მთავარი,სიახლეები

ბულვარში პლაჟზე მხოლოდ 3 სხვადასხვა დიზაინის კაფე იქნება, რაც არის დაიშლება – კონკურსი

22.09.2022
ბულვარში პლაჟზე მხოლოდ 3 სხვადასხვა დიზაინის კაფე იქნება, რაც არის დაიშლება – კონკურსი

ბათუმის ბულვარმა პლაჟზე განსათავსებელი საზაფხულო კაფეების დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებულმა ასევე უნდა მოამზადოს ობიექტის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც. ახალი დიზაინის კაფეებს კი, შემდგომში თავად ბულვარის ადმინისტრაცია მოაწყობს და მათ იჯარით გასცემს.

კონკურსში 117 ათას 694 ლარითაა გამოცხადებული.

ახალი დიზაინის ობიექტების აშენების შემდეგ, პარალელურად, როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, ეტაპობრივად განხორციელდება ბულვარის მთელ სიგრძეზე [ახალი ბულვარის ჩათვლით] არსებული კაფე-ბარების დემონტაჟი.

ბულვარის დაკვეთით ამჯერად კვების ობიექტის [პლაჟის საზაფხულო კაფეს] სამი, ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინის ესკიზი უნდა შეიქმნას.

ბულვარი/პრომინადის საერთო ხედი / ესკიზი „გენგეგმიდან“, რომელიც საკონკურსო დოკუმენტაციას ახლავს

ტექნიკური დავალების მიხედვით:

  • „ახალი დიზაინის კაფეები ბულვარის ტერიტორიაზე სანაპირო ზოლში 18 სხვადასხვა ადგილას განთავსდება;
  • კვების ობიექტები განკუთვნილია ძირითადად პლაჟის მომსახურებისთვის, თუმცა წვდომა უნდა ჰქონდეს პრომენადის მხრიდანაც; ობიექტების სავარაუდო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 250 კვ.მეტრს;
  • ობიექტები უნდა იყოს ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი, არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია ჩაღრმავებული საძირკველი ან/და მიწისქვეშა სათავსები;
  • ღია დასაჯდომი სივრცის პერიმეტრის შემოზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ მობილური ავეჯითა და გამწვანებით, რომლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს იატაკის დონიდან 1 მეტრს;
  • ობიექტები საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს დაშლადი, მათი საძირკველი უნდა მოეწყოს წინასწარ მომზადებულ, ფოლადით გაძლიერებულ ბეტონის ბალიშებზე, რომელშიც გათვალისწინებულია ანკერი, ან ჩაანკერდება შემდეგ – ფოლადის სვეტის სამონტაჟოდ.
  • კაფე-ბარის შესასვლელისა და ბაქნის მოწყობისას (პრომენადის მხრიდან), გათვალისწინებული უნდა იქნას მისაწვდომობის პრინციპები, რათა ბარიერი არ შეიქმნას ეტლით გადაადგილებისთვის.
  • კვების ობიექტის დახურულ სივრცეში უნდა განთავსდეს სამზარეულო, სასაწყობე სივრცე და სანკავნძები, ხოლო დასაჯდომი ადგილები უნდა იყოს ღია მსუბუქი გადახურვის კონსტრუქციით მოწყობილი;
  • მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამი განსხვავებული კვების ობიექტების არქიტექტურული პროექტის მომზადება, რომელიც მონაცვლეობის პრინციპით უნდა განთავსდეს სანაპირო ზოლზე, ბულვარის განაშენიანების გეგმაში მითითებული ლოკაციების შესაბამისად;
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები, რათა ბარიერი არ შეიქმნას ეტლით გადაადგილებისთვის.
  • კვების ობიექტის საინჟინრო ქსელების პროექტი უნდა იყოს ერთიანი სისტემა, ბულვარში არსებულ სისტემებთან ადაპტირებული.
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს შესაბამისად გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (სკოპინგი და გზშ) მომზადება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შემსყიდველ უწყებასთან წარმოდგენა“.

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „განაშენიანების გეგმა“ უკვე მუშაობს და ეს კონკურსიც გენგეგმის შესაბამისად მომზადდა.

ბულვარის გენგეგმით სკეიტპარკის მოწყობაც დასაშვებია. ბულვარის ადმინისტრაციას კი, სკეიტპარკის მოედნის პროექტზე კონკურსი გენგეგმის დამტკიცებამდე უკვე გამოცხადებული ჰქონდა [სკეიტპარკი ახალ ბულვარში მოეწყობა].

აღნიშნული კონკურსი დამთავრდა და ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეულია ინდმეწარმე/ფიზიკური პირი – Борисов Г.В., დოკუმენტების მიხედვით ის უკრაინის მოქალაქეა, იურიდიულ მისამართად კი, უკრაინის ქალაქი კრივოი როგია მითითებული.

ინდმეწარმე ბულვარს სკეიტპარკის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას 90 ათას ლარად სთავაზობს.

კონკურსი 90 660 ლარით იყო გამოცხადებული:

 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/429572/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: