მთავარი,სიახლეები

ვიდგებით უკრაინასთან, სანამ საჭიროა – აშშ-ისა და ბრიტანეთის პასუხი პუტინს

21.09.2022
ვიდგებით უკრაინასთან, სანამ საჭიროა – აშშ-ისა და ბრიტანეთის პასუხი პუტინს

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას და პუტინის მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უკვე მოჰყვა გამოხმაურება ამერიკელი და ბრიტანელი დიპლომატებისგან.

აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა მობილიზაციის გამოცხადება და ფიქტიური რეფერენდუმები სისუსტედ და რუსეთის მარცხის დასტურად შეაფასა.

„შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ვითომ ანექსირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე. ჩვენ კვლავაც ვიდგებით უკრაინასთან, ვიდრე ეს საჭირო იქნება,“ – დაწერა ელჩმა ტვიტერზე.

პუტინის გამოსვლას უსმინა დიდი ბრიტანეთის ელჩმა მელინდა სიმონსმაც.

„ის კვლავაც უარს ამბობს, გაუგოს უკრაინას. ნაწილობრივი მობილიზაცია და ფიქტიური რეფერენდუმები ვერ შეცვლიან არსებით სისუსტეს,“ – წერს მელინდა სიმონსი.

რუსეთში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა ტონი ბენტონმა კი Sky News უთხრა, რომ პუტინის ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინასთან ომში „საკმაოდ მნიშვნელოვანი ესკალაციაა.“

მისი თქმით, რუსეთი ამ დრომდე აწარმოებდა ამ ომს „ზურგს უკან შეკრული ხელით“, უარს ამბობდა მობილიზაცია, რადგან პუტინს რუსეთში საზოგადოებრივი აზრის ეშინოდა.

„ის, რაც პუტინმა ახლა გამოაცხადა – ეს მობილიზაციაა, რომელზეც ის ომის დასაწყისიდანვე უარს ამბობდა. ახლა მან მიიღო თავისი სამხედროების რჩევა და ბირთვულ საფრთხეებზე საუბარსაც დაუბრუნდა“, – ამბობს ბენტონი და დასძენს, რომ პუტინის რიტორიკაში ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მისი თქმით, „რუსული საზოგადოების თვალში“, ის რაც აქამდე წარმოჩენილი იყო, როგორც „სამხედრო ოპერაცია“, ახლა უკვე „ომს“ უახლოვდება.

რუსეთის პრეზიდენტმა დღეს გამოაცხადა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც დღეიდან დაიწყება. გაწვევა ეხება მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება, ვისაც უმსახურია შეიარაღებულ ძალებში და აქვს კონკრეტული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, პუტინმა რუსეთის მიმართ დასავლეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ილაპარაკა, დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და გაფრთხილება გაუგზავნა – „რუსეთს NATO-ზე თანამედროვე იარაღიც აქვს“ და „საკუთარი ქვეყნის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: