ბათუმი,მთავარი,სიახლეები

302 000 ლარი ბათუმის რესპუბლიკურის ეზოს სკვერის რეაბილიტაციისთვის

19.09.2022 • 1452
302 000 ლარი ბათუმის რესპუბლიკურის ეზოს სკვერის რეაბილიტაციისთვის

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში არსებული სკვერის რეაბილიტაციისთვის 302 ათასი ლარია გათვალისწინებული. სკვერი საავადმყოფოს ძველ და ახალ კორპუსებს შორის მდებარეობს. რეაბილიტაციაზე ტენდერი შპს „ბათუმის რესპუბლიკურმა კლინიკურმა საავადმყოფომ“ გამოაცხადა. ეზოს [სკვერის] რეაბილიტაციასთან ერთად სანიაღვრე არხის მოწყობაცაა დაგეგმილი.

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულია სკვერი, რომელიც გაშენებულია მე-XX საუკუნის 50-იან წლებში, განაშენიანებისთვის თავდაპირველად გამოყენებული იყო მარადმწვანე მერქნიანი მცენარეები და პალმები. სკვერში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მიმდინარეობდა მოვლითი სამუშაოები, რაც გამოიხატება უსისტემოდ აღმოცენებული მცენარეებით როგორიცაა ხურმა, მურყანი, თუთა, ხეტუხტი, იაპონური კრიპტომერია, ხემყრალი და სხვა.

ასევე ასაკისა და ყინვების შედეგად ძლიერაა დაზიანებულია მცენარეები. სკვერში შეინიშნება ზეხმელი მცენარეები, რომლებიც საფრთხეს უქმნის იქ მყოფ ადამიანებს, შენობა-ნაგებობებს და კომუნიკაციებს. აქვე იდენტიფიცირებულია მცენარეები, რომლებიც საფრთხეს ქმნიან შენობა-ნაგებობებისათვის მათი გადაბელვის, მოჭრის შედეგად მოხდება ზემოთაღნიშნული საფრთხის თავიდან აცილება“, – აღნიშნულია პროექტში.

„ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია სკვერში ჩატარდეს რეკონსტრუქცია განაშენიანების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, ასევე გაისხლას, გადაიბელოს, განხორციელდეს სანიტარული ჭრები ზეხმელ, გადაბერებულ, უსახურ, ამორტიზებულ და საფრთხის შემქმნელი მცენარეებზე, ხოლო მათ ადგილას დაირგოს ახალგაზრდა მარადმწვანე მცენარეები… მცენარეების რაოდენობა უნდა იყოს მოჭრილ მცენარეებზე მინიმუმ ორჯერ მეტი“, – აღნიშნულია პროექტში.

პროექტის მიხედვით, დანომრილია ის მცენარეები, რომლებიც „არსებული სარეველა თვითნათესი მცენარეებია და ექვემდებარება ლიკვიდაციას“ [ასეთი მონიშნულია სულ 13 ძირი], 11 ძირი მცენარე „გადაბერებულია და უნდა ჩანაცვლდეს ახალგაზრდა ნერგით“, ხოლო „დანარჩენი მცენარეები რჩება ხელუხლებლად“ [ასეთია სულ 104 ძირი].

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოს არსებული სიტუაცია / ფოტოები პროექტიდან

სკვერში რეაბილიტაციის შემდეგ რჩება არსებული შადრევანი და აუზი, ასევე ბილიკები, მოეწყობა ბორდიურები, დაიდგმება სკამები და ნაგვის ურნები, განთავსდება ასევე სასმელი წყლის შადრევანი.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 5 ოქტომბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 10 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე [არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში], რომელიც უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 20 დეკემბრისა.“

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო /[ სკვერი ფოტოს ცენტრში]

სკვერი რესპუბლიკურის ეზოში დაახლოებით 5 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ტერიტორია, სადაც სკვერია ასევე საავადმყოფოს ძველი და ახალი შენობები დგას, ჯამში 22 109 კვადრატული მეტრია და მისი მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ელის საავადმყოფოს ძველ შენობებს.

ამ ნაკვეთიდან ცალკე გამოყოფილია ტერიტორია, სადაც ბათუმის N1 პოლიკლინიკაა განთავსებული. პოლიკლინიკის შენობა კი [რომლის ფასადი აბუსერიძის ქუჩაზე გამოდის] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100 პროცენტი წილის მესაკუთრეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, თუმცა, წილის მმართველი – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგია:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

მთავარი ფოტო: ბათუმის რესპუბლიკური საავადნყოფოს ეზო / „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: