მთავარი,სიახლეები

რუსი კაცები, ჩვენი ძმები, ქმრები ომის საკეპ მანქანაში უნდა გადაუშვან – აქციები რუსეთში მობილიზაციის გამო

21.09.2022
რუსი კაცები, ჩვენი ძმები, ქმრები ომის საკეპ მანქანაში უნდა გადაუშვან – აქციები რუსეთში მობილიზაციის გამო

რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იგეგმება. „არა მობილიზაციას, არა მოგილიზაციას!“ – ამ სლოგანით განცხადებას ტვიტერზე ახალგაზრდული მოძრაობა „ვესნა“ აქვეყნებს და რუსეთის მოქალაქეებს, დღესვე, საღამოს 19:00 საათზე თავიანთი ქალაქების ცენტრებში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

პლაკატზე ასო ბ გადაშლილია და გ-თი ჩანაცვლებული, რის შემდეგაც იკითხება „არა მოგილიზაციას” – Нет Могилизации!  – Могила – რუსულად საფლავს ნიშნავს.

„ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუსი კაცი – ჩვენი მამები, ძმები, ქმრები – ომის ხორცის საკეპ მანქანაში უნდა გადაუშვან. რისთვის უნდა დაიხოცონ? რისთვის უნდა დაღვარონ დედებმა და შვილებმა ცრემლი? პუტინის სასახლისთვის?

ახლა ომი ნამდვილად მოვა თითოეულ სახლში და თითოეულ ოჯახში. მანამდე ხელისუფლება ამბობდა, რომ მხოლოდ „პროფესიონალები“ იბრძვიან – და რომ ისინი გაიმარჯვებენ. გაირკვა, რომ ვერ იმარჯვებენ – და ფრონტზე პატიმრების წაყვანა დაიწყეს. ახლა მობილიზაცია გამოცხადდა.

ეს ნიშნავს, რომ ვითარება უკიდურესად რთულია. ომი უკვე „სადღაც იქ“ აღარაა – ის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სახლებში, ჩვენი ახლობლების წასაყვანად მოვიდა. და ისინი უნდა დაიხოცონ, რომ პუტინის რეჟიმის შეცდომები გამოასწორონ. რეჟიმის, რომელმაც რუსეთი საზარელ ხოცვა-ჟლეტაში, იზოლაციასა და სიღატაკეში გადაჩეხა,“ – ნათქვამია „ვესნას“ განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა 21 სექტემბერს გამოაცხადა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც დღეიდანვე დაიწყება. რუსულ სოციალურ ქსელებში უკვე ავრცელებენ მოქალაქეები სამხედრო კომისარიატებიდან მიღებულ გაწვევის ფურცლებს.

ინფორმაცია „მობილიზაციის გაწვევა ეხება მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება, ვისაც უმსახურია შეიარაღებულ ძალებში და აქვს კონკრეტული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

პუტინის გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააზუსტა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

თითოეული რეგიონიდან წვევამდელთა რაოდენობას რუსეთის თავდაცვის უწყება დაადგენს, გაწვევის უზრუნველყოფა კი გუბერნატორებს დაევალებათ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: