ცენტრალური აზიის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საზღვარი აქვს რუსეთთან, თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის და შეერთებულ შტატებში, თურქეთსა და ჩინეთში მოკავშირეებს ეძებს – წერს The Wall Street Journal.
ყაზახეთმა თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით 441 მილიარდი ტენგე (918 მილიონი დოლარი) გამოყო. როგორც WSJ-ს ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა უთხრა, ამ თანხის ნაწილი ქვეყნის სამხედრო რეზერვების გაზრდაზე დაიხარჯება.
როგორც გამოცემის წყარო აღნიშნავს, დასავლეთში ზოგი უკვე დარწმუნებულია, რომ რუსეთის არმია საფრთხეს აღარ წარმოადგენს, თუმცა სინამდვილეში, რუსეთის ამბიციების წინაშე შიში პირიქით, იზრდება -„წარმოიდგინეთ, ისინი რომ უკრაინაში არ იყვნენ. შემდეგი ჩვენ ვიქნებით?“
WSJ წერს, რომ წლის დასაწყისში, რუსეთმა თავისი ჯარები ყაზახეთში პროტესტის ჩასახშობად გააგზავნა. ექვსი კვირის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, „მეზობლებს“ შესაძლებლობა ჰქონდათ „დახმარებისთვის მადლობა“ გადაეხადათ და სამხედრო აგრესიისთვის მხარი დაეჭირათ, თუმცა ამის ნაცვლად ყაზახეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.
გადამწყვეტი მომენტი ივნისში დადგა, როდესაც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, უკრაინის მთლიანობას დაუჭირა მხარი და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაზე უარი თქვა. ტოკაევმა ამ რესპუბლიკებს „კვაზისახელმწიფოები“ უწოდა და დასძინა, რომ მისი ქვეყანა რუსეთს არც სანქციებისგან თავის არიდებაში დაეხმარება.
უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, ჯერ კიდევ მაისში მოუწოდა ყაზახეთსა და მოლდოვას, რომ პუტინის შემდგომი თავდასხმისთვის მომზადებულიყვნენ.
„დარწმუნებული ვარ, ეს ომი უკრაინით არ დამთავრდება. ამ დღეებში, ლავროვმა თქვა, რომ ყაზახები და მოლდოველები – ძმები არიან. მოემზადეთ ძმები ყაზახებო და ძმებო მოლდოველებო“, – აღნიშნა დანილოვმა.
თურქეთის პრეზიდენტი ხორბლის ექსპორტის საკითხებზე მოლაპარაკების ყველა მხარეს მოუწოდებს, დაიცვან ხელმოწერილი შეთანხმებები. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამის შესახებ თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ყველასგან ველით, რომ პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ ხელმოწერაზე და საკუთარი ვალდებულებების მიხედვით იმოქმედებენ,“ – განაცხადა ერდოღანმა და ხაზი გაუსვა, რომ 23 ივლისს, რუსეთის თავდასხმა ოდესის საზღვაო პორტზე უკიდურესად დამამწუხრებელი ფაქტია. – „შეცდომები აქ ყველას საწინააღმდეგოდ იმოქმედებს“.
„ამ შეთანხმებით უნდა შემცირდეს გლობალური სასურსათო კრიზისის ეფექტი, რომელიც უკვე სერიოზულ ხარისხს აღწევს“, – დასძინა ერდოღანმა.
წინა კვირაში, თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინიდან, ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტების გავლით, ხორბლის ექსპორტის განახლების შესახებ. უკრაინის ეს პორტები უკვე თვეებია, რუსეთს აქვს ბლოკირებული.
შეთანხმების თანახმად, პორტებში გემების მოძრაობასა და სავაჭრო გზების უსაფრთხოებას, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი დააკვირდება.
ერდოღანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი კვლავაც მზადაა გამოიყენოს თავისი დიპლომატიური შესაძლებლობები საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად და უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.
სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ბაჩი მექვაბიშვილი. ეს ის ოპოზიციონერია, რომელიც პოლიციელებმა ბათუმში, 2022 წლის 19 თებერვალს დააკავეს, მანქანაში ჩასვეს, მაგრამ ის მანქანიდან გაექცათ.
ბაჩი მექვაბიშვილი 2021 წლის შემოდგომიდან ბათუმის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
აქციაზე დაკავებულების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] იცავდა.
2022 წლის 19 თებერვალს ბაჩი მექვაბიშვილი და ენმ-ს სხვა აქტივისტები ბათუმის „ჰილტონში“ ირაკლი კობახიძესთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ითხოვდნენ შეხვედრას. აქციის 6 მონაწილე პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო.
ბაჩი მექვაბიშვილი კი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო – ოპოზიციონერი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 3500 ლარით დააჯარიმა.
საია-ს იურისტის, სალომე ღოღობერიძის თქმით, 19 თებერვალს დაკავებული ოპოზიციონერებიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე 3500-3500 ლარით დააჯარიმა ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმისწარმოება ამ საქმეებზეც შეწყვიტა.
სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო მხოლოდ გიგა ნაგერვაძე და ლაშა კილაბერია. ისინი 2 – 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.
ამ ორ ოლქში, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის ძალები პოზიციებს იმაგრებენ, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას ელოდებიან.
პარალელურად, უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხელისუფლება ადმინისტრაციული კონტროლის გამყარებას ცდილობს.
ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთმა ბოლო დღეების განმავლობაში, მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებებს მიაღწია ბახმუტის სამხრეთით, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთის არმია შეძლებს ამ მიღწევის გამოყენებას და ქალაქზე სრულ კონტროლს მოიპოვებს.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რუსმა სამხედროებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს ხარკოვის ჩრდილოეთით და სივერსკისა და ბახმუტის აღმოსავლეთით, მაშინ, როდესაც სამხრეთის მიმართულების გასწვრივ, უკრაინელები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის თავდაცვით პუნქტებზე.
ISW მიუთითებს, რომ რუსეთის არმიაა სამხედრო ტექნიკა ომსკის სამხედრო საწყობებიდან გამოჰყავს, რადგან უკრაინაში დაზიანებული ტექნიკის შეკეთების პრობლემა აქვს.
ამაზე რამდენიმე დღის წინ წერდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც. უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში, არამხოლოდ პირადი შემადგენლობის ნაკლებობას, არამედ უკვე ტექნიკის შეკეთების პრობლემებსაც განიცდის.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „უკრაინის სპეციალური სამხედრო კონტროპერაციის მიზნებს“ აქვეყნებს. მისი თქმით, უკრაინა მიაღწევს „რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას“.
პოდოლიაკის განმარტებით, რუსეთის უკრაინიდან გაძევების გარდა, მათ მიზნებში ასევე შედის ე.წ. ნაცრისფერი ზონების აღმოფხვრა, რუსეთის დემილიტარიზაცია, მისი რეპუტაციის განადგურება და იზოლირება.
კრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ტვიტერის პირად გვერდზე წერს:
„უკრაინის სპეციალური სამხედრო კონტროპერაცია მიაღწევს თავის მიზნებს:
რუსეთის გაძევებას უკრაინიდან
კრიმინალური ანკლავებისა და ნაცრისფერი ზონების აღმოფხვრას
რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას
„ბოროტების იმპერიის“ რეპუტაციის განადგურებას
მსოფლიოში რუსეთის ფედერაციის ტრანსფორმირებას იზოლირებულ „ბანაკად თავისიანებისთვის“.
🇺🇦 special military counteroperation will achieve its goals:
1. Expulsion of 🇷🇺 from 🇺🇦
2. Criminal enclaves and gray zones elimination
3. Demilitarization of RF
4. “Evil empire” reputation destruction.
5. RF transformation into an isolated “camp for its own” kind of world
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 24 თებერვლის ღამეს, როდესაც უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, განაცხადა, რომ ამ „სპეციალური ოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანი იყო „უკრაინის დემილიტარიზაცია“.
ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, „მაგნოლიასთან“ მსუბუქი ავტომანქანები გაზონებზეა გაჩერებული. უკვე გათელილ მწვანე ზოლზე შეყენებულ ერთ-ერთი მანქანას კი სულაც რუსეთის სახელმწიფო ნომერი აქვს.
ფოტოები წუხელ 25 ივლისს არის გადაღებული.
ბათუმის ქუჩებში მძღოლების მიერ მანქანების ტროტუარებზე ჩაყენება, ანუ პარკირების წესების დარღვევა, უკვე წლებია ჩვეულებრივი პრაქტიკაა. თუმცა, წელს აშკარად „ახალი ტენდენცია“ იკვეთება – მანქანებს პირდაპირ მწვანე გაზონებზე ან სულაც ზედ ბუჩქებზე აპარკინგებენ.
მუნიციპალური ინსპექცია კვლავაც აქვეყნებს სტატისტიკებს, რომ მძღოლებს არასწორი პარკირების გამო ჯარიმებს, მაგრამ რეალურად ეს სურათ არ ცვლის.
ბათუმში, გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები დაიწყება. ხრეშის ხელოვნურად შეტანა პლაჟის შესანარჩუნებლად და სანაპირო ზოლის გასამაგრებლადაა აუცილებელი. ამ ეტაპზე სანაპიროზე ჯამში 412 960 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 7 192 585 ლარით გამოაცხადა.
ტექნიკური დავალების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული მდინარე ჭოროხის გარკვეულ საბადოებსა და გამოვლინებებზე ამოიღებს ხრეშს და მას სანაპირო ზოლში, ტენდერით განსაზღვრულ მონაკვეთებში შეიტანს.
სამუშაოები სპეციალური გრაფიკით, 150 დღეში უნდა დასრულდეს.
პროექტის მიხედვით, მაგალითად, ყველაზე დაზიანებულ მონაკვეთზე 50 მეტრი სიგანის პლაჟის აღსადგენად საჭიროა 292 960 კუბ.მ პლაჟწარმომქმნელი მასალის [ქვიშახრეში] შეტანა.
ხელოვნური პლაჟების შესაქმნელად ხრეშს სამ უბანზე შეიტანენ:
პირველ უბანზე რეცხვადი ბერმის სიგრძე შეადგენს 325 მეტრს, მისი სიმაღლე +3 მეტრს, ხოლო სიგანე იცვლება 50 მეტრიდან 95 მეტრამდე. ამ უბანზე შეტანილი იქნება 120 000 კუბ. მ პლაჟწარმომქნელი მასალა;
მეორე და მესამე უბნები თითქმის ემიჯნება ერთმანეთს. აქ რეაცხვადი ბერმის სიგანე შედაგენს 86 მეტრს. ჯამურად ორივე უბანზე შეტანილი უნდა იქნას 292 960 კუბ. მ მასალა.
ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 11 აგვისტოს დაიწყება და ხუთ დღეში, 16 აგვისტოს დასრულდება.
—
ბათუმის წარეცხილი პლაჟების ხელოვნურად აღსადგენად სანაპიროზე ამ ეტაპზე ნახევარ მილიონამდე კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა აუცილებელია. შემდგომში, პლაჟების შესანარჩუნებლად კი, ხრეშის ხელოვნურად შეტანა ყოველწლიურად იქნება საჭირო.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 5 საერთო-საჯარისო არმია გაანადგურეს. საერთო ჯამში, რუსეთს ასეთი 10 და დამატებით, ორი სპეციალური დანიშნულებისა და მასშტაბის არმია ჰყავს.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ავრცელებს.
„ახლა გამოდის, რომ ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ 35 მოტომსროლელი და 10 სატანკო პოლკი. ეს 10 მოტომსროლელი დივიზია ან 5 საერთო-საჯარისო არმიაა. რუსეთმა თავისი 10 არმიიდან 5 უკრაინაში დამარხა“, – ამბობს არსეტოვიჩი.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, რუსეთმა უკრაინაში ასევე დაკარგა:
„გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის 13 რეაქტიული სისტემა
ლულიანი არტილერიის 70 დივიზიონი
1730 ტანკი – 54 საბატალიონო კომპლექტი
3950 ჯავშანმანქანა – ეს იგივეა, რაც დაახლოებით 124 საბატალიონო კომპლექტი
უკრაინის გენშტაბის უახლესი მონაცემებით, რუსეთის დანაკარგი უკრაინაში 39 870 სამხედროა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი განაგრძობს და სავარაუდოდ, მომავალშიც გააგრძელებს მცდელობას, დაასუსტოს ან გაანადგუროს უკრაინის საზღვაო თავდაცვის შესაძლებლობები.
უწყების უახლესი სადაზვერვო ცნობარის მიხედვით, 24 ივლისს, რუსეთმა ოდესის პორტის ნავმისადგომს ფრთოსანი რაკეტებით დაარტყა.
„რუსეთის თავდავის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ სამხედრო ხომალდზე და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების საწყობზე მიიტანა შეტევა, თუმცა იმ ადგილზე, რომელზეც თავდასხმა მოხდა, ამგვარი სამიზნეების არსებობა არ დასტურდება,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ რუსეთის წარუმატებელი თავდასხმების მიზეზი, სავარაუდოდ მოძველებული სადაზვერვო ინფორმაცია, ცუდი დაგეგმარება და ოპერაციებისადმი „ზემოდან ქვემოთ“ ტიპის მიდგომაა.
„რუსეთი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს აღიქვამს მთავარ საფრთხედ, რომელიც შავ ზღვაში მისი ფლოტის ეფექტიანობას ამცირებს. ამან მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი რუსეთის თავდაპირველ გეგმას – რუსეთს არ შეუძლია, საზღვაო დესანტის საშუალებით განახორციელოს ოდესის დაპყრობის რეალისტური მცდელობა,“ – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება ყურადღებას ამახვილებდა იმ პრობლემებზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში დაზიანებული ტექნიკის შეკეთებისას აწყდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 39 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +170]
ტანკი – 1 737 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 3 959 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 880 ერთეული [+4]
MLRS – 258 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 222 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 189 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 722 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 835 ერთეული [+3]
სპეცტექნიკა – 75 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 26 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
260 თვითმფრინავი
144 ვერტმფრენი
1 613 უპილოტო საფრენი აპარატი
358 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 162 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
763 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 201 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 481 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
უკრაინაში ათასობით უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენება – მტრის პოზიციების გამოსავლენად, რაკეტების გასაშვებად თუ საარტილერიო ცეცხლის სამართავად. ორივე მხარე ფლობს სპეციალურად შექმნილ ლეტალურ სამხედრო დრონებს და უპილოტო აპარატებს, რომლებიც ფართო გაყიდვაშია.
რომელი უპილოტო საფრენი აპარატები აქვთ უკრაინასა და რუსეთს?
უკრაინის მთავარი დრონი თურქული წარმოების „ბაირაქტარ TB2-ია“. ის მცირე ვერტმფრენის ზომისაა, ბორტზე კამერები აქვს და ლაზერული მართვის ბომბებითაა აღჭურვილი.
„როდესაც ომი დაიწყო, უკრაინის ფლოტში 50-ზე ნაკლები ასეთი დრონი იყო“, – ამბობს ჯეკ უოთლინგი, Royal United Services Institute-ის წარმომადგენელი. მისი თქმით, რუსეთი, ძირითადად, უფრო პატარა „ორლან 10-ებს“ იყენებს.
ამ დრონებსაც აქვს კამერები და რაკეტების გაშვება შეუძლია.
„რუსეთმა ომი რამდენიმე ათასი ასეთი დრონით დაიწყო და სავარაუდოდ, ახლა მხოლოდ რამდენიმე ასეულიღა დარჩა,“ – ამბობს ჯეკ უოთლინგი.
რამდენად ეფექტიანია სამხედრო დრონები?
ორივე მხარისთვის უპილოტო საფრენი აპარატები ყველაზე ეფექტიანია მტრული სამიზნეების მოსაძებნად და საარტილერიო ცეცხლის სამართავად.
„რუსეთის ჯარებს შეუძლიათ, მტრისკენ მიმართონ საკუთარი იარაღი 3-5 წუთში მას შემდეგ, რაც უპილოტო „ორლან 10“ სამიზნეს მონიშნავს“, – ამბობს დოქტორი უოთლინგი. მისი თქმით, დრონის გარეშე იმავენაირ შეტევას 20 ან 30 წუთი მაინც დასჭირდებოდა.
რუსული “ორლან 10-ები”/ფოტო: EPA
დოქტორი მარტინა მირონი, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯში თავდაცვის საკითხების სპეციალისტია, მიიჩნევს, რომ უპილოტო აპარატებმა უკრაინას საშუალება მისცა, საკუთარი შეზღუდული ძალები უფრო ეფექტიანად გამოეყენებინა.
„წარსულში, მტრის პოზიციების მოსაძებნად, დაგჭირდებოდათ სპეციალური დანაყოფების გაგზავნა და შეიძლებოდა, ასეთი ოპერაციის დროს, საკუთარი ჯარის ნაწილიც დაგეკარგათ. ახლა მხოლოდ დრონს აგდებთ საფრთხეში,“ – განმარტავს მარტინა მირონი.
უკრაინულმა „ბაირაქტარებმა“ ომის პირველივე კვირებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.
„ჩვენ დავინახეთ, როგორ ურტყამდნენ ისინი ისეთ სამიზნეებს, როგორიც საბრძოლო მასალების საწყობია და რამხელა როლი შეასრულეს „მოსკვას“ ჩაძირვაშიც,“ – ამბობს დოქტორი მირონი.
თუმცა ჯეკ უოთლინგი დასძენს, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ არაერთი „ბაირაქტარი“ გაანადგურა: „ეს დრონი შედარებით დიდია, შედარებით ნელი და მხოლოდ საშუალო სიმაღლეზე დაფრინავს, ამიტომ მათი ჩამოგდება რთული არაა.“
როგორ გამოიყენება არასამხედრო დრონები?
სამხედრო დრონები ძვირია – მილიონები ღირს, ამიტომაც, ორივე მხარე, განსაკუთრებით უკრაინა, პატარა კომერციულ მოდელებზე აკეთებს აქცენტს, ისეთებზე, როგორიც DJI Mavic 3-ია, რომელიც დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი ღირს.
უპილოტო საფრენის აპარატების ერთ-ერთი უკრაინული მწარმოებლის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაახლოებით 6 000 დრონი აქვს, თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია.
მცირე ზომის ბომბებით კომერციული დრონების აღჭურვაც შესაძლებელია, თუმცა მათი უპირატესობა მაინც მტრის პოზიციების აღმოჩენაა.
„უკრაინას არ აქვს იმდენი საბრძოლო მასალა, რამდენიც რუსეთს,“ – გვიხსნის დოქტორი მირონი. – „ამიტომ „თვალი ცაში“, რომელიც გამოავლენს სამიზნეებს და მიმართავს საარტილერიო ცეცხლს, მათთვის ნიშნავს, რომ უკეთ გამოიყენონ ის, რაც აქვთ“.
ასე გამოიყურება DJI Mavic 3/ სქრინშოთი კომპანიის სარეკლამო ვიდეოდან
თუმცა კომერციული დრონები სამხედრო აპარატებზე ნაკლები სიმძლავრისაა. DJI Mavic-ის მოქმედების რადიუსი 30 კილომეტრია და მას მხოლოდ 46 წუთი ფრენა შეუძლია.
უფრო იაფი და უფრო პატარა დრონი კი კიდევ ნაკლებ ხანს ჩერდება ჰაერში და ნაკლებ მანძილს ფარავს.
როგორ იცავენ თავს უპილოტო საფრენი აპარატებისგან?
სამხედრო დრონებისთვის რუსეთი რადიოლოკაციურ დაცვას იყენებს – კომერციულებისთვის კი ელექტრომოწყობილობებს.
„რუს სამხედროებს აქვთ „სტუპორი“, რომელიც ელექტრომაგნიტურ იმპულსებს ისვრის,“ – განმარტავს დოქტორი მირონი და დასძენს, რომ ელექტრომაგნიტური იმპულსი კომერციულ დრონებს GPS-ით ნავიგაციის შესაძლებლობას ართმევს.
მისი თქმით, რუსი სამხედროები ასევე იყენებენ ისეთ ონლაინსისტემებს, როგორიც მაგალითად Aeroscope-ია – აღმოაჩენენ კომერციულ დრონებს და მათსა და ოპერატორებს შორის კავშირს წყვეტენ.
ამ სისტემებს ასევე შეუძლია დრონის დამტვრევა, მისი ბაზაზე დაბრუნება ან მისთვის ინფორმაციის გადაცემის შეზღუდვა.
საშუალო სტატისტიკური უკრაინული უპილოტო აპარატი დაახლოებით ერთი კვირა მუშაობს.
ვინ აწვდის მხარეებს დრონებს?
თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთი ირანისგან სამხედრო უპილოტო აპარატებს, Shahid-ებს ყიდულობს. სწორედ ამ დრონებს იყენებდნენ ჰუსიტების აჯანყებული ძალები საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
უკრაინას აშშ-ი დაახლოებით 700 სამხედრო აპარატს, „კამიკაძეს“ (Switchblade) აძლევს. ეს დრონი ასაფეთქებლებითაა დატვირთული და მანამდე დაფრინავს ჰაერში, ვიდრე სამიზნეს არ მიაგნებს. უკრაინული კომერციულ დრონებსა და მათ ოპერატორებს კავშირს კი ილონ მასკის Starlink-ი უზრუნველყოფს.
დღესდღეობით, კომპანია DJI-მ როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის დრონების მიწოდება შეაჩერა.
როგორ ყიდულობს უკრაინა დრონებს?
უკრაინამ 200 სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატის საყიდლად ქრაუდფანდინგი დაიწყო.
„TB2-ის მსგავსი დიდი ლეტალური აპარატების გარდა, ისინი ასევე ეძებენ შედარებით მომცრო მზვერავ ლეტალურ აპარატებს, უმოძრაო ფრთებით“, – ამბობს დოქტორი უოთლინგი.
უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ, რომელმაც ბოლო „ევროვიზია“ მოიგო, თავისი ჯილდო 900 000 დოლარად გაყიდა და ეს ფული უკრაინული წარმოების დრონების შესაძენად გადარიცხა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის განმავლობაში, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ ქართული წარმოშობის ხორბლის შეძენას, რის შემდეგაც, აღნიშნულ საქონელს რეალიზაცია უკეთდებოდა როგორც რუსული წარმოშობის ხორბალი, რა გზითაც შემძენი კომპანიები იღებდნენ დღგ-ს ყალბ ჩათვლებს.
დადგენილია, რომ აღნიშნული ოპერაციების შედეგად, კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს 310 714 ლარის ოდენობის დღგ-ს ჩათვლა.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგად, დღგ-ს აღნიშნული ყალბი ჩათვლები სრულად იქნა გაუქმებული.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
პოდპოლკოვნიკი ანდრეი კრუგლოვი საზენიტო რაკეტების კომპლექს Бук-М1-ის დივიზიას ხელმძღვანელობს. ამ რაკეტებს შეუძლიათ გაანადგურონ სამიზნე 15 – 20 კილომეტრ სიმაღლეზე და 30 კილომეტრის დაშორებით.
ასეთი დანაყოფის მართვას საბრძოლო ხელოვნების დიდი გამოცდილება სჭირდება.
ეს ძლიერი დივიზია მრავალი საბრძოლო მანქანისგან შედგება. როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური საინფორმაციო გამოცემა armyinform წერს, ამ დანაყოფის მიერ შესრულებული სამხედრო ოპერაციები თანამედროვე საჰაერო ომის ისტორიაში შევა. ArmyInform-ის კორესპონდენტთან უკრაინის გმირმა, ანდრეი კრუგლოვმა ცის მცველების საბრძოლო სამუშაოებზე ისაუბრა.
ანდრეი კრუგლოვი, უკრაინის გმირი:
24 თებერვლის დილას ჩვენი საზენიტო-სარაკეტო დივიზია საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო უკრაინა-ბელორუსის საზღვართან ახლოს, კიევის ოლქში. ამ ადგილას ერთთვიანი წვრთნები გვქონდა.
24 თებერვლის ღამეს რუსების მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ბელორუსის მხრიდან სრული მზაობა გვქონდა. საკონტროლო, გამაფრთხილებელი ცენტრიდან ვიღებდით ყველა საჭირო ინფორმაციას.
რუსული თვითმფრინავები გამუდმებით უახლოვდებოდნენ ჩვენ საზღვარს და თავხედურად დაფრინავდნენ საზღვრის გასწვრივ. პირველი თვითმფრინავი ჩვენ საჰაერო სივრცეში რამდენიმე კილომეტრით შემოვიდა, სწრაფად შებრუნდა და წავიდა.
ასეთი ქმედებები შეიძლება სხვადასხვაგვარად განიმარტოს: როგორც პროვოკაცია, დაშინება, ან როგორც აქტიური საომარი მოქმედებისთვის მზადება.
ცოტა ხანში მივიღეთ კიდეც ინფორმაცია ჩვენს აეროდრომებზე სარაკეტო თავდასხმების შესახებ.
„პირველად მე დავაჭირე გაშვების ღილაკს თითი მტრის ვერტმფრენების გასანადგურებლად, დივიზიის ოფიცრებისთვის ომის დასაწყისში მაგალითის მიცემა იყო საჭირო“
მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი მიმართულებით მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის კოლონები მოძრაობდა და მალე შეიძლებოდა ალყაშიც მოვექციეთ.
Buk M1 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის საზენიტო-სარაკეტო სამმართველო დიდი სამხედრო გუნდია და მრავალრიცხოვანი სამხედრო ტექნიკაც გვაქვს.
იმ მომენტში ქვედანაყოფში გვყავდა როგორც წვევამდელები, ასევე სამხედრო მოსამსახურე ქალები.
მალე ჩვენი თვალით დავინახეთ ოკუპანტები – საზენიტო საბრძოლო მოქმედებების წამოწყება შეუძლებელი იყო. საჭირო იყო უკან დახევა და უსაფრთხო ზონაში გადასვლა კიევთან უფრო ახლოს.
მანქანების ნაწილმა ტყით დაიწყო სვლა, ნაწილმა გზებზე, თავდაპირველად ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო მანქანა გავხიზნეთ უსაფრთხო ზონაში. მე ბოლომ დავტოვე ჩვენი პოზიციები.
გზა წარმატებით გავიარეთ და ბოროდიანკას მახლობლად ახალი პოზიციები დავიკავეთ. პოლკის მეთაურმა საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით მაცნობა, რომ ოკუპანტები ჩვენს დივიზიაზე მიზანმიმართულად ნადირობდნენ.
რუსმა პილოტებმა უკვე იცოდნენ, სად ვიყავით. სასწრაფოდ მომიწია პოზიციის შეცვლა. მაკაროვის მიმართულებით გავემართეთ. 25 თებერვალს, დილით დავიწყეთ პირველი საბრძოლო ოპერაცია.
ეს რუსული ვერტმფრენი იყო. ძალიან დაბლა დაფრინავდა. ჩემი მანქანიდან გავანადგურეთ. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ პოზიციის სწრაფი ცვლა დავიწყე ოკუპანტების ალყაში რომ არ აღმოვჩენილიყავი. ბოლოს გაირკვა, რომ მაკაროვს ვერც კი მივუახლოვდებოდით.
დამპყრობლები გვიახლოვდებოდნენ. დივიზიამ კვლავ პოზიციის შეცვლა დაიწყო. მივიღე ბრძანება, რომ დანაყოფის ნაწილი უსაფრთხო ზონაში გამეგზავნა, მეორე ნაწილი კიევისკენ გაემართა – დედაქალაქის საჰაერო დარტყმებისგან დასაცავად ხელსაყრელი პოზიციები უნდა დამეკავებინა.
ამ დროს მაკაროვი უკვე დაიკავეს რუსებმა. ამ რაიონში კიევი-ჟიტომირის გზატკეცილი ცეცხლში იყო გახვეული. ვიცოდით ეს, მაგრამ ვიცოდით ისიც, რომ დედაქალაქი უნდა დაგვეცვა. ჩვენმა დივიზიამ იპოვა გზა – მაკაროვს გარშემო შემოვუარეთ, უსწრაფესად გავაკეთეთ ეს და ბელოგოროდკასკენ, კიევის ერთ-ერთი უბნისკენ წავედით.
აქ ორი სამიზნე გავანადგურეთ სარაკეტო გაშვებით: რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ეს იყო პირველი გაშვება, რომლითაც პირადად მე რუსული ვერტმფრენი და თვითმფრინავი გავანადგურე. პირველად მე დავაჭირე გაშვების ღილაკს თითი მტრის ვერტმფრენების გასანადგურებლად, დივიზიის ოფიცრებისთვის ომის დასაწყისში მაგალითის მიცემა იყო საჭირო. მერე უკვე ყველამ დაიწყო რაკეტების გაშვება, ვის მოვალეობაშიც ეს შედიოდა.
Buk-M1 საზენიტო სარაკეტო სისტემა კოლექტიური იარაღია. ჩვენმა ქვედანაყოფმა ყველა მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურა.
რაკეტების საბრძოლო გაშვება / ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა Armyinform
„ჩვენი დანაყოფის ისტორია უკრაინის ისტორიაა, ყველაფერი, რასაც ვყვები ჩვენივე ხელით გვაქვს აღწერილი საბრძოლო მოქმედებების სპეციალურ ჟურნალში“
დივიზიის საბრძოლო მისიების შემდეგი უბნები გოსტომელისა და ვორზელის რაიონები იყო. აქ ველოდით რუსულ თვითმფრინავებს სადესანტო ძალებით. ჩვენი სახმელეთო ნაწილების წინააღმდეგობის გამო დამპყრობლებმა საჰაერო სადესანტო ოპერაციისთვის საჭირო პირობები ვერ შექმნეს.
გაირკვა, რომ დესანტი არ ჩამოვიდოდა, ამიტომ ისევ ბელოგოროდკას რაიონში დავბრუნდით, სადაც ჩვენთვის საკმარისი სამუშაო იყო. აქ კვლავ გავანადგურეთ საჰაერო სამიზნე. მაგრამ თავადაც აღმოვჩნდით რაშისტების დაზვერვის ალყაში.
მტრის არტილერიამ ჩვენს წინააღმდეგ ძალიან სწრაფად დაიწყო მუშაობა, ცეცხლშიც კი ცვლიდნენ პოზიციებს. საზენიტო ბრძოლების დროს ზოგადად ჩვენც მუდმივად ვმოძრაობდით, ათობით პოზიციას ვიცვლიდით დედაქალაქის გარშემო.
ჩვენს მიერ ციდან ჩამოგდებული ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობა ოცდაათს რომ ასცდა, აღრიცხვა ამის შემდეგ რუტინად იქცა.
ჩვენმა ქვედანაყოფმა ამ დროისთვის 45 საბრძოლო გაშვებიდან 41 რაკეტა სამიზნეს მოახვედრა. ეს ვერტმფრენები ვეღარასდროს მოუტანდნენ სიკვდილს და ტანჯვას უკრაინელ ხალხს.
ჩამოყრილ რუსულ თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს შეძლებისდაგვარად ვეძებდით და ფოტომასალას ვაგროვებდით.
ცაში ვებრძოდით მტერს, მაგრამ ხმელეთზეც მზად ვიყავით ოკუპანტებთან შეტაკებისთვის. ხშირად აღმოჩენილა ჩვენი დივიზია კრიტიკულ მდგომარეობაში, როცა მტერი ალყაში გვაქცევდა და არტილერია ცეცხლს გვიხსნიდა. ჩვენი დანაყოფის ისტორია უკრაინის ისტორიაა, ყველაფერი, რასაც ვყვები ჩვენივე ხელით გვაქვს აღწერილი საბრძოლო მოქმედებების სპეციალურ ჟურნალში.
ერთ დღეს კიევთან ახლოს, საბრძოლველად აღჭურვილები ვსადილობდით. ერთი თანამებრძოლი მოვიდა და მკითხა, რა შეგრძნებაა ნეტა გმირობაო. ვხუმრობდით, ვიცინოდით, სერიოზულად ცხადია არ მიმიღია მისი ნათქვამი.
მხოლოდ ამის შემდეგ ვნახე ვიდეო, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა გმირის წოდება მომანიჭა. მაშინაც ვუთხარი ყველას და ახლაც ვიმეორებ: ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება. ეს მთელი ჩვენი ქვედანაყოფის შრომის შედეგია.
ჩვენს ჯარისკაცებს, სერჟანტებს, ოფიცრებს არაერთი ჯილდო მიუღიათ სამიზნის განადგურებისთვის, ჩემთან ერთად ბოგდან ხმელნიცკის სახელობის ორდენის მქონე რაინდებიც იბრძვიან.
ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ნაწილი / ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა Armyinform
„გმირი ჩემი მეუღლეა – გამშვები პუნქტისკენ ფეხით გაიქცა ბავშვებით და მაინც მოახერხა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება“
ყოველდღე პოლკის მეთაურს ვაცნობდი მდგომარეობას, ვპასუხობდი მის შეკითხვებს საბრძოლო სამუშაოების, განადგურებული სამიზნეების, ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, აღჭურვილობის გამართულობაზე.
ბოლოს ყოველთვის ოჯახზე მეკითხებოდა და ამაზე პასუხი არ მქონდა. სანამ კიევის ცაში დამპყრობლებს ვანადგურებდით, ჩემი ოჯახი ალყაში იყო მოქცეული, მარიუპოლში.
ჩემი ცოლი და ორი შვილი სარდაფში იმალებოდნენ. კეთილი ადამიანები მათ დაეხმარნენ და რაღაც სასწაულით ქალაქიდან გავიდნენ. ფეხით მიაღწიეს ბერდიანსკს, ჩემ ცოლს ცალ ხელში პატარა ბავშვი ეჭირა, რომელიც დროდადრო გონებას კარგავდა.
იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემს ცოლ-შვილს დაეხმარნენ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლაში.
ყველა გეგმა ერთმა მოვლენამ შეცვალა. უკრაინულმა მხარემ რაშისტების დიდი ხომალდი გაანადგურა და ამის საპასუხოდ მათ აკრძალეს ლტოლვილების, ჰუმანიტარული ტვირთისა და საევაკუაციო კოლონების გადაადგილება. ავტობუსი, რომელსაც ხალხი ზაპოროჟიეში მოჰყავდა საგუშაგოდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით იდგა – აკრძალვის გამო შეაჩერეს, აღარ გაუშვეს. ჩემი მეუღლეც ამ ავტობუსში იყო. გამშვები პუნქტისკენ ფეხით გაიქცა ბავშვებით და მაინც მოახერხა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება.
გმირი ჩემთვის ჩემი მეუღლეა.
„რუს პილოტებს ჩვენი ეშინიათ. მათ არ სურთ ფრენა იქ, სადაც ჩვენ ვართ“
მთელ ჩვენს საბრძოლო სამუშაოს ორი მიზანი აქვს: – ცაში მტრის განადგურება და ადამიანებისა და იარაღის გადარჩენა. ამისთვის მეთაურს ბევრი სხვადასხვა თვისება უნდა ჰქონდეს. ლიდერი უნდა იყოს, პატივს სცემდეს ქვეშევრდომებს, რის გარეშეც პატივს არ გცემენ.
მეთაურმა უნდა იგრძნოს და დაინახოს საჰაერო მდგომარეობა. როდის უნდა გამორთოს აპარატურა, როდის უნდა შეიცვალოს პოზიცია. რამდენ ხანს შეგიძლიათ ერთ ადგილას დარჩენა.
ყველა ტაქტიკური ტექნიკა ჩვენმა მებრძოლებმა უკვე გამოცადეს არა მხოლოდ ვარჯიშზე, არამედ ბრძოლაშიც. საზენიტო ბრძოლა უკიდურესად ინტენსიური და სწრაფია. მთავარია დანაყოფის მუშაობის თანმიმდევრულობა. აქ ყოველი წამი გადამწყვეტია. მე, როგორც დივიზიის მეთაური, სამეთაურო-საშტაბო მანქანაში ვარ. ვიღებ ინფორმაციას უმაღლესი სამეთაურო პუნქტებიდან საბრძოლო გათვლების შედეგად.
მეთაურმა ყველა გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს. სამიზნის დაჭერა და მიყოლა, რაკეტების მომზადება სასროლად, გაშვების ოპტიმალური დროის განსაზღვრა…
ბრძოლაში გამარჯვების წყურვილი უჩნდება ყველას და დიდი მღელვარებაა. ყველა ცდილობს ამოიცნოს სამიზნე და გაანადგუროს, მაგრამ ეს არც ისე მარტივია. რუსებს შეუძლიათ ქვეითი დანაყოფები შემთხვევითი ადამიანებით შეავსონ, რომლებსაც პირველად უჭირავთ ხელში ავტომატი.
ავიაციის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. აქ ყველა პროფესიონალია. პილოტები რაკეტსაწინააღმდეგო მანევრებს ასრულებენ, სიმაღლისა და სიჩქარის მანევრებს. მათ მრავალრიცხოვანი ტექნიკა აქვთ, რასაც გადარჩენისთვის იყენებენ და ჩვენს განადგურებას ცდილობენ.
ყველას გვინახავს მულტფილმებში, როცა გმირების თვალები კვადრატის ფორმის უხდებათ, ბრძოლის შემდეგ საზენიტო-სარაკეტო სისტემის ოპერატორები მანქანებიდან ზუსტად ასეთი თვალებით გადმოდიან.
საზენიტო დუელის დროს ოპერატორი გამუდმებით ათვალიერებს სამიზნეს, რათა შეამჩნიოს და არც ერთი წუთით არ დაკარგოს მიზანი.
თვალის დახამხამებაც კი არ შეუძლია. როგორც წესი, პილოტები რაკეტებს სადღაც 30-50 კილომეტრის მოშორებით უშვებენ.
რუს პილოტებს ჩვენი ეშინიათ. მათ არ სურთ ფრენა იქ, სადაც ჩვენ ვართ.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ანდრეი კრუგლოვს გმირის წოდებას ანიჭებს / ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა Armyinform
ბათუმში, შარაშიძის ქუჩის #23-ში, აქვე მცხოვრებთა ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონებთან ახლოს საკანალიზაციო სისტემა ჟონავს. „ადგილზე ისეთი გაუსაძლისი სუნია, იქვე ახლოს მდებარე კორპუსში ფანჯრებს ვერ ვაღებთ. გარდა ამისა, განსაკუთრებული პრობლემაა ის, რომ ბავშვები ატრაქციონებით მაინც სარგებლობენ“, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ დასახლებიდან მოგწერეს.
მოსახლეობამ ამ ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც გადმოგვიგზავნა. ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. შამბო და მასთან დაკავშირებული სისტემა დააზიანა კომპანიამ, რომელიც ქუჩის მოასფალტების სამუშაოებს ასრულებდა. აქ ირწმუნებიან, რომ „მანამდე პრობლემა არ გვქონიაო“.
ამ ინფორმაციას ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში უარყოფენ.
„კომპანიებს არ დაუზიანებიათ, ბათუმის წყალს მიმართეთ“, – გვითხრეს სამმართველოში. შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ პრობლემას შეისწავლიან და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.
მოსახლეობის ინფორმაციით, „ბათუმის წყალმა“ ერთხელ უკვე შეასრულა ამოტუმბვის სამუშაოები, თუმცა ეს პრობლემას მხოლოდ ერთჯერადად აგვარებს: „სისტემა დაზიანებულია, ამოტუმბვა რას გვიშველოს, ისევ იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ყოველ ჯერზე“.
ბათუმი, შარაშიძის ქუჩა
შარაშიძის პირველი და მეორე ქუჩის კეთილმოწყობაზე შპს „ბონდი-2009“-მ იმუშავა, ეზოების მოპირკეთებაზე კი „ნიუ პოვერი“ მუშაობდა.
„ბონდი 2009“ შარაშიძის ქუჩის მოასფალტებაზე გასულ წელს ტენდერში გამარჯვების შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობდა. შესყიდვის ბიუჯეტი 2 მილიონ 663 000 ლარი იყო, თუმცა ხელშეკრულება ტბეთის ქუჩის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებდა. სატენდერო მოთხოვნა იყო ასევე გენერალ ასლან აბაშიძის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.
„ბონდი -2009“ ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიაა, ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია მისი შვილი ლევან დოლიძე. ამ კომპანიის თანამესაკუთრის, ოთარ ფუტკარაძის შვილი, შოთა ფუტკარაძე კი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. კომპანია ყოველწლიურად სახელმწიფოს სტრუქტურებისგან მილიონობით ლარის ღირებულების დაკვეთას იღებს.
შპს „ნიუპოვერი“ კეთილმოწყობის სამმართველოს დაკვეთით მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს ასრულებს. კომპანიას ამ ეტაპზე 888 888 ლარის ღირებულების დაკვეთა აქვს. კომპანიის ასივე პროცენტი მალხაზ სარჯველაძეს ეკუთვნის.
ამ პრობლემაზე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირების შესახებ მასალას მოგვიანებით ისევ გამოვაქვეყნებთ.
სახელმწიფოს ერთი სტრუქტურა, კონკრეტულად ქობულეთის მერია, აპირებს უსასყიდლოდ გადასცეს მართლმადიდებლურ ეკლესიას მიწის ნაკვეთი იმ მოტივით, რომ მრევლს სალოცავი სჭირდება და ეკლესიის მშენებლობას ითხოვს. მეორე სტრუქტურა კი, კონკრეტულად ბათუმის მერია, იგივე მოტივს არ იზიარებს და მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობის უფლებას არ აძლევს მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ თემის საკუთრებაა.
817 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და 230 კვ.მეტრ შენობის აღნაგობის წესით და 99 წლით გასხვისება, ქობულეთის საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა სოფელ ჯიხანჯურში მდებარეობს. ამ ნაკვეთს ერთი მხრივ ესაზღვრება კიდევ ერთი დაურეგისტრირებელი ნაკვეთი, ხოლო მეორე მხარეს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული გამწვანებული ტერიტორია, სადაც ადრე ჩაის პლანტაციები იყო.
საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ მერიაში დეტალების დაზუსტება ითხოვა, თუმცა პასუხი არ გაგვცეს.
საკრებულოში გადაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით კი, ქონების გადაცემის მოთხოვნით მერიას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიმართა. ოფიციალური წერილით, მიტროპოლიტი ნაკვეთისა და შენობის გადაცემას ითხოვს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, შემდგომში ტაძრის მშენებლობის მიზნით.
დოკუმენტის მიხედვით, საკითხი განიხილეს, როგორც მერიის, ასევე საკრებულოს შესაბამისმა კომისიებმა. მათ მიზანშეწონილად მიიჩნიეს მოთხოვნილი ქონების ეკლესიისთვის 99 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა.
„დღითი დღე იზრდება მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი და ეკლესიური ცხოვრება ბევრს სულიერ მოთხოვნილებად ექცა. ამიტომ, რაც მეტი ეკლესია აშენდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მისასალმებელია და ხელი უნდა შევუწყოთ“, – ქობულეთის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის, ზურაბ ამაღლობელის ეს განმარტება სხდომის ოქმშია დაფიქსირებული.
ქონების გადაცემის საკითხი ქობულეთის საკრებულომ 29 ივლისის სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.
___
უკვე რამდენიმე წელია მუსლიმი მრევლი იგივე მოტივით ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვას ითხოვს. უშედეგოდ. მერიამ მშენებლობის ნებართვა არ გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილება კი, რითაც მუსლიმი მრევლის მიმართ დისკრიმინაცია დადგინდა, ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2021 წლის 13 აპრილს ძალაში დატოვა.
იარინა ჩორნოჰუზი საზღვაო ქვეითი, მწერალი, სამოქალაქო აქტივისტი და 6 წლის გოგონას დედაა – ქალი, რომელსაც ფრონტზე ალბათ ყველაზე უკეთ იცნობენ. იარინა 2019 წელს ჯერ პარამედიკოსი გახდა, შემდეგ კი კონტრაქტით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა.
იარინა, Новое Время-ს სპეცპროექტისთვის „ქალები ომში“, თავის ისტორიას ჰყვება – როგორ გახდა სამხედრო, რატომ წავიდა ფრონტზე, რას ასწავლის თავის პატარა გოგონას და რა მიაჩნია უკრაინის ნამდვილ გამარჯვებად.
____________
სინამდვილეში, კონტრაქტი ჯერ კიდევ 2014 წელს მინდოდა, როცა ყველაფერი დაიწყო. ამას ჩემი, როგორც სამოქალაქო აქტივისტის, ბრძოლის ლოგიკურ გაგრძელებად ვხედავდი. თუმცა საბოლოოდ, მაინც ვერ გადავადგი ეს ნაბიჯი, რადგან ზუსტად მაშინ გაჩნდა ჩემი შვილი. პატარა იყო და ძალიან ვჭირდებოდი.
სწავლა მიყვარდა, დავამთავრე ლიტერატურათმცოდნეობისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი. ფრონტამდე ერთმანეთს ვუთავსებდი წერას და თარგმანებს. გამომცემლობებისთვის ვთარგმნიდი ინგლისურიდან უკრაინულად, ძირითადად საბავშვო და მოზარდების ლიტერატურას. იურისტებსა და მენეჯერებს ინგლისურს ვასწავლიდი. თუმცა ყოველთვის ვადევნებდი თვალს ფრონტის ამბებს და ყოველთვის რაღაც მეწეოდა იქით.
2019 წელს ჰოსპიტალიერებში (მოხალისეთა სამედიცინო ბატალიონი) ჩავეწერე სასწავლებლად. სწორედ ეს სწავლება დამეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ ფრონტზე მინდოდა. კიდევ ცოტა ხანს ვახერხებდი ერთდროულად როტაციებსა და თარგმანებს – პარალელურად, სახელმწიფო ენის კანონისთვის ვიბრძოდი. იმ აქტივისტებში ვიყავი, რომლებმაც კანონპროექტი შეიმუშავეს და ბოლოს და ბოლოს, რადამ ეს კანონი მიიღო.
2020 წლის იანვარში დაიღუპა ბიჭი, რომელთანაც ძალიან ახლოს ვიყავი. ერთად ვიყავით პოზიციებზე და საერთო მომავალზეც ბევრი გეგმა გვქონდა.
მივხდი: ეს ტკივილი როგორმე რომ გადამეტანა, მისი გზა უნდა გამევლო. მისი სიკვდილი იქცა სტიმულად, გაკეთებინა ის, რაც დიდი ხანი მინდოდა. ვხვდებოდი, რომ ყველაზე მეტი სიმართლე სწორედ სანგრებში იყო – ფრონტზე, ომში. საკუთარი ცხოვრებისთვის, საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი თავისთვის რომ გამეგო – მე წავედი.
ვეძებდი ისეთ ნაწილს, რომელშიც კონტრაქტით მიმიღებდნენ. საზღვაო ქვეითებში მინდოდა, რადგან სწორედ საზღვაო ქვეითებთან მქონდა პირველი როტაცია ჰოსპიტალიერებიდან. აქ მოხვედრას ყველა კაციც კი ვერ ახერხებს, მაგრამ მე შევძელი. ძალიან მიყვარს სამხრეთი, ზღვა. ყველა ეს ქალაქი – მარიუპოლი, ხერსონის ოლქი… ამიტომაც მინდოდა ზუსტად აქ.
იარინა ჩორნოჰუზი/ფოტო: ფეისბუქი
503-ე ბატალიონზე დიდი ხანია მესმოდა. ნაცნობების დახმარებით გასაუბრებაზე მიმიწვიეს. გასაუბრებას სუხარევსკი ატარებდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოდპოლკოვნიკი. ეს საკმაოდ რთული პროცედურაა.
კაცებისთვის – ეს არის ფიზიკური მომზადების ტესტები. ქალებისთვის – პრინციპში, ქალებისთვისაც ასეა – უნდა ჩააბარო ტესტი და გაიარო გასაუბრება. შენი კანდიდატურა პირადად საზღვაო ქვეითთა მეთაურმა უნდა დაამტკიცოს. როგორც ამიხსნეს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალები მიდიოდნენ და მერე ვეღარ ასრულებდნენ მოვალეობებს. ყველა ეტაპი გავიარე. ახლა საზღვაო ქვეითთა სადაზვერვო ბატალიონში ვარ. უკვე მეორე წელია.
არასდროს მითქვამს და მისწავლებია ჩემი შვილისთვის, რომ ქალი შინ უნდა იჯდეს და იყო მხოლოდ დედა. მე მას ვზრდი სამართლიან ადამიანად, რომელსაც უნდა ესმოდეს, რა სურს თვითონ და პატივი სცეს სხვის არჩევანს. მე მას ავუხსენი, რომ ქვეყანაში ომია. ვუთხარი ისიც, რომ რუსეთი დაგვესხა თავს და ისიც, რომ ვიღაც აუცილებლად უნდა დაეხმაროს დაჭრილებს ფრონტზე, ვიღაცამ უნდა დაიცვას ეს მიწა. ორისიამ, ჩემმა გოგომ, ეს გაიგო.
ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი შვილი მყავს. არასდროს ისტერიკა არ მოუწყვია ჩემთვის. პატარაა, მაგრამ ძალიან გაგებით ეკიდება იმას, რასაც მე ვაკეთებ. დროდადრო მეკითხება, როდის დამთავრდება კონტრაქტი, როდის ვიქნებით ერთად, მაგრამ ესმის ამ ყველაფრის მნიშვნელობა. ახლა ჩემს პირველ ქმართან ცხოვრობს.
ეს უდიდესი პრობლემაა, რომ უკრაინაში ამ 8 წლის განმავლობაში, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ესმით საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც ყველას სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის იბრძვის. ესაა იმის მიზეზი, რომ ახლა, 2022 წელს, ჩვენ დავკარგეთ სამხრეთი და ჯერ არ დაგვიბრუნებია. ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები. ერთ-ერთი მიზეზი – ადამიანების გულგრილობაა, იმ ადამიანებისა, რომლებიც მთელი 8 წლის განმავლობაში სამხედროების, არმიის უპატივცემულობას მიეჩვივნენ. ახლა ამისთვის ძალიან ძვირს ვიხდით.
იარინა ჩორნოჰუზი/ფოტო: ფეისბუქი
თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში, 21 საუკუნეში, ხალხი ყველაფერს ძალიან მალე ივიწყებს. გუშინ შეიტყვე რაღაც საშინელი ამბავი, რომელიც სხვა დროს შეიძლებოდა, ადამიანებს მთელი წელი დამახსოვრებოდათ, მაგრამ ახლა, ამ მუდმივ და უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადში, ამბები უსწრაფესად ქრება. არადა, საჭიროა, რომ ადამიანები არ ივიწყებდნენ.
უკრაინელებმა უნდა მიიღონ, რომ ეს ომი სამუდამოა. ჩვენ სამუდამოდ ომში ვართ, თუ ეს სახელმწიფო გვინდა. სხვაგვარად ის ვერ იარსებებს.
ძალიან მტკივნეულია, როდესაც არათანაბარი ძალა გიტევს და ვერ ახერხებ ბრძოლის ველიდან დაღუპულთა ცხედრების გამოტანას. ძალიან მძიმეა ეს. ჩვენ სულ გვასწავლიდნენ, რომ აუცილებლად უნდა გამოვიყვანოთ დაღუპულები, მაგრამ ომი გვიჩვენებს, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ეს შეუძლებელია. ძალიან მტკივა იმ თანამებრძოლების გამო, რომელთა მშობლებმაც მათი ცხედრებიც კი ვერ მიიღეს, ვერც კი დაკრძალეს ისინი. ამაზე ფიქრი ყველაზე მეტად მიჭირს.
პუტინი მთელი რუსული საზოგადოების აპოგეაა. ის არის ადამიანი, რომელმაც უკრაინისადმი სიძულვილს ხორცი შეასხა და ის ყველაზე მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე აიყვანა. ის დამნაშავეა იმაში, რომ მრავალწლიანი პროპაგანდისტული პოლიტიკით გააღვივა რუსული ფაშიზმი.
ის პასუხისმგებელია იმაზე, რომ ხელს უწყობდა უკულტურობას რუსეთში, ხელს უწყობდა განათლების დაბალ დონეს. იმაზე, რომ მთელი ეს პროპაგანდისტული სიცრუე გაუნათლებელი ადამიანების ტვინებში აღწევდა. რუსები თვითონაც დამნაშავეები არიან, რომ ამ მტრული პროპაგანდისა და ფაშიზმის მარცვლებს საკუთარ გონებაში აღმოცენების საშუალება მისცეს. ყველა სრულწლოვანი ადამიანი პასუხისმგებელია იმ ძალადობრივ სიხარულზე, რომელსაც გამოხატავენ იმ საშინელებების გამო, რასაც რუსეთის არმია უკრაინაში სჩადის.
პუტინი გასცემს ბრძანებებს, ამ ბრძანებებს კი ასრულებენ ადამიანები, რომლებიც არ არიან პუტინები.
იმ ფაშიზმში, რომელიც ახლა რუსეთში აყვავდა, პუტინის ადგილას შეიძლება ვინმე მისი მოადგილე მოვიდეს და ისევ პუტინზე ნოსტალგია გააჩინოს… და ინერციით ისინი იმავეს კეთებას გააგრძელებენ.
სრული გამარჯვება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მოვლენების გავლენით ჩვენი საზოგადოება შეიცვლება. უკრაინამ ამ საუკუნის ბოლომდე შეიძლება იარსებოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოკუპაციას თავს დავაღწევთ, ავაშენებთ სასამართლოს და თავდაცვის სისტემას და თუ ადამიანები სახელმწიფოს შიგნიდან რყევას შეწყვეტენ. მაშინ, შესაძლებელია, გვქონდეს ჩვენი „რკინის გუმბათი“ და ვიყოთ ისეთივე ძლიერები თავდაცვაში, როგორც ისრაელია. ეს გამარჯვება იქნება.
მათი შეჩერება მხოლოდ რამდენიმე წლით, რომ ვეღარ წაიწიონ წინ ჩვენს მიწაზე, შეიძლება ტაქტიკური წარმატება იყოს, მაგრამ არა გამარჯვება. გამარჯვებამდე ძალიან შორია. გამარჯვებისთვის საზოგადოება უნდა შეიცვალოს.
იარინა ჩორნოჰუზი/ფოტო: ფეისბუქი
რა მიმაჩნია გამარჯვებად? ჩვენი საზღვრების დაბრუნება 2014 წლამდე მდგომარეობაში. დონეცკის, ლუგანსკის, ყირიმის დაბრუნება. აღარაფერს ვამბობ ხერსონის ოლქზე, სევეროდონეცკსა და სხვა მიწებზე. ესაა გამარჯვება და ასეთ გამარჯვებაზე ოცნება შეიძლება.
ეს ყველაფერი რომ დავიბრუნოთ, ქვეყანა უფრო უნდა გაძლიერდეს, ვიდრე ახლაა. გამარჯვება იქნება საზოგადოების ტოტალური ცვლილებაც – კორუფციის მემკვიდრეობისგან გათავისუფლება. ეს კიდევ სხვა გამარჯვებაა და ეროვნული ცნობიერების სხვა ხარისხი. ჩვენ არ გვაქვს ინერციით ცხოვრების უფლება.
მთელი ეს 8 წელი, 2014 წლის შემდეგ – ინერცია იყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. 2022-მა ცხადად გვიჩვენა, რომ თუ ინერციით მივყვებით დინებას, ყოველ 8-10 წელიწადში ორ-ორ ოლქს ჩამოგვაჭრიან. ეს უნდა გვესმოდეს. დღესვე უნდა შევიცვალოთ, თორემ ჩვენს შვილებსაც ომი მოუწევთ.
ქართული ლუდის კომპანია (ლუდსახარში „ზედაზენი“), ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის, ამერიკული კომპანია Molson Coors-ის ლუდის ბრენდის – MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა.
კომპანიის კორპორატიული მმართველობის სისტემის ფინანსური, იურიდიული და ტექნიკური აუდიტის შემდეგ, „ზედაზენის“ ლუდის პორტფელს, ამერიკული პრემიუმ ბრენდი – MILLER შეემატა. აღნიშნული ბიზნეს გარიგება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ზედაზენის“ საწარმო, სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ მსოფლიო სტანდარტსა თუ მოთხოვნას, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის, პრემიუმ ბრენდების წარმოებისთვის.
საქართველოში წარმოებული MILLER საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გაიყიდება.
MILLER მსუბუქი, ამერიკული, პრემიუმ კლასის ლუდია. მის გემოს განსაკუთრებულს არამხოლოდ მისი რეცეპტი, არამედ ხარშვის უნიკალური ტექნოლოგია – ოთხჯერადი ფილტრაცია ქმნის.
„ყველაფერი საუკეთესო, იქმნება საუკეთესო ინგრედიენტებით“ დევიზის რეალობად ქცევისთვის, MILLER-ის ყველა მწარმოებელი კომპანია იყენებს სპეციალიზებულ ალაოს და ასევე სვიას, რომელიც ლუდისთვის ნაკლებად მწარე გემოს მისანიჭებლად, სპეციალურადაა დამუშავებული.
„მოგეხსენებათ, რომ „ქართული ლუდის კომპანია“ ლუდის ბაზარზე ნოვატორობით გამოირჩევა. პანდემიით გამოწვეული სირთულეები ჩვენ შესაძლებლობად გარდავქმენით და ეს დრო იმისთვის გამოვიყენეთ, რომ ქართული ლუდის ბაზარი კიდევ უფრო საინტერესო გაგვეხადა. თითქმის 3 წლიანი მოლაპარაკებების, დამატებითი ინვესტიციების, ექსპერიმენტული ხარშვის, საწარმოს აუდიტისა და კომპანიის მართვაში დასავლური სტანდარტების დანერგვით, დღეს უკვე ამაყად ვაცხადებთ, რომ ლუდსახარში „ზედაზენი“ ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის – Molson Coors-ის პარტნიორი და ჩვენს რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში MILLER-ის ლიცენზიანტია. ასე რომ, „ეს ჩვენი დროა, ეს მილერის დროა“, – კახაბერ კოტრიკაძე, „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი.
„ქართული ლუდის კომპანია“ 2011 წელს დაფუძნდა და დაარსების დღიდან, თიბისი მისი პარტნიორია. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისის „ზედაზენისთვის“ ჯამში 270 მილიონ ლარამდე ოდენობის დაფინანსება აქვს გაცემული.
როცა ბათუმში თავისი პირველი წიგნის, „მშვიდობით, ძია გერშვინ!“-ის წარსადგენად ჩამოვიდა, მეორე წიგნის იდეა მაშინ გაუჩნდა.
„La porta segreta“ ფსიქოლოგ მაია ცირამუას მეორე წიგნია. ყდის დიზაინზე ილუსტრატორმა ნონი გარდავამ იმუშავა. „ბათუმელები“ მაია ცირამუას ახალი წიგნის შესახებ ესაუბრა.
ქალბატონო მაია, როგორც ერთ ინტერვიუში ახსენეთ, ახალი რომანის დაწერის იდეა ბათუმში გაგიჩნდათ. მოგვიყევით, რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო?
ბათუმში სეირნობისას ერთმა სამკერვალომ მიიპყრო ჩემი ყურადღება. დიდი, მინის კედელი აქვს ამ სამკერვალოს, ამ მინის კედლის მიღმა თერძი ქალი ფუსფუსებდა. ჩანდა ქსოვილები, ქალის ტორსი… რამდენიმე დღე ვაკვირდებოდი გარედან, როცა ზღვაზე მივდიოდი, პლაჟის ნაცვლად ვიჯექი და ამ სამკერვალოს ვუყურებდი. საინტერესო პროცესი იყო – როგორ შედიოდნენ ადამიანები, ეკონტაქტებოდნენ, ტანსაცმელს იზომებდნენ – ეს ყველაფერი გარედან უხმო კინოს ჰგავდა. როცა უხმო კინოს უყურებ, სულ გაქვს იმის მომენტი, რომ გაინტერესებს იქ რა ხდება, რა ხმების ისმის, რას ეუბნებიან ერთმანეთს.
აი, ამ უხმო კინოში შესვლა მომინდა.
ერთხელაც გავბედე, მე თვითონაც შევედი. იყო ქსოვილების საოცარი ფერთა გამა. ძალიან კარგი ხარისხის ქსოვილები იყო. ეს იყო ისეთი სამყარო, სადაც ქალებს გვიყვარს ხოლმე მოგზაურობა. რაღაცებსაც ვემალებით ხოლმე ასეთ სამყაროში. გავურბივართ. უცებ მომინდა რაღაცა გამეკეთებინა ამაზე.
ბათუმში ყოფნის პერიოდში ბევრს ვფიქრობდი ამ სამკერვალოზე. მერე ერთ ღამეს დავიძინე და დილას გავიღვიძე ლორასთან ერთად – ლორა ჩემი ახალი რომანის მთავარი გმირია. როცა სიუჟეტზე დავიწყე ფიქრი, მივხვდი, რომ აი, ამ გარემოში უნდა ჩამესახლებინა ჩემი ლორა.
რომანში ისეთ თემებს ეხებით, დღეს, აქ და ახლა რომ აწუხებს ქართულ საზოგადოებას. წიგნმა ეს პრობლემები აირეკლა. როგორ ფიქრობთ, თქვენი ეს ნაწარმოები ხომ არ იქნება ქართული ლიტერატურისთვის ერთგვარი ბიძგის მიმცემი?
ზოგადად, ფემინისტური ლიტერატურა არ გვიჭირს საქართველოში. მე შევეცადე, მელაპარაკა იმაზე, რაც ვიცით ისედაც ყველამ. მაგალითად, ნაწარმოებში არის ფემიციდის, მიტოვების თემა. შევეცადე რაღაცნაირად წარმომეჩინა რომანში ისეთი ადგილები, რასაც არავინ ყურადღებას არ აქცევს. როგორი დეტალები იცი, მაგალითად, რას ნიშნავს თინეიჯერი გოგოსთვის, როდესაც მას მკერდი წამოეზარდა. როგორ აღიქვამს ის თავის სხეულს ან ნებისმიერ ფრაზას, რომელსაც ხუმრობით ეტყვიან. შევეცადე ასეთი მომენტები, თითქოსდა შეუმჩნეველი, დიდ სურათში დაკარგული წვრილ-წვრილი ტკივილები, ყოფილიყო წამოწეული.
შეიძლება ვიღაცისთვის ეს მომაბეზრებელი იყოს. არ ვიცი, მკითხველს გააჩნია. ჩემი ამოცანა იყო, მეჩვენებინა ის წკიპურტები, რასაც იღებ, როგორც ქალი, როგორც პიროვნება.
თემაზე, რომელზეც არის ეს წიგნი, შეიძლება რაღაცები დაწერილა, მაგრამ კონკრეტულად ამ ნიუანსებს არავინ შეხებია, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გახდება ბიძგის მიმცემი ლიტერატურაში.
ისე მიკავშირდებიან კონკრეტული ადამიანები, მეუბნებიან – „მე უკვე სხვანაირად ვფიქრობ“ და შეიძლება ესეც იყო ჩემი ამოცანა, რაღაცები გადაფასებულიყო ადამიანებში. ნამდვილად, საშიშია ამ თემასთან შეხება, რთული თემაა, რადგან ძალიან ბევრი ნაღმია მასში ჩადებული. მგონია, რომ რაღაცა ბიძგი, თუ ლიტერატურისთვის არ იქნება, იქნება დისკუსიისთვის და ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ მოდის ეს მესიჯები, მაგალითად ის, რომ დღეს ერთმა ადამიანმა სხვანაირად შეხედა საკუთარ შვილს.
რომანში ეხებით ბევრ ისეთ თემას, რასთან გამკლავებაც ქალებს უწევთ. ერთგვარი სარკეა იმის დასანახად, თუ როგორ იჩაგრებიან ქალები გენდერული ნიშნით და როგორ ავიწროებენ მათ. როცა ამ სიუჟეტურ ხაზს წერდით, რა იყო თქვენი მთავარი გზავნილი ქალებისადმი?
ალბათ ის, რისიც არავის გვჯერა. არ გვჯერა, რომ ადამიანებს ასე სტკივათ. არ გვჯერა, რომ ქალებს პატარა ასაკიდანვე მართლაც უამრავი ლურსმანი გვაქვს ჩაჭედებული გულში. არავის სჯერა ამის. ჩემი გზავნილია, რომ მკითხველი, თავის რეფლექსიებში წავიდეს და თავის წარსულში იმოგზაუროს. თავისი გოგოობა გაიხსენოს, თავისი პირველი ურთიერთობები გაიხსენოს, იქ იპოვოს პასუხი, არის თუ არა ეს დასაჯერებელი თემა, რომელიც ფემინისტებმა გამოიგონეს.
ეს არის ყოველწუთიერი ჩვენი ცხოვრება. ყოველ წუთას შეიძლება იგრძნოს ქალმა ამ საზოგადოებაში ცუდი მესიჯი. მცირე მანძილი გამოვიარე ამ ადგილამდე მოსასვლელად, სადაც ახლა ინტერვიუს ვწერთ და გზაში, ქუჩას რომ ვჭრიდი – ეეე, ქალოო – ვიღაცამ მომაძახა. აი, ასე ხდება.
მინდა ადამიანებმა დაიჯერონ, რომ რაც ხდება, ეს ქალებს სტკივათ. ზოგჯერ არის ასეთი მომენტები, რომ ტკივილებს ვემალებით. რაღაცა თავდაცვითი სტრატეგიაა, თავდაცვითი მექანიზმია. შინაგან ტკივილგამაყუჩებლებს ვპოულობთ, რომელიც, საბოლოო ჯამში, ამ ტკივილებს კი არ უვლის, არამედ კიდევ უფრო ღრმა პროცესებში მიდის.
მინდა დაინახონ ადამიანებმა, რომ ის ყველაფერი, რითაც გაჯერებულია ჩვენი ყოფა, ძალიან მტკივნეულია კონკრეტული ადამიანებისთვის და ასე აღარ შეიძლება.
ერთი საინტერესო პასაჟია, როდესაც რომანის მთავარი გმირი, ლორა საქართველოში ბრუნდება, მას უწევს მძაფრი კრიტიკის მოსმენა, თუ როგორ შეარცხვინა ქვეყანა. რადგან „საქართველოზე, სადაც ქალს პატივს სცემენ, საზღვარგარეთ არასწორი შთაბეჭდილებები შექმნა“. ამით რისი ხაზგასმა გსურდათ? იმის ხომ არა, რომ ჩაკეტილი საზოგადოება ვართ მაინც, რომელსაც შეიძლება სახლში პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს პრობლემები გარეთ არ უნდა გამოიტანოს?
ჩვენ ვართ ჩაკეტილი საზოგადოება და ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიებში. დიალოგი ნაწარმოების ორ გმირის – ლორასა და ქალაქის თავს შორის, ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი დიალოგია.
ჩვენ ვართ ჩაკეტილი საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს მითებში. გვჭირდება, რომ ჩვენი თავი ვიღაცამ გარედან დაგვანახოს… და ეს იყო ლორა, რომელმაც საქართველოდან 100 ქალის დეფილე გაიტანა მსოფლიო ასპარეზზე. ეს იყო ზუსტად იმ ილუზიების მსხვრევა, რომელსაც არ იჯერებს საზოგადოება. ისევ დაჯერება-არდაჯერების ამბამდე მივდივართ. ჩვენ ისევ არ ვიჯერებთ, ახლა, ამ ეტაპზე, რომ დავაკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას… რაღაცები ხდება, ძალიან ცუდი რაღაცები, საზოგადოების ნაწილი, ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ჩაკეტილი საზოგადოების პირმშოა, არის ამ დაჯერებასა და არ დაჯერებას შორის.
ეს იყო აქ ჩემი მთავარი სათქმელი – ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ცუდად ვექცევით ერთმანეთს. ძალიან ბევრ ტკივილს ვართ ჩაჭიდებული, ბევრ სტერეოტიპს და რაღაცას ხელი უნდა გავუშვათ. ისე წინ ვერ წავალთ.
უკანონო ფარული მიყურადება, გადაღება, პირად ცხოვრებაში შეჭრა – უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა. ეს აირეკლა თქვენს ნაწარმოებშიც. მთავარი გმირის გადაწყვეტილება – რომ ის არ დააშანტაჟებინებს თავს არავის და არ ეშინია თავისი პირადი ცხოვრების ჩანაწერების გამოქვეყნების, ასევე ნაცნობი ამბავია ჩვენი საზოგადოებისთვის. როგორც მწერალმა, როცა ამ ხაზს ავითარებდით, მაგალითი ჩვენი რეალობიდან აიღეთ?
თქვენი კითხვები მეხმარება რაღაცების გაანალიზებაში. როგორი პროცესია წერა? – პერსონაჟი დაიბადა, შენ იცი, სად მიდის, მოდის, მაგრამ გზადაგზა ეს პერსონაჟი იწყებს ცხოვრებას. ეპოქა წიგნის პირველ ნაწილში არის დღევანდელი რეალობა: ჩვენ – მე და ლორა, ბუნებრივად აღმოვჩნდით იქ, სადაც აღმოვჩნდით.
მწერლის ლოგიკას რომ გაჰყვე, ეს იყო ლოგიკური შედეგი, რაც მოჰყვებოდა მის დეფილეს უცხოეთში. საბოლოო ჯამში რომ წავიკითხე, თვითონ შემეშინდა, იმიტომ, რომ არ დამიგეგმავს. ბუნებრივად შევედით მე და ლორა ამ პროცესში და აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში.
ეს თემა, როგორც მოქალაქეს ძალიან მაწუხებს. მე ერთი ადამიანი ვარ და ეს ყველაფერი ჩემშია ხომ? ალბათ ეს ის თემაა, რომელსაც ვერავინ, როგორადაც არ უნდა ეცადოს, გვერდს ვერ აუქცევს.
ეს თემა აუცილებლად შემოვა, რადგან ეს დღევანდელი ადამიანის ძალიან დიდი ტკივილია. განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელმაც იცის რა არის საბჭოთა კავშირი და რომელმაც იცის, რა არის ზოგადი სუბიექტის როლში არსებობა. ცხოვრობდე ისე, როგორც სხვები ცხოვრობენ, აკეთებდე ისე, როგორც სხვები აკეთებენ და ოდნავი გადახრა, ოდნავი დევიაცია აქედან არის დიდი რისკი, რომლითაც ფაქტობრივად შეიძლება საკუთარი თავი წააგო, ისე, როგორც ლორამ.
თქვენი რომანის გმირის რეაქცია შანტაჟსა და უკანონო მიყურადებაზე, შეიძლება განაზოგადოს და ერთგვარ რეკომენდაციად მიიღოს მკითხველმა, როგორ უნდა დაუპირისპირდე სისტემას?
არ ვიცი რამდენად შეიძლება იყოს ეს რეკომენდაცია…
ლორამ, რომელმაც რთული ცხოვრება გამოიარა, ძალიან კარგად იცის, როგორია სასტიკი ადამიანი, მაგრამ ის არის შოკში და არის გაოცებული. ეს ნამდვილად მინდოდა, შოკის და გაოცების განცდა გასჩენოდა მკითხველს.
გაუჩნდეს შეიძლება იმ ადამიანსაც, რომელიც სხვას აყურადებს. ამის იქით მე მგონი აღარაფერი აღარ არსებობს.
ეს სუნთქვის შემკრავი გაოცებაა, რომ მეორე ადამიანს ეს შეუძლია გაგიკეთოს. ზოგჯერ ახსნა აქვს იმას, ერთი ადამიანი მეორეს როგორ კლავს. ეს ახსნადია. ახსნა და გაგება სხვაა.
ფარული მიყურადება ძალიან დიდი დრამაა დღევანდელი ადამიანის. ის, ფაქტობრივად, ცხოვრობს სხვა ადამიანის ცხოვრებით. სად კარგავს საკუთარ თავს კაცმა არ იცის და მერე ეს სხვა ადამიანის ცხოვრებაში ასე უნამუსოდ შეჭრილი რასაც აკეთებ, ეს კიდევ სხვა თემაა. იქ შეიძლება მკვლელობაც იყოს, მაგრამ სუნთქვის შემკრავი არის ეს მომენტი, როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანის მიყურადებას იწყებს. ეს არის ის მომენტი, სადაც ჩვენ უნდა გავჩერდეთ და დავფიქრდეთ: რა არის ეს 21-ე საუკუნეში, თანამედროვე სამყაროში, როგორი ტრაგედიაა ადამიანის, ჩვენი ყოფის.
წიგნის „La porta segreta“ მეორე ნაწილი ხსნის პირველი ნაწილის საიდუმლოს. აჩვენებს უმცირესობების ჩაგვრას. ასევე აჩვენებს სოციუმს, რა გარემოში უწევთ ამ ადამიანებს გადარჩენა. პროტოტიპი თუ ჰყავს გმირს?
ერთადერთი, ვისაც შეიძლება ჰყავდეს პროტოტიპი, ეს არის ვიოლა – ბებია. მაგრამ ეს არ არის ერთი ადამიანის სახე. ბევრი ვიღაცისგანაა აღებული. ვიოლა კრებითია. ერთ-ერთი ხაზი არის დედაჩემის. მეორე არის ბებიაჩემის. რაც შეეხება სხვა პერსონაჟებს, პროტოტიპები არ მყავს. ალბათ რომ დავფიქრდე და გავაცნობიერო, შეიძლება ვიპოვო მათი პრიორიტეტი.
უარყოფა – როცა ისეთს არ გიღებენ, როგორიც ხარ, არ გიღებს ის ადამიანი, ვინც განსაკუთრებულად გიყვარს. ალბათ ყველა ლგბტქ+ ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადის ამ გზას. რა იყო თქვენი გზავნილი საზოგადოებისადმი, ამ თემის წამოწევით?
გამიჭირდება ვთქვა, რისი თქმა მინდა. მინდა, რომ იგრძნონ. მანდ არის ერთი ასეთი მომენტი – წარმოიდგინეთ, როგორი სასტიკია ბავშვისთვის სამყარო, როდესაც ყველაზე სასტიკი ადამიანი მისთვის არის მშობელი.
აი, ამ პრიზმიდან მინდა შეხედონ. ბევრი ბმაა დედა-შვილობის, მშობლების და შვილების, ზოგადად აი, ამ ურთიერთობებზე.
მთავარი გზავნილი მაინც ეს არის – როგორი სასტიკია ბავშვისთვის სამყარო, როდესაც მისთვის მშობელი ხდება ყველაზე საშიში ადამიანი.
თქვენ რომანს იმ თემების მიხედვით თუ შევაფასებთ, რომელსაც ეხებით, ერთი დიდი მძაფრი კრიტიკაა ჩვენი საზოგადოების, ყოფის, ტრადიციების. არსებული ნორმების და შეხედულებების წინააღმდეგ პროტესტია. ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი როგორ შეხვდება ამ წიგნს?
შეიძლება ითქვას, რომ მე მათთვის დავწერე ეს წიგნი. როდესაც რაღაცას წერ, ვიღაცას უძღვნი ხომ. შეიძლება ბევრ ადამიანს უგზავნიდე სათქმელს შეფარვით – ყველაზე ახლობელ ადამიანს, მეგობარს, ბევრ ვინმეს. მაგრამ ყველაზე მეტად სხვებზე მეფიქრებოდა.
რა გვინდა ბოლოს და ბოლოს ადამიანებს ამ სამყაროში? ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ. ყოფნაზეა ლაპარაკი. ეს ყოფნა, ვინ უნდა განსაზღვროს. მე რომ ვიყო, ეს ვინ უნდა განსაზღვროს. ეს ვისი გადასაწყვეტია. ყველაზე დიდი დრამა ადამიანის არის ის, რომ დაკარგოს თავისი ნამდვილი, ჭეშმარიტი მე და არ იყოს ის, ვინც არის. ამიტომ აქ კონსერვატორობა არაკონსერვატორობაზეც არ არის საუბარი. აქ სხვა დეფიციტზეა.
საიდანაც იწყება ყველაფერი, რატომ ვაძლევთ ჩვენს თავს ამის უფლებას, რომ ვიღაცას ვატკინოთ?
ფსიქოლოგი ხართ, მრავალწლიანი პრაქტიკა გაქვთ. ხომ არ იყო რომელიმე ისტორია წიგნში თქვენი პრაქტიკიდან?
არა, ეს არის კარგად ნაფიქრი გადაწყვეტილება.
ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ადამიანს, ვინც ჩემთან მოდის კონსულტაციაზე, მისი ისტორია ვთხოვო დასაწერად. მე ხომ არ ვიცი მერე ეს ადამიანი, წლები რომ გავა, ამ ისტორიას, აქ წაკითხულს, როგორ შეხედავს? ტკივილს გაუღვიძებს, ჭრილობას გაუხსნის თუ რას უზამს. არ შემიძლია ეს გავუკეთო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის არიან ძალიან ძვირფასები.
ეს ადამიანები ხარშავენ თავიანთ ისტორიას, ბევრს ფიქრობენ. ივიწყებენ და მერე წლების შემდეგ ეს ისტორია წიგნში რომ გაუცოცხლდეთ, არ არის სწორი. ასეთი დამოკიდებულება ვერ მექნებოდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ.
15 წლის ქეთევან ხიზანიშვილი ისტორიის კონკურსის – „30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან“, გამარჯვებულია. მან პირველი ადგილი აიღო თემისთვის „მოჯადოებული წრე“, სადაც საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში არსებულ სკოლაზე გვიყვება. ქეთევანი სკოლა „ათასწლეულის“ მეათეკლასელია.
ქეთევან, სანამ ამ პროექტში ჩაერთვებოდით, რა იცოდით საბჭოთა წარსულის შესახებ და როდის დაინტერესდით ამ თემით?
საბჭოთა წარსულის შესახებ მესმოდა სკოლაში, სასწავლო მასალებიდან, ასევე ოჯახის წევრები მელაპარაკებოდნენ იმ პერიოდზე, რადგან ბაბუაჩემი იმ პერიოდის სკოლაში ასწავლიდა და მიყვებოდა ამბებს მაშინდელი სკოლის და სისტემის შესახებ.
მხვდებოდნენ ადამიანები, ვისაც ნოსტალგია ჰქონდა ამ პერიოდის, ისეთებიც, ვინც აკრიტიკებდა ამ რეჟიმს და ბუნებრივია, ინტერესი მქონდა.
ბევრი კითხვა მიჩნდებოდა, ამიტომ ვცდილობდი მე თვითონ მომეძიებინა, წამეკითხა, რომ არ მოვქცეულიყავი სხვისი გავლენის ქვეშ და ჩემი ინდივიდუალური ხედვა მქონოდა ამ ყველაფერზე.
რა გაიგეთ, რა წაიკითხეთ, ვისი ისტორიებით დაიწყეთ ამ რეჟიმის შესწავლა და რა შთაბეჭდილება მოახდინა ამან?
უფრო ხშირად იმ ადამიანებთან საუბარს ვცდილობდი, ვისაც უშუალოდ ჰქონდათ განცდილი ამ რეჟიმის სისასტიკე. შემდეგ წიგნები, ინტერნეტრესურსები და ა.შ.
ბებია და ბაბუა მიყვებოდნენ მათ ცხოვრებაზე, იმ დროინდელ სკოლაზე: ბაფთები რომ უნდა ჰქონოდა თმაზე აუცილებლად, მუდამ ერთი უნიფორმა ეცვათ, სკოლაში როგორ იღებდნენ მასწავლებლები და დირექტორი ქრთამებს ე.წ. საჩუქრების სახით…
მაგალითად, ბაბუაჩემი გვიყვებოდა, სკოლის ერთი მაღაზია იყო და ყველა ბავშვი აქ ყიდულობდა საჩუქარსო, ამიტომ ყველას ერთნაირი საჩუქარი მიჰქონდაო. შემდეგ კი ეს მასწავლებლები ისევ უკან აბრუნებდნენ ამ საჩუქრებს მაღაზიაში, ნაკლებ ფასადო.
მიყვებოდნენ უფრო სევდიან ამბებსაც. მაგალითად, ბებია ძალიან კარგად სწავლობდა სკოლაში და ოქროს მედალი უნდა აეღო, წესით, მაგრამ მის გარდა კიდევ ერთი მოსწავლეც გადიოდა მედალზე, თუმცა, მედალი მხოლოდ ერთისთვის უნდა მიეცათ. ამიტომ არცერთს აღარ გადასცეს.
საბჭოთა რეჟიმმმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. თქვენზე ვისმა ისტორიამ მოახდინა გავლენა?
მე ძალიან მიყვარს პოეზია, ამიტომ პაოლო იაშვილის, ტიციანის ტრაგიკული ისტორიები ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. საბჭოთა რეჟიმის ზეწოლის გამო მოიკლა თავი პაოლო იაშვილმა, როცა მისი შემოქმედება დააცენზურეს, რადგან ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა იდეოლოგიას. ივანე ჯავახიშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც არ შეუშინდა რეჟიმს და პაოლოს უცხადებდა სოლიდარობას, რის გამოც ისიც მიუღებელი იყო რეჟიმისთვის.
რეპრესიის მსხვერპლი გახდა ტიციანიც, რომელიც ასევე ჩემი საყვარელი პოეტია. მისმა თავისუფალმა აზროვნებამ, ხასიათმა ვერ იგუა სისტემა და როცა გადასახლებაში გადაჰყავდათ მატარებლით, ერთ-ერთმა ჟანდარმმა ფეხი კრა და გადააგდო ლიანდაგებზე.
ძნელია იმის ყურება, თუ როგორ ეწირება ადამიანი საკუთარი აზრის ქონას და გამოხატვას.
ახლა ვაცნობიერებ, რამხელა ტერორში ცხოვრობდნენ ადამიანები, ამიტომ, როცა მესმის, რომ ვიღაც მისტირის იმ რეჟიმს, ვცდილობ მათაც გავუგო, რადგან ასე მგონია, გადარჩენის ინსტინქტი იყო, ან პროპაგანდის ძლიერი გავლენა, რაც არ არის გააზრებული ბოლომდე იმ თაობის გარკვეულ ნაწილში.
ასეთ დროს, მე ვცდილობ მათ იმ ადამიანების შესახებ მოვუყვე, რომლებიც საბჭოთა რეჟიმმა იმსხვერპლა და ბევრმა არც კი იცის ამ ისტორიების შესახებ.
თბილისში არის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც იმ ვაგონის ფრაგმენტიცაა, რომლითაც რეპრესირებული ადამიანები მიჰყავდათ გადასახლებაში. ტყვიებით დაცხრილული ვაგონი. ხომ არ გინახავთ?
კი, ნამყოფი ვარ ამ მუზეუმში და ამ ადამიანების გარდა იმათზეც ვფიქრობ, ვინც ამ ვაგონებში გამომწყვდეულ ხალხს ხვრეტდა. ალბათ ისინიც რეჟიმის მსხვერპლები იყვნენ და შემზარავია, როცა უდანაშაულო ადამიანები ასეთი ტერორის ქვეშ ცხოვრობდნენ.
სკოლაში როგორ გასწავლიან საბჭოთა რეჟიმის ისტორიას, რამდენად კარგად არიან თქვენი თაობის ახალგაზრდები ინფორმირებული?
ჩემს სკოლაში დიდი დრო დავუთმეთ ამ თემების განხილვას და ბავშვების მხრიდანაც იყო ინტერესი. რადგან ვართ პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყანა, მუდმივად გვესმის ამ რეჟიმის შესახებ და ზოგჯერ ძალია ძნელია გაარჩიო, რა არის მითი და რა – რეალობა.
სკოლაში სიღრმისეულად გავიარეთ ეს ყველაფერი და ვფიქრობ, საინტერესოდ, საბჭოთა სკოლის გადმონაშთები ახლანდელ სკოლაშიც იგრძნობა ხოლმე, რადგან დღემდე შემორჩენილი არიან იმ ეპოქის პედაგოგები, რომლებმა საბჭოთა სისტემა გამოიარეს.
რაში გამოიხატება სკოლაში საბჭოთა სისტემის გავლენა?
საჯარო სკოლებში უფრო იგრძნობა ეს, რადგან ადრე საჯარო სკოლაში დავდიოდი და ყველაზე მეტად რაშიც ვამჩნევ ამ სისტემის გავლენას, არის ის, რომ ადვილად ვერ იღებენ ბავშვის თავისუფალ აზრს. ნაკლებად მქონდა შემოქმედებითი თავისუფლება და მოტივაციაც, შესაბამისად, ნაკლები იყო.
სწავლის მეთოდები და მასწავლებლების მენტალობაც ბევრად უფრო ვიწრო, ჩაკეტილია, ვიდრე ბავშვების. მაგალითად, წერაც მაშინ შევიყვარე, როცა გამოვიცვალე სკოლა, რადგან საჯარო სკოლებში დღემდე ძალიან ჭირს აზრის თავისუფლად გამოხატვა.
მხოლოდ შემდეგ გავიაზრე, რომ ჩემი აზრი არის ჩემი და არ უნდა მრცხვენოდეს მისი გამოხატვის და არც კრიტიკის მიღების, თუ ეს კრიტიკა ჯანსაღია.
ხშირად მასწავლებლებს არ აქვს მიმღებლობა იმაზე, რომ რაღაც საკითხში შეიძლება ბავშვს უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს, ვიდრე მას. ცივი დამოკიდებულებაა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, არადა მეტი გახსნილობაა საჭირო მასწავლებლის მხრიდან და მეგობრული გარემო, რომ მოტივაცია ჰქონდეს მოსწავლეს.
საბჭოთა ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო სტალინი, ხომ? როგორ გასწავლიან მის შესახებ სკოლაში და თუ დაემთხვა ეს წარმოდგენები იმას, რაც შემდეგ აღმოაჩინე, ისწავლე?
მე ვფიქრობ, რომ სკოლაში ჯერ ფაქტები უნდა შეასწავლო ბავშვებს და შემდეგ უნდა მოხდეს ამ ფაქტების ანალიზი და მე როგორც მოსწავლეს, აუცილებლად უნდა მქონდეს ჩემი პოზიციის დაცვის საშუალება.
მე და ჩემი კლასელები ვთანხმდებით იმაზე, რომ სტალინი ყველანაირად ნეგატიური ფიგურა იყო ჩვენს ისტორიაში, რადგან პირველ რიგში იყო ტირანი და საკუთარ მოსახლეობას ექცეოდა სასტიკად. ახშობდა ყველანაირ თავისუფლებას, განსხვავებულ აზრს და ვერანაირად ვერ იქნებოდა პოზიტიური ფიგურა, რომელსაც ამდენი ადამიანის მკვლელობა, გენოციდი უკავშირდება.
როდესაც დღეს ადამიანების გარკვეული ჯგუფი ცდილობს გაყიდოს სტალინი, როგორც ტურისტული პროდუქტი [ბიუსტები, სუვენირები და ა.შ.], რამდენად მისაღებია ეს თქვენთვის?
ინფორმირებულობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ სკოლამ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ პერიოდის სიღრმისეულ შესწავლას. საჭიროა ღია დისკუსია ახალ თაობაშიც, რადგან ისიც გამიგია – „სტალინი პატრიოტი ქართველი იყოო“. როგორ იყო პატრიოტი ან სტალინი და ან ბერია? როდესაც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველო დასუსტებულიყო. კლავდნენ ამდენ ღირსეულ ადამიანს.
მე ვფიქრობ, რომ ისინი არანაირად არ იყვნენ პატრიოტები და მგონია, რომ ადამიანები, ვინც დღემდე ამაზე საუბრობს, რუსული პროპაგანდის ან იმ გარემოს მსხვერპლები არიან, სადაც აღიზარდნენ.
სტალინი არ ყოფილა ქართველი, ის იყო საბჭოთა ბელადი და მხოლოდ გვარი ჰქონდა ქართული, სხვა მის იდენტობაში ქართული არაფერშია.
დღესაც ძალიან ძლიერია რუსული პროპაგანდა და რუსეთი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მემკვიდრეა, ისევ ცდილობს თავის სივრცეში საქართველოს მოქცევას. როგორ ფიქრობ, თქვენმა თაობამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო ევროპული სივრცის ნაწილად დარჩეს?
მე ვფიქრობ, ჩვენი თაობის პასუხისმგებლობაცაა ის, რომ როგორც თაობამ, ერთად გავიაზროთ ევროპული ღირებულებების მნიშვნელობა, რადგან ეს გულისხმობს პიროვნების თავისუფლებას, აზრის და გამოხატვის თავისუფლებას, უკეთეს ეკონიმიკურ გარემოს და ადამიანის მიღებას ისეთად, როგორიც ის არის.
იდენტობას თუ რამე გვართმევს, ეს არის რუსეთი. ჩემმა თაობამ უფრო მეტად იცის თავისუფლების ფასი, უფრო მეტად ინფორმირებული ვართ და უფრო სერიოზულად ვუყურებთ ამ ყველაფერს.
მოდი ახლა თქვენს საკონკურსო თემაზეც ვთქვათ. რა არის ის „მოჯადოებული წრე“, რაზეც დაწერეთ?
მოჯადოებული წრე ჩემს სტატიაში იყო საბჭოთა განათლების სისტემა და ის კორუფციული ვერტიკალი, რომელიც ამ სისტემას ახლდა თან.
როცა ქრთამი ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა ქრთამს, მაგალითად, ჯერ მასწავლებელი იღებდა, შემდეგ დირექტორი, დირექტორს უფრო ზემოთ მიჰქონდა და ასე შემდეგ.
ამ სისტემაზე მიყვებოდნენ ის ადამიანები, ვისაც ამ წრეში უხდებოდა ტრიალი და ხშირად ამ მოჯადოებული გარემოს გამო საკუთარ პრინციპებზეც უხდებოდათ უარის თქმა.
ჩემს „მოჯადოებულ წრეში“ ასევე საუბარია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრობლემაზე სკოლებში, რაც დღემდე გვხვდება ხოლმე თანამედროვე სკოლებშიც.
მოყვანილი მაქვს პატარა პასაჟი ბაბუაჩემის ისტორიიდან, როცა ის ერთ პატარა სოფელში გააგზავნეს მასწავლებლად და ის ამ პატარა, მიყრუებულ სოფელში ბავშვებს კრიტიკულად უყვებოდა საბჭოთა რეჟიმზე, რასაც იმ დროს ყველა უფრთხოდა და ერიდებოდა.
ადამიანები იმდენად მიჩვეული იყვნენ ეცხოვრათ სხვის მიერ გაწერილი ცხოვრებით, ბევრი არც კი უფიქრდებოდა იმას, რომ არ ჰქონდა არჩევანის უფლება.
ყველაზე მტკივნეულად რა ახსენდება ბაბუას?
ბაბუაჩემი დღემდე ტკივილით იხსენებს იმ დღეს, როცა პიონერხელმძღვანელმა მთელი კლასის წინაშე დააყენა და ბავშვებს ჰკითხა, თუ როგორი ბავშვია და იმსახურებდა თუ არა ის სკოლის ფორმას.
ბაბუა გაჭირვებული ოჯახიდან იყო, მარტოხელა, შშმ დედა ზრდიდა და ბევრი ბრძოლა უწევდა საკუთარი თავის გადასარჩენად, თუმცა კლასის თანდასწრებით ასე გადაცემული ტანსაცმელი მისთვის ღირსების შემლახველი იყო და მეუბნებოდა ხოლმე, ყველაზე დიდი ტკივილი, ღირსების ტკივილიაო.
მეც ვეთანხმები. ჩემს ტექსტშიც ამაზე ვწერ, რომ ჩვენი ახლობელი ადამიანების წარსული ტკივილები ჩვენ, ახალ თაობას წარსულის გააზრების შესაძლებლობას გვაძლევს.
რუსეთის ფეესბე [ФСБ] ამტკიცებს, რომ ჩაშალა უკრაინის დაზვერვის ოპერაცია – რუსული სამხედრო თვითმფრინავების გატაცება პროექტ Bellingcat-ის ჟურნალისტის, ქრისტო გროზევის მონაწილეობით.
ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
რუსეთის სპეცსამსახურები იუწყებიან, რომ უკრაინის დაზვერვა ცდილობდა რუსი პილოტების გადაბირებას, რათა მათ ფულის ან ევროკავშირის მოქალაქეობის სანაცვლოდ, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავები გადაეცათ.
უკრაინული მედია წერს, რომ ФСБ-ს მტკიცებით, უკრაინის დაზვერვასთან ერთად, ამ ოპერაციაში ჩართული იყო ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი ქრისტო გროზევი.
როგორც უწყების მასალებშია ნათქვამი, გამომძიებელმა ჟურნალისტმა იპოვა „ორი გოგონა-კურიერი“, რომლებიც ლიპეცკის რკინიგზის ვაგზალზე შეხვდნენ უკრაინის დაზვერვის მიერ დაქირავებულ კურიერს მოსკოვიდან. ამ უკანასკნელს, ФСБ-ს ცნობით, ოპერაციაში მონაწილეობაზე დათანხმებული რუსი მფრინავისთვის ავანსის სახით 4 ათასი დოლარი მოჰქონდა.
„რადიო თავისუფლებასთან“ კომენტარში ქრისტო გროზევი განმარტავს, რომ მას არანაირ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია და ჰყვება, რა უძღოდა წინ ფეესბეს განცხადებას. ჟურნალისტის თქმით, Bellingcat-ი იღებდა დოკუმენტურ გამოძიებას იმის შესახებ, როგორ ცდილობენ უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურები ერთმანეთის მოტყუებას.
საკუთარ ტვიტერზე ქრისტო გროზევმა „ოპერაციის“ დეტალების შესახებაც დაწერა და მას „ყველა დროის კონტრ-კონტრდაზვერვითი ოპერაციების ისტორიაში ყველაზე შეშლილი ოპერაცია უწოდა“.
ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ უკრაინული სპეცსამსახურები მართლაც ამზადებდნენ რუსი პილოტების მოსყიდვის ოპერაციას. გროზევი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, რამდენიმე რუსი პილოტი აპირებდა, დათანხმებულიყო უკრაინელთა წინადადებას და მათ გარკვეული ინფორმაციაც მიაწოდა, თუმცა ძალიან მალე გაირკვა, რომ ამ პილოტებს რუსეთის კოტრდაზვერვა აკონტროლებდა. გროზევის აზრით, სპეცოპერაცია არ შედგა, თუმცა ის უკრაინული სპეცსამსახურებისთვის მაინც წარმატებული გამოდგა, რადგან რუსეთის კონტრდაზვერვის ათობის ოფიცერი, მათი მეთოდები და ფარული აგენტები გაშიფრეს.
ქრისტო გროზევი
ქრისტო გროზევი ბულგარელი ჟურნალისტი, მედიაექსპერტი და მედიაინვესტორია. ის პროექტ Bellingcat-ის მთავარი გამომძიებელია რუსეთთან დაკავშირებულ თემებზე, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე. სწორედ ქრისტო გროზევი მუშაობდა ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე, ჟურნალისტურმა გამოძიებამ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შესახებ კი მას და მის გუნდს ევროპის პრესის ჯილდო მოუტანა.
12, 13 და 14 აგვისტოს ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-15 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე გაიმართება.
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის ეს საიუბილეო წელია და ფესტივალის ორგანიზატორები ადგილზე მისულ მსმენელებს ბევრ სიურპრიზს ჰპირდებიან.
ფესტივალის პირველ დღეს, 12 აგვისტოს, ორი კონცერტი გაიმართება: დაუკრავს ჩეხური ჯაზ ბენდი „Boris Band Combination“ და შვეიცარული ჯგუფი „The Next Moovement“.
ამ უკანასკნელმა ძალიან სწრაფად მოიპოვა მსოფლიოში პოპულარობა და ფესტივალის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს არცთუ ისე ნაცნობი ფანკ ჯგუფი მალე ძალიან საყვარელ ბენდად იქცევა ადგილობრივი მსმენელისთვის.
მეორე დღეს, 13 აგვისტოს, ჯგუფ „Earth, Wind and Fire Experience“-ის კონცერტი გაიმართება. ეს ჯგუფი 70-იანი წლების თაობისთვის კარგად ცნობილი „Earth, Wind and Fire“-ის ნამდვილი რეინკარნაციაა – ჯგუფის დამფუძნებელი ლეგენდარული ელ მაკეი დღესაც ბენდშია „Earth, Wind and Fire“-ის სხვა წევრებთან ერთად.
ფესტივალს 14 აგვისტოს, ფანკის დედოფალი, ქენდი დალფერი და მისი ბენდი დახურავს. დალფერი პრინცის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქსოფონისტი ქალი იყო, დიდი პროფესიული გამოცდილებით და საინტერესო ისტორიით.
დალფერი დიდხანს მუშაობდა არეტა ფრანკლინთან ერთად.
Pink Floyd-ის „The Wall“-ში სწორედ ქენდი დალფერის საქსოფონის ხმა ისმის.
თუ თბილისის ჯაზ-ფესტივალი აკადემიურ ხასიათს ატარებს, ბათუმის ჯაზფესტივალი საზაფხულო, საზღვაო ქალაქის რიტმსაა მორგებული და რეპერტუარიც ბევრად უფრო ენერგიული და ხალისიანია. ეს დასტურდება იმ ვიდეო კადრებითაც, რომელიც ყოველწლიურად ვრცელდება შავი ზღვის ჯაზფესტივალების კონცერტებიდან, სადაც აცეკვებული და ბედნიერი მსმენელი ჩანს.
ფესტივალის ორგანიზატორი „ისთერნ პრომოუშენსის“ დამფუძნებლის, მიხეილ გიორგაძის თქმით, შავი ზღვის ჯაზფესტივალის კონცერტები მოგვიანებით ფესტივალის ოფიციალურ კლუბში გადაინაცვლებს, სადაც ჯემსეიშენები მოეწყობა:
„მიხარია, რომ ჯემსეიშენების ტრადიცია დავაბრუნეთ და ყოველ საღამოს კონცერტების შემდეგ კლუბ „ივერია ბიჩში“ ჯემსეიშენები ჩატარდება უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეს სახალისო დღეები დილამდე გაგრძელდება. აგვისტოში24 საათიანი, სამდღიანი დიდი დღესასწაული გველოდება.
სამწუხაროდ, ჯემსეიშენების ბილეთი ცალკე არ იყიდება, რადგან „ივერია ბიჩი“ არ არის საჩოგბურთო კორტებივით დიდი და ყველა იქ ფიზიკურად ვერ მოხვდება, ამიტომ ჯემსეიშენებზე დასასწრებად შეზღუდული რაოდენობის აბონემენტი გაიყიდება, რაშიც შედის ძირითად კონცერტებზე დასწრებაც“, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.
პანდემიის სამმა წელმა ძალიან დააზარალა საფესტივალო ინდუსტრია, თუმცა როგორც „ისთერნ პრომოუშენსის“ დამფუძნებელი ამბობს, პოსტპანდემიურ პერიოდში გამოცოცხლება მთელ მსოფლიოს ეტყობა და არტისტებიც დიდი ხალისით ჩამოდიან ტურნეებში.
როგორც მიხეილ გიორგაძე აღნიშნავს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკაში საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ცნობით, ფესტივალების პერიოდში, დღეში საცალო ვაჭრობით (რაშიც არ შედის სასტუმროების დატვირთულობა ან უნაღდო ანგარიშსწორება), ანუ მხოლოდ იმ მონაცემებით, რაც ამორტყმული ქვითრით ითვლება, ბათუმი დღეში სამ მილიონ ლარამდე ვაჭრობს, ფესტივალის დღეებში კი ეს მაჩვენებელი 10, 12 მილიონ ლარამდე იზრდება. ფესტივალის დასრულების შემდეგ კი ყოველდღიური ვაჭრობის საშუალო ნიშნული ქალაქში ჩვეულებრივ მაჩვენებელს უბრუნდება. ეს ციფრები პირდაპირ აჩვენებს რამხელა ეკონომიკური სარგებელი აქვს რეგიონის და ქვეყნისთვის ფესტივალს“, – ამბობს კომპანია „ისთერნ პრომოუშენსის დამფუძნებელი“.
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე დასასწრები ბილეთებისა და აბონემენტების ყიდვა მსურველებს შეუძლიათ პლატფორმაზე: TKT.GE
„ოფიციალურად დღეიდან ბათუმის დინამოს ფეხბურთელი აღარ ვარ,“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძე. ის არ აკონკრეტებს, რის გამო დატოვა „დინამო“, თუმცა ფეისბუქსტატუსში უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვერსიას კლუბის მფლობელთან შელაპარაკებაზე.
„ბათუმის დინამომ“ წარუმატებელი სვლა კუპატაძეს დააბრალა და გუნდიდან გაუშვა. ლაზარეს და კლუბის მფლობელს შორის შელაპარაკება მოხდა, ბათუმელი მეკარე კი შეხვედრის ადგილიდან დაცვის წევრმა გაიყვანა,“ – წერს ერთ-ერთი ფეისბუქგვერდი – „საფეხბურთო დღიური“.
ლაზარა კუპატაძის გუნდიდან გაშვებას „დინამო ბათუმის“ არაერთი გულშემატკივარი აფასებს, როგორც „არასწორს“.
„სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფეიქ სახის ინფორმაცია, ჩემსა და გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა. დღემდე, ამ წამამდე ამ ხალხთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას და ვრჩები ბათუმის დინამოს გულშემატკივრად… ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა.,“ – წერს ლაზარე კუპატაძე.
ბოლო თამაში „დინამო ბათუმმა“ „ლეხი პოზნანთან“ დიდი ანგარიშით – 0:5 წააგო.
ბათუმის „დინამოს“ პრესცენტრში უარყოფენ კონფლიქტს კლუბის მესაკუთრესა და ყოფილ მეკარეს შორის.
უკრაინაში უკვე ჩაიტანეს პირველი „გეპარდები“ გერმანიიდან – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა ტელეეთერში, იუწყება უკრაინული24tv.ua.
„პირველი სამი გეპარდი დღეს ოფიციალურად შევიდა. ეს არის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რისთვისაც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნა გადმოგვეცა. ჩვენ ველოდებით 15 გეპარდს“ – განაცხადა რეზნიკოვმა.
მან აღნიშნა, რომ „გეპარდები“ უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია.
რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების უფლებრივი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხით არავინ ინტერესდება. შშმ ქალებიც ამა თუ იმ საკითხზე ნაკლებად არიან ინფორმირებულები, მათთან ამ თემებზე თითქმის არავინ საუბრობს. არც საზოგადოების და ხშირად არც ოჯახისგან აქვთ მხარდაჭერა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები საკუთარ საჭიროებებთან ხშირად მარტო რჩებიან.
43 წლის ზეინაბ თურმანიძეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალია. ის აჭარაში შშმ ქალთა პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ გვიამბობს. გავრცელებულ შეხედულებებსა და ბარიერებზე, რაც სქესობრივ და რეპროდუქციულ უფლებებს უკავშირდება.
ზეინაბს მეორე ჯგუფის შშმ პირის სტატუსი აქვს. უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება დიდ მანძილზე, სოფლის აღმართ-დაღმართების დაძლევაც პრობლემაა მისთვის და არ შეუძლია დიდხანს დგომა ან ჯდომა.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში ცხოვრობს. მერისში 300 ოჯახი ცხოვრობს.
ზეინაბ თურმანიძე
როგორც ზეინაბი გვეუბნება, სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე არც მათ სოფელში საუბრობს არავინ, მით უფრო შშმ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
დიდი პრობლემაა არამხოლოდ სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს (მუნიციპალიტეტშივე ექიმთან ვიზიტი, საჭირო კვლევები და მედიკამენტები) არამედ ისეთ ელემენტარულ და პირველად საჭირო ნივთებზე წვდომაც კი, როგორიც ჰიგიენური პაკეტებია.
სოფელს ერთადერთი პატარა მაღაზია აქვს, ზეინაბი ამბობს, რომ ამ მაღაზიაში და ზოგადად თავის სოფელში ჰიგიენური საფენები არასდროს უყიდია. ამისთვის ის ბათუმში დადის და რამდენიმე თვის მარაგს ერთად ყიდულობს. იძულებულია ასე მოიქცეს, რადგან მერისიდან ბათუმამდე 51 კილომეტრია და ყოველი საჭიროებისას თითო შეკვრა ჰიგიენური საფენის საყიდლად ვერ ივლის ბათუმში. რამდენიმე თვის მარაგის საყიდლად ცოტა თანხა არ არის საჭირო. რა თქმა უნდა შშმ ქალს ურჩევნია მისსავე სოფელში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს იყიდებოდეს ჰიგიენური საფენი, ისე, რომ რამდენიმე თვის მარაგის შეძენა არ იყოს საჭირო მერისიდან 51 კილომეტრით დაშორებულ ბათუმში.
სხვა ქალები მერისიდან ქედის ცენტრამდე რვა კილომეტრს გადიან ჰიგიენური პაკეტების საყიდლად. მერისიდან ქედის ცენტრამდე რაც ბენზინი გაძვირდა ტრანსპორტი კვირაში მხოლოდ ორჯერ, სამჯერ დადის.
„სოფლის ერთადერთ მაღაზიაში გამყიდველი კაცია, ალბათ ამიტომ არ ყიდის. თან რომც ყიდდეს ალბათ არცერთი მერისელი გოგო და ქალი იქ არ მივა და ჰიგიენურ საფენს არ იყიდის. ჩვენს საზოგადოებაში, მითუფრო სოფელში მენსტრუაციის თემა ტაბუირებულია.
სოფელში მცხოვრები ქალებისთვის კონტრაცეპტივებზე საუბარიც ზედმეტია, შეიძლება ქედის აფთიაქშიც გაუჭირდეს ქალს კონტრაცეპტივის ყიდვა თუ ფარმაცევტს იცნობს. ქალები ამ დროს უხერხულობას გრძნობენ, მითუფრო შშმ ქალები, რადგან შეიძლება გაკიცხვის ობიექტად იქცე და ამას ყველა გაურბის.
თუმცა მე გადავლახე ეს ბარიერი: ერთხელ მეგობარმა მთხოვა კონტრაცეპტივი მეყიდა მისთვის ქედის აფთიაქში და გამეგზავნა, ვუყიდე და გავუგზავნე. ბევრი ქალი ჩემს ადგილას თავს შეიკავებდა, ჩემთვის კი სულერთი იყო რას იფიქრებდა ფარმაცევტი, რომლისგანაც კონტრაცეპტივი ვიყიდე და რომელსაც ვიცნობდი“ – ამბობს ზეინაბი.
სახალხო დამცველის 2018 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და უფლებებს შეეხება, კონტრაცეპტივების სერვისები საქართველოში კრიტიკულ პრობლემად რჩება.
როგორც ზეინაბ თურმანიძე გვეუბნება ცალკე ამბავია გინეკოლოგთან ვიზიტი. მისი თქმით არამხოლოდ შშმ ქალი, ზოგადად მოზარდი, ან დაუქორწინებელი ქალი რომ ვინმეს დაენახა გინეკოლოგის კაბინეტთან ყოველთვის„ საეჭვოდ“ შეხედავდნენ:
„ასეთი იყო რეალობა, მაგრამ მე ჩემს თავზე ვიმუშავე: არავის აზრი არ მაინტერესებდა და როცა მჭირდებოდა დავდიოდი გინეკოლოგთან საჭირო სერვისის მისაღებად. გინეკოლოგთან მისულს ხშირად გამიგონია გადალაპარაკებები: „რა ლამაზია და ინვალიდია“, „საცოდავი, ეს რა სჭირს“ და ა.შ.
პირად ცხოვრებაზე როცა მიდგება საქმე ჩნდება უამრავი სტერეოტიპი. თუმცა აქაც არავის ვუგდებ ყურს. ზოგს ჰგონია, რომ შშმ ქალს აუცილებლად შშმ შვილი ეყოლება, რაც ტყუილია“ – ამბობს ზეინაბი.
ზეინაბის დაკვირვებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წყალობით ეს დამოკიდებულება საზოგადოებაში ნელ-ნელა იცვლება:
„ჩურჩულს ახლა ნაკლებად გაიგონებ. თუმცა ერთხელ თავად შევესწარი ასეთ ამბავს: საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალი მგზავრობდა აუტისტური სპექტრის მქონე შვილთან ერთად, ბავშვი ბევრს მოძრაობდა. ასეთთან ერთად ტაქსით უნდა იმგზავროთ ქალბატონოო, მგზავრმა უთხრა. ქალს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. შეიძლება ასეთი შემთხვევის შემდეგ შვილის გარეთ გამოყვანის სურვილიც დაჰკარგვოდა.
მისი დაკვირვებით ქალაქებში მცხოვრებ შშმ ქალებს ბევრად მეტი გასაქანი აქვთ სოფლად მცხოვრებლებთან შედარებით და ისურვებდა, მათაც ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოავლინონ, განივითარონ საკუთარი უნარები, რითაც დასაქმებას და საკუთარი თავის უზრუნველყოფას შეძლებენ:
„სახელმწიფო მხოლოდ მაშინ იწუხებს თავს შშმ პირებზე ფიქრით, როცა პრობლემა ჩნდება და როცა ჩვენ ვიმაღლებთ ხმას. ჩემი სურვილია სისტემა გეგმაზომიერად, გაწერილი გეგმით ზრუნავდეს ამ თემის სოციალიზაციაზე და მათთვის სხვადასხვა სერვისის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე, სოფლებში ბევრი საინტერესო უნარის მქონე შშმ პირი ცხოვრობს, ვისაც დახმარება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება და ხალხში გამოყვანა სჭირდება“ – ამბობს ზეინაბი.
მასალა მომზადებულია პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, არსებული ინფორმაციით, ასახულია მარიუპოლიდან, აზოვსტალის ქარხნიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია ვერტმფრენით უკრაინის ჯარების დესანტის მიერ. ინფორმაციას უკრაინული nv.ua ავრცელებს.
ვიდეო 2022 წლის მარტშია გადაღებული.
ვიდეო სოციალურ ქსელებში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ გამოაქვეყნა.
„როგორც ცნობილია, რამდენიმე უკრაინული ვერტმფრენი ჩაფრინდა [მარტში] ბლოკირებულ მარიუპოლში აზოვსტალის დამცველებთან და მათ მიაწოდა საკვები, სასმელი წყალი, მედიკამენტები და საბრძოლო მასალა“, – წერსგერაშენკო ტელეგრამზე.
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) July 24, 2022
რა ვიცით აზოვსტალის მცველებზე
ქალაქ მარიუპოლში 16 მაისამდე აგრძელებდნენ ბრძოლას უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც აზოვსტალის ქარხნის ბუნკერებში იყვნენ გამაგრებული. მათ შორის იყვნენ: აზოვის პოლკი, მესაზღვრეები, პოლიცია, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა.
აზოვსტალი 21 აპრილიდან ალყაში იყო და განუწყვეტლივ იბომბებოდა, ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ასობით დაჭრილი, ჯარისკაცებს უთავდებოდათ მედიკამენტები და წყალი.
20 მაისს „აზოვის“ პოლკის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ, ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ მარიუპოლის 2500-ზე მეტი დამცველი აზოვსტალის ქარხნიდან რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. უკრაინა იმედოვნებს, რომ მათ გათავისუფლებას შეძლებს.
ტყვეების პირველი გაცვლა უკრაინასა და რუსეთს შორის 29 ივნისს შედგა, როცა ტყვეობიდან გათავისუფლდა უკრაინის 144 მცველი, მათი უმრავლესობა „აზოვსტალელია“.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ორი თვეა მკითხველს აღარ ემსახურება. შენობა ავარიულობის მიზეზით დაკეტეს, თუმცა ვერც მერიამ და ვერც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ წიგნების განსათავსებლად ალტერნატიული შენობა ამ დრომდე ვერ გამოძებნეს.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა წლის განმავლობაში 200 ათასამდე წიგნს გასცემს მკითხველებზე.
ბიბლიოთეკის დირექტორი, ჯონი საბაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წიგნებისთვის ფართობს ეძებენ, თუმცა ვერ იპოვეს.
„ვერ ვიპოვეთ და ეს არის პრობლემა, ამიტომ გაგვიჭიანურდა წიგნების გადატანა. რასაც გვთავაზობენ, ყველა უვარგისია“ – ამბობს ჯონი საბაშვილი.
როცა ბიბლიოთეკამ მუშაობა შეაჩერა, ითქვა, რომ მდგომარეობა იმდენად სახიფათო იყო, რომ შესაძლოა შენობა ჩამონგრეულიყო. ჯონი საბაშვილს ვკითხეთ, ხომ შეიძლება საჭირო ფართობის გამოძებნამდე შენობა ჩამოინგრეს და დაზიანდეს წიგნები?
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ამბობს, რომ შენობა არ ჩამოინგრევა, თუკი ადამიანები არ იმოძრავებენ ბიბლიოთეკაში.
შესაძლოა თუ არა სექტემბრამდე ვერ გამოიძებნოს ალტერნატიული შენობა? – ჯონი საბაშვილი ამბობს, რომ შეეცდებიან სექტემბრისთვის სამკითხველო გახსნან.
„გვქონდა უნივერსიტეტთანაც საუბარი, მაგრამ თავისუფალი ადგილი არსად არ აქვთ. რასაც მთავაზობენ, იქ ვერ გადავიტან წიგნებს, რომ გაფუჭდეს, პასუხი მე უნდა ვაგო, ამიტომ ვერ გადავიტან იქ, სადაც მერია მთავაზობს“ – გვეუბნება ჯონი საბაშვილი.
მისი თქმით, ამ კვირაში იმაზეც შეიძლება მოილაპარაკონ, თუ შესაძლებელია, წიგნები რემონტის პერიოდშიც ისევ ბიბლიოთეკის შენობა დატოვონ.
„იქნებ შენობაში გადავაადგილოთ წიგნები. ვნახოთ. დაზუსტებული პასუხი ერთ კვირაში ან ათ დღეში მექნება“ – გვითხრა მან.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა რომ ავარიულია, ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ 22 მაისს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, შენობის ავარიულობა სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა.
შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვისათვის 200 ათასი ლარი ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული. შენობის გამაგრება-რეაბილიტაციაზე 2022-23 წლებში მილიონ ნახევარი ლარი უნდა დაიხარჯოს.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობას მემედ აბაშიძის ქუჩაზე არ აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი, თუმცა ეს ისტორიული შენობაა. ბიბლიოთეკა ბათუმში 1902 წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა.
ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის მონაცემებით, ბიბლიოთეკის ფონდი შეადგენს 556 118 ერთეულს. საკმაოდ მაღალია ფონდის ბრუნვა და მკითხველთა რაოდენობა. საშუალოდ წლის განმავლობაში გაიცემა 210 ათასი ერთეული, მუდმივ მკითხველთა რაოდენობა 3500-ს შეადგენს, იმ მკითხველთა რაოდენობა, კი, რომლებიც ადგილზე ეცნობიან წიგნებს, წელიწადში 90 ათას აღემატება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა რუსულ გამოცემა „რასისკაია გაზეტასთან“ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 წევრს ბრალი წარუდგინა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სამხედრო დანაშაულისთვის. მისივე თქმით, ამ დროისთვის რუსეთს აღძრული აქვს 1300-ზე მეტი საქმე.
გარდა აღნიშნული 92 პირისა, რომლებიც უკვე იძებნებიან, ბასტრიკინის თქმით, კიდევ 96 პირი – მათ შორის 51 შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელია ძებნაში.
ბასტრიკინმა „რასისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ეჭვმიტანილი დაქირავებული მებრძოლების წინააღმდეგ საქართველოდან, გაერთიანებული სამეფოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადასა და ნიდერლანდებიდან.
იმ ბრიტანელი მებრძოლების ოჯახები, რომელთა ახლობლებსაც რუსეთი დაქირავებულ ბრძოლაში სდებს ბრალს, აცხადებენ, რომ ისინი წლებია უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრები არიან და ისინი უნდა გაასამართლონ, როგორც ომის ტყვეების – საერთაშორისო სამართლის მიხედვით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში წასულ ქართველ მებრძოლებს „დაქირავებული მოხალისეები“ უწოდა.
უკრაინელები მონაწილეობდნენ „კაცობრიობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში“, – ციტირებს BBC რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, რომელმაც „რასისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში ასევე გამოთქვა ინიციატივა უკრაინელი სამხედროები, ირანის, სირიისა და ბოლივიის შემადგენლობით შექმნილ საერთაშორისო ტრიბუნალზე გაასამართლონ. მას ჰკითხეს, თუა შესაძლებელი, რომ სასამართლო განხილვა გაეროს ეგიდით მოეწყოს, რაზე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ დასავლეთი ღიად აფინანსებს „უკრაინულ ნაციონალიზმს“ და მსგავსი რამ „უკიდურესად საეჭვოა“. ხოლო მის მიერ შემოთავაზებულ ქვეყნებს [ირანი, სირია, ბოლივია] აქვთ „დამოუკიდებელი პოზიცია უკრაინის საკითხზე“.
ირანმა და სირიამ მარტში, გაეროს მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობის რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო ბოლივიამ თავი შეიკავა.
ბასტრიკინის თქმით, გამოძიება ასევე მიმდინარეობს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ. მან მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ სამინისტროს თანამშრომლები ქმნიან მასობრივი განადგურების იარაღს.
თავის მხრივ უკრაინა აცხადებს, რომ აწარმოებს ომის დანაშაულების გამოძიებას. უკრაინამ რუსეთს გაეროს საერთაშორისო სასამართლოშიც უჩივლა. მარტში, 38-მა ქვეყანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა. ივლისში, ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ გააკეთა განცხადება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდაჭერის შესახებ.
7 ივლისს, უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ იძიებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ჩადენილ 21 000 სავარაუდო ომის დანაშაულს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) უკრაინას „დანაშაულის სცენა“ უწოდა და ასევე გაგზავნა გამომძიებლებისა და სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფი.
კრემლი უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას და აცხადებს, რომ უკრაინა თავად ანადგურებს საკუთარ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას.
კრემლის ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები და სადაზვერვო სამსახურები.
„რუსების მტკიცების მიუხედავად, ჩვენ არცერთი „ჰაიმარსი“ არ დაგვიკარგავს. თუ ჩვენ მივიღებთ შორსმოქმედ საბრძოლო მასალებს, გამოვიყენებთ კიდეც და რუსებმა იციან, რომ სწორედ ეს იარაღი მოუღებს მათ ბოლოს“, – უთხრა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა The Washington Post-ს.
კირილო ბუდანოვის თქმით, შედარებით შორსმოქმედი სისტემა, რომელიც უკრაინას „ჰაიმარსებამდე“ ჰქონდა, იყო საბჭოთა „ტოჩკა-უ“, რომლის დარტყმის მაქსიმალური მანძილი 120 კილომეტრია.
ზალპური ცეცხლის ამერიკულმა სისტემებმა რომ უკვე სერიოზული გავლენა მოახდინა ომის მიმდინარეობაზე და რუსეთის ძალების ოპერაციის ტემპები მნიშვნელოვნად შეანელა, ამის შესახებ წერს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტიც, რომელიც NASA-ს მონაცემებს ეყრდნობა.
„რუსეთის არმია იძულებულია, სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენოს, რათა „ჰაიმარსების“ დარტყმები შეამციროს – მათ შორისაა შენიღბვა და ტექნიკის ხშირი გადაადგილება, რაც ხელს უშლის რუსეთის ძალებს, განახორციელონ ინტენსიური საარტილერიო შეტევები, რასაც მანამდე ძალიან აქტიურად იყენებდნენ უკრაინასთან ომში,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის მკვლევრები.
„ჰაიმარსების“ როლზე უკვე ბევრს საუბრობენ უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები და საერთაშორისო ექსპერტები, რუსეთის თავდაცვის უწყება კი ამერიკული რეაქტიული სისტემების განადგურებას თავის სამხედროებს პრიორიტეტულ ამოცანად უსახავს.
23 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება „ჰაიმარსის“ მსგავსი ზალპური ცეცხლის სულ მცირე 50 რეაქტიული სისტემა.
შეერთებულმა შტატებმა უკვე გადასცა უკრაინას 12 „ჰაიმარსი“ და ამ კვირაში კიდევ 4-ის გადაცემა დააანონსა, თუმცა ცნობილია ისიც, რომ ვაშინგტონი უკრაინას არ გაუგზავნის ATACMS -ის 300 კილომეტრზე მოქმედ რაკეტებს, რომლებსაც „ჰაიმარსის“ სისტემა იყენებს.
უკრაინული მედიის ცნობით, აშშ და მოკავშირეები უკრაინას ჯამში 20 მსგავსი რეაქტიული სისტემის გადაცემას დაჰპირდნენ.
უკრაინის გენშტაბი ყველა საბრძოლო მიმართულებაზე უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს.
გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმიამ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა. სადგურის აღებას რუსები უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობენ.
რუსეთის ავიაციამ უკრაინელთა პოზიციებს სოლედარისა და პოკროვსკის რაიონშიც შეუტია.
„მტერი ცდილობდა წინსვლას ვერშინა-ლუგანსკოეს მიმართულებითაც, თუმცა ამ ამოცანის შესრულება ოკუპანტებმა ვერ შეძლეს და წარუმატებელი შეტევის შემდეგ უკან დაიხიეს. გრძელდება შეტევა და საბრძოლო მოქმედებები მირონოვსკოეს მიმართულებითაც. საერთო ჯამში, ბახმუტის მიმართულებაზე, რუსეთის ძალები საარტილერიო თავდასხმებით ცდილობენ, უკრაინის თავდაცვითი პოზიციები გაარღვიონ“, – წერს უკრაინის გენშტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები განაგრძობენ საარტილერიო თავდასხმებს სლოვიანსკისა და კრამატორკის რაიონებში, თუმცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს და უკუაგდეს რუსეთის დანაყოფები ბერესტოვოს – ივანო-დარიევკასა და ვერხნეკამენკას – ივანო-დარიევკას მიმართულებებზე.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი მიიჩნევს, რომ შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში, კიევმა მოსკოვს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ოკუპირებული არცერთი ტერიტორია არ უნდა დაუთმოს.
ამის შესახებ ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა გერმანულ ZDF-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„როგორც უნდა იყოს, მოლაპარაკებების მთავარი მიზანია, შეწყდეს მსხვერპლი, თუმცა მანამდე უნდა დადგინდეს ის საზღვრები, რომლის მიღმაც ისინი არაფერს დათმობენ. უკრაინის ტერიტორიებზე უარის თქმა არ შეიძლება ჩვენთვის მისაღები პირობა იყოს,“ – განაცხადა კისინჯერმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის ლიდერებმა რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხზე თავისი პოზიციები სრულად უნდა შეუთანხმონ აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას.
„უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა და ახლახანაც იგივე გაიმეორა, რომ ის არ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას არცერთ უკრაინულ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინული იყო ომის დაწყებამდე. და რაზე შეიძლება მოლაპარაკება? მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ეს ტერიტორიები, რომლებიც სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ დაიკავა,“ – ამბობს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი.
ჯერ კიდევ მაისში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას, ჰენრი კისინჯერი აცხადებდა, რომ ომის მალე დასასრულებლად, უკრაინა უნდა დათანხმდეს ტერიტორიების დათმობასო. მისი თქმით, რუსეთის დამამცირებელ დამარცხებას შეიძლებოდა, ვითარება კიდევ უფრო გაერთულებინა.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებას მაშინ უკრაინის ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა უპასუხა, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკიმ: „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონო კისინჯერის კალენდარში არა 2022, არამედ 1938 წელია და ის ფიქრობდა, რომ ელაპარაკებოდა აუდიტორიას არა დავოსში, არამედ მაშინდელ მიუნხენში“.
ჰენრი კისინჯერი 1970-იან წლებში, პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო. 1973 წელს კისინჯერმა ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში ვიეტნამში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას მისი ორი წევრის პროტესტი და გადადგომა მოჰყვა.
ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლების ინტერნეტიზაციის ტენდერში გაიმარჯვა უზბეკურმა კომპანიამ, რომლის მესაკუთრეებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ – რუსეთის და უზბეკეთის. სახელშეკრულებო თანხა 1,5 მილიონი აშშ დოლარია.
ტენდერის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა 39 სოფელში დაიწყება. ბოჭკოვანი კაბელი, სხვა ტენდერის ფარგლებში, უკვე მიყვანილია ქობულეთის 12 სოფელში, თუმცა, მოსახლეობას ფართოზოლიანი ინტერნეტი ჯერ ისევ არ მიეწოდება.
ამ ასოფლების უმეტესობის ინტერნეტიზაცია კი „ფონდ ქართუს“ დაფინანსებით იგეგმებოდა, თუმცა რა ბედი ეწია დაპირებულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
ყველა სოფელში ინტერნეტის შეყვანა „ოცნების“ 2014 წლის დაპირება იყო, მაგრამ სამუშაოები, ფაქტობრივად, გასულ წელს დაიწყო, ისიც დონორების დაფინანსებით.
პროექტი Log-in Georgia, რომელიც სოფლების ინტერნეტიზაციას ითვალისწინებს, დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სესხით – ჯამში 69,7 მილიონი ევრო. ამ თანხით დასაფინანსებელ სამუშაოებზე ეტაპობრივად სხვადასხვა ტენდერი ცხადდება, თუმცა, ინტერნეტით ყველა სოფელი მაინც არ დაიფარება. ამასთან, მიუხედავად თანხის არსებობისა, სახელმწიფო აუდიტმა Log-in Georgia იმ პროექტების ჩამონათვალში შეიტანა, რომლებსაც ათვისების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ 2021 წელს.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როდის მიიღებს აჭარის სოფლებში მოსახლეობა ფართოზოლიან ინტერნეტს? რომელ სოფლებში იგეგმება ბოჭკოვანი კაბელის შეყვანა, რა ხდება იმ სოფლებში, სადაც კაბელი არ შედის?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე, პროექტ Log-in Georgia-ს ფარგლებში, ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობა იწყება ქობულეთი-ხელვაჩაურის მიმართულებაზე. ასაშენებელი ინფრასტრუქტურის საორიენტაციო სიგრძეა – 135 კმ, ის მოიცავს 39 დასახლებულ პუნქტს და ჯამში 38 300 ადამიანს.
[toggle title=”Log-in Georgia-ს შესახებ ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
Log-in Georgia პროექტის განხორციელება 2020-2025 წლებისთვის საქართველოს ფართოზოლიანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობამ 2020 წელს განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, „პროგრამა გაწერილია 5-წლიან პერიოდზე. ეს იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის, პროექტ Log in Georgia -ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც სარგებელს მიიღებს 500 000 ადამიანი.“
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დაფინანსების წყაროებია: მსოფლიო ბანკი – 35,7 მილიონი ევრო და ევროპის საინვესტიციო ბანკი – 34 მილიონი ევრო.
პროექტს ახორციელებს „ოუფენ ნეტი“, რომლის დამფუძვნებლია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, Log-in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი იყო 2 400 000 ლარის სამუშაოები, თუმცა შესრულდა მხოლოდ 282 ათასი ლარის, ანუ 11,8%. სესხის აუთვისებელ ნაწილზე გადახდილი ვალდებულების გადასახადი კი 325 ათასი ლარია.
რა იყო ბიუჯეტის დაბალი ათვისებისა და პროექტის შეფერხების მიზეზი და არის თუ არა ამ დროისთვის რაიმე ხარვეზები პროგრამაში? – ამ კითხვით ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ.
„როგორც მოგეხსენებათ, პროექტი Log-In Georgia ხორციელდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციების შესაბამისად. ინფრასტრუქტურის მშენებლობის პირველი ფაზის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის ტენდერები გამოცხადებული იქნა ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში, თუმცა, პრეტენდენტების მხრიდან რიგი ხარვეზების გამო, გახანგრძლივდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის პროცესი, რამაც გამოიწვია ხელშეკრულების გაფორმების თარიღების გადავადება და ხელშეკრულებები გაფორმდა მარტის ბოლოსა და აპრილში. შესაბამისად, ის თანხები, როლებიც ავანსად უნდა გაცემულიყო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გაიცა მეორე კვარტალში.
რაც შეეხება სამტრედია-ჩოხატაურისა და ქობულეთი-ხელვაჩაურის მიმართულებებს, აღნიშნული მიმართულებების გარკვეულ დასახლებულ პუნქტებში კერძო ოპერატორების მიერ ქსელის არაგეგმიურმა მშენებლობამ გამოიწვია კომუნიკაციების კომისიასთან ერთად „თეთრი ზონების“ დაზუსტების სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა, რის გამოც შესაბამისი ტენდერების გამოცხადებამ გადაიწია 2-3 თვით. ამ ეტაპზე, სამტრედია-ჩოხატაურის და ქობულეთი-ხელვაჩაურის მიმართულებებზე გაფორმებულია ხელშეკრულებები და დაწყებულია საპროექტო სამუშაოები“, – მოგვწერეს სამინისტროდან.
„მსოფლიო ბანკის რეგულაციებიდან გამომდინარე, წინასატენდერო დოკუმენტაციაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობამ გამოიწვია ტენდერის გამოცხადების გადავადება. ვინაიდან თავიდანვე ცნობილი იყო, რომ პროგრამის განხორციელება მოითხოვდა მსოფლიო ბანკის მოთხოვნების დაცვას, უმჯობესი იქნებოდა, დაგეგმვის ეტაპზევე მომხდარიყო აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინება“, – აცხადებს აუდიტი.
[/toggle]
ქობულეთი-ხელვაჩაურის მიმართულებაზე ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობისთვის „ოუფენ-ნეტის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში უზბეკურმა კომპანიამ [TRANS ENGINEERING GROUP] გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 1 544 240 აშშ დოლარზეა გაფორმებული [კომპანიის შეთავაზება ტენდერში 4 772 014 ლარი იყო].
ეს ტენდერიც მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით ჩატარდა.
ტენდერის ფარგლებში ფართოზოლიანი ინტერნეტი შევა ქობულეთისა და ხელვაჩაურის შემდეგ სოფლებში:
ქობულეთში: ხუცუბანი, ზედა სამება, ქვედა კვირიკე, ზედა კვირიკე, დაგვა, ქვედა დაგვა, ზედა დაგვა, ქვედა აჭყვა, ხალა.
წყარო: „ოუფენ ნეტი“
ხელვაჩაურში: აგარა, ორთაბათუმი, ყოროლისთავი, მასაურა, სამება, ზედა ახალშენი, განახლება, ხეღრუ, ზანაქიძეები, ხელვაჩაური, ქვემო ჯოჭო, ზემო ჯოჭო, აჭარისწყალი, კიბე, კაპნისთავი, მაღლაკონი, ქედქედი, აჭარის აღმართი, ჩიქუნეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ჩხუტუნეთი, მარადიდი, კირნათი, მახო, სიმონეთი, ომბოლო, თხილნარი, ზედა თხილნარი, აგარა, ჭარნალი.
წყარო: „ოუფენ ნეტი“
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში ფართოზოლიანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 8 თვეში, ანუ 2023 წლის მარტამდე უნდა დაასრულოს.
„ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული TRANS ENGINEERING GROUP-ის წილებს ფლობენ ვადიმ დოლჟენკო და ნინა მამაევა, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ – რუსეთის და უზბეკეთის.
ჩვენ TRANS ENGINEERING GROUP-ის გაყიდვების მენეჯერს ვალერი სტასევიჩსაც დავუკავშირდით და კომპანიისა და მისი მეწილეების შესახებ გარკვეული მონაცემების დაზუსტების მიზნით რამდენიმე კითხვა მივწერეთ. მენეჯერისგან პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.
შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით, TRANS ENGINEERING GROUP-ს საქართველოში მხოლოდ ორ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან ერთში გაიმარჯვა. ორივე ტენდერი „ოუფენ ნეტს“ ჰქონდა გამოცხადებული.
პროექტი Log-in Georgia, ინტერნეტის მოსახლეობამდე/აბონენტამდე მიყვანას [მოსახლეობის ჩართვას ქსელში] არ ითვალისწინებს.
„ოუფენ ნეტი“ აშენებს ძირითად მაგისტრალს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ოუფენ ნეტი“ არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და საბოლოო მომხმარებლამდე მიიტანოს ისეთი სერვისები, როგორებიცაა, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, IP ტელევიზია და სხვა ფართოზოლოვანი მომსახურებები. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამა ამით ხელს უწყობს კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი“, – მოგვწერეს ეკონომიკის სამინისტროდან.
ცალკე ტენდერის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი უკვე მიყვანილია ქობულეთის 12 სოფელში: გვარა, ზედა კონდიდი, კოხი, ზენითი, ჭახათი, აჭყვისთავი, ცხრაფონა, წყავროკა, ლეღვა, სკურა, ქაქუთი, აჭი.
წყარო: „ოუფენ ნეტი“
აღნიშნულ სოფლებში ბოჭკოვანი კაბელი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სის ბიზნეს სერვისმა“ შეიყვანა. ეს სამუშაოები, რომელიც არა დონორის სახსრებით, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 2022 წლის 9 მარტს დასრულდა.
ამ დროისთვის ქობულეთის ამ სოფლების მოსახლეობა ბოჭკოვანი კაბელით ვერ სარგებლობს. მიიღებს თუ არა მოსახლეობა მაღალსიჩქარიან ინტერნეტს, ეს კერძო ოპერატორებზეა დამოკიდებული.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გვითხრეს, რომ საბოლოო მომხმარებლამდე კაბელი უნდა მიიყვანონ ადგილობრივმა ავტორიზებულმა კომპანიებმა, რომლებიც დაერთდებიან ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე.
კომისიაში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ სოფლების დაქსელვაზე, ანუ მოსახლეობამდე ინტერნეტკაბელის მიყვანაზე ტენდერი ან კონკურსი არ გამოცხადდება.
„ავტორიზებულ კომპანიებს ისედაც აქვთ უფლება გაუწიონ მომხმარებლებს მომსახურება. კომისიას არც ზეგავლენის მოხდენის უფლება აქვს კერძო კომპანიებზე. მთავარია, კომპანიას ჰქონდეს ავტორიზაცია და სურვილი, რომ ისარგებლოს ამ ახალი ინფრასტრუქტურით და მიაწოდოს მოსახლეობას ინტერნეტი – ეს თავად ამ კერძო კომპანიების კეთილი ნება და ბიზნესინტერესია. თუ რამდენიმე მიმწოდებელი იქნება, ამ შემთხვევაში აბონენტი თვითონ წყვეტს, რომელი კომპანიის მომსახურება შეიძინოს“, – გვითხრეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
„ოუფენ ნეტში“ ამბობენ, რომ ბევრი კომპანიაა, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის; ამასთან, მოსახლეობასაც მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ გამოიყენონ ახალი ქსელი.
პროექტის ფარგლებში კაბელი ძირითადად ავტომაგისტრალებს მიუყვება და ჩაფლული იქნება მიწაში, სპეციალურ ტრანშეაში, თუმცა, რელიეფიდან გამომდინარე შესაძლოა საჰაერო კაბელის გაყვანაც გახდეს აუცილებელი. „მთაში გვხვდება ზოგან ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა საჰაერო კაბელების გაჭიმვა“, – ამბობენ „ოუფენ ნეტში“.
ქობულეთისა და ხელვაჩაურის ზემოთ აღნიშნული სოფლების გარდა, აჭარის კიდევ რომელ სოფლებში იგეგმება და რა პერიოდებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეყვანა Log-in Georgia-ს ფარგლებში? – ამ კითხვით ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ.
„რაც შეეხება აჭარის რეგიონში დაგეგმილ სხვა მიმართულებებს, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემო აჭარის იმ სამიზნე გეოგრაფიული არეალების მოცვა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა არის 200 ან მეტი და, ამავდროულად, კომუნიკაციების კომისიაში არსებული ინფორმაციით, არ არსებობს კერძო ოპერატორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გეგმა მუდმივად განახლებადია ყოველი ახალი შესყიდვის გამოცხადების წინ ჩატარებული მოკვლევების, ე.წ. თეთრი ზონების დაზუსტებისა და პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, კონკრეტული ინფორმაციები, სხვადასხვა მიმართულებებზე ქსელის მშენებლობის დაწყების წინ, ეტაპობრივად ქვეყნდება“, – მოგვწერეს სამინისტროდან.
რა ხდება ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც 200-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს?
„მცირე ზომის დასახლებულ პუნქტებში, რომელიც არ ხვდება „ოუფენ ნეტის“ დაფარვის არეალში, ინტერნეტ-სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ხორციელდება სათემო ინტერნეტიზაციის პროექტები, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. აღნიშნულ მოდელში სახელმწიფოს, მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მსგავსი პროექტის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლი ეკისრება. მათ შორის, ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ.“ – მოგვწერეს ეკონომიკის სამინისტროდან.
სამინისტროს ინფორმაციით, სათემო ინტერნეტქსელით 2017 წელს თუშეთში, ხოლო 2019 წლის ბოლოს ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობებში რამდენიმე სოფელი დაიფარა: „აღნიშნულმა პროექტებმა კი, დაფინანსების ნაწილი და ტექნიკური მხარდაჭერა ინტერნეტ საზოგადოების, მათი ქართული განყოფილების – საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციისგან [TOA] და სხვა ორგანიზაციებისგან მიიღო. აღნიშნული პროექტები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებულ იქნა, როგორც საჯარო და კერძო თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.“
ეკონომიკის სამინისტროდან ასევე მოგვწერეს, რომ „შემდეგი სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის დაწყება აჭარის მთიან დასახლებებში იგეგმება, რაც გულისხმობს უკვე განხორციელებული სათემო პროექტების მსგავსად, სამიზნე გეოგრაფიული არეალის wi-fi ინტერნეტქსელით დაფარვას. მიმდინარე ეტაპზე TOA-ს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩართულობით მიმდინარეობს ტექნიკური პროექტის შემუშავება და საჭიროებების განსაზღვრა“.
„ბათუმელები“ TOA-ს თავმჯდომარეს, უჩა სეთურს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ აჭარის სოფლებთან მიმართებაში დაგეგმარების ეტაპზე არიან და დაახლოებით ორ თვეში შესაძლებელი იქნება იმ დასახლებული პუნქტების დასახელება, სადაც სათემო რადიოქსელი მოეწყობა.
„ახლა ვართ დაგეგმარების ეტაპზე. შარშან დონორების მხარდაჭერა არ გვქონდა. წელს მივიღეთ შეპირებები დონორების, მოცემულობა შეიცვალა – ოპტიკები გაიყვანეს, დამთხვევა რომ არ მოხდეს არეალების. დაახლოებით 110 სოფელი უნდა იყოს მაღალმთიან აჭარაში, სადაც „ოუფენ ნეტი“ არ შედის. ამ სოფლებში ჩვენ გავაკეთებთ რადიოქსელს და თუ მოთხოვნა იქნება, დავფარავთ მთის იმ ადგილებსაც, სადაც საძოვრები აქვს მოსახლეობას. როცა სოფლებს დავაზუსტებთ, შემდეგ გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ მოლაპარაკება დონორებთან“, – გვითხრა უჩა სეთურმა.
მისივე თქმით, შეიქმნება სათემო ორგანიზაციები, რომლებიც თავად გაუწევენ ოპერირებას ამ ქსელს: „სათემო ორგანიზაციებს დავაფუძნებთ ადგილობრივებთან ერთად, შევალთ 3 წელი მართვაში, რომ მივეხმაროთ ადგილობრივ დასაქმებულებს – ამ ხნის შემდეგ კი, ქსელი საკუთრებაში გადაეცემათ და დამოუკიდებლად მოემსახურებიან.“
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 39 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +180]
ტანკი – 1 730 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 3 950 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 876 ერთეული [+7]
MLRS – 257 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 116 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 222 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 719 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+4]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 832 ერთეული [+9]
სპეცტექნიკა – 73 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
260 თვითმფრინავი
144 ვერტმფრენი
1 611 უპილოტო საფრენი აპარატი
357 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 161 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
763 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 198 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 459 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ინფორმაციით, რუსეთი უკრაინასთან ომში, არამხოლოდ პირადი შემადგენლობის ნაკლებობას, არამედ უკვე ტექნიკის შეკეთების პრობლემებსაც განიცდის.
18 ივლისს, უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში, ბარვინოკთან, რუსეთის ბელგოროდის ოლქში, დაზვერვამ რუსული სამხედრო ტექნიკის სარემონტო ბაზა აღმოაჩინა.
„ადგილზე იყო სულ მცირე 300 ერთეული დაზიანებული ტექნიკა, მათ შორის საბრძოლო ტანკები, ჯავშანმანქანები და სატვირთო ტრანსპორტი. ცოცხალი ძალის ნაკლებობასთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინაში დაზიანებული ათასობით საბრძოლო მანქანის გატანისა და შეკეთების პრობლემის წინაშეც დგას,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 25 ივლისის რელიზში.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის საბრძოლო მანქანებიდან უკრაინაში განადგურებულია 1700-ზე მეტი ტანკი, 4 000-მდე ჯავშანმანქანა და 3 000-მდე სატვირთო ტრანსპორტი და საწვავის ავზი.
რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უშედეგო ბრძოლები გრძელდება დონბასსა და ხერსონის სექტორში. რუსეთის სარდლობა კვლავაც არჩევანის წინაშეა: უზრუნველყოს შეტევა აღმოსავლეთით, თუ გააძლიეროს თავდაცვა დასავლეთით.
გუშინდელ სადაზვერვო ცნობარში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა აღნიშნავდა, რომ რუსეთის არმია კვლავაც ბახმუტის მიმართულებაზეა კონცენტრირებული, თუმცა უმნიშვნელო პროგრესს აღწევს.
რუსული პროსამთავრობო ტელეგრამ არხები იუწყებიან, რომ ირანმა, უკვე მიაწოდა რუსეთს ადგილობრივი წარმოების „Shahed 129“ – საბრძოლო-სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები.
კასპიის ზღვით რუსეთში ტვირთის პირველი პარტიის გაგზავნაზე წერს რუსული მედიაც. სამხედრო ტვირთის მიტანა უკრაინის საზღვრამდე კი ასტრახანისა და ვოლგოგრადის გავლით იგეგმება.
ინფორმაციას Цензор.НЕТ ადასტურებს.
მედიის ინფორმაციით, ცნობილია, რომ ირანიდან გაგზავნილი სამხედრო ტვირთი ძირითადად შედგება Shahed 129-ისგან, ანუ მძიმე საბრძოლო დრონებისგან. ეს დრონები შექმნილია ისრაელის დრონის – „Hermes 450“ და ამერიკული MQ-1 Predator საფუძველზე.
Shahed 129-ის ფიუზელაჟის [კორპუსი] სიგრძე 8 მეტრია. ფრთების შლა – 16 მეტრი. საბრძოლო ტვირთამწეობა 400 კგ. ფრენის სიჩქარე დაახლოებით – 150 კმ/საათში, 200 კმ რადიუსით. ფრენის დიაპაზონი 1700 კმ-მდე. დეველოპერები ამტკიცებენ, რომ დრონს შეუძლია ჰაერში 24 საათამდე დარჩეს.
ირანული დრონების რეალური საბრძოლო მახასიათებლების შესახებ არაფერია ცნობილი, რადგან აქამდე უპილოტო საფრენი აპარატები სრულმასშტაბიან ომში არ გამოუცდიათ.
ოფიციალურ მოსკოვსა და თეირანს ირანიდან რუსეთში საბრძოლო დროების გაგზავნის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. თუმცა აქამდე ირანმა განაცხადა, რომ ის მზად არის „მეგობარ ქვეყანას“ შეიარაღება მიაწოდოს.
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, ის დღემდე ეფექტურად იყენებს თურქულ უპილოტო საფრენი აპარატებს – „ბაირაქტარებს“, რომლის მახასიათებლებიც ასე გამოიყურება:
TB2-ის 7 600 მეტრის სიმაღლეზე 27 საათი გაჩერება შეუძლია, ფრთების შლა 12 მეტრია, მაქსიმალური სიჩქარე – დაახლოებით 220 კილომეტრი საათში. მისი მართვა 300 კილომეტრამდე მანძილიდან დისტანციურად შეიძლება. ის უფრო პატარა და ნელია, ვიდრე NATO-ს სამხედრო დრონები, თუმცა უფრო იაფიც ღირს – 5 მილიონი დოლარი.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის რეგიონისა და ქალაქ ხერსონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მიმართავს. ამ მიმართვის თანახმად ამ ტერიტორიებს უკრაინის არმია რუსი ოკუპანტებისგან მალე გაათავისუფლებს.
„მალე, ძალიან მალე“, – აცხადებს მებრძოლი, რომლის ვიდეო მიმართვის ტექსტი ინტერნეტში ვრცელდება.
„ჩვენი ჯარისკაცები თავდაჯერებულად მიიწევენ ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისკენ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუჭრით ოკუპანტებს გზას თავიანთ [საბრძოლო] მარაგებზე და გაქცევის შესაძლებლობას. ვანადგურებთ მტრის საბრძოლო მასალების საცავებსა და მათ სამეთაურო პუნქტებს. ცეცხლის კონტროლის ქვეშ გვაქვს მოქცეული ყველა სტრატეგიული ადგილი და ხიდი, რომლებსაც ისინი იყენებენ“, – აცხადებს მეომარმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, „უკრაინის შეიარაღებულ ძალები განსაკუთრებულ მადლობას უხდის ხერსონის წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის რაშისტების ზურგში, ანადგურებს მათ და არ აძლევს საკუთარი წესრიგის დამყარების საშუალებას“.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონელ კოლაბორანტებს რეპრესიებით ემუქრებიან:
„დაისჯება ყველა კოლაბორანტი. კოლაბორანტებსა და ორკებს ჩვენი ეშინიათ. ისინი თავად გაიქცევიან, როდესაც მათ კიდევ უფრო მივუახლოვდებით“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 ივლისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „აბსოლუტური სიზუსტით” მიიტანეს იერიში დარიევსკის ხიდზე ხერსონის რაიონში.
მანამდე, 19 ივლისს, უკრაინელი სამხედროები თავს დაესხნენ ოკუპირებულ ხერსონში ანტონოვსკის ხიდს, რომელიც ქალაქს დნეპრის მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებს.
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის ჯარი ემზადება ან სავარაუდოდ უკვე დაიწყო ხერსონის რეგიონში კონტრშეტევა.
ორგანიზაციის თანახმად, ანალიზი ხერსონის რეგიონში კონტრშეტევის სავარაუდო დაწყებასთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეულწილად არ იყოს ზუსტი, რადგან ღია მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია. ცენტრის ანალიტიკოსების აზრით, კონტრშეტევის მიმდინარეობისა და ტემპის შესახებ ინფორმაცია, რეალურ შედარებით, სავარაუდოდ, იქნება შეზღუდული და დაგვიანებული.
ISW-ის მონაცემებით, ფრონტის ხაზსა და ხერსონს შორის არის სოფლები, ძირითადად კი შედგება პატარა ქალაქებისგან. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქ მცხოვრებლებს აწვდიდნენ ცნობებს ჯარის გადაადგილებისა თუ ბრძოლების შესახებ.
___
ქალაქი ხერსონი, რომელსაც უკრაინელებისთვის სიმბოლური და პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რუსეთის არმიამ ომის დაწყებიდან პირველივე კვირაში დაიპყრო. უკრაინას ეს რეგიონი ანექსირებულ ყირიმთან. რუსეთი ამ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, რომლის შედეგადაც დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.
აჭარაში, მინისტრებს შორის ყველაზე მეტს საწვავს ჯაბა ფუტკარაძე ხარჯავს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ყველაზე ნაკლებს კი, მაია ხაჯიშვილი – აჭარის განათლების მინისტრი. ეს სამინისტროებიდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის ანალიზით ჩანს. ჩვენ 2021 წლის, ასევე 2022 წლის ივნისამდე პერიოდის მონაცემებს გავეცანით.
მინისტრების ხარჯები საწვავის მიხედვით ასე გამოიყურება: წელს, იანვრიდან ივნისამდე აჭარის ფინანსთა მინისტრმა დახარჯა 1826 ლიტრი საწვავი, ჯანდაცვის მინისტრმა – 1621, სოფლის მეურნეობის მინისტრმა – 1592, განათლების მინისტრმა – 855.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს 2022 წლის ივნისის მდგომარეობით ავტომანქანა „FIAT TIPO“ ემსახურება. თვეში მისი საწვავის ლიმიტია 400 ლიტრი, თუმცა მინისტრს ლიმიტის დარღვევა, როგორც ჩანს, ხშირად უწევს.
2021 წელს ეკონომიკის მინისტრი გადაადგილდებოდა ავტომანქანით „HYUNDAI SONATA“ და 12-დან 4 თვეში გადააჭარბა თავისივე ბრძანებით განსაზღვრულ ლიმიტს – აგვისტოში მინისტრმა გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობის – 400 ლიტრის ნაცვლად, დახარჯა 519 ლიტრი. ოქტომბერში – 407 ლიტრი, ნოემბერში – 511, დეკემბერში – 500.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის საწვავის ლიმიტი საკმარისი არ აღმოჩნდა 2022 წელსაც – მარტში მინისტრმა 448 ლიტრი საწვავი დახარჯა, მაისში – 429 ლიტრი.
ჯამში მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2022 წელს მაისის ჩათვლით 1826 ლიტრი საწვავი დახარჯა, 2021 წელს – 4770 ლიტრი.
სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით, ამ სამინისტროს ბალანსზე ყველაზე მეტი – 19 მსუბუქი ავტომანქანა ირიცხება. მინისტრის პირველი მოადგილის საწვავის ლიმიტი, ბრძანების მიხედვით, თვეში 250 ლიტრია, გაუგებარია რატომ, თუმცა მოადგილეებიდან ერთ-ერთს 300 ლიტრი აქვს საწვავის ლიმიტი თვეში, მეორეს – 200 ლიტრი. დეპარტამენტების უფროსებისთვის – 150 – 150 ლიტრია გათვალისწინებული.
საწვავის ხარჯვის სიდიდით მეორე ადგილზე აჭარის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრი. ნინო ნიჟარაძემ 2022 წელს მაისის ჩათვლით, ჯამში, 1621 ლიტრი საწვავი დახარჯა, 2021 წელს – 4205 ლიტრი.
ზოგ შემთხვევაში ჯანდაცვის მინისტრმაც გადააჭარბა 400 ლიტრის ლიმიტს, თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე ამის გაკეთება ჯაბა ფუტკარაძეს მოუხდა: 2022 წელს თებერვალში ნინო ნიჟარაძეს 450 ლიტრი საწვავი დაუხარჯავს, 2021 წელს კი ივლისში – 452 ლიტრი, აგვისტოში – 489, დეკემბერში – 443 ლიტრი.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი HUNDAI-SONATA-თი გადაადგილდება. სამინისტროს ბალანსზე კი, სულ 6 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა ირიცხება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან განსხვავებით, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსებს ავტომანქანები არ ემსახურებათ.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზაზა შავაძეს Ford Fanger-ის მარკის მსუბუქი ავტომანქანა ემსახურება. ამ სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა 2022 წლის თებერვალში 368 ლიტრი საწვავი დახარჯა, მარტში – 341, აპრილში – 383, მაისში კი, ამ მინისტრსაც გადაუჭარბებია ლიმიტისთვის, რადგან 500 ლიტრი საწვავი დაუხარჯავს.
ჯამში, 2022 წელს იანვრიდან მაისის ჩათვლით, ზაზა შავაძეს 1592 ლიტრი საწვავი დაუხარჯავს, 2021 წელს – 2529 ლიტრი. 2021 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს TOYOTA PRADO ემსახურებოდა.
2021 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმაც გადააჭარბა რამდენჯერმე ლიმიტს: თებერვალში [444 ლიტრი], აპრილსა [420 ლიტრი] და მაისში [523 ლიტრი].
სულ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე 13 მსუბუქი ავტომანქანაა რეგისტრირებული.
აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი კი, ავტომანქანა HYUNDAI IX 35-ით გადაადგილდება. ამ სამინისტროს ბალანსზე სულ 7 მსუბუქი ავტომანქანაა რეგისტრირებული.
სამინისტროდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, განათლების მინისტრი ყველაზე ნაკლებ საწვავს ხარჯავს: 2022 წლის იანვარში მაია ხაჯიშვილის მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისთვის სულ 190 ლიტრი საწვავი დასჭირდა, თებერვალში – 50, მარტში – 196, აპრილში 167, მაისში – 252.
2022 წელს მაია ხაჯიშვილს ტრანსპორტირებისთვის, ჯამში, იანვრიდან მაისის ჩათვლით სულ 855 ლიტრი საწვავი დახარჯა.
აჭარის განათლების სამინისტროსგან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს, მაია ხაჯიშვილმა ჯამში 1386 ლიტრი საწვავი დახარჯა.