მთავარი,სიახლეები

მილიონერი გალიფ ოზთურქი პატიმრობაში დატოვეს – რა გაირკვა სასამართლოში

21.09.2022 • 3022
მილიონერი გალიფ ოზთურქი პატიმრობაში დატოვეს – რა გაირკვა სასამართლოში

მილიონერი გალიფ ოზთურქი პატიმრობაში დატოვეს. დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გალიფ ოზთურქის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომა მოსამართლე კოტე ჭილაიამ ჩაატარა.

საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა ეს სხდომა პროკურატურის მოთხოვნით სექტემბრამდე გადაიდო – პროკურატურამ ეს  მოთხოვნა ფინანსურ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებით დაასაბუთა. ეს გულისხმობდა იმას, რომ ოზთურქისთვის ნარკოდანაშაულის გარდა, ახალი ბრალი უნდა წარედგინათ.

საქმე იმაშია, რომ „ოზთურქის საქმეზე“ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური დანაშაულის მუხლებით დაიწყო, თუმცა მას სპეცოპერაციის შემდეგ ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს. ფინანსური დანაშაულის მუხლებით გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

დღეს გაირკვა, რომ პროკურატურას ფინანსურ დანაშაულზე ისევ არ წარუდგენია ბრალი ოზთურქისთვის.

„თუმცა გამოძიება გრძელდება, ვნახოთ“, – გვითხრა სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა მტკიცებულებები წარმოადგინა, კონკრეტული ჩამონათვალი, რის გამოც გამოძიება მიიჩნევს, რომ ოზთურქი დამნაშავეა.

ოზთურქისთვის კი, ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მიუტანა მოსამართლეს, სადავოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყება და მოსამართლე უშუალოდ მოუსმენს მოწმეთა ჩვენებებს, ასევე გამოიკვლევს სხვა მტკიცებულებებს.

დაცვის მხარემ მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაც მოითხოვა, რაც გულისხმობს უკანონო გზით მოპოვებულ მტკიცებულებებს – თუ მტკიცებულებას მოსამართლე დაუშვებლად მიიჩნევს, მისი გამოკვლევაც ვეღარ მოხდება სასამართლოში.

მაგალითად, მხარეებს შორის დავის საგანი გახდა ბინის საკადასტრო მისამართი, სადაც ოზთურქი გაჩხრიკეს. ოზთურქის მტკიცებით, ბინის იმ ნაწილზე, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, მოსამართლის ნებართვა არ არსებობდა და საქმეში სხვა საკადასტრო კოდია მითითებული.

„ბინა, რომელიც გაჩხრიკეს, ლიფტის მარჯვნივაა, მას სხვა საკადასტრო კოდი აქვს, აქ კი, სხვა საკადასტრო კოდია მითითებული“, – მტკიცებულებებს ჩახედა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

„მაგრამ ეს ბინა იზოლირებულია?“- იკითხა პროკურორმა.

„ჩხრეკა ჩატარდა მე-18 და მე-19 სართულებზე, მე-17 სართულზე არ იყო ჩხრეკა“, – დიალოგში ჩაერთო ოზთურქიც, რომელიც დღევანდელ პროცესს დისტანციურად დაესწრო. ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დღეს დაურთეს საქმეს ადვოკატებმა, დასტურდება, რომ ოზთურქს „პროგრესულად მძიმე“ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

„მას უჭირს ფიზიკურად გადაადგილება და ვითხოვთ სპეციალური აღჭურვილობას“, – მოსამართლეს მეორე ადვოკატმა, თენგიზ კახიძემაც მიმართა.

პროკურორმა დააზუსტა, რომ გაჩხრიკეს ბინა, რომელიც გაერთიანებულია და ორი სხვადასხვა სადარბაზოდან აქვს შესასვლელი.

მეტი დამაჯერებლობისთვის, პროკურორმა მოსამართლეს ასევე უთხრა, პრაქტიკაშიც გვქონდა შემთხვევა, როცა სხვენიც შევამოწმეთ ერთ-ერთ ბინაში და ზუსტად სხვენში ვიპოვეთ ცეცხლსასროლი იარაღიო.

პროკურორმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩხრეკის ოქმში ოზთურქმა შენიშვნა გააკეთა, მაგრამ ამ გარემოების შესახებ მაშინ არ მიუთითებია.

„მან ჩაწერა, რომ იქ გადაადგილდებოდა 15-მდე პოლიციელი და შესაძლოა, მოაწყვეს პროვოკაცია. ადვოკატ დავით ჩავლეიშვილსაც ამის შესახებ ჩხრეკის ოქმის დროს არაფერი დაუფიქსირებია“, – ადვოკატებს ჩხრეკის ოქმი გაახსენა პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ.

ადვოკატ დავით ჩავლეიშვილს ამ საქმეში უკვე მოწმის სტატუსი აქვს. მას დაცვის მხარე წარადგენს, როგორც მოწმეს, ვინც ოზთურქის ჩხრეკას ადევნებდა თვალს.

ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა კი, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გამოძიება „ოზთურქის საქმეზე“ ფინანსურ დანაშაულზე დაიწყო და ჩხრეკის დროს გამომძიებლებმა ოზთურქის ოფისიდან „სოლიდური თანხაც“ ამოიღეს.

„მაგრამ ეს თანხა არ გამხდარა მისი დაკავების საფუძველი… დაკავების დროს მტკიცებულებების სტანდარტი არ დასტურდება“, – აღნიშნა ადვოკატმა და მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ ფინანსურ დანაშაულზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმავე დღეს, როცა ოზთურქი დააკავეს, ოზთურქის პარალელურად კიდევ 4 პირი გაჩხრიკეს.

„მაგრამ ვიდეო მხოლოდ აქ გადაიღეს, ოზთურქის შემთხვევაში“, – დასძინა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

რატომ იყო საეჭვო ის, რომ ოზთურქის ჩხრეკის დროს გამოძიებამ ვიდეო გადაიღო? – ეს შესვენების დროს ვკითხეთ ადვოკატს. რობერტ გრიგალაშვილმა გვითხრა, რომ მსგავს დეტალებზე საუბრის უფლება ბრალდებულ ოზთურქთან შეთანხმებული არ აქვს.

ადვოკატმა ასევე არ დაგვიკონკრეტა, რა ოდენობის „სოლიდური თანხა“ ამოიღეს ჩხრეკის დღეს გამომძიებლებმა ოზთურქის პირადი სეიფიდან?

„ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ნამდვილად სოლიდური თანხა იყო“, – დასძინა ადვოკატმა.

შესვენების შემდეგ კი, მოსამართლემ სცადა აეხსნა, რატომ არ იზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურატურის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაზე: „შინაარსობრივი შეფასება უნდა მოხდეს არსებითი განხილვის დროს“, – აღნიშნა მოსამართლე კოტე ჭილაიამ და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მტკიცებულებებში კანონით გათვალისწინებული პროცედურა ფორმალურად დაცული იყო.

„გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებული წითელი ცირკულარით იძებნება“, – ეს მთავარი არგუმენტია პროკურორისთვის იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ არ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან მილიონერი ბიზნესმენი. დღევანდელ პროცესზე იმსჯელეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზეც.

პროკურორმა ისაუბრა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეზეც:

„და მხოლოდ პოლიციელები არ არიან ეს მოწმეები“, – დასძინა პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ.

ადვოკატების თქმით კი, უსამართლოა მითითება მხოლოდ იმაზე, რომ მოწმეებზე შესაძლოა ზემოქმედება მოხდეს, თუ ოზთურქი გირაოთი გათავისუფლდება.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ოზთურქს არ დაუდასტურდა რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება.

„ეს არის ახალი გარემოება“, – ხმის აწევით ყურადღების მიპყრობა სცადა ადვოკატმა და შემდეგ მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ რეცეპტიც არსებობს, რაც ადასტურებს, ოზთურქს ხერხემლის ოპერაციის შემდეგ გარკვეული ფსიქოტროპული მედიკამენტებიც რომ ჰქონდა გამოწერილი.

„მისი აწგანსვენებული მეუღლეც, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, იღებდა ფსიქოტროპულ და ნარკოტიკულ ნივთიერებებს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

სასამართლო სხდომის შემდეგ ადვოკატმა გვითხრა, რომ ოზთურქის ჯერ არ აქვს ვერსია გამოძიების ვერსიის საპირისპიროდ.

„გამოძიების დასრულებამდე არაფერია გამორიცხული. არაფერია“, – აღნიშნა ადვოკატმა.

„მე მინდა მონაწილეობა მივიღო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, – მოკლე მიმართვა გამოუვიდა ოზთურქს ამჯერად. მან ძირითადად ბიზნესის საფრთხეზე ისაუბრა, თუკი საპატიმრო დაწესებულებაში დარჩება.

„თუ გამათავისუფლებთ, არ შეგიქმნით უხერხულობას“, – ბოლოს მოსამართლეს ასე მიმართა მილიონერმა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ გირაოს ოდენობა თავად მოსამართლეს შეუძლია განსაზღვროს.

წინა სასამართლო პროცესზე ოზთურქმა გათავისუფლება მილიონი ლარი გირაოს სანაცვლოდ ითხოვა.

მოსამართლემ ოზთურქი პატიმრობაში დატოვა და აღნიშნა, რომ ახალი გარემოება არ გამოვლენილა, რაც აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

არსებითი განხილვა „ოზთურქის საქმეზე“ 28 სექტემბერს დაიწყება.

————

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანიამ „მეტრო ტერმინალი“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანას „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა, მარიხუანას ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

ამ თემაზე:

რა უთხრა გალიფ ოზთურქმა მოსამართლეს – „ბრინჯის წარმოების დაწყებას ვაპირებდი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: