭისყრით, უკვე დაუჭირეს მხარი ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებს.

კრემლისტური მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭომ საკანონმდებლო ცვლილებები ოთხშაბათს, 21 სექტემბერს, უნდა მიიღოს.

ახალი კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს მოაწერს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: