მთავარი,სიახლეები

პესკოვის შვილი კომისარიატში გამოცხადებაზე უარს ამბობს – მე ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ

21.09.2022 • 2573
პესკოვის შვილი კომისარიატში გამოცხადებაზე უარს ამბობს – მე ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ

„პოპულარული პოლიტიკის“ [არხი] წამყვანმა, დმიტრი ნიზოვცევმა პირდაპირ ეთერში პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შვილს ნიკოლაის, სამხედრო კომისარიატის თანამშრომლის სახელით დაურეკა და აცნობა, რომ მეორე დღეს, დილის 10 საათზე სამხედრო კომისარიატში უნდა გამოცხადდეს, რაზეც პესკოვის შვილი პასუხობს, რომ მისვლას არ აპირებს.

„დილის 10 საათზე, ცხადია, ხვალ მე არ მოვალ. თუ ის იცით, რომ მე ბატონო პესკოვი ვარ, ისიც უნდა გესმოდეთ, რომ არც ისე მართებულია, რომ მე იქ ვიყო. მე ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ. მე საერთოდ უნდა გავერკვე, რა ხდება და რა უფლებები მაქვს…

ხვალ რომ წამიყვანონ – დამიჯერეთ, ეს არც თქვენ გინდათ და არც მე. მე სამშობლოს დაცვის პრობლემა არ მაქვს – მაგრამ უნდა მესმოდეს ჩემი იქ გამოჩენის მიზანშეწონილობა, მე თქვენ გელაპარაკებით გარკვეულ პოლიტიკურ ნიუანსებზე“, – ამბობს ნიკოლაი პესკოვი.

კითხვაზე, მზადაა თუ არა მოხალისედ წავიდეს ფრონტზე, ნიკოლაი პასუხობს, რომ – არა. კერძოდ, მას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა კითხვარში მისი გასწვრივ მონიშნონ – „თანახმაა ვარ წავიდე ფრონტზე მოხალისედ“.

„არა, ასეთ რამეს ნუ მონიშნავთ“, – პასუხობს ნიკოლაი პესკოვი და მოგვიანებით დასძენს, რომ თანახმაა წავიდეს – „ოღონდ არა თქვენი თხოვნით. თუ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი (პუტინი) მეტყვის, რომ მე იქ უნდა წავიდეს, მე იქ წავალ“.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში გამოაცხადა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც დღეიდანვე დაიწყო. რუსულ სოციალურ ქსელებში უკვე ავრცელებენ მოქალაქეები სამხედრო კომისარიატებიდან მიღებულ გაწვევის ფურცლებს.

პუტინის გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააზუსტა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

დღეს საღამოსვე რუსეთის ზოგიერთ ქალაქში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები დაიწყო. ვრცელდება ცნობები პირველი დაკავებების შესახებაც.

სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ მოქალაქეთა ჯგუფები გამოვიდნენ ტომსკში, ირკუტსკში, ბარნაულში, იაკუტსკში, ულან-უდეში, კრასნოიარსკში, ეკატერინბურგსა და სხვა ქალაქებში.

როგორც გამოცემა „მედუზა“ წერს ტელეგრამის არხებზე დაყრდნობით, პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა ძირითადად რამდენიმე ათეულია.

მთავარ ფოტოზე: დიმიტრი პესკოვი და მისი შვილი ნიკოლაი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: