მთავარი,სიახლეები

ბათუმში საცხოვრებლად გადმოსული ესპანელი: პირველი გაოცება ავტობუსში მქონდა

21.09.2022 • 4204
ბათუმში საცხოვრებლად გადმოსული ესპანელი: პირველი გაოცება ავტობუსში მქონდა

„ვმოგზაურობდი მარტო. ვიყავი რუმინეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში და ჩავედი თურქეთში, სადაც კაბადოკიაც მოვინახულე. ტრაბზონიდან მქონოდა ფრენა ფილიპინებში და ვიფიქრე, მოდი, ბათუმი აქედან ძალიან ახლოსაა და ხომ არ ვნახო? ასე დაუგეგმავად და შემთხვევით მოვხვდი ბათუმში,“ – ამბობს ესპანელი მიგელ ანხელ კაფინეს ხარენიო, რომელსაც გადაწყვეტილება უკვე მიუღია – ბათუმში აპირებს საცხოვრებლად დარჩენას.

„ულამაზესი ბუნებაა აქ, ზღვა, მთები, სამზარეულო, ხალხი… მინდა ვისწავლო ქართულიც. გამარჯობა – ასე ხომ?“ – განსაკუთრებული აქცენტით ამბობს მიგელი „გამარჯობას“ და როცა ვეკითხებით, რას გამოყოფდა ამ ჩამონათვალიდან, რის გამოც, მან მოულოდნელად საქართველოში არჩია დარჩენა, პაუზის შემდეგ ამბობს:

„ეს გულია, გულიანი ხალხი ცხოვრობთ საქართველოში“, – გვიყვება მიგელი და კონკრეტულ ამბავსაც იხსენებს: „ახალი ჩამოსული ვიყავი  ბათუმში, ავტობუსის ბარათი ავიღე, მაგრამ ერთხელ ავტობუსში ბარათი არ გატარდა, ახმაურდა აპარატი და უცებ რამდენიმე ადამიანი მომიახლოვდა, არაა პრობლემა, ჩვენ გადაგიხდითო…

განსაკუთრებულად მომეწონა ქართული ცეკვები, ამასაც მოულოდნელად შევესწარი ერთ რესტორანში: ის რა ფორმები ეცვათ გოგოებს და ბიჭებს, როგორ ატრიალებდნენ ხელებს, რა რიტმი იყო.

ესპანეთშიც უყვართ ცეკვა და კარგი ღვინო, მაგრამ, ჩემი აზრით, აქ უფრო კარგი ღვინოა, თანაც, უფრო ხშირად სვამენ ქართველები ღვინოს, ვიდრე ესპანელები. ძალიან მეგობრული ხალხია ქართველები და სანდო. მე ასე დავახასიათებდი საქართველოს,“ – ამბობს მიგელ ანხელ კაფინეს ხარენიო.

მიგელი საქართველოში ჩამოსვლამდე ესპანეთის სამხედრო-სამაშველო გაერთიანებაში მუშაობდა, როგორც ტელეკომუნიკაციის სპეციალისტი. ეს გაერთიანება ესპანეთის არმიის ნაწილია. მიგელი ამბობს, რომ ერთ დღესაც სამსახურის მიტოვება გადაწყვიტა და მოგზაურობა წამოიწყო.

„კიდევ ბევრ ქვეყანაში ვაპირებდი წასვლას ფილიპინებიდან, თუმცა მოგზაურობა საქართველოში შევწყვიტე. არ ვიცი, აქ რამდენ ხანს გავჩერდები, მაგრამ აქ ვეძებ ბინას. შესაძლოა, აქ დავქორწინდე კიდეც ქართველ ქალზე… ერთი თვეა, ჰოსტელში ვცხოვრობ. განსაკუთრებით მომწონს მახინჯაური და მწვანე კონცხი.

მე ვმუშაობდი სამაშველო აღჭურვილობის კომუნიკაციის მიმართულებით, ეს იყო თოვლიან მთებზე მცოცავი ხალხის სამაშველო ოპერაციები, მდინარეებზე სამაშველო და ასე შემდეგ. ახლა ადგილიდან ვმუშაობ სხვადასხვა პროგრამაზე ჩემი ლეპტოპით. ასე უფრო მოსახერხებელია. ბათუმი სიცოცხლით სავსე ქალაქია ზაფხულში და განსაკუთრებულია სექტემბერი, სადაც სასიამოვნოდ გრილა. ვფიქრობ, წვიმაშიც განსაკუთრებულია ბათუმი,“ – გვიყვება მიგელი.

უცხოელის ყურადღება მიუქცევია მშენებლობებსაც ბათუმში. მიგელი მარტივ პრინციპს გვახსენებს: „ყველგან შენობა, შენობა, შენობა. მესმის, რომ ადამიანებს ბევრი ფულის გაკეთება უნდათ, მაგრამ მარტივია: ასე აღარ იქნება ჟანგბადი. თუ არ იქნება ქალაქში ჟანგბადი, აქ ცხოვრება აღარავის მოუნდება მალე… მნიშვნელოვანია ისტორიული შენობები, რომელშიც ქალაქის ხასიათი ჩანს.

ჯერ საქართველოს სხვა რეგიონებში არ ვყოფილვარ, მხოლოდ თბილისში ვიყავი და აჭარის მთებში, თუმცა რაც ვნახე, უძველესი შენობები და არქიტექტურა, ეს განსაკუთრებულია.

განსაკუთრებულია ასევე ქართული სამზარეულო, თევზის ბაზარი მომეწონა ბათუმში და თევზის რესტორანიც. მიყვარს ხაჭაპურებიც,“ – გვიყვება მიგელ ხარენიო და თან ხელის მოძრაობებით გვიხსნის, რომ „აჩარელა ხაჩაპური“ მისი საყვარელი კერძი გახდა. ესპანელი შენიშნავს, რომ საქართველოში იაფია საკვები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბინის ფასებიც.

მიგელ ხარენიოს ვკითხეთ რუსეთ-უკრაინის ომზეც. მას არ აქვს მოლოდინი, რომ პუტინი გაჩერდება, მაგრამ სჯერა, რომ მას გააჩერებენ.

„პუტინი არ გაჩერდება, მაგრამ მას გააჩერებენ – მას რუსეთში გადააყენებენ, ან მოკვდება. ესაა ჩემი გულწრფელი პასუხი,“ – აღნიშნა მიგელ ანხელ კაფინეს ხარენიომ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: