სიახლეები

300-ლარიანი დახმარება გაიცეს უკრაინიდან დევნილ ყველა ოჯახზე – „ლელოს“ ბრიფინგი

21.09.2022
300-ლარიანი დახმარება გაიცეს უკრაინიდან დევნილ ყველა ოჯახზე – „ლელოს“ ბრიფინგი

დღეს, 21 სექტემბერს, პარტია „ლელომ“ ბათუმის ოფისში უკრაინელ დევნილებთან ერთად ბრიფინგი გამართა. პარტიის წარმომადგენლები და ომსგამორიდებული უკრაინელები ითხოვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინელები ჩააყენოს თანაბარ მდგომარეობაში.

პირველი აგვისტოდან საქართველოს ხელისუფლებამ გამოყო ყოველთვიური 300 ლარიანი დახმარება უკრაინელთა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სასტუმროებში უსასყიდლოდ ცხოვრობდნენ. ის ოჯახები, რომლებსაც ასეთ სასტუმროებში არ უცხოვრიათ, დახმარების გარეშე და, შესაბამისად, მძიმე მდგომარეობაში დარჩნენ.

ბათუმის „ლელოს“ ოფისში დღეს ბრიფინგზე მოითხოვეს, სახელმწიფომ გასცეს 300 ლარიანი დახმარება უკრაინიდან დევნილ თითოეულ ოჯახზე და არა მხოლოდ მათზე, ვინც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სასტუმროებით სარგებლობდა:

„მიგვაჩნია, რომ ეს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ფასადური გადაწყვეტილებაა – უკრაინიდან დევნილი მოსახლეობისთვის 300 ლარიანი დახმარების გამოყოფა, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობაა და მეტი არაფერი, რადგან ამ კომპენსაციით უკრაინის მხოლოდ ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით (და ჩვენი ზეწოლით) იყვნენ განთავსებული სხვადასხვა სასტუმროში.

ასეთი კი აჭარაში 200-მდე ოჯახია, რეალურად ჩვენს რეგიონში გაცილებით მეტი დევნილი საჭიროებს დახმარებას და ამ ე.წ. ხრიკით ოცნება საერთაშორისო იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს. საქმე ისაა, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, არსად მითითებული არ იყო, რომ მხოლოდ ამ სახის ოჯახებზე გაიცემოდა დახმარება”, – წერია პარტია ,,ლელოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტია „ლელოს” წარმომადგენელთა ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში დღემდე არეგისტრირებენ იმათ, ვისაც არ უსარგებლია სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საცხოვრისით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: