მთავარი,სიახლეები

„კლანი, კლანი, კლანი – ამ ტერმინის გამოყენება ჩემთვის დაუშვებელია“ I მინისტრი სასამართლოზე

22.09.2022 • 752
„კლანი, კლანი, კლანი – ამ ტერმინის გამოყენება ჩემთვის დაუშვებელია“ I მინისტრი სასამართლოზე

ბათუმში მყოფი იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში თუკი მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, მოსამართლეებმა სამართალდამცავებს უნდა მიმართონ.

„ზოგადად, ნებისმიერი სახის ზეწოლა, სასამართლო ხელისუფლების და საქმიანობის ხელშეშლა ზოგადად დანაშაულია. შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუ მსგავსი ფაქტი ბუნებაში შეიძლება არსებობდეს. ამ შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს და რა თქმა უნდა მოსამართლეს შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და დარწმუნებული ვარ აუცილებლად იპოვიან სიმართლეს.

მე არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და ახორციელებდეს სასამართლოზე ზეწოლას,“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ ზეწოლის ფაქტებზე თავად მოსამართლეები საუბრობენ, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მისთვის „ზეწოლა მიუღებელია“.

„მე თქვენ უკვე გითხარით, რომ თეორიული დაშვებაც კი, რომ მოსამართლეზე ვინმემ შეიძლება განახორციელოს რაიმე სახის ზეწოლა, არის მიუღებელი. თუკი რომელიმე მოსამართლის მიმართ ხორციელდება მუქარა ან ვინმე უკანონოდ ერევა ის საქმიანობაში, ბუნებრივია ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ. ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო ვერ დაიწყებს გამოძიებას. თუმცა პოზიცია არის რა თქმა უნდა ის, რომ ნებისმიერი სახის ჩარევა მოსამართლის საქმიანობაში არის მიუღებელი. ეს არამხოლოდ ჩემი პირადი პოზიციაა, არამედ ამის შესახებ საუბრობს კონსტიტუცია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რასაც ეფუძნება სახელმწიფო, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი“, – თქვა რატი ბრეგაძემ.

სასამართლოში არსებულ  კლანზე დასმულ კითხვაზე კი ბრეგაძემ თქვა, რომ ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ სიტყვათშეთანხმება „სასამართლოს კლანი“ აღარ უნდა გამოიყენონ.

„სამწუხარო ტენდენციას ვაკვირდებით. გარკვეული ძალები ცდილობენ შემდეგი ტერმინის დამკვიდრებას და ეს არის კლანი, კლანი, კლანი… სასამართლოში არსებული კლანი. დაუშვებელია, რომ სასამართლოზე გამოვიყენოთ სიტყვა კლანი. იმიტომ, რომ ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფის გაერთიანება.

თუ სადმე არსებობს დამნაშავე, რომელიც აცხადებს, რომ სადღაც არის, არ ერიდება ამ პოზიციის დაფიქსირებას და ამბობს, რომ არის დამნაშავე, კი ბატონო, მას შეიძლება უწოდონ კლანი. ცნობილია, მაგალითად მაფიოზური კლანი და ა.შ. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, მე მინდა მოგიწოდოთ თქვენც, როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს, ისაუბროთ მეტი პატივისცემით. იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და ჩემთვის პირადად დაუშვებელია ამ ტერმინის გამოყენება,“ – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, მიზანმიმართულად ხდება სასამართლოს დისკრედიტაცია.

„ეს არის მიზანმიმართული მცდელობა იმისკენ, რომ დამკვიდრდეს მსგავსი ტერმინოლოგია. იქ ჩაბუდებული არიან დამნაშავეები და ა.შ. როდესაც დღეს ვსაუბრობთ დღევანდელ სასამართლო სისტემაზე არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ რამხელა ევოლუციური განვითარება გაიარა სასამართლო სისტემამ 2012 წლიდან მოყოლებული. როდესაც ვინმე საუბრობს სასამართლო სისტემაზე, მთელი ეს განვითარება უნდა იყოს გაანალიზებული. რამხელა რეფორმები ჩატარდა, რამხელა დამოუკიდებლობა მოიპოვა სასამართლომ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრი დღეს, 22 სექტემბერს ბათუმში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას  ესწრება.

გადაბეჭდვის წესი