მთავარი,სიახლეები

„არტილერიის ღმერთი ომში” – უკრაინის გმირი რომან კაჩური

20.09.2022
„არტილერიის ღმერთი ომში” – უკრაინის გმირი რომან კაჩური

„თუ არტილერია ომის ღმერთია, რომანი არტილერიის ღმერთია – ასე ამბობენ მასზე მისი ქვეშევრდომები“, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform“. უკრაინის გმირი, პოლკოვნიკი რომან კაჩური ბოგდან ხმელინცკის ორდენის რაინდია.

რომან კაჩური გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ მან ჰობი აქცია პროფესიად:

„იმ ბედნიერთა რიცხვში ვარ, ვინც სიამოვნებას იღებს საკუთარი საქმისგან. მიყვარს არტილერია და ყველაფერს ვაკეთებ მის გასავითარებლად. ჩვენი, 55-ე დანაყოფი უჩვენებს მოქმედების ტემპს უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო დანაყოფებს. მეთაურის ყველა ჯილდო გუნდის დამსახურებაა. მეთაური უბრალოდ გუნდს ასწავლის და მოქმედების ვექტორს განსაზღვრავს, მთავარ საქმეს კი მეომრები აკეთებენ“, – ამბობს უკრაინის გმირი.

რომან კაჩური უკრაინელი ოფიცრების ახალ თაობას ეკუთვნის, ვისაც საბჭოთა ჯარში არასდროს უმსახურია. 2014 წლიდან 2018 წლის მარტამდე საბრძოლო დავალებებს ასრულებდა და 81-ე საჰაერო დანაყოფის არტილერიას მეთაურობდა.

2018 წლიდან დღემდე კი 55-ე საარტილერიო დანაყოფ „ზაპოროჟი სიჩის“ მეთაურია.

ომში წარმატების აუცილებელ პირობად რომან კაჩური მიიჩნევს გაწვრთნილ პერსონალს, კარგ იარაღსა და გამართული სამხედრო ტექნიკას.

უკრაინის გმირი რომან კაჩური, საარტილერიო დანაყოფის მეთაური

უკრაინის გმირის ნაამბობი:

„დღე და ღამე, წელიწადის ყველა დროს და ყველანაირ ამინდში ვემზადებოდით ომის აქტიური ეტაპისთვის. ამან შედეგი გამოიღო. გაწვრთნილი საბრძოლო პერსონალის სულიერი და მორალური მზაობა, კარგად ათვისებული სამხედრო საქმე, გამართული საარტილერიო სისტემები და საარტილერიო დაზვერვა – ეს იყო ჩვენი წარმატების გასაღები, ამ ყველაფრის წყალობით შევაჩერეთ მტერი.

არტილერია, ეს შეიარაღებული ძალების დიდი და ერთიანი გუნდია. არტილერიაში სერჟანტები და ჯარისკაცები თანაბარი დატვირთვით მუშაობენ, თანაბრადაა საქმეში ჩართული იარაღი და საარტილერიო დაზვერვა – ყველაფერი კომპლექსურად მუშაობს.

ჩვენ ვიყენებთ ნატოს უახლესი სისტემებს, საბჭოთა ეპოქის გამოცდილებას და უახლეს უკრაინულ მიდგომებს.

დანაყოფის პერსონალის დაახლოებით ნახევარმა 2014 წელს მიიღო რეალურ ომში გამოცდილება, მეორე ნახევრისთვის კი „ცხელი ფაზა“ 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

მეომრებს მოეთხოვებათ: წესიერება, მუდმივი პროფესიული განვითარება და ფიზიკური მომზადების მაღალი დონე. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ 55-ე დანაყოფის მეომრის მაღალი წოდება შეინარჩუნო.

უკრაინის გმირი რომან კაჩური და 55-ე საარტილერიო დანაყოფის ჯარისკაცები

ჩვენი დანაყოფი მთელი დღეები და ღამეები ცეცხლში ატარებს უკრაინის მიწაზე შემოჭრილ მტერს.

55-ე საარტილერიო დანაყოფს რუსების არტილერია ვერაფერს უხერხებს. ბრძოლის პირობებს მათ ჩვენ ვკარნახობთ და იძულებულები ხდებიან შორს გატყორცნონ ძალები, დაიმალონ. ხანდახან მათი მიტყუება და ძებნა გვიწევს, რომ დავარტყათ. ეშინიათ ჩვენი.

ყველაზე მძიმე ომში ჩვენი ძმების, მეომრების დაკარგვაა. ჩვენს საქმეს ხალისიანად, დაუღლელად ვაკეთებთ. გვაქვს დასავლელი პარტნიორებისგან მიღებული იარაღი, რომელსაც ვიყენებთ. დანაყოფის ჯარისკაცები ამ იარაღის გამოყენებას ძალიან მალე, ერთ ღამეში სწავლობენ. ახალი იარაღი მხოლოდ ქებას იმსახურებს. ვსაუბრობ ფრანგულ CAESAR-სა და ამერიკულ M 777-ზე.

ჩვენი არტილერია საკუთარ ძალას უჩვენებს მტერს ყველა პოზიციაზე: ფრონტის წინა ხაზიდან ზურგამდე. ვცდილობთ ხელი შევუშალოთ რუსულ არტილერიას და არ მივცეთ შესაძლებლობა გაანადგურონ ჩვენი ქვეითები, გამაგრებული ადგილები და მნიშვნელოვანი უბნები, ეჭვი არ შემაქვს ჩვენი დანაყოფის უძლეველობასა და უკრაინის საბოლოო გამარჯვებაში“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: