ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რესპუბლიკურის ეზოში „ღვაწლმოსილი ექიმების სახელების უკვდავსაყოფად“ მონუმენტს დადგამენ

21.09.2022 • 1264
რესპუბლიკურის ეზოში „ღვაწლმოსილი ექიმების სახელების უკვდავსაყოფად“ მონუმენტს დადგამენ

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს გადაწყვეტილებით, „საავადმყოფოს დაარსებიდან 120 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი ექიმების სახელების უკვდავსაყოფად მონუმენტს მოაწყობენ“.

მონუმენტს საავადმყოფოს ეზოში არსებულ სკვერში დადგამენ. მონუმენტის მოწყობის სამუშაოებისთვის საავადმყოფოს 53 516 ლარი აქვს გამოყოფილი, მომსახურებას კი ტენდერით შეისყიდის.

ტენდერი გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება 30 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება. მონუმენტი კი, ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში [არაუგვიანეს 2022 წლის 20 დეკემბრისა] უნდა მოეწყოს.

„ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს 120 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მონუმენტის კონცეფცია“:

„მონუმენტის არჩეული მასალა, თეთრი მარმარილო ხაზს უსვამს სამედიცინო დაწესებულების სისუფთავესა და ჰიგიენას. საავადმყოფო ჩვენს აღქმაში თეთრ ხალათიანი მედ-პერსონალია. მონუმენტზე გამოსახული დეკორატიული ხე და ფოთლები გამოსახავს სიცოცხლის სიმბოლოს. სიცოცხლისა, რომელიც ემსახურება თეთრხალათიანთა მთელი არმია მთავარი ექიმიდან რიგით სანიტრამდე.

მონუმენტის თავზე მზე და მზეზე გაშლილი ფრთები სიმბოლოა სიცოცხლის. მონუმენტის მეორე მხარეს ამოტვიფრულია საავადმყოფოს მომუშავე იმ პერსონალთა სია, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს მოქმედი დაწესებულების განვითარებასა და ახალი დამატებითი განყოფილებების დაარსებაში“.

მონუმენტის ესკიზი და საავადმყოფოს ეზო / ესკიზი ტენდერიდან

ტენდერის პირობის მიხედვით, მონუმენტზე გასაკეთებელი წარწერები [ექიმების სახელები და გვარები] მონუმენტის დამზადების დროს დაზუსტდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში არსებული სკვერის რეაბილიტაციისთვის, 302 ათასი ლარია გათვალისწინებული და ცალკე ტენდერია გამოცხადებული:

შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100 პროცენტი წილის მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, თუმცა, წილის მმართველი – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგია.

ამავე თემაზე:

„კლინიკებს ფულის გაყოფა არ სურთ“ – რატომ ვეღარ უვლიან პაციენტებს ექთნები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: