მთავარი,სიახლეები

სტუდენტი ბათუმიდან, რომელიც ბინას თბილისში 2 თვე ეძებდა

21.09.2022 • 7207
სტუდენტი ბათუმიდან, რომელიც ბინას თბილისში 2 თვე ეძებდა

22 წლის ბათუმელი ამირან დოლიძე თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში სტრატეგიულ კომუნიკაციებზე სწავლობს. ის მესამე კურსზეა და სწავლის გასაგრძელებლად დედაქალაქში ამ დღეებში ბრუნდება.

ამბობს, რომ ბინის ძებნა, სადაც თბილისში იცხოვრებდა, მეორე კურსის დასრულებისთანავე დაიწყო: „ვიცოდი, რა სიტუაციაც იქნებოდა, რომ მიაწყდებოდნენ ბინებს და, შესაბამისად, დავრჩებოდი ბინის გარეშე. ეს რომ არ მომხდარიყო, ბინის ძებნა თავიდანვე, ივლისში დავიწყე“.

ამის მიუხედავად, ამირანს ბინის პოვნა ძალიან გაუჭირდა – „იმდენად გამოუვალი ჩანდა სიტუაცია, რომ მშობლებს ვესაუბრე სტუდენტის სტატუსს შევიჩერებ-მეთქი“.

როგორც ამირანი გვიყვება, ბინას ივლისიდან მოყოლებული უძრავი ქონების ყველა საიტზე ყოველდღე ეძებდა და საბოლოოდ, დაახლოებით ერთი კვირის წინ შეძლო პოვნა. მისი თქმით, ბინის ფასები საიტებზე ძირითადად გაზვიადებულია. მაგალითად, ერთოთახიანი ბინების ქირაობა 900 ლარი ღირს. სტუდენტის თქმით, ბინის აქტიურად ძებნის დაწყების შემდეგ მალე მის მთავარ პრობლემად ის იქცა, რომ ბიჭია და ამის გამო, გამქირავებლები უნდობლობას უცხადებდნენ.

„დიდი ხანი ვეძებდი ბინას, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა სად იქნებოდა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი თანხის გადახდას ბინის ქირაში ვერ ვახერხებდი, მაგრამ მთავარი პრობლემა ის გახდა, რომ ბიჭი ვიყავი. ალბათ იმიტომ, რომ ბიჭები განთქმული არიან არეულობების შექმნით, იმით, რომ ბევრს სვამენ და ა.შ. მხოლოდ მე არ ვარ ამ სიტუაციაში, ბევრ ჩემს მეგობარს, ბიჭებს იგივე პრობლემა აქვთ“, – გვითხრა ამირანმა.

ამირანმა სტუდენტობის პერიოდში ბევრგან იცხოვრა. თავიდან მეგობართან ერთად ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა, სადაც პრობლემები არ ჰქონია, მაგრამ ბოლო სემესტრში თავის 2 მეგობართან ერთად ყველაფერი გადახდა თავს, რაც ბინის დაქირავებასთან არის კავშირში.

„წარმოიდგინეთ, დიღმის მასივში 600 ლარს ვიხდიდით ისეთი სახლში, სადაც წყალი არ ცხელდებოდა, შესაბამისად, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა ჭირდა. ამის მიუხედავად, ბინის მეპატრონემ დაარღვია შეთანხმება და საფასური გაგვიზარდა.

აუცილებლად წადით, დაცალეთ ბინაო. ამისთვის კი ერთი საღამო მოგვცა… ამოიყვანა ვიღაც კაცი, რომელმაც თავი პოლიციელად გაგვაცნო. არ ვიცი პოლიციელი იყო თუ არა ეს ადამიანი ნამდვილად, შეიძლება ჩვენს დაშინებას ცდილობდა [მეპატრონე]. ამ კაცს პოლიციის ფორმა არ ეცვა.

ბინის მეპატრონე ქალი და ეს კაცი გვეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა დაგვეცალა ბინა, რადგან სხვაზე აქირავებდა.

ჩვენ ვუთხარით, რომ არ დავცლიდით ბინას – ზოგადად ასე ხდება, სანამ სხვა  ბინას არ იპოვი, იქამდე მეპატრონეს არ აქვს მორალური და თუნდაც, სამართლებრივი უფლება, გაგიშვას ბინიდან“, – გვეუბნება ამირანი.

ამირანის თქმით, ლამის გარეთ დარჩა მეგობრებთან ერთად, საბოლოოდ კი იძულებულები გახდნენ დროებით სხვა მეგობრებს შეჰკედლებოდნენ.

უნივერსიტეტში არდადეგების დაწყებისთანავე ამირანი ბათუმში დაბრუნდა. გვიყვება, რომ იცნობს სტუდენტებს, რომლებმაც თბილისში სწავლის გაგრძელებაზე უარი იმიტომ თქვეს, რომ ბინის ფასები გაიზარდა.

„ჩემი აზრით, ყველა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სტუდენტებთან თანამშრომლობით უნდა უზრუნველყოს საერთო საცხოვრებლების აშენება. პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას სახელმწიფოსა და უნივერსიტეტების მხრიდან, საერთო საცხოვრებლის პრობლემის მოგვარება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისში სწავლის ძირითადი ხარჯი ბინისა და სწავლის გადასახადზე მოდის. როცა საცხოვრებლის პრობლემა მოუგვარებელია, სწავლაზე ვერ იფიქრებ. სად დავრჩეთ, სად ვიცხოვროთ? ადამიანები ვართ – ეს იწვევს სტრესს. მეც მქონია ეს სტრესი, მართალია ცოტა ხნით, თუმცა მაინც“, – გვეუბნება ამირანი.

ის ამბობს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების საერთო ჯგუფში სტუდენტები ხშირად წერენ საცხოვრებელთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ბინის ვერ პოვნაზე ან შეუსაბამო პირობებზე და მათი უმრავლესობა გამოსავალს სტუდენტური საცხოვრებლების აშენებაში ხედავს.

ამირანი ფიქრობს, რომ მას ახლა ძალიან გაუმართლა, ბინის ქირაობა რომ შეძლო, რადგან მოლაპარაკება რამდენჯერმე მხოლოდ იმის გამო ჩაეშალა, რომ მეპატრონეს არ სურდა მის სახლში მხოლოდ 2 ბიჭს ეცხოვრა.

„ახლა ვიპოვე ბინა, სადაც მეგობართან ერთად ვიცხოვრებ და პრობლემა არ იქნება. ძალიან საინტერესო მიდგომაა – თუ ბინას ბიძაშვილ გოგოსთან ერთად ვიქირავებდი, მაშინ თანახმა იყვნენ [მოექირავებინათ]. სადაც გოგოა, იქ აუცილებლად სისუფთავესთან, მოწესრიგებასთან ხდება ასოცირება. ჩემი აზრით, ეს სქესობრივ ნიშნით დისკრიმინაციაა და არ ვიცი, რატომ არ ითვლება პრობლემად“, – ამბობს ამირანი.

ამირანი და მისი მეგობარი ბინის ქირაში 550 ლარს გადაიხდიან. ამირანს ბინა ჯერ მხოლოდ ფოტოებით აქვს ნანახი, რადგან თბილისში ჩაუსვლელად შეუთანხმდა მეპატრონეს და მისი შთაბეჭდილებით, ქირის ფასის მიხედვით არ უნდა იყოს ცუდ პირობები.

ამირანი ასევე იმედოვნებს, რომ ამ ბინის დაცლას მეპატრონე არ მოსთხოვს. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ასე მოხდეს: „თუ ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავვარდები, რადგან, გასაქირავებელი ბინები [თბილისში] ფაქტობრივად, აღარ არის. ამას ხელი შეუწყო რუსების შემოდინებამ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: