მთავარი,სიახლეები

პუტინს სურს უკრაინა საკუთარი ჯარისკაცების სისხლში ჩაახრჩოს – ზელენსკი

21.09.2022 • 977
პუტინს სურს უკრაინა საკუთარი ჯარისკაცების სისხლში ჩაახრჩოს – ზელენსკი

პუტინს სურს, უკრაინა საკუთარი ჯარისკაცების სისხლში ჩაახრჩოს, რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია ოფიცრებისა და სხვა სამხედრო პერსონალის სერიოზულ ნაკლებობაზე მიუთითებს, – უთხრა გერმანულ Bild-ს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის გადაწყვეტილების კომენტირებისას.

„ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათ (რუსეთის ხელისუფლებამ) მობილიზაცია გაუწიეს კადეტებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც ბრძოლა არ იციან. ეს კურსანტები დაიხოცნენ. მათ სწავლის დასრულებაც კი ვერ მოასწრეს. ამ ადამიანებს ბრძოლა არ შეუძლიათ. ისინი ჩვენთან სიკვდილისთვის მოდიან,“ – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკი აცხადებს, რომ კრემლის მიერ დაგეგმილი ფსევდორეფერენდუმებისა და პუტინის გადაწყვეტილებების ფონზე, არ აპირებს, რუსეთის მიერ დაპყრობილი უკრაინული რეგიონების დეოკუპაცია „გააუქმოს“.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედებთ ჩვენი გეგმების შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ტერიტორიას გავათავისუფლებთ. „რეფერენდუმები“ – ეს 90% ფიქტიური რეფერენდუმებია, მათ სახელმწიფოები არ აღიარებენ,“ – განმარტავს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას პუტინს მსოფლიო არ მისცემს. „არ მჯერა, რომ ის ამ იარაღის გამოყენებას შეძლებს. არ ვფიქრობ, რომ მსოფლიო მას ამის საშუალებას მისცემს“, – თუმცა თავად რუსეთის მხრიდან ბირთვულ დარტყმას არ გამორიცხავს. – „ჩვენ ამ კაცის თავში ვერ ჩავიხედავთ, ცხადია, რისკები არსებობს,“ – ამბობს ზელენსკი და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, პუტინის მუქარებისთვის აყოლა არ ღირს. – „ხვალ პუტინმა შეიძლება თქვას: უკრაინის გარდა, ჩვენ გვინდა პოლონეთის ნაწილიც, თორემ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ. ჩვენ ამ კომპრომისებზე ვერ წავალთ.“

რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე დღევანდელი სატელევიზიო მიმართვისას ილაპარაკა. მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და გაფრთხილება გაუგზავნა – „რუსეთს NATO-ზე თანამედროვე იარაღიც აქვს“ და „საკუთარი ქვეყნის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს“.

„მათ, ვინც რუსეთთან მიმართებაში ასეთი განცხადებების უფლებას აძლევს თავს, მინდა შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანაც ფლობს განადგურების სხვადასხვა საშუალებას, ცალკეულ კომპონენტებში კი – უფრო თანამედროვესაც კი, ვიდრე NATO-ს ქვეყნები.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დასაცავად, რასაკვირველია, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ეს ბლეფი არაა,“ – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა. – „ხოლო მათ, ვინც ბირთვული საფრთხით ჩვენს დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ ქარების ვარდი შეიძლება მათკენაც შებრუნდეს“.

ვლადიმერ პუტინმა დღესვე რუსეთში გამოაცხადა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც დღეიდანვე დაიწყო. რუსულ სოციალურ ქსელებში უკვე ავრცელებენ მოქალაქეები სამხედრო კომისარიატებიდან მიღებულ გაწვევის ფურცლებს.

პუტინის გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააზუსტა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

პუტინმა დღესვე მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ოკუპირებულმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების განცხადებას, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმების ჩატარების შესახებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: