რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 640 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440]
  • ტანკი – 8 746 ერთეული [+21]
  • ჯავშანტექნიკა – 17 170 ერთეული [+38]
  • საარტილერიო სისტემა – 18 270 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 193 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 949 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 561 ერთეული [+92]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 593 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 24 966 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 3 125 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 31 806 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 303 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 457 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 14 903 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 289 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნების“ კანდიდატის სოფელი, სადაც მეზობლებს ლაპარაკს უკრძალავენ – „რამით უკმაყოფილო ვინ არის?“ | ვიდეო

„წინა არჩევნებზეც გვპირდებოდნენ წყალს, მაგრამ დაპირება არც ერთხელ არ შესრულდა,“ – ამბობს მარინა სურმანიძე და ჭახრაკის თვალს ატრიალებს. ის ქობულეთში, ქვედა კვირიკეში ცხოვრობს.

ამ სოფელში სასმელ წყალს ქალაქიდან ან წყაროდან ეზიდებიან. ონკანში კი წყალი, რომელიც სასმელად არ ვარგა, დღეში მხოლოდ 1-2 საათით მოედინება.

მარინა სურმანიძე გვიყვება, ნახევარი საათია საჭირო, ერთი ბოთლი რომ გავავსო ჭახრაკზე, შინ ჩვილი შვილიშვილი მყავს და დღეში სულ ცოტა 20 – 25 ლიტრი წყალი უნდა ავზიდოო.

ეს ის სოფელია, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი – ბიზნესმენი გიორგი ჭყონია ცხოვრობს. სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ დაპირებებს ამ კონკრეტულ სოფელში 12 წელია არ ასრულებს. ქვედა კვირიკეში გვითხრეს, ამჯერად დაპირებასაც აღარ გვაძლევენ, ჭყონიამ თქვა, არ ვიცოდი, წყალი თუ არ გქონდათო.

წყალი, რომელიც სოფელ ქვედა კვირიკეში დღეში ერთხელ მოდის და საქაჩით აუზებში აგროვებენ.
მარინა სურმანიძე
„ქართული ოცნების“ ბიზნესმენი კანდიდატის სოფელში „ქართულმა ოცნებამ“ 12 წელი დაპირება არ შეასრულა. სასმელ წყალს მოსახლეობა წყაროდან ეზიდება.

„ამ წყლით პური უნდა მოვზილო, საჭმელი გავაკეთო, ჩვილ ბავშვთან მით უმეტეს, რამდენი წყალია საჭირო? სული ამოგვდის პირში. შაქრიანი ქალი ვარ, ნაოპერაციები და 25 ლიტრი წყალი მაინც უნდა მივზიდო, რომ მეყოს.ჭახრაკით ვსარგებლობ, მაგრამ იქაც დაპატარავდა წყალი. ვინც უყურებდა ჭახრაკს, ის კაცი გარდაიცვალა…

მთავრობამ საქართველო წააქცია. მაინც არ რცხვენიათ, პარლამენტში რომ დაჯდებიან, მაგრამ თვითონ იგინებიან იქ და რას აკეთებენ? საქართველოში შეიძლება ოჯახს წყალი არ ჰქონდეს?“ – მარინა სურმანიძეს ხელისუფლებასთან კითხვები აქვს.

სოფელ ქვედა კვირიკეში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის KFW-ის მხარდაჭერით სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა დაიწყო, თუმცა პროექტი არ ეხება ქვედა კვირიკეს იმ ნაწილს [ყოფილი მეურნეობის დასახლება], სადაც მარინა სურმანიძე და 100-მდე ოჯახია.

„ხიდთან მოსული იყო წყალი, მილები იყო მხოლოდ საჭირო და გაკეთდებოდა წყალი, მაგრამ არ ქნეს, წყალი თქვენ გაქვთო,“ – საუბარში დანიელ მახარაძე ერთვება. ისიც წყალს ელოდება.

„რაც მოდის, ეს მდინარის წყალია. ხალხი დაავადებულია კანის ათასგვარი დაავადებით, თორემ სასმელად ამ წყალს არავინ იყენებს.

მუშახელი ვინც არის და ჯანმრთელი, ყველა ემიგრაციაშია, ქალები მომვლელებად წავიდნენ, ბავშვები, ვინც დაიბადნენ, უდედოდ იზრდებიან, ვეღარც ვმრავლდებით, სიკვდილიანობა მეტია. ხელისუფლება მარტო იმას ფიქრობს, ფული როგორ იშოვოს,“ – ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს დანიელ მახარაძე.

დანიელ მახარაძე

„მოაწევს არჩევნები, აფუთუნდებიან. ხმას რომ წაიღებენ, მერე ყველა გაჩუმდება,“ – დაპირებების აღარ სჯერა გულნაზ ჭაღალიძეს: „ამდენი წელი არ გაუკეთებიათ და ახლა გააკეთებენ?“ – კითხულობს ის და საცხოვრებელი კორპუსის ეზოსთან დადგმულ წყლის აუზებს გვაჩვენებს, ნახეთ, როგორი მღვრიე წყალიაო.

„წყალია მაგი, თქვენ გგონიათ? ჭაობი. საინებს რომ ვრეცხავ და აბანოში შევდივარ, მე ვიცი,“ – ეთერ ჯაიანიც ამატებს, დავბერდით და არცერთმა ხელისუფლებამ დაპირება არ შეგვისრულაო.

ეთერ ჯაიანი და გულნაზ ჭაღალიძე

„ბატონო გია ჭყონია კარგი ბიჭია, ჩვენი სოფლიდანაა, მეზობლებს სინათლეც გაუკეთა და წყალიც,“ – უწყლოდ დარჩენილ ეთერ ჯაიანი „ქართული ოცნების“ კანდიდატზე, გიორგი ჭყონიაზე გვიყვება, ეგ შეასრულებს დაპირებებსო, თუმცა სხვები განმარტავენ, კონკრეტული დაპირებაც კი არ გაუცია გია ჭყონიას, შესაძლოა 2 წელიწადში ჩამოვიდნენ გერმანელი სპეციალისტებიო.

„ჰო, გერმანელები ეხმარებიან,“ – ამბობს ეთერ ჯაიანი. მას ვუკონკრეტებთ, რომ „ქართული ოცნებაა“ ზუსტად ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, საქართველოს ევროპული გზა რომ ჩაიკეტოს და დახმარებაც შეგვიწყვიტონ ევროპიდან.

„ჩემი ბიჭი მაგასთან მუშაობდა, კაი ბიჭია,“ – მოკლედ გვპასუხობს ეთერ ჯაიანი.

„გამოყოფილია ფული, გავაკეთოთ უნდაო, რამდენჯერ თქვეს, მარა სად მიდის ეს ფული, კაცმა არ იცის. თუ გაწვიმდება, გვექნება წყალი,“ – გაღიმებას ცდილობს ანზორ გორგაძე.

ანზორ გორგაძე

„კომუნისტების დროს ქალაქზე იყო დაერთებული წყლის სისტემა, მას მერე 30 წელი წყალი პრობლემაა. სააკაშვილმა მოგვცა „შლანგები“ და ღაღაიშვილებიდან ჩამოვიყვანეთ ღელის წყალი, ტანს დაიბან, ჭურჭელს გარეცხავ, მაგრამ დასალევად არ ვარგა.

სარეცხი მანქანებიც გაგვიფუჭდა, იმდენად უვარგისი წყალია.

YouTube video player

სასმელი წყალი მანქანით ქალაქიდან ამოგვაქვს. ჭახრაკია ქვევით, მაგრამ იქაც რამდენ ხანს უნდა უცადო წყლის ავსებას? მთავრობის ბრალია ეს, აბა, ვისი ბრალია?“ – კითხვები აქვს „ქართულ ოცნებასთან“ ანზორ გორგაძესაც.

„არავის იმედი აღარ მაქვს, სულ გვპირდებიან არჩევნები როცა მოდის, ახლა ამ პირობასაც აღარ გვაძლევენ… 24 წელია აქ ვცხოვრობ და წყალი არ დამინახავს. ეს არის უპასუხისმგებლობა და უყურადღებობა,“ – გვეუბნება ნაზი აბაშიძე. ისიც ქვედა კვირიკეში ცხოვრობს.

ნაზი აბაშიძე

„ვინ არის უკმაყოფილო, ვინ? რამით უკმაყოფილო ვინ არის? – ბარგი, რკინიგზის სადგური, ნახვამდის“, – მეზობლების დაშინებას ცდილობს ქვედა კვირიკეში მცხოვრები არმენ კარაპეტიანი. მან კომენტარზე უარი გვითხრა და აქტიურად სცადა, კორპუსების წინ თავმოყრილ ადამიანებთან გასაუბრებაში ხელი შეეშალა.

ხალხთან გასაუბრების დროს, ქვედა კვირიკეში, საცხოვრებელ კორპუსებთან მალევე სოფლის რწმუნებული და „ოცნების“ კოორდინატორი მოვიდნენ. ისინი პოლიციის მანქანამ მოაცილა. ქობულეთის მერიის რწმუნებულმა გვითხრა, რომ შემთხვევით გამოიარა და კომენტარს ვერ მოგვცემს, „ოცნების“ კოორდინატორმა კი თქვა, რომ ტენდერი გამოცხადებულია ჭაბურღილების მოწყობაზე. მას შემდეგ, რაც მას ტენდერის პირობების დაზუსტება ვთხოვეთ, გვითხრა, რომ ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის.

არსებობს თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილება სოფელ ქვედა კვირიკეში სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრისთვის? – კონკრეტული შეკითხვით ქობულეთის მერიის პრესცენტრს მივმართეთ. პასუხი ვერ მივიღეთ. „აჭარის წყლის ალიანსში“ განმარტეს, რომ ამ ეტაპზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება ყოფილი მეურნეობის დასახლებაში წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა ქობულეთში, გია ჭყონიამ „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხა.

„ტენდერს თქვენ რატომ აკონტროლებთ? შედით და ნახავთ… პროექტი არაა ჯერ, საყიდელია, ტენდერი გამოცხადდება მერე, საქმის კურსშია ხელისუფლება,“ – გვიპასუხა გოგიტა ცეცხლაძემ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა.

„ქართული ოცნების“ კოორდინატორს შევახსენეთ, რომ დაპირებებს „ქართული ოცნება“ მის თანასოფლელებს 12 წელია აძლევს და ატყუებს. არის თუ არა ამაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“? – ვკითხეთ კოორდინატორს.

„მე ვაძლევ მათ გარანტიას… „ქართულ ოცნებას“ გაანებეთ თავი, მე, პიროვნულად გელაპარაკებით. გზა მოწესრიგდა ისე, რომ ამნაირი გზა არაა არც ერთ სოფელში. გრაფიკით მიეწოდებათ წყალი, ორი ჭაბურღილის მოწყობაზე შეთანხმებული ვართ ახლა. ასე უცებ გამოიტანო და გააკეთო არაა, თავისი პროცედურა აქვს…

გზის პრობლემა იყო პირველი და ის გავაკეთეთ. ეტაპობრივად დაიწყო ჯერ გზის მოწესრიგება, მერე გაზის,“ – აქცენტის გადატანა სცადა „ოცნების“ კოორდინატორმა. მას ვთხოვეთ დაკონკრეტება, კიდევ რამდენი წელი სჭირდება „ქართულ ოცნებას“ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, რომ სოფელს მინიმუმ სასმელი წყალი ჰქონდეს?

„ქართული ოცნების“ კოორდინატორი სოფელ ქვედა კვირიკეში, გოგიტა ცეცხლაძე. მის ზურგს უკან იქვე მცხოვრები ორი ქალი ვიდეოს გვიღებს – ისინი უწყლობის პრობლემაზე საჯაროდ საუბარმა გააღიზიანა.

„ოპოზიციამ რატომ არ შეიტანა განაცხადი პირადად, რომ ამ სოფელს უჭირს? ინტრიგანობას აკეთებთ, სოფელში გინდათ ხალხი სიგლახით განაწყოთ, რომ ის, რაც კეთდება სოფლისთვის, აღარ გაკეთდეს,“ – „ოცნების“ კოორდინატორთან საუბარში არმენ კარაპეტიანი ჩაერთო, რომელიც მანამდე  მეზობლების გაჩუმებას ცდილობდა, ამჯერად კი, ჩვენ მოგვიწოდა, პრობლემა ხომ გაიგეთ რაცაა, დატოვეთ ტერიტორიაო.

„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ძალოვანი უწყების ავტომანქანის ფონზე „ქართული ოცნებისგან“ მოტყუებული და წლების განმავლობაში უწყლოდ დატოვებული მოსახლეობის გაჩუმებას უშედეგოდ ცდილობს.

„დაპირება იყო რამდენჯერ და არ შესრულდა, ამ შენობაზე ფუნდამენტიც გამოღებულია… ამას უნდა დაეხმაროს არჩევნები, აბა, რისთვისაა არჩევნები? მხოლოდ არჩევნების დროს რომ მოდიან, რომ ხმა მისცე, მარტო ერთი ვინმემ გადმოხედა ამ ხალხს?“ – „ქართული ოცნების“ კოორდინატორს მიუბრუნდა მარინა სურმანიძე.

___

ნახეთ სოფელ კვირიკეში უწყლობის თემაზე 2019 წელს გამოქვეყნებული ვიდეო:

„ემიგრანტებმა პარტიებს გავუგზავნეთ შეკითხვები. ერთმა გვიპასუხა“ – ინტერვიუ აშშ-ი მცხოვრებ ექიმთან

„ემიგრანტები ყურადღების ცენტრში როდის ექცევიან? ძალიან იშვიათად. ჩვენ არჩევნების შემდეგ ყველას დავავიწყდებით. მე ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ უნდა ვასწავლოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ აუცილებელია უკეთესი ურთიერთობა, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მოგვაქციონ ყურადღება. მთავრობის გაგრძელება კი არ უნდა იყოს ხალხი, ხალხის გაგრძელება უნდა იყოს მთავრობა“, – ამბობს “ბათუმელებთან” აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ვასილ ცისკარიშვილი.

ვასილ ცისკარიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად სკოლის მოსწავლე ჩავიდა, ფლექსის გაცვლითი პროგრამით. ხანგრძლივი ემიგრაციის გადაწყვეტილება კი 2002 წელს მიიღო. ის ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს აშშ-ში.

2024 წლის არჩევნების წინ ვასილმა, ისევე როგორც აშშ-ში მცხოვრებმა არაერთმა ქართველმა ემიგრანტმა, წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა.

ის არის ემიგრანტების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო ჯგუფის Geo Vote USA-ს წევრი და აქტიურადაა ჩართული ემიგრანტების მობილიზებაში – დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და მივიდნენ არჩევნებზე.

იმისთვის, რომ თავად შესძლებოდა არჩევნებში მონაწილეობა, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი გაიარა, რაც მოიცავდა ბიომეტრიული პასპორტის განახლებას და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას.

„ბათუმელები“ ვასილ ცისკარიშვილს აშშ-ში ესაუბრა.

  • ბატონო ვასილ, მოგვიყევით რა მიზანი აქვს Geo Vote USA-ს და რისი გაკეთება შეძელით წინასაარჩევნო პერიოდში?

Geo Vote USA – ეს არის არაპოლიტიკური ჯგუფი, რომლის მიზანია აშშ-ში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმაროს იმ ბარიერების გადალახვაში, რაც არჩევნებში მონაწილეობაში უშლით ხელს.

საკოორდინაციო ჯგუფი შედგება 50 ადამიანისგან და მისი დამფუძნებლები არიან ისინი, ვინც ვაშინგტონ DC-ში ცხოვრობენ.

Geo Vote USA თანამშრომლობს ამერიკის ქართულ ასოციაციასთან. ეს ორგანიზაცია შექმნილია 1932 წელს და დაფუძნებულია იმ ხალხის მიერ, რომლებსაც 100 წლის წინ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ მოუწიათ საქართველოს იძულებითი დატოვება.

ეს არის არაპარტიული ორგანიზაცია, რადგან მოგეხსენებათ, მთავრობა კიდევ ბევრჯერ შეიცვლება, ბევრჯერ გამოვა ხალხი კიდევ ქუჩაში, ბევრი პოზიცია იქნება. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია ვერ იქნება მიკერძოებული, არ მიემხრობა რომელიმე პარტიას.

Geo Vote USA-მ და ამერიკის ქართულმა ასოციაციამ ჩაატარა ერთობლივი ბლიცგამოკითხვა იმის შესახებ, თუ რა საჭიროებები აქვს ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას.

  • როგორ გამოჰკითხეთ ემიგრანტები, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა და რა გამოიკვეთა ამ გამოკითხვის შედეგად?

სულ გაიგზავნა 4855 იმეილი, ასევე კითხვარი გავრცელდა აშშ-ში ემიგრანტების სოციალური მედიის ჯგუფებში ფეისბუქზე. ბლიცგამოკითხვა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა. კითხვარის შევსების ბოლო ვადა იყო 15 აგვისტო, თუმცა პასუხები შემოვიდა 18 აგვისტომდე. ამერიკის გარდა პასუხები გამოაგზავნეს იტალიიდან და კანადიდან. რამდენიმე რესპონდენტი იყო საქართველოდან. ეს პასუხები გამოაკლდა საერთო სიას და სულ დარჩა 127 ვალიდური პასუხი.

  • გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა 6 პრობლემური საკითხი.

პირველი და მთავარი – ხალხს აქვს არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა. ამერიკაში მცხოვრები ქართველებიდან მხოლოდ 0,6-დან 1%-მდე თუ მოახერხებს, რომ ჩამოვიდეს აშშ-ში გახსნილ სამ საარჩევნო პუნქტში და მისცეს ხმა. ეს არის ძალიან მცირე პროცენტი. ემიგრაციაში ხალხს რა უნდა, ამით ვერ გაიგებ. ეს მსგავსია იმისა, რომ, მაგალითად, ქუთაისში ან თბილისის ორ უბანზე ჩავატაროთ მხოლოდ არჩევნები და იქ მისული ამომრჩევლის არჩევანით განისაზღვროს, ვინ მართავს ქვეყანას. ეს აბსურდია.

მეორე იყო დოკუმენტების დისტანციური განახლება, გადახდის მეთოდები და საკონსულოს მომსახურების პრობლემები. 

ვთქვათ, გინდათ, რომ აღიდგინოთ მოქალაქეობა: ჯერ ფიზიკურად მისვლით განცხადება უნდა შეიტანოთ საკონსულოში, მერე თავიდან დანიშნოთ ვიზიტი, მიხვიდეთ და თითის ანაბეჭდები ჩააბაროთ. ასევე, საკონსულოში ვიზიტის დრო საკმაოდ ლიმიტირებულია. მაგალითად, ახლა რომ მოინდომოთ დანიშვნა, ვიზიტი შესაძლებელი იქნება ალბათ ორი თვის შემდეგ. ამიტომ ეს გადაწელილი ვადები, ის ფაქტი, რომ არ შეგიძლიათ იოლად მიხვიდეთ საკონსულოში, აღიდგინოთ თქვენი საბუთები, დიდი პრობლემაა.  

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ემიგრანტებს აქვთ, ეხება უფასო იურიდიულ სერვისს, რომელიც ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხების შესახებ კონსულტაციას გაუწევდა მოქალაქეებს. 

მეხუთე პრობლემა, რომელიც ემიგრანტების გამოკითხვით გამოიკვეთა, ეხება კონსულების არჩევითობას.

იმის გამო, რომ კონსულები ახლა მაინცადამაინც ემიგრანტებზე არ არიან ორიენტირებულნი, იქნებ ისე მოხდეს, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებიდან სამომავლოდ ჩვენ ავირჩიოთ კონსული.   

მეექვსე საკითხი იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, საიდანაც დიასპორის წარმომადგენლებს შეეძლებათ საქართველოში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა.

ეს რას ნიშნავს? საქართველოდან გადინებული ინტელექტი მიმოფანტულია მთელ მსოფლიოში. მე ვარ ექიმი, ვიღაც არის ფიზიკოსი, ვიღაც ეკონომისტი, ვიღაც აგრონომი და ა.შ. ეს ცოდნა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, შეიძლება გადავცეთ ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ჩვენგან ცოდნის გაზიარება სჭირდება.თ  

  • რა ბედი ეწია ამ გამოკითხვის შედეგებს?

ბლიცგამოკითხვიდან მიღებული შედეგები გავაცანით გამოკითხულ ადამიანებს და ვუთხარით, რომ მას გავუგზავნიდით ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ და დაველოდებოდით პასუხებს. თითქმის ყველა პარტიას მივაწოდეთ ამ გამოკითხვის შედეგები, ზოგიერთის საკონტაქტო ინფორმაცია ვერსად ვნახეთ. 12 სექტემბრამდე მივეცით პასუხების ვადა. 

მივწერეთ, თუ რა პრობლემები აქვთ ემიგრანტებს და გვაინტერესებს, თუ მთავრობაში მოხვალთ, ამ საკითხებს როგორ გადაწყვეტთ და რა ვადებში.

როგორ ფიქრობთ, ჩვენ მიერ გაგზავნილ წერილებზე 12 სექტემბრამდე რამდენმა პარტიამ გაგვცა პასუხი?

არც ერთმა.

შემდეგ კი შემოვიდა დაგვიანებით ერთი პასუხი, მაგრამ იცით რა არის? ჩვენ უნდა ვასწავლოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ აუცილებელია უკეთესი ურთიერთობა, როდესაც სოციალურად აქტიურ ჯგუფებს, ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას მოგვაქცევენ ყურადღებას. ეს იდეები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, არ უნდა მოდიოდეს ზემოდან ქვემოთ, ეს უნდა მოდიოდეს ქვემოდან ზემოთ.

მთავრობის გაგრძელება კი არ უნდა იყოს ხალხი, ხალხის გაგრძელება უნდა იყოს მთავრობა. ამის შეგრძნება დღეს საქართველოში არ არსებობს. ჩვენ ლამის ბრმად ვირჩევთ ადამიანებს, რომლებიც მოდიან მთავრობაში და შემდეგ გვეუბნებიან, თუ როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ, ვინ იქნება ჩვენი მოსამართლე და ა.შ.

დღევანდელი პერსპექტივა ასეთია – მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც პოპულარულია, ვიღაც უფრო მეტად ჩანს ტელევიზორში, ვიღაც გრავიტაციის ძალებს ებრძვის სიმძიმეების აწევით… ისინი შედიან პარლამენტში.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის, რომ არსებულ პრობლემებზე ჰქონდეთ რეაქცია პოლიტიკურ პარტიებს, მინიმუმ თავიანთი ხედვა მაინც გაგიზიარონ, თუ როგორ ფიქრობენ პრობლემური საკითხების გადაჭრას?

ემიგრანტები ყურადღების ცენტრში როდის ექცევიან? ძალიან იშვიათად. ჩვენ არჩევნების შემდეგ ყველას დავავიწყდებით, მე ამაში დარწმუნებული ვარ.

33 წელია, რაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობს. რამდენი არჩევნები ჩატარდა? ეს პრობლემები, მე რაც ჩამოვთვალე, ერთხელ კი არ იყო პრობლემა, ყველა არჩევნებზე იყო.

არასდროს არ გადაწყდა მთავარი პრობლემა – არჩევნებში მონაწილეობა იყოს უფრო იოლი. ამერიკაში წერილობით ხმის მიცემის პრაქტიკა არსებობს. ამ პრაქტიკის გამოყენება ხომ შეიძლება? ონლაინ ხმის მიცემა ხომ უკვე შესაძლებელია? ესტონეთის მაგალითი გვაქვს.

არსებობს ხმის მიცემის ისეთი მეთოდები, როდესაც არამხოლოდ 0,6 %-ს, არამედ უმრავლესობას შეგვეძლება ხმა მივცეთ.

მე, პირადად, ძალიან მინდა ისეთი პარტიები მოვიდნენ მთავრობაში, რომლებიც არ იქნებიან თანხვედრაში პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც დღეს საქართველოს მართავს. მეორე მხრივ, ასევე არ მინდა ისეთი პოლიტიკური ძალა ან ძალები მოვიდნენ, რომლებიც ამ ოთხწლიან ციკლს თავიდან გაიმეორებენ. შესაძლებლობა, რომ ამაზე რამე ზეგავლენა მოვახდინოთ, არის დღეს და ეს არ იქნება შემდეგ, როცა მათ ხმას მივცემთ.

რა ბარიერების გადალახვა უწევთ აშშ-ში მცხოვრებ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისათვის

  • ამ პრობლემების ფონზე, რა გზის გავლა მოუწევთ ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს 26 ოქტომბერს იმისათვის, რომ საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ?

ამერიკის ვიზუალური რუკა ყველას აქვს ნანახი. ამ რუკაზე, უკიდურეს მარცხენა მხარეს, სან ფრანცისკოში, არის ერთი საარჩევნო უბანი. ასევე, უკიდურეს მარჯვენა მხარეს, ანუ აღმოსავლეთ სანაპიროზე არის ორი საარჩევნო უბანი  – ეს არის ვაშინგტონსა და ნიუ იორკში. ნიუ იორკში ორ საარჩევნო პუნქტს კი გახსნიან, მაგრამ გეოგრაფიული განაწილების კუთხით თუ შევხედავთ, მაინც ერთ გეოგრაფიულ წერტილშია ეს ორი საარჩევნო პუნქტი.

მანძილი ამ საარჩევნო პუნქტებს შორის არის ძალიან დიდი. ამერიკა უზარმაზარი ქვეყანაა. შუა ამერიკიდან რომ დაიძრას ადამიანი ხმის მისაცემად რომელიმე პუნქტისაკენ, ერთი დღე მარტო გზაში უნდა იყოს. მანქანით თუ წამოვა იმ შემთხვევაში.

რაც შეეხება ფრენას. ჯერ უნდა აიღო შვებულება, მერე იყიდო თვითმფრინავის ბილეთი, რომელიც იმდენად ძვირია, რამდენადაც შორს ცხოვრობ საარჩევნო უბნიდან. მაგალითად, თუ ტეხასში ცხოვრობ 350-400 დოლარი გჭირდება, რომ ჩამოფრინდე. მერე სასტუმრო გჭირდება, მინიმუმ ერთი ღამე. სან ფრანცისკო, ვაშინგტონი და ნიუ იორკი ისეთი ქალაქებია, რომ სასტუმრო ძალიან ძვირია. სასტუმროში 100-150 დოლარი მინიმუმ გჭირდება. შესაბამისად, საბოლოოდ დიდ თანხაზე გადის.

კიდევ სად იყრის ბევრი ქართველი თავს – დასახელებული საარჩევნო პუნქტების გარდა, ეს არის ფილადელფია, მაიამი, ჩიკაგო, ატლანტა, ლოს ანჯელესი.

ასევე შუა ამერიკაში ბევრი ქართველია მიმოფანტული, ერთიანობაში არ ჩანან, მაგრამ საკმაოდ დიდი ჯგუფია.

ალბათ იმათაც უნდა გაუხსნან ცალკე საარჩევნო უბანი, კოლორადოში ან ტეხასში.

ეს ბარიერები სამომავლო არჩევნებისთვის ისევ დარჩება ბარიერებად. რადგან ამერიკის ზომა არ შემცირდება, უნდა შემცირდეს ის ბარიერები, რაც ფიზიკურად წასვლა-წამოსვლას და ამდენი ფულის ხარჯვას მოითხოვს. ასევე ვფიქრობ, საფოსტო გზავნილით ხმის მიცემაც უნდა გახდეს შესაძლებელი.

  • თქვენ რომელ ქალაქში ცხოვრობთ, სად და როგორ გეგმავთ ხმის მიცემას? 

ვირჯინიაში ვცხოვრობ. იღბლიანი ვარ ამ კუთხით, რომ ძალიან შორს არ ვცხოვრობ. სადღაც 200 მილი მაქვს გასავლელი. სამ-საათნახევარში ჩავალ. ხმას ვაძლევ ვაშინგტონში. მეც და ჩემს მეუღლესაც 26 ოქტომბრისთვის შვებულება გვაქვს აღებული. მანქანით ჩავალთ, მეგობართან დავრჩებით, მეორე დღეს მივცემთ ხმას და შევხვდებით სხვა ქართველებს.

Geo Vote USA-ს ამერიკის ქართულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, დაჯავშნილი გვაქვს პარკი, სადაც შევხვდებით სხვადასხვა შტატიდან ჩამოსულ ქართველებს და ვისაუბრებთ მათთან ერთად. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ გვინდა ერთმანეთს შევხვდეთ და გავიცნოთ.

ძალიან ვერიდები გავაკრიტიკო ქართული პოლიტიკური სპექტრი, მინდა საქართველოს მომავალი ჩაბარდეს ისეთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან მართლა ხალხისთვის, გააკეთებენ საქმეს და არ ექნებათ ცარიელი დაპირებები, მათგანაც უნდა დავინახოთ სასიკეთო ცვლილებების მოტივაცია.

აუცილებელია, რომ მათ ძალაუფლება გაყონ ხალხთან. ეს არ არის მარტო ემიგრანტების პრობლემა. მათ უნდა გაუყონ ძალაუფლება ხალხს.

  • როგორ უნდა მოხდეს ეს?

ჩვენ მსგავს ორგანიზაციებს უფრო მეტად უნდა მოუსმინონ. ამერიკაში მივეჩვიეთ იმას, რომ როცა რამე გვაწუხებს, შეგვიძლია მივწეროთ კონგრესმენს, პრეზიდენტს. მე, მაგალითად, ორჯერ მივწერე პრეზიდენტს და ორივეჯერ მომივიდა პასუხი.

სამწუხარო კიდევ ის არის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში არიან ან მოსვლა უნდათ, აქ აქვთ განათლება მიღებული. ანუ იციან ეს ყველაფერი როგორ მუშაობს.

მე მინდა, რომ ეს შეიცვალოს, უკუკავშირის და კომუნიკაციის  გარეშე არაფერი შეიცვლება. ჩვენი კომუნიკაციის შემოფარგვლა მოკლე ვიდეოების  ჩაწერით და ორწუთიანი შეკითხვების დასმით არაფერს წაადგება, დროის კარგვაა.

ახლანდელი რეალობა ასეთია: იმხელა დინოზავრი გვყავს უკან რუსეთის სახით, მაინც გვიწევს მივცეთ იმ პარტიებს ხმა, რომლებიც, დღეს რეაგირებას არ ახდენენ ჩვენ მიერ გაგზავნილ შეკითხვებზე, მაგრამ, როგორც მინიმუმი, ევროპისა და ამერიკისკენ აქვთ გეზი. 

ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. მე არ ვიცი პირადად ვის მივცემ ხმას, დაველოდები პარტიებისგან ჩვენს კითხვებზე პასუხს და მერე გადავწყვეტ. 

„ოცნების“ დეპუტატი უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს დაარედაქტირებს – გრიფირება გააუქმეს

პედაგოგი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, გიორგი ჯავახიშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესი შეაჩერა და ავტორებისა და გამომცემლობებისგან მალულად დაიწყო უახლეს ისტორიაზე მუშაობა. წიგნის რედაქტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი იქნება.

„ეს ადამიანი 13 სექტემბერს გორში გამართულ აქციაზე იდგა და ტაშს უკრავდა ბიძინა ივანიშვილს, როცა მან განაცხადა, რომ „ოსების ცეცხლის ალში გახვევის გამო“ ქართველმა ხალხმა ბოდიში უნდა მოვიხადოთ.

მეორე მხრივ, სოსიაშვილი არის მოქმედი პარლამენტარი, რომელმაც ხელი მოაწერა, როგორც რუსულ კანონს, ისე ჰომოფობიურ კანონს და ასევე მხარი დაუჭირა გენდერული კვოტების გაუქმებას. შესაბამისად, მისი ყოფნა ამ სახელმძღვანელოს რედაქტორის პოზიციაზე აჩენს პოლიტიკურ კითხვებსაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ჯავახიშვილი.

  • ბატონო გიორგი, რა ხდება მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ირგვლივ და რა მიზეზით შეაჩერა გრიფირება სამინისტრომ, თუ გაქვთ ინფორმაცია?

2022 წლის შემოდგომიდან, როცა დაიწყო ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა სკოლებში, უნდა გამოცემულიყო ამ სტანდარტის შესაბამისი სახელმძღვანელოებიც X, XI და  XII კლასებისთვის.

2022 წლისთვის მომზადდა მე-10 კლასის სახელმძღვანელო და საქართველოს და მსოფლიო ისტორიები ცალ-ცალკე გამოიყო. კვირაში ორი საათი საქართველოს ისტორიას ეთმობა, ორი კი – მსოფლიო ისტორიას.

რამდენიმე წიგნი არსებობდა, ერთ-ერთი და მთავარი ხიბლი იყო ის, რომ წიგნები იწერებოდა ავტორთა ჯგუფის მიერ და განხილვის პროცესში ვიყავით ჩართული პედაგოგებიც.

ამ პროცესში მონაწილეობდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, რომ შერჩეული თემები თანხვედრაში ყოფილიყო ადამიანის უფლებებთან და სათანადოდ წარმოჩენილიყო ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების ღვაწლიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ასე გრძელდებოდა 2024 წლამდე.

გიორგი ჯავახიშვილი

2023 წლისთვის მომზადდა მე-11 კლასის სახელმძღვანელო ასევე ორ ნაწილად და აქაც ცალკე გამოიყო საქართველოს ისტორია. გამოცხადდა კონკურსი, გამომცემლობებმა და ავტორთა ჯგუფებმა როცა შექმნეს შავი ვერსიები, იგივე პროცესი განმეორდა თავისი რეცენზირებებით, განხილვებით და ასე შემდეგ.

შარშანვე უნდა დაწყებულიყო მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოების შედგენაც, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სამუშაო ვერსიების შექმნის და მათი გადაგზავნის შემდეგ, განათლების სამინისტრომ გაზაფხულზე გრიფირების პროცესი შეაჩერა.

  • რა მიზეზით, ახსნა სამინისტრომ?

არა. გაურკვეველი მიზეზების გამო. ერთ-ერთი არგუმენტი, რაც ზედაპირულად ახსენეს იყო ის, რომ თითქოს ახალი სახელმძღვანელოები არ ჯდებოდა ეროვნულ სტანდარტსა და მიზნებში.

  • რომელ მიზნებზე იყო საუბარი, არ განუმარტავთ?

ქრონოლოგიაზე იყო თითქოს საუბარი.

ახლა კი, უცებ, წინა პარასკევს ნათელი გახდა, რომ მე-12 კლასში ისევ უნდა ვისარგებლოთ 2012 წელს გრიფმინიჭებული წიგნებით, რომლებიც სულაკაურმა და დიოგენემ გამოსცეს. უბრალოდ, ამ წიგნებში არის დიდი ხარვეზი, რადგან ძალიან დამამცირებელი ნარატივია გაჟღერებული საქართველოს პირველი რესპუბლიკის  შესახებ.

  • რას გულისხმობთ დამამცირებელ ნარატივში?

2012 წლის სახელმძღვანელოში ეწერა, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობა არ ომობდა, რომ თითქოს ორ კვირაში დამარცხდნენ და მიატოვეს ქალაქი. არადა, თვე-ნახევარი იომეს ლამის საბჭოთა არმიის წინააღმდეგ. უბრალოდ, უკან დაიხიეს და შემდგომ საბჭოთა ჯარმა დრო იხელთა.

საუბარია იმაზეც, რომ თითქოს ბრძოლები არ გაგრძელდა დასავლეთ საქართველოში, რაც ტყუილია. ვიცით, რომ ბათუმში იყო ბრძოლები და მაზნიაშვილი ჯერ საბჭოთა ჯარს ეომებოდა, შემდეგ – ოსმალებს. თითქოს მარცხისა და სირცხვილის ეპიზოდი იყო პირველი რესპუბლიკა ქართველთა ცხოვრებაში, ისეა წარმოჩენილი.

  • ვინ არიან ამ წიგნის ავტორები, ვინ დაწერა ეს?

თავის დროზე ეს დაწერა გიორგი სანიკიძემ, რომელიც კარგი ისტორიკოსია, თუმცა შუა საუკუნეების და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის მცოდნეა და რატომღაც ხელი მოჰკიდა უახლესი ისტორიის შეფასებას. ასევე იყო რევაზ გაჩეჩილაძე (თუ არ მეშლება), რომელიც ძალიან კარგი დიპლომატია, მაგრამ საქართველოს ისტორიას ნაკლებად იცნობს, უფრო ევროპული მე-20 საუკუნის ისტორიის სპეციალისტია.

  • რატომ იმუშავეს უახლეს ისტორიაზე, როგორ ფიქრობთ?

ეს 2012 წლის ამბავია და მაშინ სხვა ისტორიკოსები ქვეყანაში ფიზიკურად არ იყვნენ.

ახალი და უახლესი ისტორიის კვლევები ბოლო პერიოდში არნახულად გაიზარდა. მარტო მედიაში რა კუთხითაც შუქდება საბჭოთა წარსულის ისტორიები, ესეც კი დიდ ცოდნას და გამოცდილებას იძლევა.

წამოვიდა ისტორიკოსების ახალი თაობა, რომლებმაც 2010-იან წლებში მიიღეს განათლება და უფრო მეტად აქვთ დღეს წვდომა არქივებზე. შესაბამისად, ახალი ნარატივებია საჭირო.

  • რა გაარკვიეთ მე-12 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე, ვინ იმუშავებს და როდის აპირებენ გამოცემას?

როგორც ვთქვი, გაზაფხულზე შეჩერდა გრიფირების პროცესი და ერთი კვირის წინ აღმოჩნდა ასეთი ამბავი, რომ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის იწერება საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად  საავტორო მასალა-რესურსი, რომლის რედაქტორიცაა „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი.

სახელმძღვანელო უნდა დაწეროს თსუ-ს პროფესორმა დიმიტრი შველიძემ, რომელიც ნამდვილად უბადლო ისტორიკოსია. უბრალოდ შველიძეს არ უთხრეს, რომ ეს პროცესი კონკურსის გვერდის ავლით, ავტორებისა და გამომცემლობების ჩართულობის გარეშე კეთდება. მეთოდურ მხარეს კი უხელმძღვანელებს ნიკოლოზ სილაგაძე, რომელიც განათლების სამინისტროს თანამშრომელია.

ამ პროცესში მთავარი აქტორი არის გიორგი სოსიაშვილი. მე, როგორც მასწავლებელი, ისტორიის მკვლევარი, სწორედ მის რედაქტორობაში ვხედავ პრობლემას შემდეგი გარემოებების გამო: პირველი მიზეზი არის ის, რომ  სოსიაშვილი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის სპეციალისტია, ნაკლები ცოდნა აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაზე პოლიტიკური კონტექსტების ჩაშლის კვალდაკვალ, რადგან  შუასაუკუნეების და მეორე მხრივ, საბჭოთა საქართველოს მკვლევარი ერთად ვერ იქნები. სტომატოლოგი და ქირურგი რომ ერთი და იგივე ადამიანი იყოს, დაახლოებით ასეთი ამბავია.

მეორე მხრივ, გიორგი სოსიაშვილს არ აქვს სასკოლო სახელმძღვანელოზე მუშაობის არანაირი გამოცდილება, არც მასწავლებელია და არც სასკოლო კვლევებთან აფილირებული.

ამას ემატება ისიც, რომ სახელმძღვანელო იწერება ფარულად, კონკურის გარეშე, გამომცემლობებისა და ავტორთა ჯგუფის გვერდის ავლით. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ სოსიაშვილი არის „ქართული ოცნების“ მოქმედი პარლამენტარი და ე.წ „გამჭვირვალობის“ კანონის ხელმომწერი დეპუტატი, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია, როგორც რუსული კანონი.

ის ხელმომწერია ასევე ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული მეორე, ჰომოფობიური კანონის და ხელმომწერია გენდერული კვოტის გაუქმების. შესაბამისად, მისი ყოფნა ამ სახელმძღვანელოს რედაქტორის პოზიციაზე აჩენს პოლიტიკურ კითხვებსაც.

მით უმეტეს, რომ გიორგი სოსიაშვილი 13 სექტემბერს იმყოფებოდა გორში აქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ „ოსების ცეცხლის ალში გახვევის გამო“ ჩვენ ანუ ქართველმა ხალხმა ბოდიში უნდა მოვიხადოთ და ამ განცხადების დროს ის ტაშს უკრავდა ივანიშვილს.

შესაბამისად, გიორგი სოსიაშვილის ყოფნა გარდა აკადემიური და საგანმანათლებლო კრიტიკისა, აჩენს პოლიტიკური კრიტიკის ადგილსაც.

  • პოლიტიკური მიკერძოებულობის ეჭვს ბადებს?

საქართველოში უახლესი ისტორია მუდმივად არის დისკუსიის საგანი. ის იმ დანაკარგებთან და ტკივილთან არის გადაჯაჭვული, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ქართველმა ხალხმა განიცადა, იქნება ეს ცხინვალისა თუ აფხაზეთის კონფლიქტები, საბჭოთა ტერორი და ასე შემდეგ.

პოლიტიკური სივრციდან მუდმივად იდევნებოდა რუსეთ-საქართველოს ომი, აფხაზეთის კონფლიქტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხი და ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს. ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს იმაზე, თუ რა ტიპის ნარატივს ამუშავებს განათლების სამინისტრო უახლეს ისტორიაში, სოსიაშვილის რედაქტორობით.

  • „ქართული ოცნება“ ხშირად წერს მისთვის სასურველ ისტორიას. ამ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებისგან ვისმენთ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, ივანიშვილმა კი ფაქტობრივად პირდაპირ დაადანაშაულა საქართველოს მაშინდელი მთავრობა „ცეცხლის გაჩაღებაში“. რადგან მე-12 კლასის სახელმძღვანელო უახლეს ისტორიას ეხება, ფიქრობთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამ ნარატივის გაჟღერებას სახელმძღვანელოშიც ეცდება?

ვფიქრობ, რომ კი.

ბევრი მოსწავლისთვის, ისტორიის სახელმძღვანელო არის ერთადერთი წიგნი ისტორიაზე, რომელსაც ცხოვრებაში კითხულობენ. მოსწავლეების უმეტესობა სკოლის შემდეგ, თუ, მაგალითად, არ ირჩევს კინემატოგრაფიას, ლიტერატურას, ჟურნალისტიკას ან ისტორიას, ისტორიულ წიგნებს ნაკლებად კითხულობს.

შესაბამისად, არადემოკრატიული რეჟიმებისთვის ფუნდამენტურია, რომ შექმნან  ისეთი სასკოლო ნარატივი და ისეთი გარემო სკოლებში, რომ ერთ სახელმძღვანელოში ამოკითხული ინფორმაცია მთელი ცხოვრება გაჰყვეს ადამიანს.

ამიტომ თუკი „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ დაიწერება სახელმძღვანელოები, სადაც  რუსეთი არ არის ღიად ბრალდებული აგრესიაში, თუკი ირიბად იქნება წარმოჩენილი მისი როლი საქართველოს ოკუპაციაში და ცალმხრივად იქნება ის საგარეო კურსი, რომელიც 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს გააჩნდა, ესეც კითხვებს და სკეპტიციზმს გააჩენს დასავლეთის მიმართ.

გარდა ამისა, როგორც წესი, მე-12 კლასის სახელმძღვანელოებშია ადამიანის უფლებები და გლობალური კონტექსტები, რომელიც ამ სახელმძღვანელოში შეიძლება გააქრონ. დიმიტრი შველიძემ რომც დაწეროს, დარწმუნებული ვარ, სოსიაშვილი დააცენზურებს.

  • თქვენ ამბობთ, რომ დიმიტრი შველიძე კომპეტენტური, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მეცნიერია. როგორ ფიქრობთ, ის ხელს მოაწერს გაყალბებულ ისტორიას, თუკი ამის მცდელობა ექნება „ქართულ ოცნებას“?

ვფიქრობ, დიმიტრი შველიძის სახელს იყენებენ ლეგიტიმაციისთვის. შესაძლოა არც კი აჩვენონ საბოლოო ვერსია. მსგავსი რამ ხდება ხოლმე ავტორიტარულ რეჟიმებში, მაგალითად, უნგრეთში და ნაწილობრივ თურქეთშიც.

  • როგორ ხდება ეს?

მეცნიერებს აწერინებენ ტექსტებს, აქედან ნახევარს ტოვებენ და მეორე ნახევარს არედაქტირებენ. დარედაქტირებული ტექსტით რედაქტორის ხმა ისმის და არა ისტორიკოსის. ალბათ ასეთ შემთხვევასთან გვექნება საქმე.

როგორც ჩანს, შველიძეს არ უთხრეს, რომ ის იქნება იმ წიგნის პოტენციური ავტორი, რომელიც კონკურსს გარეშეა გამოცხადებული და ყოველგვარი კანონდარღვევით იწერება.

  • ეს ხომ ნაშრომის გაყალბებაა?

დიდი ალბათობით მსგავსი პროცესი წარიმართება.

თუ შველიძე ამას გააპროტესტებს, ესეც პოსტფაქტუმ იქნება. წიგნი შევა სკოლებში და მერე გასკდება ამბავი, როცა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები აღმოაჩენენ დიმიტრი შველიძის „დაწერილ“ ისტორიულ ამბებს.

  • როგორ შეიძლება ამის პრევენცია, რომ არ მივიღოთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პოზიციიდან დანახული საქართველოს ისტორიის ანალიზი?

განათლების სამინისტრომ თავიდან უნდა გამოაცხადოს კონკურსი, რომელიც დაკომპლექტდება იმ ფიგურებით, რომლებიც არ არიან აფილირებული პოლიტიკურ პარტიებთან და წარმოადგენენ მიუკერძოებელ აკადემიურ სივრცეს. მეორე მხრივ, სასკოლო სივრცეს, დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და ასე შემდეგ.

კონკურსი არ არის გამოცხადებული და ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ წიგნი მზადდება. ინფორმაცია გასაჯაროებული არ არის, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს მოხდება ობიექტური, კრიტიკული და კომპეტენტური საზოგადოების ჩართვის გარეშე.

  • ხომ არ გისაუბრიათ დიმიტრი შველიძესთან, გქონდათ მცდელობა თქვენი არგუმენტები გაგეზიარებინათ მისთვის?

დიახ, ვესაუბრე დიმიტრი შველიძეს. არ დავარედაქტირებინებ სოსიაშვილს ჩემს ნაშრომსო – ასეთი იყო მისი პოზიცია. ის მყარად დგას პოზიციაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ დაწერს იმ სიმართლეს, რომელიც მის სტატუსს და კომპეტენციას შეესაბამება. რომ ის არ იკადრებს ისეთ რამეს, რაც პროფესორს არ ეკადრება.

მაგრამ ერთია შველიძის მყარი პოზიცია და მეორე განათლების სამინისტროს მიზნები. ასევე ის ავტორიტარული გარემო, რაც ქვეყანაში გვაქვს.

  • რამდენიმე დღეა, რაც სკოლა დაიწყო. გამოდის, რომ მეთორმეტეკლასელებს ისტორიის სახელმძღვანელო არ აქვთ. რაზე დაყრდნობით უნდა ისწავლონ?

მსოფლიო ისტორიას ისწავლიან 2012 წელს გამოშვებული წიგნებით, საქართველოს ისტორიის ახალ ნაწილზე კი, როგორც ვთქვით, სოსიაშვილის დარედაქტირებული წიგნი-რესურსი უნდა შემოვიდეს.

  • როდის უნდა გამოიცეს ეს წიგნი?

2025 წლის ზამთრიდან უნდა ჩაუშვან, როგორც გავიგეთ.

  • ასე სწრაფად იწერება სახელმძღვანელოები?

სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკა არსებობს ბოლო წლებია საქართველოში, რომ 90 დღეში იწერება სახელმძღვანელოები, რომლებიც მომდევნო 4 ან 8 წელი უნდა იყოს ჩაშვებული სასკოლო სისტემაში. ადრე ამ პრობლემაზე ბლოგიც მეწერა, სადაც ჩაწერილი მყავდა ლუიზიანაში მცხოვრები ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, ალექსანდრე მიქაბერიძე.

ის ამბობდა, რომ ლუიზიანაში სამი წელი მარტო სახელმძღვანელოს ელემენტარული შინაარსის და სარჩევის შედგენას მოვუნდითო, ჩვენთან კი 90 დღეში დგინდება სარჩევიც, თემატიკაც, ქრონოლოგიაც და საკითხებიც. ის, რასაც ამერიკა ანდომებს 3 წელს, ჩვენთან წყდება ერთ კვირაში.

  •  გამოდის, მე-12 კლასამდე ბავშვებს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ ცოდნა არ აქვთ?

დიახ, ნამდვილად ასეა. მე-9 კლასში ისწავლება მხოლოდ საქართველოს უახლესი ისტორია კომბინირებულად მსოფლიო ისტორიასთან. მე-10 კლასში კი ისტორიის სწავლება თავიდან იწყება ძვ.წ. აღრიცხვიდან და ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები შემოდის მე-12 კლასში.

ძალიან პრობლემურია ასეთი გადანაწილება. ცალკე პრობლემაა ეს ორი სახელმძღვანელოც, რადგან მასალა უსაშველოდ დიდია და ვერ ვასწრებთ პროგრამის სრულყოფილად გავლას. ხშირად საკითხები ამოვარდნილია მოსწავლის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან, ნაკლები ბმა აქვს მსოფლიო ისტორიის კონტექსტებთანაც.

„ქართლი ოცნების“ დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, რომელიც ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა.

 

 

ბათუმში 10 ახალი ავტობუსი შემოვიდა, 15 გზაშია

ბათუმის საქალაქო ტრანსპორტს 10 ახალი ავტობუსი დაემატა. ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ დღე-დღეზე ქალაქში კიდევ 15 ახალი ავტობუსი შემოვა. მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ახალი 12-მეტრიანი ავტობუსებით ხელვაჩაურისა [N12] და სარფის მიმართულებით [N16] მოძრავ 10-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამ ხაზებზე მოძრავ 10-მეტრიან ავტობუსებს კი, ქალაქის სხვადასხვა ხაზზე დაამატებენ, თუმცა რომელ ხაზებზე – ეს „ავტოტრანსპორტში“ არ დაგვიკონკრეტეს.

„ავტოტრანსპორტში“ ასევე გვითხრეს, რომ დაგეგმილია ქალაქში ახალი ხაზის გახსნაც, თუმცა კონკრეტული მარშრუტი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ახალი ხაზი თამარის დასახლების [„ბენზეს“] მიმართულებით დაინიშნება.

25 ახალ ავტობუსში ბიუჯეტიდან 16,8 მილიონ ლარს გადაუხდიან თურქულ კომპანია otokar otomotiv ve savunma sanayi anonim sirketi-ს [ერთი ავტობუსის ფასია 673 191 ლარი.]

ტენდერის პირობის მიხედვით, კომპანიას არანაკლებ 10 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსი უნდა მოეწოდებინა არაუგვიანეს 2024 წლის 10 სექტემბრისა, ხოლო დარჩენილი 15 ავტობუსის მოწოდების ვადაა – არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბერი“.

ამ თემაზე: ბათუმი ახალ 25 საქალაქო ავტობუსში 16 მილიონ ლარს გადაიხდის

მართალია, 15 ახალი ავტობუსი ჯერ კიდევ შემოსატანია, თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა 10 ავტობუსის ფონზე ახალი ავტობუსების პრეზენტაცია უკვე გამართეს და განაცხადეს, რომ ამით ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება დასრულდა.

მოქალაქეები ბათუმში არაერთი ახალი მუნიციპალური სამარშრუტო ხაზისა თუ არსებულ ხაზებზე ტრანსპორტის დამატებას ითხოვენ.

ახალი ავტობუსები ბათუმში / ფოტო: ბათუმის მერია

„ავტოპარკის განახლების“ ფარგლებში ბათუმში ცოტა ხნის წინ 100 ერთეული არაადაპტირებული მიკროავტობუსიც შემოიტანეს.

მუნიციპალურ მიკროავტობუსებში, რომლებიც ძირითადად ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლების მიმართულებით მოძრაობენ, მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი.

ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გონიოს მიმართულების გარდა, ცოტა ხნის წინ კიდევ რამდენიმე ხაზი დაემატა. ამ ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების კონკრეტულ მარშრუტებს „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“ მიღებისთანავე აქვე მოგაწვდით.

___

ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტები და ფასები ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმი 100 მიკროავტობუსს იყიდის

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მერიის ფეისბუქგვერდიდან

 

რა პროდუქტებს აერთიანებს თიბისი ბიზნესის სხვადასხვა ნაკრები

ქართულ ბაზარზე ინოვაციური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების დამკვიდრება თიბისის მრავალწლიანი ტრადიცია და ყოველდღიური ზრუნვის საგანია. ბანკი აქტიურად მუშაობს, რომ ნებისმიერ ბიზნესს მაქსიმალურად მოქნილი და მიზნობრივი პროდუქტი შესთავაზოს. თიბისის სტრატეგია მკაფიოა – მომხმარებლისთვის ბიზნეს საქმიანობის გამარტივება.

ბიზნეს სეგმენტების კომერციული მართვის სერვის ექსპერტი, ნატო სიდამონიძე, ამ ფაქტს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს:

„ნებისმიერი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნეს საქმიანობის მართვა იყოს მარტივი და მოქნილი; ბიზნეს ნაკრების უპირატესობაც სწორედ ის არის, რომ მომხმარებელმა ცალ-ცალკე აღარ შეიძინოს პროდუქტები, არამედ კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე აირჩიოს სასურველი ნაკრები, სადაც მოქცეულია ყველა საბანკო ინსტრუმენტი, რაც მას სჭირდება.

თიბისი ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს 4 ტიპის ნაკრებს – ისინი აერთიანებენ იმ პროდუქტებს, რომლებსაც ბიზნესები ყოველდღიურად იყენებენ. ეს ნაკრებები ბიზნესის ზომის მიხედვითაა დაყოფილი.

დამწყებ სტარტაპ ბიზნესებს თიბისი 5 ლარიან სტარტაპ ნაკრებს სთავაზობს, რომელშიც თავმოყრილია ყველა ძირითადი საბანკო პროდუქტი, რაც მათ ჭირდებათ საქმიანობისთვის,  ნაკრები აერთიანებს საბანკო ანგარიშს, უფასო ინტერნეტ და მობაილ ბანკს, SMS სერვისს, შეღავათს პოს ტერმინალის ყოველთვიურ საკომისიო გადახდაზე, ვიზა ბარათს, დიჯიპას აპლიკაციას, 5 კომუნალურის გადახდას საკომისიოს გარეშე, შეღავათს თიბისის ელ-კომერციის ყოველთვიურ საკომისიო გადასახადზე.

თუ საუბარი გვაქვს უფრო დიდ ბიზნესზე, რომელსაც უფრო კომპლექსური საჭიროებები აქვს, მაშინ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 10, 20 ან 50 ლარიანი ნაკრები. ეს ნაკრებები ბიზნესებს სთავაზობენ განაღდების მაღალ ლიმიტებს, ბიზნეს ბარათებს, სალარე გადარიცხვებს დამატებითი საკომისიოს გარეშე, სავალუტო გადარიცხვებს შეღავათიანი საკომისიოთი და სხვა.

10 ლარიანი ნაკრები – ბარათი, ანგარიში, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, გადარიცხვა, 5 კომუნალური გადახდა

უფასო ყოველდღიური გადარიცხვა < 500 ლარი

უფასო ყოველდღიური გადარიცხვა 2000 ლარი

20 ლარიანი ნაკრები – ბარათი, ანგარიში, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, გადარიცხვა, 5 კომუნალური გადახდა

უფასო ყოველდღიური გადარიცხვა < 1000 ლარი

უფასო ყოველდღიური გადარიცხვა 10 000 ლარი

50 ლარიანი ნაკრები – ბარათი, ანგარიში, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, გადარიცხვა, 5 კომუნალური გადახდა, მიმდინარე სავალუტო ანგარიში

უფასო ყოველდღიური გადარიცხვა ფიქს. 1 ლარი

უფასო ყოველდღიური გადარიცხვა 15 000 ლარი

თიბისის ბიზნეს ნაკრებები უკვე სამი წელია, რაც არსებობს და მუდმივად ვითარდება – ემატება სხვადასხვა პირობები, რომლებიც მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარეობს. ბიზნეს ნაკრები საშუალებას აძლევს ბიზნესს ისარგებლოს საბანკო პროდუქტებითა და მომსახურებით სწრაფად და მარტივად.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 სექტემბრის 21 საათიდან 21 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის ღელვა 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 22 და 23 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

———-

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 639 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340]
  • ტანკი – 8 725 ერთეული [+20]
  • ჯავშანტექნიკა – 17 132 ერთეული [+39]
  • საარტილერიო სისტემა – 18 212 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 189 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 949 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 469 ერთეული [+52]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 593 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 24 898 ერთეული [+59]
  • სპეცტექნიკა – 3 115 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 31 806 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 303 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 457 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 14 903 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 289 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

კვარიათის სანაპიროზე, კაფე „რაკუშკებთან“ ახლოს კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ

საქმე ისე მიდის, ბეტონის კედელი გონიო – კვარიათის სანაპიროსაც ისევე ჩამოეფარება, როგორც ბათუმის სანაპიროს. როგორც ამბობენ „თუ უკვე არ ჩამოეფარა“. კვარიათის სანაპიროზე, კაფე „რაკუშკებთან“ ახლოს მშენებლობას ამჯერად შპს „ლიცი“ გეგმავს. კომპანიამ პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ბათუმის მერიას უკვე წარუდგინა.

საპროექტო ტერიტორია 2370 კვადრატული მეტრია, ხოლო კონცეფციის ფარგლებში დასაგეგმარებელი ტერიტორია ოთხ მიწის ნაკვეთს მოიცავს და  7500 კვადრატული მეტრია. საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ პატარა ღელე ჩაედინება.

კვარიათის ზღვის სანაპირო აჭარაში დამსვენებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია. აქ ზღვის და მთის ხედები ტურისტებს განსაკუთრებით ხიბლავთ, ამ დრომდე მისი მომხიბვლელობა იმაშიც იყო, რომ სანაპირო მრავალსართულიანი კორპუსებით „არ იყო ჩაბეტონებული“. ბოლო წლებში კი აქ, ისევე როგორც გონიოს სანაპიროზე, მშენებლობები აქტიურად დაიწყო და გრძელდება.

წითლად მონიშნულია საპროექტო მიწის ნაკვეთი – ცისფერი ზოლით კი საკვლევი არეალი – კონკრეტულ ნაკვეთზე კოეფიციენტის გადამეტების მოთხოვნის შემთხვევაში კანონი კვარტალურ კვლევას ითვალისწინებს, ამიტომაც კომპანიამ ბათუმის მერიას განაშენიანების კონცეფცია წარუდგინა, მისი დამტკიცების შემდეგ, კომპანიამ დეტალური კვლევა [გდგ] უნდა მოამზადოს. ამ ეტაპის გავლის შემდეგ კი მშენებლობის ნებართვას მიიღებს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს „ლიცის“ პროექტის კონცეფციაშიც წაიკითხავთ, რომ ქალაქი გენგეგმის გარეშე ქაოსურად შენდება. ასე შენდება კვარიათის სანაპიროც – გენგეგმის გარეშე, შესაბამისად, ქაოსურად.

კონცეფციის მიხედვით შპს „ლიცი“ საკუთარ ნაკვეთზე, ზღვიდან 50 მეტრში, 70 მეტრი სიმაღლის, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს.

კომპანიამ ზონაში დადგენილი კოეფიციენტის გადამეტება მოითხოვა. ასეთ შემთხვევაში კანონი საკომპენსაციო ღინისძიებაზე შეთანხმებას ითვალისწინებს. მერიას მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმის კონცეფციის მომზადებაზე დავალება გაცემული აქვს, შესაბამის ბრძანებას მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2024 წლის 20 მაისს მოაწერა ხელი.

ეს პროექტის რენდერია – კონცეფციის მიხედვით აქ 70 მეტრი სიმაღლის შენობის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ, დადგენილი პარამეტრებით კი 26-30 მეტრი სიმაღლის შენობის მშენებლობა იყო შესაძლებელი.

კონცეფციაში კომპანია მიუთითებს, რომ მზად არის მერიას საკომპენსაციო ღონისძიებაზე შეუთანხმდეს: „დავაფინანსებ ან განვახორციელებ, რასაც მერია დამავალებსო“. კანონის შესაბამისად და ამ დრომდე არსებული პრაქტიკით მერია ძირითადად ნამატი ფართობის 10 პროცენტს სთხოვს ხოლმე, თუმცა შეთანხმების საგანი სხვაც შეიძლება იყოს.

კონცეფციის მიხედვით 18-სართულიან შენობაში 370 აპარტამენტს მოაწყობენ, ამას დაემატება საზოგადოებრივი დანიშნულების, არასაცხოვრებელი ფართობი, დაახლოებით 4 000 კვადრატული მეტრი.

მარცხნივ არსებული სიტუაცია, მარჯვნივ პროექტის რენდერი

შპს „ლიცი“ დიმიტრი ტვილდიანმა 2017 წელს დააფუძნა. ამ დროისთვის კომპანიის ასივე პროცენტს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ ფლობს, ამ კომპანიის მფლობელი კი ასევე დიმიტრი ტვილდიანია. შპს „ლიცის“ საკუთრებაშია ასევე მრავალფუნქციური კომპლექსი „ლიც რეზორტი“ სარფის მთაზე. აქ სამშენებლო ნაკვეთი დიმიტრი ტვილდიანმა სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონის ფორმით შეისყიდა.

„ლიც რეზორტი“ – ფოტო კომპლექსის ფეისბუქის გვერდიდან

კონცეფციაში წერენ, რომ შავ ზღვაზე პროექტის უარყოფითი ზემოქმედების რისკები მინიმალურია. დაბინძურების ალბათობა კი არსებობს მაშინ, თუ ობიექტიდან გატანილი სხვადასხვა სახის ნარჩენები არაკანონიერად განთავსდება მდინარეში ან ზღვაში. ავტორები წერენ, რომ მსგავს ფაქტებს კომპანია მკაცრად გააკონტროლებს.

კონცეფციაში ვკითხულობთ ასევე, რომ  პროექტის განხორციელება პირდაპირ ზემოქმედებას იქონიებს ნიადაგსა და გრუნტზე. საინჟინრო ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობების საძირკვლებისთვის საჭირო ქვაბულების მოწყობის პერიოდში საპროექტო ტერიტორიიდან მოსახსნელი იქნება ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, მისი მართვა კი კანონის შესაბამისად მოხდება.

საპროექტო მიწის ნაკვეთებს ჩრდილოეთიდან სანაპირო, აღმოსავლეთიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილის IX ჩიხი, დასავლეთით – მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიმდინარეობს მრავალსართულიანი სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობა, ხოლო სამხრეთით წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი ესაზღვრება.

კონცეფციის მიხედვით საკვლევ არეალში კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, ერთ ნაკვეთზე განთავსებულია სასტუმროს და საცხოვრებელი დანიშნულების შენობები, ხოლო 2 მიწის ნაკვეთი თავისუფალია.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის გზას, აქ ავტომობილები ინტენსიურად მოძრაობენ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. კვლევის მიხედვით აქ ზაფხულში საათში საშუალოდ 2000-2500 ავტომობილი გადაადგილდება, გზას არ გააჩნია საფეხმავლო ტროტუარები.

კომპანია ავტოსადგომების მოწყობას მიწისქვეშა სართულზე გეგმავს, დაგეგმილია ღია ავტოსადგომების, შიდა გზებისა და გამწვანების მოწყობაც. ობიექტზე შესასვლელ-გამოსასვლელები უნდა მოაწყონ  წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილიდან: ორი შესასვლელ-გამოსასვლელი მიწისქვეშა ავტოსადგომებზე შესასვლელად, ხოლო ერთი – ღია პარკინგისთვის.

კონცეფციის მიხედვით შიდა სატრანსპორტო სქემის მოწყობის პირობებში არ შეიცვლება ობიექტის მიმდებარედ არსებული საგზაო სატრანსპორტო სქემა: ტერიტორია უზრუნველყოფილია ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო ქსელით ტრანსპორტისა და ფეხმავალთა გადაადგილებისთვის.“

კონცეფციაში ვკითხულობთ, რომ  ობიექტზე შესასვლელად ავტომობილს ტროტუარის გადაკვეთა მოუწევს, შესაბამისად მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით ავტომობილების შესასვლელ არეალში საჭიროა საგზაო რეგულაციების დაწესება, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“. კერძოდ, ობიექტის შესასვლელებთან დასამონტაჟებელია შესაბამისი საგზაო გამაფრთხილებელი და მიმთითებელი ნიშნები, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ასევე მძღოლებისთვისაც.

პროექტი 110 ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს მიწისქვეშა სამ სართულზე და ღია პარკინგზე.

„ლიცის“ საპროექტო ტერიტორიის გვერდით მიწის ნაკვეთს ლიანა მამულაშვილი ფლობს. აქ მშენებლობა 2023 წელს დაიწყეს. საინფორმაციო დაფაზე დატანილი რენდერის მიხედვით, სასტუმრო 6-სართულიანი უნდა იყოს. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 1272 კვადრატული მეტრია.

საინფორმაციო დაფა – აქ 6-სართულიანი შენობის მშენებლობის დამკვეთი შპს „ახალი ჯგუფია“

 

 

რა კითხვებს გაურბიან ხელისუფლების მიერ დაჯილდოებული პედაგოგები

საჯარო სკოლის ათი პედაგოგი განათლების სამინისტრომ 13 სექტემბერს დააჯილდოვა. აქედან ორი, აჭარიდანაა. მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოებული ერთ-ერთი პედაგოგი, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ანა ანუშიძეა, მეორე კი სოფელ ახალსოფლის სპორტის მასწავლებელი, ძიუდოისტი ნანი კირკიტაძე.

ხელისუფლების მიერ დაჯილდოებულ პედაგოგებს „ბათუმელები“ ესაუბრა და შეეცადა მათთან ის კითხვები დაესვა, რომლებიც წარმოაჩენს  პედაგოგების პროფესიულ ხედვას და მათ ღირებულებებს. თუმცა კითხვების ნაწილს რესპონდენტებმა არ უპასუხეს. „პოლიტიკურ კითხვებს არ ვპასუხობ“ – გვითხრეს მათ.

ანა ანუშიძე ორ სკოლაში რამდენიმე საგანს ასწავლის, ასევე ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატებსა და მასწავლებლის 60-კრედიტიან პროგრამაში ჩართულ პირებს.

ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია.

ანა ამბობს, რომ სკოლაში სრული დატვირთვა აქვს. კმაყოფილი და გახარებულია ეროვნული პრემიითაც, რადგან მიიჩნევს, რომ ეს დიდი მოტივაციაა მასწავლებლებლობის მსურველი სტუდენტებისთვისაც.

ფინანსური მოტივაცია მთავარია ამ პროფესიაში? – ვკითხეთ მას.

„ორი მოტივაცია გვაქვს – შინაგანი და გარეგანი. მე ვფიქრობ, რომ ვარ საკმარისად სავსე შინაგანი მოტივაციით. როცა დავინახე, რომ ეს შრომა დაინახეს, შენიშნეს და დააფასეს, სახელმწიფო დონის პრემიით, ეს იყო ჩემთვის ენით აღუწერელი სიხარული. ყოველთვის გვიხარია, როცა გარეგანი მოტივაცია ჩვენს შინაგან მოტივაციას ასე ამკობს“, – ამბობს ანა ანუშიძე.

როცა მას ვკითხეთ, ხომ არ ჰქონდა მცდელობა მონაწილეობა მიეღო „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსშიც, ანუშიძემ ამ კითხვაზე პირდაპირ  არ გვიპასუხა.

„რაც უფრო მეტი კონკურსი იქნება, ეროვნულ პრემიასთან ერთად, ნამდვილად არის გასახარი. ვფიქრობ მშობლებისთვისაც კარგი წახალისება იქნება, თუ დაინერგება მშობლების კონფერენცია სასკოლო თემაზე, ან აქტიური მშობლების წახალისებებიც იქნება.

მოსწავლეებს ოლიმპიადები აქვთ და შეუძლიათ დაინახონ, როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ის, რასაც სკოლაში ვაძლევთ“,- ამბობს ანა.

წელს განათლების სამინისტრომ ახალი სახელფასო ფორმულა აამოქმედა, რის შემდეგაც მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგებს დანამატები გაუუქმდათ, რამაც მათი ხელფასების კლება გამოიწვია. უკმაყოფილების ტალღა ამ დრომდე არ ჩამცხრალა. ბევრი პედაგოგი მიიჩნევს, რომ ისინი ხელისუფლებამ მოატყუა და დაჩაგრა.

უკმაყოფილო პედაგოგები თავიანთი უფლებების დაცვას  სასამართლოშიც აპირებენ.

რას ფიქრობთ კოლეგების პოზიციაზე, სამართლიანად მოექცა მათ სისტემა? – ვკითხეთ ანა ანუშიძეს.

„მე თავად ვარ მენტორი მასწავლებელი, ფაქტი არის ის, რომ საათობრივი დატვირთვა და საათობრივი ანაზღაურება თითოეული მასწავლებლისა, მიუხედავად მათი სტატუსებისა, გაიზარდა.

რაც შეეხება წამყვანისა და მენტორის საბოლოო შრომის ანაზღაურებას, ჩემი სახელფასო დატვირთვიდან და ჩემი ანაზღაურებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, სრული დატვირთვა მაქვს და საგრძნობლად გამეზარდა ხელფასი.

რამდენადაც ვიცი, რა ხელფასიც ჰქონდა მასწავლებელს, კონკრეტული დატვირთვით, იმაზე სულ მცირე, 200 ლარით მეტი ანაზღაურების მიღებას შეძლებს“,- გვითხრა მან.

ჩვენ შევეცადეთ მაინც დაგვეკონკრეტებინა მისი პოზიცია და ჩავეკითხეთ, – „თქვენ ფიქრობთ, რომ მასწავლებლებს უსამართლოდ აქვს პრეტენზია სისტემის მიმართ?“, რაზეც ანუშიძემ ასეთი პასუხი გაგვცა:

„ვხედავ ფაქტს, რომ ის უფროსი მასწავლებლები, რომლებიც შესაბამისად ღებულობდნენ თავიანთ ანაზღაურებას, მათ საგრძნობლად გაეზარდათ ხელფასი და მე როგორც მენტორს, მიხარია, რომ მასწავლებლებს გვაქვს საათობრივი გაკვეთილის ანაზღაურება ერთი და იგივე“.

სრული დატვირთვა რომ არ გქონოდათ სკოლაში, მაშინაც კმაყოფილი იქნებოდით? ალბათ მეტი საათი რომ გქონოდათ, ამიტომ ჩააბარეთ სხვადასხვა საგნის გამოცდა – ისევ ვკითხეთ ანას.

მისი თქმით, განსხვავებულ საგნებში გამოცდების ჩაბარება არა საათებს, არამედ მის სხვადასხვა ინტერესს უკავშირდება.

„მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა და კარგი მაგალითია მოსწავლისთვის, რომელსაც ჩვენ მოვუწოდებთ, ისწავლოს სხვადასხვა საგანი.

ზოგადად, ყოველთვის კარგია, როდესაც ხელფასის ზრდა ფიქსირდება. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ფაქტია, ხელფასის ზრდა მოხდა და უამრავი ჩემი კოლეგა აღნიშნავს, რომ ნამდვილად სამართლიანია, როდესაც ერთი გაკვეთილის ჩატარებაში ყველა ღებულობს ღირსეულ ანაზღაურებას.

მასწავლებელი ძალიან ბევრს შრომობს და ვფიქრობ, რომ თანადროულად, იმის შესაბლებლობებიდან გამომდინარე, რაც იქნება ქვეყანაში, ისედაც არის დაგეგმილი პერიოდული მატება ხელფასის და ამას მივესალმები“, – ამბობს ანა ანუშიძე.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ცერემონიაზე, წინა რიგები მთავრობის წევრებს ეკავათ.

მაგალითად, პარლამენტარებმა პირველივე სხდომაზე გაიზარდეს 100 პროცენტით ხელფასი. თქვეს, რომ ინფლაციის გამო 5000-მა ლარმა მსყიდველუნარიანობა დაკარგა და დეპუტატის ხელფასი ხუთიდან 10 ათას ლარამდე გაიზარდა.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიუდგა ასეთივე სტანდარტით სახელმწიფო პედაგოგების ხელფასებს ან პენსიას. ხომ არ ფიქრობთ, რომ არის სოციალური უთანასწორობა? – ვკითხეთ ანა ანუშიძეს.

„რამდენადაც ვიცი, მასწავლებლის ხელფასი არა მხოლოდ 100-200 ლარით, ცალკეულ შემთხვევებში საკმაოდ გაიზარდა. ყველა მასწავლებლის ერთი საგაკვეთილო ანაზღაურება არის თანაბარი. ამაშია საქმე. ყველაზე სამართლიანი სწორედ ის არის, რომ გაკვეთილს წამყვანი ატარებს, მენტორი თუ უფროსის სტატუსის მქონე, ყველა მასწავლებელი სტატუსის მიუხედავად ანაზღაურებას ღებულობს თანაბრად. შესაბამისად, ვთვლი, რომ ის სახელფასო პოლიტიკა, რომელიც არის ამ წუთას, არის ბევრად უფრო განვითარებული და ორიენტირებული თითოეული მასწავლებლის თანაბარ მდგომარეობაში ყოფნაზე, ეს არის ნამდვილად სამართლიანობისკენ მიმართული“ – ამბობს ის.

სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო სკოლებში ბავშვები განიცდიან შიმშილს. არაერთი მოწოდება იყო საზოგადოების, პედაგოგების მხრიდან, რომ სახელმწიფოს დაენერგა სასკოლო კვება. წინა არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დაჰპირდა ხალხს, რომ შეიტანდა სკოლებში კვებას, თუმცა არ შეასრულა დანაპირები.

ამ საკითხზე „ეროვნული პრემიის“ მფლობელი პედაგოგის აზრიც გვინდოდა მოგვესმინა, ამიტომ ანუშიძეს ვკითხეთ, ხედავს თუ არა ამის საჭიროებას სკოლაში და რატომ?

„ორ რამეს აღვნიშნავ ამ შემთხვევაში. პირველი იმას, რომ ჯანსაღი კვება, ბუნებრივია პირდაპირ არის კორელაციაში მოსწავლის გონებრივ განვითარებასთან და განვითარების შესაძლებლობების ზრდასთან. მეორე მხრივ, ამ ეტაპისთვის როგორც ვიცი, ყველა სასწავლო დაწესებულებაში გვაქვს შესაბამისი კვების ობიექტები, სადაც რამდენადაც ვიცი, იქ არსებული მენიუ არის შესაბამისობაში ჯანსაღ კვებასთან და სტანდარტებთან. შესაბამისად, ის ასორტიმენტი, რასაც სთავაზობს [ბუფეტი], ბუნებრივია ვერ იქნება არაჯანსაღი“, – ამბობს ის.

ანასთვის ასვე გვინდოდა კითხვები დაგვესვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე, რომელიც შეჩერდა „რუსული კანონის“ მიღების გამო. გვინდოდა გვეკითხა, რას ფიქრობდა ოკუპაციის თემაზე და ივანიშვილის განცხადებაზე, რომ „გამოვნახავთ ძალებს, ოსებს ბოდიში მოვუხადოთ“, თუმცა ამ კითხვებზე მისი პასუხის მოსმენის შესაძლებლობა არ მოგვეცა.

„თქვენ გინდათ კითხვებს პოლიტიკური შინაარსი მისცეთ და მე მასწავლებელი ვარ“, – გვითხრა მან და ინტერვიუ შეწყვიტა.

მსგავს თემებზე გასაუბრება ვცადეთ „ეროვნული პრემიით“ დაჯილდოვებულ ნანი კირკიტაძესთანაც. თუმცა „პოლიტიკურ კითხვებზე“ საუბარი არც მან ისურვა.

„არ მომისმენია [ოსებთან მობოდიშებაზე] და ვერაფერს გეტყვით. აპოლიტიკური ვარ. თავში მხოლოდ ერთი დარდი მაქვს, ჩემპიონატისთვის ვემზადები, ამაზე ვფიქრობ.

ასეთ თემებზე არასდროს ვსაუბრობ. ჩემი მოვალეობა არის სკოლა, მეტს ვერაფერზე გაგცემთ პასუხს“, – გვითხრა ნანი კირკიტაძემ. თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყნის კურსი ევროპისკენ უნდა წავიდეს, რადგან „ძალიან კარგი პროექტებია და გვინდა, რომ ასეთი რაღაცები იყოს“.

ნანი ამბობს, რომ ეროვნული პრემიის მიღება მოულოდნელი იყო, რადგან მისი აზრით, „ერთი სოფლის მასწავლებელს“ არავინ შეამჩნევდა.

„როცა მითხრეს, რომ საბუთები უნდა წარვადგინოთ რესურსცენტრშიო, იმ დროს თურქეთში მივდიოდი შეჯიბრებაზე და ვუთხარი, სპორტის მასწავლებლებს გონებაჩლუნგებს ეძახიან და რაის პრემიას მომცემენ-მეთქი.

თუმცა ბევრი წარმატება მაქვს, ბევრი ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონი მყავს გაზრდილი და ვცდილობ, ჩემი სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩავრთო სპორტის ყველა სახეობაში.

მაქვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდებაც“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, ზოგადად სპორტული ინფრასტრუქტურა სკოლებში გასამართია და ცდილობს, რომ ამ მხრივაც რაღაც შეცვალოს.

სასკოლო კვებასა და პედაგოგების სახელფასო პოლიტიკაზე კითხვები ნანი კირკიტაძესაც დავუსვით. ანა ანუშიძისგან განსხვავებით, ნანი კირკიტაძე სასკოლო კვების დანერგვის აუცილებლობას ხედავს.

„გაკვეთილების შემდეგ რომ ბავშვები ვამეცადინო, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დანაყრდეს. სკოლაში კი არ გვაქვს ისეთი კვების ობიექტი, რომ ბავშვი შევიდეს და გამოიკვებოს.

ეს პრობლემა ყველა სკოლაში სავარაუდოდ იქნება და თანაც ბავშვს ჯანსაღი კვება სჭირდება. თუ ეს არ აქვთ ბავშვებს, აბა, რომელი სპორტსმენი გაიზრდება. სად ექნებათ ძალა, რომ შემოვიდნენ და ივარჯიშონ.

როცა ბავშვს შევხედავ, ისედაც ვხვდები გამოკვებილია თუ არა. ვინც ჩემთან დადის სავარჯიშოდ, ვცდილობ გავუნაწილო რაც მაქვს, რომ ბავშვი მშიერი არ იყოს.

სასკოლო კვების შეტანა აუცილებელია.

რატომ ვერ მოაბა ამას ხელისუფლებამ თავი, ვერ გეტყვით. მე ის ვიცი, რომ უნდა მქონდეს ჩალაგებული ჩანთაში რაღაც, რადგან როცა ბავშვი მეუბნება „მშია მასწ“, რაღაც უნდა მივაწოდო“, – გვეუბნება ნანი.

გასულ წელს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელმა პედაგოგმა, ლადო აფხაზავამ ხელისუფლებას ისიც კი შესთავაზა, რომ პედაგოგების მიერ ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლოს 20%-ი ბავშვების კვებაზე დახარჯულიყო, თუმცა სამინისტრო არც ამ იდეას გამოეხმაურა.

რაც შეეხება პედაგოგების ანაზღაურებას, ამ მხრივ უკმაყოფილო არც ნანია, თუმცა დასძენს, რომ კარგი იქნებოდა, მენტორებსა და წამყვანებსაც თანაბრად მომატებოდათ ხელფასი.

„ჩემი გაიზარდა იმიტომ, რომ უფროსი მასწავლებელი ვარ და პრეტენზია არ მაქვს. გაჭირვებაში გავიზარდე, გაჭირვებით მოვედი აქამდე, არასოდეს უმადური არ ვყოფილვარ, მთავარია ჯანმრთელობა და სიმშვიდე იყოს. მინიმალურია, მაგრამ გვყოფნის, უნდა ვეყოთ, სხვა გამოსავალი არ არის“, – მიაჩნია მას.

„ეროვნული პრემიას“ ცერემონიაზე მიწვეული ყველა სტუმარი შავ-თეთრ ფერებში იყო წარმოდგენილი.

2024 წლის ეროვნული პრემიით დაჯილდოებულ პედაგოგებს არც წელს მისცეს სიტყვა, ისევე როგორც გასულ წელს. მათი დუმილი და დრესკოდიც სავარაუდოდ სამინისტრომ განსაზღვრა. მიწვეული პედაგოგები და სტუმრები შავ-თეთრ ფერებში გამოაწყვეს, სცენაზე კი სამადლობელი სიტყვა არ ათქმევინეს.

„ეროვნული პრემიის“ ცერემონიაზე სავარაუდოდ სამინისტროს არ მიუწვევია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი პედაგოგები, დარბაზში არც საუკეთესო ათეულის კლუბის წევრი პედაგოგები ჩანდნენ. შესაძლოა სისტემის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა პედაგოგებმა თავად არ მოისურვეს ფარსში [როგორც თვითონ უწოდეს] მონაწილეობა.

საპატიო სტუმრების რიგი მინისტრებს, პარლამენტის დეპუტატებსა და სხვა მაღალჩინოსნებს ეკავათ.

ამ ცერემონისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევე როგორც გასულ წელს. თუმცა ხარჯების დიდი ნაწილი ორგანიზებას მოხმარდა. ასი ათასი ლარით კი, ხელისუფლებამ ათი მასწავლებელი დააჯილდოვა – თითოეულს 10-10 ათასი ლარი გადასცა.

როდის დაზიანდა ქანდაკება კოლონადებთან – რაში იხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან 470 ათასი ლარი

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან მფრინავი ქალის ქანდაკებას ამჟამად დაზიანებული ნაწილი მწებავი ლენტით აქვს დაფიქსირებული. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია ქანდაკება აქ მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობისას დაზიანდა თუ არა, თუმცა ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურში, რომელიც ქანდაკებების მოვლა-შენახვაზეა პასუხისმგებელი, ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

დაზიანებული ქანდაკება ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში / 18.09.2024

ცენტრალური პარკის კოლონადებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამჟამად რეაბილიტაცია-რესტავრაცია უტარდება. 

რესტავრაცია ჩაუტარდება მფრინავი ქალის ქანდაკებასაც, თუმცა პროექტში, სადაც დაზიანებების ჩამონათვალია, ქანდაკების დაზიანების ხარისხზე [ბავშვის ქანდაკების ფეხი ფაქტობრივად დამტვრეულია] არაფერია ნათქვამი. 

„აღნიშნული ძეგლი იქნება რესტავრირებული და სრულიად გამოსწორებული, ხარვეზი რაზეც თქვენ საუბრობთ, იქნება აღმოფხვრილი“ – გვითხრეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.

კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციას, აღნიშნული სამმართველოს დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „იორ ბუილდინგ კომპანი“ ატარებს, რომელმაც სამუშაოები 2024 წლის 15 დეკემბერს უნდა დაასრულოს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 469 984 ლარი დაიხარჯება.

„ბათუმელები“ კომპანიის ხელმძღვანელს რევაზ ჭაღალიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ მოგვიანებით გადმოგვირეკავდა, თუმცა ამ დრომდე არ შეგვხმიანებია.

პროექტში, ობიექტის დაზიანებების შეფასების ნაწილში ვკითხულობთ: კოლონადების შემადგენელი არქიტექტურული ნაწილების ამჟამინდელი სახურავის ფენილი მოწყობილია მოთუთიებული თუნუქის ფურცლისგან; თუნუქის ფურცლები ბევრ მონაკვეთში ამორტიზებულია და იჟანგება, რაც აზიანებს კოლონადების არქიტექტურულ ელემენტებსა და დეტალების. 

რამდენიმე ადგილას მცირე მონაკვეთზე ჩამოშლილია ლესვითი კარნიზები, ასევე დაფიქსირდა მოაჯირის სახელურებისა და რიკულების დაზიანებები. კოლონადების ზედაპირების მრავალფენიანი გადალესვებისა და შეღებვის გამო დარღვეული არქიტექტურული ელემენტების გამომსახველითობა. ასევე კოლონადების ზედაპირებზე ფიქსირდება ბზარები.“

დაზიანებები კოლონადებზე / ფოტოები პროექტიდან

პროექტით გათვალისწინებულია, რომ შეიცვალოს კოლონადების სახურავი; ასევე, კოლონადების შემადგენელი ელემენტების ზედაპირებიდან სპეციალური ხსნარებითა და მეთოდების გამოყენებით ავთენტურ საფუძვლამდე მოსცილდება სხვადასხვა პერიოდში დატანილი გადალესვები და საღებავის ფენები;

ამის შემდეგ ადგილზე უნდა დაზუსტდეს დაზიანებების სრული სურათი და დაიწყოს სარესტავრაციო სამუშაოები, რაც ითვალისწინებს – ბზარების დამუშავება-დაგმანვას, ამორტიზებული არქიტექტურულ-დეკორატიული ელემენტების დაშლასა და ხელახალის მოწყობა, ელემენტების გამომსახველობით აღდგენას.

რესტავრაციის შემდეგ, კოლონადების ზედაპირი დაიფარება სპეციალური ხსნარით, დამუშავდება საფასადო ფითხითა და შეიღებება გარე დაფარვის ემულსიური საღებავით…

კოლონადების რეაბილიტაციის პროექტი ასევე ითვალისწინებს ზემოთ აღწერილ სამუშაოებს მფრინავი ქალის ქანდაკების [პოსტამენტით] რესტავრაციისას, თუმცა აღწერილი არ არის ქანდაკებაზე ახლანდელი დაზიანებების არსებობა.

სამუშაოები ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან / 19.09.2024

პროექტში აღნიშნულია, რომ „კოლონადების მოედან-ბაქანი ამჟამად მოპირკეთებულია ბუნებრივი გრანიტის ფილებით, რომლის მასალა და შესრულება შეფასებულია როგორც დაბალი ხარისხის“, ამიტომ მოედან-ბაქნიდან სრულად აიღებენ არსებულ ბუნებრივი გრანიტის ფილებს და დააგებენ ახალს [ფილების აღება დაწყებულია].

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადები / რენდერი პროექტიდან

სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, „საქალაქო პარკის კოლონადები, ცენტრალურ შესასვლელში 1935 წელს აშენდა. მოგვიანებით, კოლონადების გახსნილ ცენტრალურ ნაწილში განთავსდა 1940 წელს დაღუპული, მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის ქანდაკება.“

რატომ რთავენ ცნობილ სპორტსმენებს პოლიტიკაში არადემოკრატიული რეჟიმები – ინტერვიუ

„ისინი [არადემოკრატიული რეჟიმები] სულ უფრო მეტად უყურებენ სპორტს, როგორც შესაძლებლობას თავიანთი იმიჯის გასათეთრებლად. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ქვეყანა, რომელსაც აქვს განსაკუთრებით ცუდი გამოცდილება ადამიანის უფლებების შეზღუდვის კუთხით, იყენებს სპორტს, როგორც პოზიტიური სათაურების შექმნის გზას,“ – ეს მოსაზრება ფელიქს ჯაკენსის ეკუთვნის, Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის კამპანიების ხელმძღვანელს.

ამერიკელი მწერლის ჯონ ტუნისის თანახმად, კი ქვეყნის მართვაში სპორტის გამოყენებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს.

„პირველ რიგში, სპორტი ხელს უწყობს ახალგაზრდების დროისა და გონების მაქსიმალურად დაკავებას იმისთვის, რომ მათ შეიგრძნონ კმაყოფილება ეროვნული სპორტული გამარჯვებებით. ამასთან, რეჟიმის მიზანია სპორტში ფიზიკურად ჩართული ახალგაზრდების დღის წესრიგის იმგვარად გამოყენება, რომ მათ არ ჰქონდეთ პოლიტიკაზე ფიქრის, აგიტაციის ან ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ გამოსვლებში ჩართვის დრო“, –  განმარტავს ტუნისი.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ორი სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძეა. შესაძლოა საარჩევნო სიაში ვიხილოთ ყოფილი მორაგბე, მამუკა გორგოძეც.

სანამ ამ სიას გამოაქვეყნებდა, მმართველმა პარტიამ არაერთგზის სცადა წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან მიტმასნება. ამის პარალელურად, როდესაც ცნობილი ქართველი ფეხბურთელები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ და სოციალურ ქსელში საკუთარი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირეს, „ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ რომ „სპორტი და პოლიტიკა უნდა გამიჯნულიყო“.

რას ნიშნავს როცა ერთის მხრივ მმართველი პარტია თავად იყენებს სპორტსმენებს, მეორეს მხრივ, კი როცა სპორტსმენები ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, „სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნას ითხოვს“.

ვინ, რატომ და როგორ იყენებს ქვეყნის მართვაში სპორტს და სპორტსმენებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კვლევითი ინსტიტუტის „Gnomon Wise“-ის მკვლევარს, დავით ქუტიძეს ესაუბრა.

დავით ქუტიძე, „Gnomon Wise“-ის მკვლევარი
  • როდის და როგორ ხდება ხელისუფლების მიერ სპორტის და სპორტსმენების გამოყენება პოლიტიკაში?

სპორტი პიარის თვალსაზრისით ძალიან კარგი სფეროა, რადგან ასოცირდება წარმატებულ ადამიანებთან და წარმატებასთან. ეს შეიძლება ნებისმიერმა ქვეყანამ გამოიყენოს თუნდაც თავისი ეროვნული იდენტობის უფრო ასამაღლებლად. „აი, ჩვენ რაღაც კონკრეტულ სპორტში ძლიერები ვართ“ და ამაში ცუდი არაფერი არ არის.

თუმცა როცა საუბარი გვაქვს არადემოკრატიულ, ავტორიტარიზმისკენ გადახრილ ან უკვე დიქტატურულ რეჟიმებთან, სწორედ აქ ჩნდება მათი და სპორტის პირადი მიზნებისთვის და პროპაგანდისთვის გამოყენების კარგი შესაძლებლობა.

სპორტის პოლიტიკაში გამოყენება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე აღმოაჩინეს არადემოკრატიული რეჟიმების მმართველებმა. შეგვიძლია ავიღოთ იტალიის და მუსოლინის მაგალითი. მუსოლინის ნაციონალ-ფაშისტურმა პარტიამ ერთის მხრივ მოახდინა ფეხბურთის ინსტიტუციონალიზაცია და მეორეს მხრივ ცდილობდა სპორტის ამ სახეობის გამოყენებას საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად. იგივე მიდგომა ჰქონდა ნაცისტურ გერმანიასაც, როდესაც ბერლინში ჩატარებული 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გამოიყენა პროპაგანდისტული მიზნებისთვის.

იგივე ხდებოდა საბჭოთა კავშირშიც. ამის მაგალითია 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადა, როგორც საბჭოთა კავშირის ძლევამოსილების სიმბოლოდ წარმოჩენა. მკვლევართა აზრით, სპორტი და მასში მიღწეული წარმატებები აძლევს რეჟიმებს საშუალებას, თუნდაც დროებით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ სპორტულ მიღწევებზე, ამ გზით გააუმჯობესოს ქვეყნის რეპუტაცია და თან მოახდინოს არსებული რეჟიმის ლეგიტიმაციაც.

მაგალითად, სპორტის რომელიმე სახეობაში, საბჭოთა კავშირი როცა უგებდა აშშ-ს ან ჩაუშესკუს რუმინეთი თუ უგებდა სხვა დასავლურ ქვეყნებს, ეს იყო ერთგვარი მტკიცება იმისა, რომ სოციალისტური ქვეყნები არიან ძლიერები, არიან წარმატებულები და აი, როგორ ამარცხებენ კაპიტალისტურ ქვეყნებს.

ჩვენს თანამედროვეობაში სპორტს პოლიტიკაში აქტიურად იყენებს რუსეთი და პუტინი. მართალია დოპინგ სკანდალებმა და 2022 წელს უკრაინაში დაწყებულმა ომმა, რუსეთი საერთაშორისო დონეზე ჩამოაშორა სპორტს, თუმცა სპორტული მიღწევები ეროვნულ დონეზე საკმაოდ კარგად გამოიყენა პუტინმა.

რა არის მიზანი? რატომ იყენებენ სპორტს პოლიტიკაში? პროპაგანდისტული და სპორტთან აფილირებული ღონისძიებებით ხდება არაერთი ცუდი საქმის გადაფარვა. ასევე ხდება ძალის დემონსტრირება.

არადემოკრატიული რეჟიმები, განსაკუთრებით ძალისმიერ სპორტში აჩვენებენ, რომ აი, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები და ეს ძლიერი სპორტსმენები არიან ჩვენ მხარეს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია კონკრეტული სპორტული წარმატებებით და გამარჯვებებით შენი, როგორც ხელისუფლების პრობლემების გადაფარვა და ლეგიტიმაცია შერყეული მმართველობისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა. ეროვნულ დონეზე იმიჯის გამოსწორება.

ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, გაღარიბებული და პრობლემებით დახუნძლული მმართველებისთვის, წარმატებულ სპორტსმენებთან მიტმასნება ერთგვარი გამოსავალია.

  • Sportswashingეს არის სპორტის საშუალებით საკუთარი რეპუტაციის გათეთრების პრაქტიკა. როცა უყურებთ მმართველი პარტიის საარჩევნო სიას, რომელშიც ორი ოლიმპიური ჩემპიონია, ეს ხომ არ გიჩენთ განცდას, რომ „ოცნება“ ამ გზით საკუთარი რეპუტაციის გათეთრებას ცდილობს?

როცა ერთი პარტია წლების განმავლობაში მართავს ქვეყანას ბუნებრივად გროვდება პრობლემები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათთვის, რომ წარმატებული, ძლიერი ადამიანების გვერდით, კვლავ ჩანდნენ.

ცოტა შორიდან დავიწყებ. ქართულ რეალობაში უპირველესად ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი გვაქვს.

როგორც კი გადავიდა ნაპოლიში და მიაღწია დიდ წარმატებას ამისი გამოყენება მაშინვე მოხდა ხელისუფლების მიერ. საკმაოდ უცნაური სანახავი იყო, როდესაც ერთ-ერთი საპარლამენტო სესია გაიხსნა ამ თემაზე ლაპარაკით.

მაგრამ თუკი გავიხსენებთ რა მიზნით იყენებენ წარმატებულ სპორტსმენებს, საერთოდ აღარ მოგვეჩვენება ეს ფაქტი უცნაურობად. საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულ პრობლემურ საკითხებზე საუბრობდეს, ხშირ შემთხვევაში ემოციებით მანიპულირებს. მათ შორის ერთ-ერთი ესეც იყო, კლასიკური პროპაგანდის ხერხი, როცა მიეტმასნენ წარმატებულ ადამიანს.

კიდევ ერთი დაკვირვება. ადრე, როცა სპორტსმენები წარმატებებს აღწევდნენ, ოფიციალური პირები წერდნენ მისალოც ტექსტებს და აქვეყნებდნენ. ბოლო დროს კი ჩვენ ვხედავთ ვიდეო ზარებს სხვადასხვა წარმატებულ სპორტსმენთან, იქნება ეს ოლიმპიური ჩემპიონები თუ ფეხბურთელები. მაგალითად, ბოლოს ვნახეთ პრემიერ-მინისტრი როგორ ურეკავს ფეხბურთელებს მატჩის შემდეგ ვიდეო ზარით. ეს ხერხი, ვიდეოზარით საუბარი, უფრო დამაჯერებელი გზავნილია საზოგადოებისთვის – აი, ჩვენ მათთან ვართ.

რაც შეეხება საარჩევნო სიას, ეს ცალკე საკითხია და პრინციპში მარტო ჩვენი პრობლემა არაა.

როცა შენ, როგორც ხელისუფლება, ვეღარ სთავაზობ საზოგადოებას ისეთ დღის წესრიგს, რომელზეც გამოგყვება, წარმატების მაგალითებს ვეღარ აჩვენებ, მერე უკვე ძალიან გჭირდება სხვა ადამიანები, რომ მიეტმასნო და გამოიყენო ისინი შენი პოლიტიკური მიზნებისთვის.

„ქართული ოცნების“ წლევანდელ საარჩევნო სიაში აშკარად იკვეთება ეს ტენდენცია.

სპორტული წარმატებები საზოგადოებას ავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს და გამოწვევებს. ამით კი სარგებლობს ხელისუფლება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ხშირად ადასტურებს, რომ სპორტული წარმატებების პერიოდში იკლებს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ნეგატიურად არის განწყობილი ხელისუფლებისადმი, დისტანცირება ხდება პოლიტიკისგან და ყოველდღიური პრობლემებისგან.

ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, ყურადღების გადატანა საზოგადოების ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს არ შეუშლის მოქმედ რეჟიმს.

რაც შეეხება ძალოსანი სპორტსმენების წინ წამოწევას. სამწუხაროდ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, იმ კონდიციაშია, როდესაც დიდწილად ეყრდნობა ფიზიკურ ძალას. ეს აჩვენა სხვათა შორის აპრილ-მაისის აქციებმაც. ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება.

სამწუხაროდ პარლამენტში ხშირად გვინახავს ჩხუბები, სადაც ძალიან კარგად ჩანს ძალის დემონსტრირება და არ ჩანს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მიმართული მცდელობები.

ვინმემ, დავუშვათ ოპოზიციონერმა, თუ ფიზიკურად იძალადა მეორე ადამიანზე, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია, “ან ისეთი განცხადება გააკეთა რაც შეურაცხყოფად ჩათვალეს,” დეესკალაციის ნაცვლად ხშირად მმართველი გუნდი ცდილობს ფიზიკური ძალით დაჩაგრონ ოპონენტები. ვფიქრობ, ძალოსანი სპორტსმენების საარჩევნო სიაში შეყვანას ეს მიზანიც აქვს.

ამასთან, თუ დააკვირდებით, თითქმის არასდროს არ შეჰყავთ სიაში ქალი სპორტსმენები.

ჩემი აზრით, სპორტსმენები არ უნდა იყვნენ გამოყენებული კონკრეტული ძალის დანაშაულების თუ წარუმატებლობის გადასაფარად.

  • ჩვენ ვნახეთ, რომ ის სპორტსმენები, ვინც მმართველ პარტიასთან ერთად გამოჩნდა, საყოველთაო სახალხო სიყვარულიდან უცებ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია…

შეფასების საგანია. ამაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ ჩატარებულა კონკრეტული სპორტსმენის მიმართ სიყვარული რამდენად შეიცვალა თუ არ შეიცვალა.

სამწუხაროდ ამით [„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებით] თავიანთ რეპუტაციას უფრო იზიანებენ ვიდრე მეტი ადამიანის კეთილგანწყობას მოიპოვებენ. თუმცა მაინც შეფასებითია ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში მოქალაქეების გადასაწყვეტია როგორი დამოკიდებულება ექნებათ ამ სპორტსმენებისადმი.

მეორეს მხრივ, არ ვიცი როგორ წაადგებათ სპორტსმენებს ისეთ უხერხულ სიტუაციებში მოხვედრა, როგორიც არის ახლა. სრულიად გაუგონარი და სამწუხაროდ დამაზიანებელი პროპაგანდა ქვეყნის წინააღმდეგ, როცა პარტიის ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოსებს და მათ შორის რაღაცნაირად რევერანსები კეთდება რუსეთის მიმართ, ამ ძალიან სამწუხარო მესიჯის დაცვა, როგორ მოხერხდება ამ სპორტსმენების მიერ და რამდენად ეყვარებათ ეს ადამიანები კიდევ საზოგადოებას, ეს არის საკითხი, რომელზეც ალბათ თვითონ ამ ადამიანებმა უნდა იფიქრონ პირველ რიგში.

ეს არ არის ჩემი საწუხარი. როცა თანამშრომლობ ისეთ პარტიასთან, რომელიც მსგავს რუსული ტიპის პროპაგანდას აწარმოებს და ჩვენს ქვეყანას აზიანებს საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის კონკრეტულად ამ სპორტსმენების პრობლემა. რამდენად უღირთ ეს ყველაფერი?

მე მესმის, რომ შეიძლება იყო წარმატებული სპორტსმენი და ისე იყო შენს ყოველდღიურობაში ჩართული, რომ შეიძლება არ იცოდე, როგორ ცვლის გეოპოლიტიკურ ვექტორს ხელისუფლება დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ, რაც ჩემი აზრით ქვეყანას დაღუპვას უქადის.

შეიძლება არ იყო ასე ღრმად ამ საკითხში ჩახედული, მაგრამ არ ვიცი, როცა თვალხილულ ძალადობას ხედავ იგივე მაისის აქციებზე, როცა მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ, რატომ უჩნდებათ ისევ ამ პოლიტიკურ გუნდთან თანამშრომლობის სურვილი ცოტა ჩემთვის გაუგებარიც არის და სამწუხაროც.

საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს ალბათ ყველაფერს, რამდენად სწორი იყო თუ არ იყო მათი ნაბიჯი. ალბათ ეს არის ყველაზე კარგი საზომი, რადგან სხვა საზომი ჩვენ არ გვაქვს.

სპორტსმენები პირველ რიგში ამაზე უნდა დაფიქრდნენ ხომ არ არიან გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ თავისი შერყეული რეპუტაციისთვის ახალი სიცოცხლის მისაცემად ე.წ. სპორტვოშინგისთვის.

მე არ ვამბობ რომ სპორტსმენები პოლიტიკას არ უნდა გაეკარნონ. მაგრამ, ალბათ უნდა გაითვალისწინონ დრო და კონტექსტი რათა არ იქნან გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დაზიანებული რეპუტაციის გამოსასწორებლად.

  • თუ გახსენდებათ რომელიმე გაპოლიტიკოსებული სპორტსმენი, რომელმაც პოლიტიკაში წარმატებას მიაღწია?

ესეც შეფასების საკითხია. მე მახსენდება პირიქით, სპორტსმენი, რომელიც წავიდა პოლიტიკიდან და წარმატებას სპორტში მიაღწია.

მაგალითად, გიორგი ასანიძემ, როგორც სპორტსმენმა უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, ვიდრე პოლიტიკოსმა. სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა მანამდეც და როცა პოლიტიკიდან წავიდა, როგორც მწვრთნელმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი გამოზარდა და გაიყვანა საერთაშორისო ასპარეზზე.

  • იმიჯნება თუ არა სპორტი და პოლიტიკა?

ქართულ რეალობაში გვინახავს, როცა კონკრეტულმა სპორტსმენებმა სამოქალაქო პოზიცია გამოხატეს – დაგმეს საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების ძალადობა.

მაშინ მმართველი პარტია ამბობდა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ და ეს არ უნდა იყოს ერთმანეთში აღრეული.

მეორეს მხრივ ჩვენ ვნახეთ სპორტსმენები „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში.

ჩემი აზრით, ის, რაც კონკრეტულ ძალადობას ეხება, პროტესტს, არ არის პოლიტიკა, არის სპორტსმენის, როგორც მოქალაქის პოზიციის გამოხატვა.

ხელისუფლების პოზიცია ერთგვარი მანიპულაციაა – როცა საჭიროა სამოქალაქო პოზიცია სპორტის და პოლიტიკის აღრევად არის წარმოჩენილი, მაგრამ მეორე შემთხვევაში, როცა მმართველ ძალას სჭირდება, მაშინ არ ხდება სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნა.

საბოლოოდ, ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ თუ რისთვის სჭირდებათ არადემოკრატიულ რეჟიმებს სპორტთან და წარმატებულ სპორტსმენებთან აფილირება. ეს მიზეზებია: ნაციონალიზმის გაღვივება, სპორტული შედეგებიდან გამომდინარე საკუთარი ერის უპირატესობის წარმოჩენა, ძალის დემონსტრირება, ლეგიტიმაცია შერყეული მმართველობისთვის „ახალი სიცოცხლის“ მიცემა სპორტული წარმატებების საშუალებით, ხელისუფლების გადაცდომებისა და დანაშაულების გადაფარვა, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე შერყეული იმიჯის გამოსწორება და წარმატებულ სპორტსმენებთან მიტმასნებით საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება.

 

შუქრუთის სკოლაში წელს ზარი არ დაირეკა – მაღაროს გამო დაბზარულ შენობას სავარაუდოდ დაანგრევენ

სოფელ შუქრუთის პირველ საჯარო სკოლაში წელს პირველად ახალი სასწავლო წელი ვეღარ განახლდა. დაბზარული და დაზიანებული სკოლის შენობა ექსპერტიზის მიხედვით დემონტაჟს ექვემდებარება.

სოფელში, სადაც „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოების გამო საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, ზიანი მიადგა სკოლის შენობასაც.

ბავშვები იძულებული არიან სწავლა მეზობელი სოფლის პატარა სკოლაში გააგრძელონ.

„ყველაფერი გადახსნილი, დაბზარული, გაუბედურებული და გაპარტახებულია.

ახლახან, სამხარაულის დასკვნით გახდა ცნობილი, რომ სასწავლო პროცესი ვეღარ აღდგება შუქრუთის საჯარო სკოლაში და დემონტაჟს ექვემდებარება სკოლა.

სკოლა დაკეტილია, აღარ ფუნქციონირებს და ბავშვები ერთი სოფლიდან მეორეში უნდა ვატაროთ,“ – ამბობს შუქრუთის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომელიც თბილისში, რუსთაველზე, საპროტესტო აქციაში მონაწილეობს და ხელისუფლებას სთხოვს, შეაჩეროს „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის და სხვა სოფლების ნგრევა.

იმას, რომ შუქრუთის სკოლაში ზარი აღარასდროს დაირეკება, ჭიათურის რესურსცენტრშიც გვიდასტურებენ.

„შუქრუთში რადგან მაღაროა, ამის გამო ზიანდება სახლებიც და დაზიანდა სკოლაც. სამხარულის ექსპერტიზა დაიდო, რომ სახიფათოა შენობაში სწავლა და ამის გამო, მეზობელ სოფელ კალაურში გადავიდა შუქრუთის სკოლაც,“ – ამბობს რესურსცენტრის თანამშრომელი ხათუნა ხვედელიძე.

შუქრუთში სულ ორი სკოლაა, თუმცა ხვედელიძის თქმით, მეორე სკოლა მოშორებითაა, ამიტომ გადაიყვანეს ბავშვები მეზობელი სოფლის სკოლაში.

„მეორე სკოლა გარემონტებულია, წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა მაგრამ შორსაა. კალაურის სკოლას ჰქონდა დაწყებითი და რადგან იქ ბავშვები აღარ იყვნენ და დაკეტილი იყო, იქ ამჯობინეს გადაყვანა. ბავშვებს სასკოლო ტრანსპორტი მიიყვანს და მოიყვანს.

ჩვენც ვფიქრობთ, რომ აქ [შუქრუთში] სკოლა ალბათ აღარ აღდგება“, – ამბობს ხათუნა ხვედელიძე.

შუქრუთის პირველ სკოლაში დაახლოებით 30-მდე ბავშვი სწავლობდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში უკვე 6 თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

ადგილობრივებს მაღაროს შესასვლელიც ჰქონდათ დაკავებული და აქვე დადგმულ კარავში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ათენებდნენ  და აღამებდნენ. მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაზიანებული სახლების და მიწების გამო პროტესტს გამოხატავს და ხელისუფლებას სთხოვს, დაიცვას მათი უფლებები.

მადნის მოპოვების სამუშაოები დასახლებაში სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.

ხელისუფლება შუქრუთელებს ყურადღებას არ აქცევს.

შუქრუთელების პროტესტი ახლა თბილისში გრძელდება. რამდენიმე დღეა სოფელ შუქრუთში მცხოვრებლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათენებენ ღამეებს, თუმცა მათ პოლიცია კარვის გაშლის უფლებასაც არ აძლევს.

შუქრუთელებმა პროტესტის უმძიმეს ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს. „ქართულ ოცნებას“ კი შუქრუთელების პროტესტის ხმა მაინც არ ესმის.

საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება.

________________

მთავარი ფოტო: შუქრუთის 1-ელი სკოლა/ სკოლის ფეისბუქის გვერდიდან.

ბათუმში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 სექტემბრის 21 საათიდან 20 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ელვა-ჭექა, წვიმა, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის ღელვა 3-4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 21 და 22 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა.

 

„ლიფტში შიშით შევდივართ, წინა არჩევნებზეც დაგვპირდნენ“ – კორპუსი, სადაც „ოცნება“ ხალხს შეხვდა

„შეხვედრას დავესწარი, მაგრამ მე შეკითხვა არ დამისვამს? რა შეკითხვა უნდა დამესვა, დაპირებებს მაინც არავინ ასრულებს,“ – იმ კორპუსიდან გადმოგვძახა ქალმა, რომლის ეზოშიც რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წინასაარჩევნოდ შეხვედრა გამართეს.

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე – რამაზ ჯინჭარაძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი – არჩილ ბერიძე მოსახლეობას იმ კორპუსის ეზოში შეხვდნენ, სადაც გასულ წელს ეზოში სკვერი და საბავშვო ატრაქციონი მოაწყვეს ბიუჯეტის ფულით.

ეზოს მიღმა კი, ადამიანები ძველ კორპუსებში ცხოვრობენ იგივე პრობლემებით, რაც წინა არჩევნების დროსაც ჰქონდათ. ამ კორპუსებში მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ მათი პრობლემებით ადგილზე მისული ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაინტერესებულან, კორპუსებში არ შეუხედავთ და არც ის ლიფტი უნახავთ, რომლის ჩავარდნის შიშითაც ბევრი ისევ ფეხით გადაადგილებას არჩევს.

ლიფტის აღდგენას, როგორც აღმაშენებლის ქუჩაზე გვითხრეს, „ქართული ოცნება“ მოსახლეობას წინა არჩევნებზე დაჰპირდა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა: რა პრობლემებზე ესაუბრებიან წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რას ჰპირდებიან ისინი ამჯერად მოსახლეობას? – ჩვენ კონკრეტულ მისამართზე მივედით, სადაც „ქართული ოცნება“ მოსახლეობას უკვე შეხვდა.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე
კორპუსი, რომლის ეზოშიც წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა

კორპუსის ეზოში ორი კაცი გვხდება, ტაშიც გავაცილეთ „ოცნების“ ხალხიო, მპასუხობენ ისინი. მათ საცხოვრებელი კორპუსის, ეზოს და დასახლების პრობლემებზე ვეკითხები.

„პრობლემები არ გვაქვს,“  მოკლედ მიჭრიან ისინი და მიხსნიან, კომენტარს ვერ მოგცემთო.

ამ კორპუსის აივნებიდან კი, რამდენიმე ქალი უკმაყოფილებას არ მალავს:

„როგორც ხედავთ, ხოფის ბაზრობის პირდაპირ ვართ, აქ სულ ვიღაც შემოდის, საღამოს განსაკუთრებით. რამდენი ხანია, ვითხოვთ კორპუსის შემოსასვლელის ჩაკეტვას, კარს ვითხოვთ და არ გვაღირსეს,“ – გვიყვება ქალი, მას ვინაობის გამხელა არ სურს.

„მე მესმოდა, რასაც ამბობდნენ, მაგრამ არ ჩავსულვარ, ფანჯრიდან ვუყურებდი მხოლოდ,“ – გვიყვება კიდევ ერთი ქალი.

„აქ პრობლემების მეტი რა არის, ნახეთ, რა დღეშია სადარბაზო,“ – სადარბაზოს შესასვლელთან ჩერდება ლილი ქარცივაძე.

ლილი ქარცივაძე

„მთელი ღამე ნარკომანები და ვინ არ შემოდის აქ, ხმაურია…

მე არ ვიცოდი ამ შეხვედრის შესახებ, თორემ გავიდოდი, არაფერი უთქვამთ, არც განცხადება გამოუკრავთ სადარბაზოში. ხომ შეიძლებოდა, განცხადება გამოეკრათ, თუ მით უმეტეს, ქალაქის მერი მოდიოდა ჩვენს დასახლებაში?“ – კითხულობს ლილი ქარცივაძე.

ეზო ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ მეზობელ კორპუსშიც არ გაუგიათ. დალი დიასამიძე გვიყვება, ამ შეხვედრის შესახებ რომ მცოდნოდა, აუცილებლად დავუსვამდი შეკითხვას ბათუმის მერს: რა იქნა წლების წინ გაცემული დაპირება ლიფტის გამოცვლაზე?

დალი დიასამიძე

„ლიფტი ძალიან ძველია, კარები ზოგჯერ არ იკეტება, კვირაში ერთხელ მაინც გვიწევს აქ სამაშველოს და ლიფტიორის გამოძახება…

კარს ძალით ვაღებთ, თუ სართულებს შორის გაჩერდა, მაშინ ვიძახებთ სამაშველოს. რამდენჯერ ბავშვები გაეჭედნენ, შეშინდნენ. ბევრი ისევ ფეხით ამჯობინებს ასვლას და ჩამოსვლას.

გვითხრეს, რომ არ ექვემდებარება გარემონტებას, ძირიც გამომპალია, გვეშინია, არ ჩავარდეს. რამდენჯერმე მივმართე მერიას, მაგრამ არაფერი. მოვალთო, სულ ასე გვპირდებიან. წინა არჩევნებზეც დაგვპირდნენ ლიფტის გამოცვლას და მეორე არჩევნები მოვიდა უკვე. წელს ჩვენს ეზოში არ მოსულან [„ქართული ოცნება“].

მერე ის გვითხრეს, რომ ჯერ ქალაქს ვაწესრიგებთ და მოვყვებითო. ვერ გავიგეთ, ხოფის ბაზრობა და ეს მიმდებარე ტერიტორია ქალაქი აღარ არის?

ღირსებით ევროპისკენო და ასე ევროპაში ვერ შევალთ,“ – მიიჩნევს დალი დიასამიძე.

„ჩვენს ეზოში განახლდა ბაღი, მოეწყო საბავშვო კუთხე, მაგრამ ყველა კუთხეში გვჭირდება დახმარება, დაცვა გვჭირდება, შემოსასვლელში კარია საჭირო, გზასთან ახლოს ვართ, ათასი ადამიანი შემოდის, საღამოობით განსაკუთრებით.

მე არ ვიყავი აქეთ, როცა ეს შეხვედრა გაიმართა „ოცნებასთან“. ხელისუფლებასთან სწორად უნდა მივიდეს ნათქვამი, რომ მოგვარდეს პრობლემები. მე მაქვს კითხვები და მოვითხოვდი პასუხს ნამდვილად,“- გვითხრა ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა ნაზი დუმბაძემ.

აღმაშენებლის ქუჩაზე, კიდევ ერთ ეზოში ვესაუბრები ფანჩატურში ჩამომსხდარ მერი ბოლქვაძეს და მაყვალა დავითაძეს, სტადიონი კი გაკეთდა, მაგრამ უკვე დაზიანებულია, ბურთი გარეთ ვარდება და გასარემონტებელიაო.

ისინი სადარბაზოში შესასვლელი კარის მოწყობასაც ითხოვენ.

„დავწერეთ განცხადება წინა კვირაში და ვნახოთ, იმედია, გაგვიკეთებენ, მანამდე არ მიგვიმართავს… არჩევნებზე ვამბობთ უფრო, რის გაკეთებაც გვინდა, რომ უფრო გულისხმიერებას იჩენენო,“ – მერი ბოლქვაძე გვიხსნის, რატომ არ მიმართა წინა წლებში ბათუმის მერიას.

ფანჩატურთან ამავე ეზოში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭები მოდიან, გვაფრთხილებენ, რომ კომენტარს არ გვაძლევენ და არც ფოტოები არ უნდა გადავუღოთ.

ქალებიც გაჩუმებას არჩევენ.

სადარბაზო აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – შსს

გუშინ 18 სექტემბერს, თბილისში, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.“ – აცხადებს შსს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 638 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 8 705 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 17 093 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 18 177 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 189 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 947 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 417 ერთეული [+63]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 592 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 24 839 ერთეული [+55]
  • სპეცტექნიკა – 3 109 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 31 765 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 167 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 455 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 14 813 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 203 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ წუხელ რუსული რაკეტა და 42 დრონი გაანეიტრალა

უკრაინაში, კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„თბილისიდან მიწევს ჩამოსვლა ხმის მისაცემად“ – როგორ აპირებენ ახალგაზრდები არჩევნებში მონაწილეობას

26 ოქტომბრის არჩევნებამდე 38 დღე დარჩა.

ქვეყანაში ათასობით ახალგაზრდაა, რომლებიც მათი რეგისტრაციის ადგილიდან მოშორებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, სწავლობენ ან მუშაობენ.

„ბათუმელებმა“ გამოკითხა ის ახალგაზრდები, რომლებიც ამჟამად თბილისში ცხოვრობენ, თუმცა აჭარის მუნიციპალიტეტებში არიან ჩაწერილები. რატომაა მნიშვნელოვანი არჩევნებზე წასვლა? როგორ აპირებთ საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას? – ვკითხეთ მათ.

„მინდა, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდეს და როცა მე და ჩემი მეგობრები ჩვენს მომავალს ვგეგმავთ, კითხვითი ნიშნები არ გვქონდეს – სად ვიქნებით? მინდა, რომ ჩემს ცხოვრებას ჩემს ქვეყანაში ვგეგმავდე და ამაში ხელს არ მიშლიდეს არაკონსტიტუციური, ადამიანების უფლებების შემლახავი კანონები“, – ამბობს ხატია კახიძე. ის 22 წლისაა და ახლახან დაამთავრა სწავლა ჟურნალისტიკის მიმართულებაზე.

„ხმას ვაძლევ ჩემს სოფელში, ხელვაჩაურის რაიონში. თბილისიდან მიწევს ჩამოსვლა ხმის მისაცემად, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო. შემეძლო გადმოვწერილიყავი ფაქტობრივ მისამართზე. ორი მიზეზის გამო არ გავაკეთე ეს: ჩემს სოფელზე მაქვს შეგრძნება, რომ სწორედ ის ადგილია, საიდანაც მინდა ცვლილებები დავიწყო. ასევე, ვაპირებ, რომ დამკვირვებელი ვიყო არჩევნებზე. ვფიქრობ, დედაქალაქში საკმარისზე მეტი მოხალისე იქნება ამისთვის და ამ საკითხში გაძლიერება რეგიონებს უფრო სჭირდება.

26 ოქტომბერს, კალენდარში ყველას მხოლოდ ერთი რამ უნდა გვქონდეს მონიშნული გასაკეთებლად –  ხმა მივცეთ!

არჩევნების დღეს პარლამენტის წინ „ჯოს“ რომ ვყვირით ბოლო ხმაზე, ეგ ხმა ექოს უნდა გამოსცემდეს. 

არჩევნებზე არ მისვლა ტეხავს“ – ამბობს ხატია. 

ხატია კახიძე

თამთა თავართქილაძე სტუდენტობის შემდეგ სამუშაოდ დარჩა თბილისში. ის ხულოდანაა და არჩევნებზე ხმის მიცემასაც მისსავე მუნიციპალიტეტში გეგმავს. ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული არჩევნებია, რომელზეც აქამდე ყოფილა და შესაბამისად, ვერ გამოტოვებს.

„ხმას ხულოში, ჩემს საარჩევნო უბანზე ვაძლევ. თბილისიდან მატარებლით ჩამოვალ ბათუმამდე, მერე სამარშრუტო ტაქსით ხულომდე. თბილისში მეორე დღეს, 27 ოქტომბერს დავბრუნდები, ალბათ. დროებით გადმოწერაზე დიდად არ მიფიქრია… ყოველთვის ხულოში ვაძლევ ხმას და ახლაც ასე მირჩევნია. თან მაინტერესებს, როგორ ჩატარდება არჩევნები ხულოში.

ჩემთვის პირველი არჩევნები არ არის, 2019 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებზე ვიყავი. ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, რომ მივიდე და ჩემი არჩევანი გამოვხატო. თუ გვინდა ჩვენი ხმა ისმოდეს პირველ რიგში, უნდა გამოვიყენოთ ხმის მიცემის უფლება და ვეცადოთ, გვყავდეს მთავრობა, რომელიც ჩვენი ერის ევროპულ ღირებულებებს და მისწრაფებებს იზიარებს. სამწუხაროა, რომ აქამდე ლამის მოსახლეობის მეოთხედი ირჩევდა მთავრობას. იმედია, წელს განსაკუთრებით ბევრი მოქალაქე მივა არჩევნებზე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.

ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ამ არჩევნებმა მინდა შეცვალოს მთავრობა, ერთპიროვნული მმართველობა და ერთი ადამიანის ხელში პირდაპირ თუ არაპირდაპირ მთელი ძალაუფლების მოქცევა. თან მინდა პარლამენტი ისე დაკომპლექტდეს, რომ ბევრი განსხვავებული იდეა ჟღერდებოდეს და საპარლამენტო სხდომებზე ჯანსაღი კრიტიკა და დისკუსია გვესმოდეს მადლობების ნაცვლად ბელადების მიმართ“, – გვეუბნება თამთა.

თამთას თქმით, ყველა მისი მეგობარი, ვინც ხულოდანაა და ახლა თბილისში ცხოვრობს, არჩევანის გასაკეთებლად მუნიციპალიტეტში დაბრუნებას გეგმავს.

„ჩემს ირგვლივ წელს ყველა მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ დაბრუნდეს იქ, სადაც არის რეგისტრირებული და ხმა მისცეს. თუმცა ძირითადი პრობლემა მაინც დრო არის ხოლმე. ტრანსპორტირება, მეორე დღეს სამსახური შეიძლება ჰქონდეს ვინმეს და ა.შ“.

თამთა თავართქილაძე

23 წლის სტუდენტი, ივერი შაინიძეც ხულოდანაა. მისი თქმით, ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, რადგან ახლა წყდება, თუ როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ.

„რეგისტრირებული ვიყავი ხულოში, ხმას სწორედ მანდ ვაძლევდი, მაგრამ ეს დამატებით სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან მიწევდა თბილისიდან ხულოს სოფელ წაბლიანში ასვლა. ამიტომ გადავწყვიტე ბათუმში ჩავწერილიყავი. სამსახურის გამო მალევე უნდა დავბრუნდე თბილისში.

ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან სწორედ ამ არჩევნებზე გადაწყდება როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არჩეული აქვს ქვეყნისთვის საზიანო კურსი და ცდილობს, რუსეთის გავლენის ქვეშ მოაქციონ საქართველო. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია თითოეული ჩვენგანი მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი. ჩვენი ქვეყნის მტრებს, არასდროს მოვუხდით ბოდიშს, არასდროს ვიქნებით რუსეთის უკანა ეზო, ეს ქვეყანა არის ევროპული და ამის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

აუცილებელია ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ გზას. გვაქვს ისტორიული შანსი ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომელსაც ეს გაერთიანება გვთავაზობს. სამწუხაროდ, არსებული ხელისუფლების პირობებში ეს ყველაფერი შეუძლებელია, ამიტომ ხელისუფლების შეცვლა გვჭირდება“, – გვეუბნება ივერი და ამატებს, რომ მის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც რეგიონში ბრუნდება ხმის მისაცემად – „არიან ისეთებიც, რომლებმაც შეიცვალეს რეგისტრაციის ადგილი“.

ივერი შაინიძე, სტუდენტი

სტუდენტი და აქტივისტი ნათია ჭელიძე წელს პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

„ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პირველი არჩევნები, სადაც უნდა გადავწყვიტო ვინ იქნება ჩემი, როგორც ახალგაზრდის, როგორც ქალის, როგორც რელიგიური უმცირესობის, როგორც სტუდენტის და როგორც უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქის წარმომადგენელი, მთავარი ხმა და ცხადია ვიქნები ამ პროცესის მონაწილე.

ხმას მივცემ ხულოში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რადგან კარგად ვიცნობ და ვიცი მისი საჭიროებები…

4-წელში ერთხელ გვეკითხებიან ვინ გვინდა იყოს ჩვენი წარმომადგენელი და თუ რაიმე არ მოგვწონს აუცილებლად უნდა შევცვალოთ, რისი ერთ-ერთი მშვიდობიანი და დემოკრატიული გზა პირველ რიგში არჩევნებზე მისვლაა…

ვიმედოვნებ, რომ წელს იქნება არჩევნებზე მისვლის ყველაზე დიდი მაჩვენებელი, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის.

უპირველესად, მინდა ილიას გზა გავაგრძელოთ და ეს გზა არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, ეს გზა არ არის ჯენზების მოგონილი, ეს გზა იწყება იქედან, საიდანაც დაიწყო საქართველოს ისტორიის წერა და ეს ისტორია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, – ამბობს ნათია.

ნათია ჭელიძე, აქტივისტი

„ეჭვგარეშედ და აუცილებლად მივდივარ არჩევნებზე“, – გვეუბნება 30 წლის ლიკა ლაზიშვილი და განაგრძობს, „ჩემი ფაქტობრივი მისამართი თბილისია, შემეძლო გადმოვწერილიყავი და თბილისში მიმეცა ხმა, თუმცა იურიდიულ მისამართზე ვარჩიე. ჩემი იდეოლოგიური აღქმით აუცილებელია დეცენტრალიზაცია და სამოქალაქო სექტორის გაძლიერება რეგიონურ დონეზე, რაშიც არჩევნებია საწყისი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი“.

ლიკა ქობულეთიდანაა, სადაც არჩევნებზე ხმის მისაცემად გეგმავს ჩამოსვლას – „მიწევს თბილისიდან ქობულეთის მიმართულებით ტრანსპორტირების დაგეგმვა, ფინანსირება… ამისთვის მაქვს სათანადო მზაობა.

არჩევნები არის მშვიდობიანი და ცივილური გზა ცვლილებებისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის! თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ ჩვენი როლი და ფასეულობები სახელმწიფოსთან მიმართებით. ასევე, უნდა გვესმოდეს და ვიცოდეთ ჩვენი ფუნდამენტური უფლებები და ვიბრძოლოთ მათ დასაცავად.

არჩევნების გზით მინდა ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს. მრავალპარტიულობით შევძლოთ დეცენტრალიზაცია, დეოლიგარქიზაცია. მკაფიოდ განვუდგეთ რუსიფიკაციას და ირანიზაციას! ეტაპობრივად, დასავლური ღირებულებებით შევძლოთ ცხოვრების სტანდარტისა და ხარისხის ზრდა!“, – ამბობს ლიკა. როგორც მან გვითხრა, მისი ნაცნობების დიდი ნაწილი თავიანთ ქალაქებში და სოფლებში ბრუნდება არჩევნებში მონაწილეობისთვის.

ლიკა ლაზიშვილი

კარნაუხოვი ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს მემორიალთან დაჩოქილი ვილი ბრანდტის ფოტოთი ეხმაურება

რამდენიმე დღეა კრემლის პროპაგანდისტები აქტიურად განიხილავენ და იწონებენ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“. 

ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ბოდიშზე საუბრისას, რუსეთის შსს–ს ყოფილმა თანამშრომელმა და ამჟამად პროპაგანდისტული არხის „სოლოვიევ live“-ის თანაწამყვანმა სერგეი კარნაუხოვმა, საკუთარ გადაცემაში [Лабиринт Карнаухова], ვარშავის გეტოს წინააღმდეგობის მემორიალთან, 1970 წელს მუხლებზე დაჩოქილი გერმანელი პოლიტიკოსის, მაშინდელი კანცლერის – ვილი ბრანტის ფოტო აჩვენა ეკრანზე და პარალელი გაავლო ივანიშვილთან:

„ერთ ფოტოს გაჩვენებთ, ეს ისტორიული ფოტოა, ეს ვარშავაში იყო, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 25 წლის შემდეგ, ეს ვილი ბრანტია, ეს 1970 წლის შვიდი დეკემბერია, მაშინ ის დადგება/დაიჩოქებს მუხლებზე ებრაული გეტოს პატიმრების მემორიალთან, რომლებმაც გაბედეს ნაცისტების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, და არის ეს მომენტი, როდესაც ის დგას თავსაბურავ მოხდილი, თავისი ქვეყნის მიერ ჩადენილი ტრაგედიის აღიარების ნიშნად – კოლოსალურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

მერე ის დაწერს: ვგრძნობ გერმანიის ისტორიის მძიმე სევდას მილიონობით დაღუპულის ხსოვნის გამო, მე გავაკეთე ის, რასაც ადამიანები აკეთებენ, როდესაც შეუძლებელია რაღაცის თქმა და სიტყვები ყელში გეჩხირება“.

კარნაუხოვის შეფასებით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი „იმაში რაც ახლა საქართველოში დაიწყო, არის არა პოლიტიკური ნაბიჯი, არამედ ის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაბრუნდნენ იმ დროს, გაჩერდნენ და იგრძნონ ის მომენტი, იგრძნონ ტრაგედია… შეიგრძნონ ყველაფერი, რაც თან ახლდა ამ ნაძირალა, აბსოლუტურად არანორმალური ადამიანის, სააკაშვილის ქმედებებს“.


ამავე თემაზე:

საქართველომ აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, ომის დაწყება და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა – ოსი პოლიტიკოსი

 

კუნძულისთვის ხრეშს ჭოროხიდანაც ამოიღებენ – მთავრობამ „ამბასადორს“ ადგილი 3 წლით გადასცა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს მდინარე ჭოროხის ნაპირიდანაც ამოიღებს.

მთავრობის 2024 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, „ამბასადორს“ მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, სოფელ ახალსოფელში 15 042 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი 3 წლით, იჯარით გადაეცა.

კომპანია ყოველწლიურად საიჯარო ქირას – 84 904 ლარს გადაიხდის. ამასთან, კომპანიას „შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის 25 506 ლარის გადახდაც“ დააკისრეს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რა რაოდენობის ხრეშს ამოიღებს „ამბასადორი“ იჯარით გადაცემული ფართობიდან, მთავრობის განკარგულებაში ეს განსაზღვრული არ არის, თუმცა მთლიანობაში კომპანიას მხოლოდ 280 218 ლარის გადახდა მოუწევს.

„ამბასადორზე“ იჯარით გადაცემული ნაკვეთი [მონიშნულია წითელი ფერით] მდინარე ჭოროხთან
„სავარაუდოდ მანდ არის ხრეშის საბადო და ამ ხრეშის მოპოვება დაახლოებით ეს თანხა ჯდება, რაც იჯარის პირობაში გავწერეთ, ეს თანხა წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ჩაგვადებინა პირობაში. რაც შეეხება ლიცენზიას, ეს საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა ახალი კარიერის მოწყობა გინდა და აქ კარიერი უკვე არის“ – გვითხრეს ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში.

არის თუ არა განსაზღვრული რამდენი კუბური მეტრი ხრეში უნდა მოიპოვოს ამ ადგილზე „ამბასადორმა“ და საჭირო იყო თუ არა შესაბამისი ლიცენზია ამ ადგილზე წიაღისეულის მოსაპოვებლად? თუ არა რატომ? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ მომზადებული გზშ-ს დოკუმენტის მიხედვით ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ინერტული მასალების შემოტანა დაგეგმილი იყო სხვადასხვა ლიცენზირებული კარიერიდან, ხოლო ქვების შემოტანა ასევე, თურქეთის რესპუბლიკიდან.

მდინარე ჭოროხის კალაპოტი და მიმდებარე ადგილები კი ამ კარიერების ჩამონათვალში არ იყო.

პროექტის გზშ-ში აღნიშნული იყო, რომ ინერტული მასალების და ქვების შემოტანა დაგეგმილი იყო საქართველოში მოქმედი შემდეგი ლიცენზირებული კარიერებიდან:

  • „ქობულეთი – სოფელ ქობულეთის და სოფელ ხუცუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე კინტრიშის კალაპოტში მდებარე ინერტული
    მასალების კარიერი;
  • ქედა – სოფელ დოლოგანის მიმდებარედ ანდეზიტის, ბაზალტის და სხვა სამშენებლო მასალების კარიერი;
  • წყალტუბო – სოფელ ოფურჩხეთის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის [ტეშენიტის] კარიერი
  • თურქეთი – შეთანხმება მიღწეულია ართვინის რეგიონში მოქმედ კომპანიასთან ყოველთვიურად 30 000 – 60 000 ტონა ქვის მოწოდების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ქვების მნიშვნელოვანი რაოდენობის შემოტანა თურქეთის რესპუბლიკიდან.
  • დამცავი მოლების მოსაწყობად საჭირო სამშენებლო მასალების შემოტანა მოხდება კვირიკეს, ხალას და დოლოგნის კარიერებიდან, ასევე იმერეთის რეგიონიდან და თურქეთიდან“,

მიუხედავად ამისა, მთავრობამ ქობულეთის სოფელ ხალაში უკვე არსებული კარიერისგან მოშორებით სხვა ადგილი გამოუყო „ამბასადორს“ ინერტული მასალის მოსაპოვებლად, ახალი კარიერის მოწყობა-სარგებლობის ლიცენზიისგან კი კომპანია საერთოდ გაათავისუფლა.

ვრცლად: „ამბასადორი“ კუნძულისთვის 500 000 კუბ.მ ინერტულ მასალას ხალაში ულიცენზიოდ მოიპოვებს – მთავრობა

სოფელ ხალაში, სადაც 10 წელზე მეტია ინერტულ მასალას მოიპოვებენ, ამჯერად ახალი კარიერისთვის გზა გაჰყავთ მთებში – ახალი კარიერი კი მოსახლეობასთან ბევრად უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ძველი.

ვრცლად: „გზასაც კი არ გვიკეთებენ“ – რას ამბობენ სოფელში, სადაც ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

YouTube video player

აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხიდან ზღვაში ნატანის შეტანის შემცირებამ სანაპირო ზოლის წარეცხვა გამოიწვია. ზღვამ არაერთხელ დაანგრია და წარეცხა ბათუმის, აეროპორტის მიმდებარედ და ახალი ბულვარის გასწვრივ, სანაპირო. ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ბათუმის სანაპიროზე პლაჟის შესანარჩუნებლად და ნაპირის დასაცავად ყოველწლიურად ზღვის ხელოვნური კვებაა აუცილებელი, რაშიც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება და უნდა დაიხარჯოს მომავალშიც.

ბათუმის სანაპიროს დასაცავად კი ხრეში სწორედ მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან შეაქვთ ზღვაში.

სპეციალისტების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ რეკომენდებულია მდინარის [განსაკუთრებით ჭოროხის დელტასა და მის მიმდებარედ არსებული] ნატანი მასალა [ქვიშა/ხრეში] აუცილებლად იქნას გამოყენებული მხოლოდ სანაპირო ზოლისა და პლაჟების შესანარჩუნებლად.

ზღვის ხელოვნურ კვებასთან ერთად სპეციალისტების აზრით შესამუშავებელია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიაც, რომლის გარეშე ბათუმის სანაპირო ზოლში კატასტროფა გარდაუვალია.

ამ თემაზე: ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

ვითარებას ართულებს მდინარეებიდან ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდინარეებიდან ინერტული მასალის უკანონო მოპოვების 270 ფაქტია ოფიციალურად დაფიქსირებული.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 218 შემთხვევაში სამართალწარმოება ადმინისტრაციული წესით, ხოლო 52 საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

ამასთან, ადმინისტრაციული საქმეებიდან – 41, ხოლო სისხლის სამართლის საქმეებიდან – 22 ეხებოდა იურიდიულ პირებს/კომპანიებს, დანარჩენ საქმეებში კი ფიზიკური პირები ფიგურირებდნენ [177 – ადმინისტრაციული და 30 – სისხლის].

არის ჭოროხთან ხრეშის უკანონოდ მოპოვებისა თუ სახელმწიფო ქონებით სარგებლობის სხვა ისეთი ფაქტებიც, რაზეც სახელმწიფო არ რეაგირებს.

ამ თემაზე ნახეთ: როგორ ვიშოვოთ მილიონები ჭოროხის სანაპიროზე, ანუ რას არ იმჩნევს მთავრობა – ეპიზოდი III

„ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ მთავრობის მიერ 3 წლით გადაცემული ტერიტორია [მონიშნულია წითელი ფერით] მდინარე ჭოროხთან, სადაც „ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს ამოიღებს
ისევ „ამბასადორს“ რომ მივუბრუნდეთ, კომპანიამ ერთ-ერთი ბოლო შტორმის დროს გაავრცელა განცხადება, რომ ძლიერ შტორმს „ბათუმის კუნძულის ხელოვნურად მოწყობილ 2 ჰა მიწის ნაკვეთზე უარყოფითი ზემოქმედება არ გამოუვლენია, რაც მკაფიოდ ადასტურებს პროექტის განხორციელებაში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მაღალ პროფესიონალიზმს და წინასწარი კვლევების სიზუსტეს“.

კომპანია ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. ნებართვა კი 2022 წლის სექტემბერში „ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ ნაპირსამაგრი ჯებირის“ მშენებლობაზე გაიცა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტზე.

„ამბასადორს“ ეს ე.წ. ნაპირდამცავი ჯებირი 2023 წლის დეკემბრამდე უნდა აეშენებინა. სამუშაოების დასრულების ვადა „ამბასადორის“ თხოვნით არაერთხელ გადავადდა და ამ დროისთვის ეს ბოლო ვადა 2025 წლის 14 ნოემბერია.

გადავადების უმთავრეს მიზეზად კი „ამბასადორი“ სწორედ შტორმს ასახელებდა: „მეტეოროლოგიური და ტექნოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ნებართვით გათვალისწინებული მშენებლობა საჭიროებს გაგრძელებას, ვინაიდან შავი ზღვა ხასიათდება შტორმით და ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება სამუშაოების დინამიკის შენარჩუნება, მიუხედავად კომპანიის მუდმივი მუშაობისა.“

„ამბასადორი ბათუმი აილენდს“ უშუალოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ჯერ არ დაუწყია. კომპანია ამ ეტაპზე ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობას აგრძელებს.

ამავე თემაზე:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

 

მთავარი ფოტო: ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / ფოტო: Ambassadori Batumi Island, 5.09.2024

ბექას სკოლის რჩევები: როგორ ვისწავლოთ ინგლისური უფასოდ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინგლისური ენის ცენტრი – “ბექას სკოლა”, გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ვისწავლოთ ინგლისური უფასოდ, რეპეტიტორის თუ სასწავლო ცენტრის დახმარების გარეშე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

ბოლო წლების განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის (AI) სფერო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის. განსაკუთრებით აღსანიშნავია წინსვლა დიდი ენობრივი მოდელების (Large Language Models ანუ LLMs) განვითარებაში. ეს მოდელები ტრენირებულია უზარმაზარ ტექსტურ მონაცემებზე და შეუძლიათ ადამიანის მსგავსი ენის გენერირება, ბუნებრივი ენის გაგება და სხვადასხვა ამოცანების შესრულება.

  1. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი AI ხელსაწყო არის ChatGPT, რომელიც OpenAI-მ შექმნა. ChatGPT არის ჩატბოტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა თემებზე საუბარი, შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ტექსტების დაწერა და ა.შ.
  2. Anthropic-ის მიერ შემუშავებული Claude კიდევ ერთი მძლავრი AI ჩატბოტია. Claude შეიძლება გამოყენებულ იქნას კოდირების, ანალიზის, შემოქმედებითი წერის, სხვადასხვა ენების შესწავლისა და სხვა დავალებებისთვის.
  3. Gemini არის Google-ის AI, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე პროდუქტს წარმოადგენს ბაზარზე. Gemini-ს უპირატესობებს შორისაა სწრაფი და ზუსტი მონაცემთა დამუშავება, აგრეთვე მდგრადობა და უსაფრთხოება.

ყველა ამ ხელსაწყოს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და ადამიანები იყენებს ამ საშუალებებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის უცხო ენის სასწავლად.

ამ ბლოგში ვისაუბრებთ Claude-ზე, რადგან ამ AI-ს პრემიუმ ვერსიამ ყველაზე კარგად იცის ქართული ენა, თუ შევადარებთ სხვა ხელოვნურ ინტელექტს, მათ შორის ChatGPT-ს. ასევე, კლოდს დიდი უპირატესობა აქვს ინგლისური ენის შესასწავლ აპლიკაციებთან შედარებით, რადგან ბევრ აპლიკაციაში ქართული ენა არაა ხელმისაწვდომი.

კლოდს აქვს როგორც უფასო, ასევე ფასიანი ვერსია. ფასიანი ვერსია თვეში 20$ ღირს.

რა არის Claude და როგორ დაგეხმარება ის?

Claude არის Anthropic-ის მიერ შექმნილი მოწინავე AI ჩატბოტი, რომელსაც შეუძლია ადამიანებთან ბუნებრივ ენაზე საუბარი. მას აქვს ფართო ცოდნა მრავალ საკითხზე და შეუძლია ნებისმიერ თემაზე დისკუსიის წარმართვა. სწორედ ეს თვისება აქცევს მას ინგლისურის შესწავლის იდეალურ პარტნიორად, განსაკუთრებით დამწყებთათვის.

ამ თავაზიანმა AI-მ ნამდვილად კარგად იცის ქართული ენა, მიუხედავად იმისა რომ აქა-იქ პატარა ხარვეზები მაინც ეპარება.

როგორ შეგიძლია ისწავლო ინგლისური Claude-ის დახმარებით

სასაუბრო პრაქტიკა

ინგლისურის შესწავლისას ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკაა. Claude-თან საუბრისას შეიძენ რეალურ სამეტყველო გამოცდილებას. შეგიძლია ესაუბრო მას ნებისმიერ თემაზე და მიიღო პასუხები გრამატიკულად სწორი, გამართული ინგლისურით. მაგალითად:

You: Hi Claude, how are you doing today?

Claude: Hello! I’m doing well, thank you for asking. It’s a pleasure to chat with you. How are you doing today?

ლექსიკის გამდიდრება

ახალი სიტყვების სწავლა ენის ათვისების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. როდესაც Claude-თან საუბრისას შეხვდები უცნობ სიტყვას, შეგიძლია სთხოვო მას ამ სიტყვის მნიშვნელობის ახსნა. მაგალითად:

You: Claude, what does “serendipity” mean?

Claude: “Serendipity” is a noun that refers to the occurrence of events by chance in a beneficial way. In other words, it’s when you discover something good or useful while you were not specifically searching for it. For example: “What a serendipity that I ran into my old friend from school at the grocery store!”

ასევე, შეგვიძლია ქართულად ვთხოვოთ აგვიხსნას რას ნიშნავს ეს კონკრეტული სიტყვა და არც მაგალითები დაიშუროს:

 რას ნიშნავს სიტყვა serendipity? გთხოვ, ქართულად გასაგებად ამიხსენი და მოიყვანე მაგალითი.

სიტყვა “serendipity” ინგლისური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს “ბედნიერ შემთხვევითობას” ან “სასიამოვნო მოულოდნელობას”.

ეს არის სიტუაცია, როდესაც რაიმე კარგს აღმოაჩენ ან გამოიგონებ სრულიად შემთხვევით, როდესაც სხვა რამეს ეძებდი ან აკეთებდი. მაგალითად, პენიცილინის აღმოჩენა 1928 წელს ალექსანდერ ფლემინგის მიერ serendipity-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია. მან შემთხვევით აღმოაჩინა ობის სახეობა, რომელიც ბაქტერიების ზრდას აფერხებდა, როდესაც ექსპერიმენტებს ატარებდა სხვა რამეზე.

როგორც ხედავ, ტექსტი ცოტათი გასამართია, მაგრამ აზრი გასაგებადაა გადმოცემული და არც მაგალითების მოყვანა დაეზარა.

წერის უნარების განვითარება 

Claude ასევე შესანიშნავი პარტნიორია წერის სავარჯიშოდ. შეგიძლია სთხოვო მას დაწერილი ტექსტების გასწორება და რჩევების მოცემა. მაგალითად:

  • Claude, could you please check if this sentence is correct: “I go to the store yesterday.”
  • The sentence “I go to the store yesterday” has an error in verb tense. “Yesterday” indicates a specific time in the past, so the verb should be in the past tense. The corrected sentence would be: “I went to the store yesterday.”

ახლა ქართულად ამიხსენი რა შეცდომაა ამ წინადადებაში:

წინადადებაში “I go to the store yesterday” შეცდომა არის ზმნის დროში.

“yesterday” მიუთითებს კონკრეტულ დროზე წარსულში, შესაბამისად ზმნა “go” უნდა იყოს წარსული დროის ფორმაში – “went”.

სწორი ვერსია ამ წინადადებისა იქნებოდა: “I went to the store yesterday.” ქართულად რომ ვთარგმნოთ, ეს იქნებოდა: “მე წავედი მაღაზიაში გუშინ.”

ანუ როდესაც წინადადებაში გვაქვს დროის აღმნიშვნელი სიტყვა წარსულში (როგორიცაა “გუშინ”, “გასულ კვირას” და ა.შ.), ზმნაც აუცილებლად წარსულ დროში უნდა დავსვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინადადებაში იქნება გრამატიკული შეცდომა დროების თანხვედრაში.

ამჯერადაც, ყველაფერი დაგვიღეჭა კლოდმა და მაქსიმალურად გასაგებად აგვიხსნა.

გრამატიკის დახვეწა

თუ რაიმე გრამატიკული საკითხი გაინტერესებს, შეგიძლიათ Claude-ს დაუსვა კითხვა და მიიღო დეტალური პასუხი მაგალითებით:

You: Claude, could you explain the difference between “there,” “their,” and “they’re”?

Claude: Certainly! Although they sound the same, “there,” “their,” and “they’re” have different meanings and uses:

  • “There” is used to refer to a place or existence. For example: “The book is over there on the table.”
  • “Their” is a possessive pronoun indicating that something belongs to them. For example: “The students submitted their assignments.”
  • “They’re” is a contraction of “they are.” For example: “They’re going to the party tonight.”

კლოდს აქვს კიდევ რამდენიმე სასარგებლო ფუნქცია, რომელიც დაგეხმარება ინგლისურის შესწავლაში:

  1. შეცდომების გასწორება – თუ დაუშვებ გრამატიკულ, პუნქტუაციურ ან მართლწერის შეცდომას, კლოდი ამას შეამჩნევს და შემოგთავაზებს გასწორებულ ვერსიას.
  2. სინონიმების შეთავაზება – თუ გსურს ლექსიკა გაამდიდრო, კლოდს შეგიძლია ჰკითხო კონკრეტული სიტყვის სინონიმები და ის მოგაწვდის სიტყვების ჩამონათვალს მსგავსი მნიშვნელობით.
  3. კონტექსტის ახსნა – თუ წააწყდები სიტყვას ან ფრაზას, რომელიც ნაცნობია, მაგრამ კონკრეტულ კონტექსტში ვერ იგებს მის მნიშვნელობას, დაიხმარე კლოდი და ის აგიხსნი სიტყვის მნიშვნელობას სწორედ იმ კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით.
  4. იდიომების და ჟარგონის ახსნა – ინგლისურ ენაში ბევრი იდიომი და ჟარგონია. კლოდს დეტალურად განმარტავს მათი მნიშვნელობასა და გამოყენების კონტექსტს და დაგეხმარება ყოველდღიურ, არაფორმალურ ინგლისურში გაივარჯიშო.
  5. სავარჯიშოების შედგენა – კლოდს შეუძლია პერსონალიზებული სავარჯიშოების შექმნა კონკრეტული საკითხების გასამყარებლად, იქნება ეს გრამატიკა, ლექსიკა თუ რაიმე სხვა ასპექტი, რომელშიც მეტი პრაქტიკა გჭირდება.

ასევე, თუ გეგმავ მოგზაურობას კლოდი დაგეხმარება სპეციფიკური ტერმინების გაგებაში:

ჩამოწერე მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველაზე პოპულარული ფრაზული ზმნები ინგლისურ ენაში

ინგლისურ ენაში არსებობს არაერთი ფრაზული ზმნა, რომელიც ხშირად გამოიყენება მოგზაურობასთან დაკავშირებულ კონტექსტში. აი რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მათგანი:

  1. Set off – დაიძრა, გაემგზავრა I’m setting off on a trip to Europe next week.
  2. Take off – აფრენა (თვითმფრინავის) The plane took off on time.
  3. Get in – ჩასვლა, მიღწევა (დანიშნულების ადგილას) What time do we get in to Paris?
  4. Check in – დარეგისტრირება (სასტუმროში ან აეროპორტში) Let’s check in at the hotel and then go explore the city.
  5. Get around – გადაადგილება (ქალაქში, ქვეყანაში) The best way to get around Tokyo is by subway.
  6. Stop over – შეჩერება, ტრანზიტი (შუალედური გაჩერება მოგზაურობისას) We have a 2-hour stopover in Dubai before our connecting flight.
  7. Head back – დაბრუნება It’s getting late, we should head back to the hotel.
  8. Drop off – გადმოსვლა, დატოვება (ტრანსპორტიდან) You can drop me off at the next corner.
  9. See off – გაცილება (ვინმეს გამგზავრებისას) My family came to the airport to see me off.
  10. Get away – მოკლე მოგზაურობა, გაქცევა რუტინისგან We’re planning to get away for a few days to relax at the beach.

 ეს ფრაზული ზმნები ძალიან ხშირად გამოიყენება მოგზაურობის დროს და მათი ცოდნა აუცილებლად გამოგადგებათ ინგლისურად კომუნიკაციის დროს

სხვა მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ როგორ დაგეხმარება Claude ინგლისურის შესწავლაში. ის არის მომთმენი, ყოველთვის მზად მყოფი “რეპეტიტორი”, რომელსაც შეგიძლია ნებისმიერ დროს მიმართო.

რაც მთავარია, ეს არის მრავალფუნქციური ინსტრუმენტი და გარდა ინგლისურის ან სხვა უცხო ენის სწავლისა, უამრავ ყოველდღიურ საქმიანობაში შეგიძლია გამოიყენო.

ბონუს AI თულები

აქ ჩამოთვლილი რამდენიმე AI ჩატბოტი სპეციალურად შექმნილია ინგლისური ენის უნარების სწავლისა და გაუმჯობესებისთვის:

  1. SmallTalk2.me
    SmallTalk2.me წარმოადგენს AI ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ჩატბოტს, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ინგლისური საუბრის უნარების პრაქტიკასა და განვითარებაში. ის პირდაპირ ჩაგრთავს რეალისტურ დიალოგებში და უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ უკუკავშირს. ძირითადი მახასიათებლებია: რეალისტური საუბრის პრაქტიკა, მყისიერი უკუკავშირი, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და კონტექსტური სწავლა.
  2. Speak English With AI
    ეს არის AI ჩატბოტი და იგი ინგლისური საუბრის უნარების პრაქტიკაზეა ორიენტირებული. ჩატბოტი რეალურ დროში იძლევა პასუხებს და დაგეხმარება გაიუმჯობესო მეტყველებისა და მოსმენის უნარი. მთავარი მახასიათებლებია: რეალურ დროში საუბრის პრაქტიკა, გრამატიკის კორექცია, ლექსიკის გამდიდრება და კონტექსტური სწავლა.
  3. Andy English Bot
    Andy English Bot ინგლისური ენის მასწავლებელი ჩატბოტი დაგეხმარება ინგლისურის პრაქტიკაში ყოველდღიური საუბრების მეშვეობით. ჩატბოტი შემოგთავაზებს გრამატიკის გაკვეთილებს, ლექსიკურ სავარჯიშოებსა და პრაქტიკას. აქ შეძლებ ყოველდღიური საუბრის წარმართვას, გაივლი გრამატიკის გაკვეთილებს, ითამაშებ ლექსიკურ თამაშებს და მიიღებ პერსონალიზებულ სწავლებას.
  4. Mondly AI Chatbot
    ეს AI ჩატბოტი საშუალებას მოგცემს, ივარჯიშო ინგლისურ საუბარში. Mondly რეალური ცხოვრებისეული სცენარების სიმულაციას ახდენს და მყისიერი უკუკავშირით გამოირჩევა.
  5. EnglishClass101 Chatbot
    EnglishClass101 პლატფორმის ნაწილი, ეს ჩატბოტი მომხმარებლებს სთავაზობს საუბრის პრაქტიკას და პერსონალიზებულ უკუკავშირს. ის მოიცავს სხვადასხვა თემატიკას და ხელს უწყობს როგორც საუბრის, ისე მოსმენის უნარების განვითარებას. ძირითადი მახასიათებლები: თემატური საუბრების პრაქტიკა, პერსონალიზებული უკუკავშირი და მულტიმედიური გაკვეთილები.

დასასრულს, მათთვის, ვისაც ინგლისურის შესწავლა ჯერ მაინც მასწავლებლის დახმარებით ურჩევნია, “ბექას სკოლას” ყოველ სამ თვეში ერთხელ ახალი ჯგუფების მიღება აქვს, ნებისმიერი ცოდნის დონის ადამიანისთვის – ზოგადი და სასაუბრო ონგლისურის კურსებზე. თუ თქვენი ინგლისურის ცოდნის დონე გაინტერესებთ, მათი უფასო ტესტის გამოყენებაც შეგიძლიათ.

სექტემბრის კურსები ამ კვირაში დაიწყო და ჯერ ისევ შეგიძლიათ ბოლო ადგილების დაკავება. ახალ კურსებზე შემდეგი მიღება კი 9 დეკემბერს არის დაგეგმილი და ჯგუფების შედგენა უკვე დაწყებულია.

ბათუმის კინოფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარე გელა ბაბლუანი იქნება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჟიურის ვინაობა უკვე ცნობილია.

წელს BIAFF-ის მხატვრულ ფილმების საკონკურსო სექციას შეაფასებს ხუთკაციანი ჟიური, რომლის თავმჯდომარეც რეჟისორი გელა ბაბლუანი იქნება. ჟიურის წევრები არიან: კატარინა კლიმკიევიჩი (პოლონეთი), ნიკოს პანაიოტოპულოსი (საბერძნეთი), ანჟეი სლოვიცკი (გერმანია) და თინათინ ყაჯრიშვილი (საქართველო).

BIAFF-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსზე წელს 10 ფილმი იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციას, აქ წარმოდგენილი იქნება 20 ფილმი და მას  შეაფასებს სამკაციანი ჟიური, რომლის თავმჯდომარეც ქშიშტოფ გიერატი (პოლონეთი) იქნება. ჟიურის წევრები არიან: რინგაილე ლესცინსკიენე (ლიეტუვა) და გიორგი ოვაშვილი (საქართველო).

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეცხრამეტედ იმართება. კინოფესტივალი 27 სექტემბერს გაიხსნება ბათუმში და 3 ოქტომბრამდე გასტანს.

BIAFF-ზე კინოჩვენებები წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-ში და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. CAVEA GRAND MALL-ში კინოსეანსებზე დასასწრებად ბილეთები გაიყიდება, ევროპის მოედანზე კი კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

ამავე თემაზე: 

27 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

 

 

18 დღე საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას არ იღებს

„ისევ სამუშაო პროცესია“, – გვიპასუხეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში, სადაც უკვე 18 დღე „რუსულ კანონზე“ გადაწყვეტილება არ მიიღეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა განმწესრიგებელ სხდომაზე 2024 წლის 31 აგვისტოს დაასრულა. სასამართლოს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, როდის მიიღებენ მოსამართლეები გადაწყვეტილებას რუსულ კანონზე.

საუბარია შუამდგომლობაზე, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციოს სასამართლოს შეუძლია რუსული კანონი შეაჩეროს, ვიდრე ის ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და შეაფასებს: არის თუ არა რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ამ დრომდე არც ის გადაუწყვეტია, განიხილავს თუ არა სასამართლო სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ არსებითად.

——————–

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო, რამდენიმე სარჩელი შევიდა. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს: საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი.

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

ის სუბიექტები, რომლებიც 2023 წლის მონაცემებით, რუსული კანონის მიხედვით აკმაყოფილებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კრიტერიუმებს, ვალდებული არიან, მიმართონ საჯარო რეესტრს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე. შესაბამისად, გრანტის მიმღებ სუბიექტებს რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება კანონის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 3 თვეში – 3 სექტემბრიდან უკვე წარმოეშვათ.

იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უარს იტყვის ამ რეესტრში რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების მიუხედავად, მაინც დაარეგისტრირებენ.

რუსული კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ თემაზე:

რა გადაწყვიტა 2014 წელს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე – ამონარიდები

 

სარფში 116 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

უწყების ცნობით, მებაჟეებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 449.14 გრამი) და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა – 141,85 გრამი) გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 116 599,26 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

16,2-მილიონიანი ტენდერი „ოცნების“ კანდიდატის მონაწილეობით – დავაში „ბათუმის წყალი“ გაამტყუნეს

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა „ბილდინგ-დეველოპერის“ საჩივარი ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ წინააღმდეგ. გასაჩივრებული ტენდერი 16,2 მილიონი ლარითაა გამოცხადებული და მწვანე კონცხის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერში მონაწილეობს „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი ჭყონიას კომპანიაც.

„ბილდინგ-დეველოპერ“ მომსახურებას შემსყიდველს 14,9 მილიონად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო პრეტენდენტი კი არის „ოცნების“ კანდიდატის და შემწირველის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზა“, რომელიც „ბათუმის წყალს“ მომსახურებას 185 ათასი ლარით ძვირად, 15 მილიონ 85 ათას ლარად სთავაზობს.

მომჩივანი კომპანია თვლიდა, რომ განფასება, რომელიც კომისიამ დაზუსტებულ დოკუმენტში შეუსაბამოდ ჩათვალა, ანალოგიურად იყო იმ დოკუმენტშიც, რომელიც კომპანიამ მანამდე წარადგინა, ვიდრე კომისია მონაცემების დაზუსტებას მოსთხოვდა. დასაზუსტებელ ოქმში კი, აღნიშნული განფასების დაზუსტებაზე არაფერი იყო ნათქვამი. დისკვალიფიკაციის მიზეზად „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიამ სწორედ ეს „შეუსაბამობა“ ჩათვალა.

„ბილდინგ-დეველოპერის“ საჩივარი შპს „ბათუმის წყლის“ ტენდერთან დაკავშირებით დავების საბჭომ დასაშვებად 2024 წლის 27 აგვისტოს ცნო, ხოლო გადაწყვეტილება 11 სექტემბერს მიიღო.

„შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდეს. დაევალოს „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიას №2 და №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება და „ბილდინგ-დეველოპერის“ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“, – აღნიშნულია დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

რამდენიმე ამონარიდი ამავე გადაწყვეტილებიდან:

  • „საბჭო მიიჩნევს, რომ „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისია ვალდებული იყო, სრულყოფილად ემსჯელა პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად, სატენდერო წინადადების ატვირთვის ეტაპზე წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაზე და მხოლოდ აღნიშნულის შედეგად მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულ სადავო პოზიციაზე „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიას 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომის №2 ოქმში არ უმსჯელია.
  • საბჭო აღნიშნავს, რომ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას საფუძვლად დაედო, ის კონკრეტული საკითხი, რაც პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად, სატენდერო წინადადების ატვირთვის ეტაპზე წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაშიც ანალოგიური პრინციპით იყო მითითებული და რისი დაზუსტების შესაძლებლობაზეც „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიას არ უმსჯელია, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას.
  • საბჭო მიიჩნევს, რომ „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიამ დეტალურად უნდა იმსჯელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ გარემოებებზე და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიას ტენდერთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია. ყოველ შემთხვევაში შესყიდვების პორტალზე შესაბამისი ოქმი ამ დროისთვის [17 სექტემბერი] ატვირთული არ არის.

სადაო ტენდერის პირობის მიხედვით, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, ამ დასახლებებში არ არის საკანალიზაციო [წყალარინების] ქსელი:

16 მილიონი ლარი წყალმომარაგებისთვის მწვანე კონცხზე, სადაც კანალიზაცია არ არის

რაც შეეხება დავას ტენდერისთვის, ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 637 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 8 691 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 17 080 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 18 154 ერთეული [+25]
  • MLRS – 1 188 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 947 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 354 ერთეული [+25]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 592 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 24 784 ერთეული [+45]
  • სპეცტექნიკა – 3 109 ერთეული [+18]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 31 724 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 163 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 454 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 14 753 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 175 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში, კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„სოლიდარობა ქვიარებს, ძირს ფაშისტი მთავრობა“ – ბანერები ბათუმსა და თბილისში

დღეს, 17 სექტემბერს, საღამოს, ბათუმსა და თბილისში აქტივისტებმა საპროტესტო ბანერები გადმოფინეს და ასე გააპროტესტეს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებული, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს.

„სოლიდარობა ქვიარებს, ძირს ფაშისტი მთავრობა“ – წერია ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადმოფენილ ბანერზე.

„ჰომოფობიას ჩაბღაუჭებული ფაშისტური ოცნება“ – ამ წარწერით გამოფინეს ბანერი თბილისში აქტივისტებმა მშრალ ხიდზე.

საპროტესტო ბანერი თბილისში
საპროტესტო ბანერი ბათუმში

დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობის უკან ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ მოქალაქეები და კანონის მიღება გააპროტესტეს. მათი თქმით, „ოცნების“ მიზანი ცენზურის დაწესებაა და არა ოჯახების დაცვა.

ამავე თემაზე: პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ცენზურას აწესებს

ბათუმში კორპუსის ლიფტის შახტში კაცი ჩავარდა და დაიღუპა

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში, მაღალსართულიანი კორპუსის ლიფტის შახტში ადამიანი დაიღუპა.

პირველადი ინფორმაციით, შუახნის კაცი ლიფტის შახტში ჩავარდა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაცი ლიფტის მოწყვეტის შედეგად დაიღუპა, თუმცა შსს-სა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო – უსაფრთხოების წესის დარღვევა.

„ჩემი 30 წლის შვილის საფლავი მენგრევა, სახლი სულ არ მაინტერესებს“ – შუქრუთელი ქალი

ჩემი შვილის საფლავი რომ ჩაინგრეს, სად ვეძებო ჩემი შვილის ნაშთი?! – ამბობს მარინა ბურჯანაძე, შუქრუთელი ქალი, რომელიც საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა 6 თვეა უწყვეტი საპროტესტო აქციებს მართავს სოფელში, 11 სექტემბრიდან კი – საქართველოს პარლამენტთანაც. შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.

„სახლების ნგრევასთან ერთად გვენგრევა საფლავები, ახალაშენებული ეკლესია. მე მაგალითად მენგრევა 30 წლის შვილის საფლავი, ყველაზე მეტად რასაც ვჯავრობ და ვნერვიულობ. უცებ რომ ჩაინგრეს საფლავი, სად ვეძებო ჩემი შვილის ნაშთები? განა შეიძლება ასე შიშით ვიცხოვროთ და ვიარსებოთ სოფელ შუქრუთში? ვინ არის გამკითხავი?

მე რა უნდა მოვითხოვო, სახლის შეფასება თუ საფლავის შეფასება? სახლი სულ არ მაინტერესებს, ჩემი შვილის სახლი ის არის, სასაფლაო“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ მარინა ბურჯანაძემ.

შუქრუთელები ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან რეაგირებასა და დახმარებას ელიან.

პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ კი ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული.

პარლამენტთან აქციის მონაწილეებს საქართველოს მთავრობა ამ დრომდე არ შეხვედრია. 13 სექტემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს კომპენსაცია აქვთ მიღებული და ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება.

________________________

ამავე თემაზე: სოფელი, რომელსაც შეიძლება მიწამ პირი უყოს 

ქუთაისში ჯერარგახსნილი ჰაბის პრეზენტაციაზე მთავრობა 496 ათას ლარს ხარჯავს 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 11 ოქტომბერს ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის პრეზენტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 496 ათას 272 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ტექნოჰაბი საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს.

მთავრობამ ჰაბის გახსნა სააგენტოს 2025 წლისთვის დაავალა – შენობაში საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციაა აუცილებელი, რისთვისაც 20 მილიონი ლარის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვინაიდან წინასაარჩევნოდ ტექნოჰაბს ვერ გახსნიდა, მთავრობამ „ტექნოჰაბის პრეზენტაციის ღონისძიების“ ჩატარება გადაწყვიტა.

„მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს დაგეგმილია ჰაბის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნებიან სამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფორმატი დაფუძნებულია ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, როგორიცაა მულტიმედია, ⁠პროგრამირებადი განათებები, სხვადასხვა პროექციები, შუქდიოდური ეკრანები, ლაზერისა და აუდიო ეფექტები.

ღონისძიება შექმნის უნიკალურ გამოცდილებას, რითაც ხელს შეუწყობს ქუთაისის ტექნოლოგიური პარკის მიმართ ცნობადობის ამაღლებას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნულია ნოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს [GITA] განაცხადში, რომლითაც მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე ითხოვს.

GITA ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პრეზენტაციას სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებად თვლის და აქედან გამომდინარე აცხადებს, რომ ის შეუფერხებლად, შეზღუდულ ვადებში უნდა ჩატარდეს, რასაც „შესყიდვის ობიექტის მნიშვნელობის, მასშტაბისა და სირთულის გათვალისწინებით, სატენდერო პროცედურებით შესყიდვის განხორციელება შეუძლებელს ხდის“.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ღონისძიების ორგანიზებისთვის სააგენტო 496 ათას 272 ლარს ტენდერის გარეშე შპს „რუბიკონ გრუფს“ გადაუხდის.

საჯარო რეესტრის მიხედვით „რუბიკონ გრუფი“ 2022 წელს თბილისში რეგისტრირებული კერძო კომპანიაა, რომლის მესაკუთრეები არიან გიორგი ტეტიაშვილი, ხათუნა ჯიბლაძე, ნინელი მეგრელაძე და ქეთევან ნიკოლეიშვილი.

GITA-ს 6 სექტემბრის განაცხადში ასევე აღნიშნულია, რომ „ამჟამად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია“, თუმცა აქ დიდი ალბათობით იგულისხმება პარლამენტის ყოფილ შენობასთან გარე პერიმეტრის კეთილმოწყობის სამუშაოები. ამ სამუშაოებზე სააგენტოს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „არადანთან“ ადრე აქვს დადებული 1 597 301 ლარზე.

რაც შეეხება „ყოფილი საპარლამენტო კომპლექსის ცენტრალური შენობის საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია-გამოსწორებისა და გასაუმჯობესებელი სამუშაოების შესყიდვას“, ტენდერი 2024 წლის 16 სექტემბერს, სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“ გამოაცხადა. ამ ტენდერში წინადადებების მიღება კი, ტექნოჰაბის პრეზენტაციის მეორე დღეს, 12 ოქტომბერს დაიწყება და 17 ოქტომბერს დასრულდება.

ტენდერი 20 980 777 ლარითაა გამოცხადებული. პირობის მიხედვით „გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, სამუშაოები დაიწყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 თვის განმავლობაში.“

მთავრობის განკარგულებით, უშუალოდ ტექნოჰაბის გახსნისთვის 2025 წელს საჭირო იქნება დამატებით 9 მილიონი ლარი, რაც ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინონ.

ვის დაავალა მთავრობამ ტექნოჰაბის შენობის რეაბილიტაციის, პრეზენტაციისა თუ გახსნისთვის საჭირო ფულის ბიუჯეტიდან შეგროვება – ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

თბილისი იქცა თავკომბალად და გაუსაძლისია ცხოვრება – ქუთაისში პარლამენტის გადატანა გააპროტესტეს

ტარიელ ნაკაიძის „რეგიონები საქართველოსთვის“ საარჩევნოდ შეუერთდა პარტიას – „ჩვენ“

მუსლიმთა თემის ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში ტარიელ ნაკაიძე 26 ოქტომბრის არჩევნებზე დავით ქაცარავას შექმნილ პარტიას „ჩვენ“ უერთდება.

„მე, ტარიელ ნაკაიძე, საქართველოს მოქმედი პარლამენტის წევრი და პოლიტიკური მოძრაობა „რეგიონები საქართველოსთვის“ არჩევნებზე წარმოდგენილი იქნება პარტია, „ჩვენის“ საარჩევნო ნომრით 23. მინდა დავარწმუნო საზოგადოება, პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ იქნება ხმა ყველა იმ მოქალაქისა, რომელთა საჭიროებები და გულისტკივილი დღემდე არ გაჟღერებულა. 26 ოქტომბერს ყველა ერთად გადავარჩენთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს,“ – აღნიშნა დღეს, 17 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე ტარიელ ნაკაიძემ.

ტარიელ ნაკაიძე რამდენჯერმე გახდა „ქართული ოცნების“ აგრესიის სამიზნე. მაგალითად, 2023 წლის 28 მარტს ტარიელ ნაკაიძეს მოღალატე უწოდეს და მიკროფონი ჩაარტყეს. ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მაშინ ისიც თქვა, რომ დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს „მძიმე რეპუტაცია“ აქვს.

ბოლო პლენარულ სხდომაზეც ტარიელ ნაკაიძემ უმცირესობების პრობლემებზე ისაუბრა:

„რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტში შევიტანე კანონპროექტი რელიგიური უმცირესობების დღესასწაულების დასვენების დღეებად სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტის მიერ დღემდე განუხილავად დარჩა. ამის პარალელურად „ქართული ოცნების“ მიერ არაერთი დაჩქარებული საკანონმდებლო ინიციატივა იქცა კანონად, რომელიც იზოლაციაში აქცევს საქართველოს, საფრთხეს უქმნის მის ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს.

ჩემს მიერ ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებული უყურადღებობა, დასტურია საქართველოს უმცირესობებთან „ქართული ოცნების“ მანკიერი დამოკიდებულებისა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო რიტორიკა და პროპაგანდა უგულებელყოფს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის უმცირესობების და რეგიონებში მცხოვრებთა რეალურ საჭიროებებსა და წუხილებს. „ქართული ოცნება“ ცდილობს კონსტიტუციურად გარანტირებული და საქართველოს მოქალაქეების მიერ ერთმანეთთან შეჯერებული სეკულარიზმის პრინციპი ფსევდოპატრიოტული სულისკვეთებით მთლიანად მოშალოს. დასაწყისშივე ძირი გამოუთხაროს ინკლუზიური სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თანასწორობას გულისხმობს.

ამ ვითარებაში გამონაკლის არც საქართველოს უმცირესობები წარმოადგენენ, მათი არჩევნებში აქტიური მონაწილეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისათვის,“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ.

ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს ქცევის კოდექსს ხელი არ მოაწერეს – „ეს არის აგდება“

ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეთავაზებულ ქცევის კოდექსს ხელს არ აწერენ. მათი განმარტებით, იმ ფონზე, როცა საარჩევნო საოლქო კომისიებმა უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად ნეიტრალური პირებიც კი არ დანიშნეს და მათი უმეტესობა „ოცნებასთან“ აფილირებულია, ოპოზიციური პარტიებისგან ქცევის კოდექსზე შეთანხმების მოთხოვნა სიყალბეა.

გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიებისთვის გაუგებარია, ვის და როგორ აღასრულებს ქცევის კოდექსის კონტროლს.

ცესკო პარტიებისთვის შეთავაზებული ქცევის კოდექსის ხელმოწერის საბოლოო ვადად 11 სექტემბერს ასახელებდა და წერდა, რომ ხელმოწერის ვადის გასვლის შემდეგ შეთავაზებულ კოდექსს გამოაქვეყნებდა, შემდეგ კი ვადა გადაწიეს.

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ცესკოს ეს ნაბიჯი სიყალბეა:

„თავად ქართული ოცნება არ ირჩევს მიუკერძოებელ წევრებს კომისიებში. კონკრეტული სახელები და გვარები წარვადგინეთ კომისიის სხდომაზე, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დანიშნეს უპარტიოების კვოტით საუბნო საარჩევნო კომისიებში. ამ ფონზე სიყალბეა ყველაფერი. თვითონ არ იცავენ წესებს და ჩვენ რატომ გვავალდებულებენ, ეს არის უცნაური.

ამასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა კომისიის წევრმა 64 უბანზე დაწერა განსხვავებული აზრი, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, „ოცნების“ აქციებში მონაწილეები, ნათესავები და აქტივისტები შეიყვანეს კომისიების ნეიტრალურ წევრებად საარჩევნო უბნებზე.

ამ პირობებში ეთიკის სტანდარტების დაცვის მოწოდება ცესკოს მხრიდან არის უბრალოდ აგდება.

ამას აქვს ერთადერთი მიზანი, მერე ადგება „ქართული ოცნება“ და დაიწყებს სხვების გაშავებას. ჯერ ერთი, როგორ უნდა მოხდეს ქცევის კოდექსის მონიტორინგი? მაშინ სუბიექტი უნდა განსაზღვრო, ვინ ახორციელებს მონიტორინგს. ასეთი რამ არ არის.

გარდა ამისა, რას ნიშნავს, მაგალითად, „სატელიტი დამკვირვებელი ორგანიზაციები“?! რისი სატელიტი და ვისი სატელიტი? ნებისმიერ სუბიექტს კანონით დადგენილი წესით თუ შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს და დააკვირდეს არჩევნებს, ვინ გასაზღვრავს სატელიტია თუ არა? მაშინ ვიძახოთ, რომ ვიღაც „ქართული ოცნების“ სატელიტია.

ეს სინამდვილეში ეთიკური სტანდარტების შეთანხმების დოკუმენტი კი არ არის, პირიქით, საბოლოო ჯამში გამოიწვევს დაპირისპირებას და ერთმანეთის გასაშავებლად იქნება გამოყენებული.

ყველაზე მთავარი არგუმენტი, ჩვენ რატომაც არ შევუერთდებით ამას, არის ის, რომ თავად „ქართული ოცნება“ არ იცავს არანაირ წესს, დევნის ყველგან ოპოზიციურ პარტიებს. ყველა მიმართულებით ავიწროებენ ოპოზიციას და ამ დროს ასეთ ქცევის კოდექსს გვთავაზობენ ხელმოსაწერად, მაშინ როცა ყველაფერს თვითონ არღვევენ“ – ამბობს დეპუტატი თამარ კორძაია.

ცესკოს მიმართ უნდობლობაზე და გასულ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების რეაგირების გარეშე დატოვებაზე საუბრობს გიორგი კირთაძე, პარტია „ახალის“ გენერალური მდივანი.

„ამ ცესკოს როგორ შეიძლება რამეზე ჰქონდეს პრეტენზია, რა ქცევის კოდექსზე გველაპარაკება?!

პოლიტიკურ ოპოზიციას დაშინების, გინების, ცემა-ტყეპის გარდა არაფერს უკეთებს. მაქსიმალური აქტივობის გარდა სხვა გზა არა გვაქვს დარჩენილი, თუ გვინდა, რომ ივანიშვილს გამოვტაცოთ მიტაცებული ხელისუფლება და ახლა ყველა უნდა ვიყოთ ამაზე გადართული, დავარწმუნოთ ხალხი, რომ ბევრი მივიდეს არჩევნებზე, ეს არის ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი.

ცესკოს დოკუმენტურად ვაჩვენეთ, რომ კარუსელი ტრიალებდა ბათუმის ოლქებზე, ერთი უბნის ბიულეტენი მეორე უბანზე ვნახეთ, კომისიის თავმჯდომარემ რომ დაამოწმა, რომ კი ნამდვილად ეს ბიულეტენი აღმოჩნდა ჩემთანო, ვიდეო თუ ფოტო მტკიცებულებები ჩავუტანეთ მოსყიდვის და დაშინების, ბოლოს ჩავუტანეთ 100 პროცენტიანი ბიულეტენები როგორ იყო გაბათილებული…“ – ამბობს გიორგი კირთაძე.

ცესკოს ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. ხელმომწერებს შორის არის „ქართული ოცნებაც“.

 

ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 9 სექტემბრიდან შეეძლოთ. ხელმოწერილი დოკუმენტი საჯაროა და განთავსებულია ვებგვერდზე.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში

თიბისი, 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში.

ღონისძიებაზე შეხვდებით დატას ქალ პროფესიონალებს, როგორც თიბისიდან, ასევე სხვა კომპანიებიდან. დაესწრებით მათ გამოსვლებს, პანელურ განხილვასა და მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებში. შესაძლებლობა გექნებათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ მონაცემების შესახებ, როგორია ქალების როლი მონაცემთა მიმართულებით და რას აკეთებენ წამყვანი ქალი პროფესიონალები დღეს ამ სფეროში. ასევე, რას აკეთებს თიბისი, როგორც data-driven კომპანია. სპიკერები გირჩევენ გზას და გაგიწევენ რეკომენდაციას, თუ როგორ შეიძლება დაიწყოთ ან განავითაროთ კარიერა მონაცემთა მიმართულებით.

Data ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ თიბისის ვორქშოფებში, სადაც გაეცნობით თიბისის ინოვაციური მანქანური დასწავლების ხელსაწყოს AutoML და მისი დახმარებით განავითარებთ მოდელს; დანერგავთ მანქანური დასწავლების მოდელს ლოკალურად, გაეცნობით Self-service ინსტრუმენტ Power BI-ს და ისწავლით, როგორ მართოთ სამსახურებრივი საქმე უფრო ეფექტურად. გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოფებზე ადგილები შეზღუდულია და საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ღონისძიების მასპინძელია D Block: Dome. მერაბ კოსტავას 14.

თიბისიში ხელოვნური ინტელექტის და ავტომატიზაციის დანერგვა ბიზნეს პროცესებში, ისევე როგორც ქალების მხარდაჭერა და მათ პროფესიონალურ წინსვლაზე ზრუნვა  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისის მიზანია, ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგოს დატა პლატფორმების გამოყენება და აქციოს მონაცემები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

მომხსენებლების, ვორქშოფებისა და რეგისტრაციის შესახებ, გთხოვთ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას. 

სარფში გზაზე კლდე ჩამოიშალა

დღეს, 17 სექტემბერს, სარფში კლდე ჩამოიშალა და ლოდების ჩამოწოლის შედეგად გზა ჩაიკეტა.

შს სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის [15:50] სარფში გზა უკვე გახსნილია.

_______________________

ფოტო: ტელეკომპანია „მთავარი“

27 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

ბათუმში 27 სექტემბერს, პარასკევს, საავტორო კინოს ბათუმის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] გაიხსნება, ფილმების ნახვა კი მაყურებლებს 28 სექტემბრიდან შეეძლებათ.

BIAFF-ზე კინოჩვენებები წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-ში და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. CAVEA GRAND MALL-ში კინოსეანსებზე დასასწრებად ბილეთები გაიყიდება, ევროპის მოედანზე კი კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან.

კინოფესტივალი 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მესამე წელია სახელმწიფო დაფინანსების გარეშე იმართება. წელს ფესტივალის მხარდამჭერები არიან: NDF, იტალიის საელჩო, ბრაზილიის საელჩო, ნორვეგიის კინოს ინსტიტუტი, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ასოციაცია „ვისტულა“, შვედეთის საელჩო, ლიეტუვის საელჩო და ბათუმის თოჯინების თეატრი.

„ბათუმელები“ დაწვრილებით მოგაწვდით ინფორმაციას კინოფესტივალის პროგრამის და მიმდინარეობის შესახებ.

 

DEVOTED TO IDEAS, TO CRAFT, TO CREATIVITY AD BLACK SEA 2024 დასრულდა!

რეგიონის ყველაზე მასშტაბური, რიგით მერვე კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024, დასრულდა. 14 სექტემბერს, ბათუმში, დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა. ქართულმა სააგენტოებმა 1 Best Of Contest ტიტული, 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 19 ბრინჯაოს მედალი მიიღეს. სულ, კონკურსზე 418 განაცხადი იყო წარდგენილი. დატვირთული სასემინარო პროგრამის პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, კრეატიული სტრატეგია, ვიდეო რეკლამა) და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში ეჯიბრებოდნენ. მათი ნამუშევრები 20 ქვეყნიდან მოწვეულმა, 29 კომპეტენტურმა ჟიურის წევრმა შეაფასა.

2023 წლიდან ფესტივალს დაემატა მე-14-ე Young Creative-ის კატეგორიაც, რომლის მხარდამჭერი თიბისი ბანკია და რომელიც მიზნად იმ ახალგაზრდა პროფესიონალის გამოვლენას ისახავს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კონკურსში მონაწილე რომელიმე პროექტში. წელს BEST YOUNG CREATIVE -ის კატეგორიაში შაკო ბრეგაძემ გაიმარჯვა.

ქართული სააგენტოების შედეგები ფესტივალზე ასეთია:

Best of contest:

Metro Production – The First Speech – Film Craft | DIRECTION

ოქრო:

Holy Motors – My Home Is Your Home – Design & Branding | SELF PROMOTION

Holy Motors – Georgian Flag of Europe – Print & Publishing | SELF PROMOTION

Metro Production – The First Speech – Film Craft – PRODUCTION DESIGN | ART
DIRECTION

Windfor’s Tbilisi – Summer is coming! – Digital & Mobile | SOCIAL PLATFORMS

Bank of Georgia – The Voice of Georgia – Media | USE OF SPECIAL EVENTS, STUNTS, SPONSORSHIP, PROMOTIONS

ვერცხლი:

REDBERRY – OTHER UNIVERSE – GAMIFICATION – Visual Craft | ILLUSTRATION

Playmakers (For TBC Bank) – Where do Cyclamens Come From? – Film | TACTICAL

Windfor’s Tbilisi (For Midea_Georgia) – Summer is coming! – Creative Strategy | AUDIENCE INSIGHT

Windfor’s Tbilisi (For Midea_Georgia) – Summer is coming! – Digital & Mobile | OTHER CONSUMER PRODUCTS (INCLUDING DURABLE GOODS)

Project Lab (For ALTA) – Alta – Newyearspaper – Media | USE OF NON-TRADITIONAL AND AMBIENT MEDIA

ბრინჯაო:

Playmakers (For Georgian Sun) – Out of the Box Wine – Design & Branding | CORPORATE & BRAND IDENTITY

Windfor’s Tbilisi (For EXTRA) – Anything Your Heart Desires – Visual Craft | ART DIRECTION

Kraken (For Alma) – The Gameroom City – Out of Home | EXPERIENTIAL

Mari Sukhishvili (For BANK OF GEORGIA) – REMARKABLE READINGS – Advertising Campaigns | SINGLE CHANNEL CAMPAIGNS

Windfor’s Tbilisi (For Midea_Georgia) – Summer is coming! – Advertising Campaigns | INTEGRATED ADVERTISING CAMPAIGNS

JWT Metro (For Bank of Georgia) – JOZE: The Optimistic Giraffe – Film | ONLINE FILM

Windfor’s Tbilisi (For Midea_Georgia) – Summer is coming! – Film | TACTICAL

Playmakers (For TBC Bank) – The First Day, The Independence Day – Film | TACTICAL

Metro Production – NONEXISTER – Storm –  Film Craft | CINEMATOGRAPHY

GARNAMATAC (For TAG Heuer) – The Race Never Stops – Film Craft | ANIMATION

GARNAMATAC (For Nickelodeon) – SpongeBob Reimagined – Film Craft | ANIMATION

JWT Metro Georgia (For Bank of Georgia) – JOZE: The Optimistic Giraffe – Film Craft | VISUAL EFFECTS

Kraken (For Amboli) – Mission Passed – CREATIVE EFFECTIVENESS

Mari Sukhishvili (For BANK OF GEORGIA) – Sustainable Development Goals | REMARKABLE READINGS- PEOPLE

JWT Metro Georgia (For Bank of Georgia) – Georgia In [Uni]Form – Brand Experience & Activation | SPONSORSHIP & BRAND PARTNERSHIP

A. Tsitskishvili +VAT Georgia (For Wissol petroleum Georgia) – Same same, but different – LAUNCH / Brand Experience & Activation | RE-LAUNCH

REDBERRY (For BANK OF GEORGIA) – OTHER UNIVERSE – GAMIFICATION – Brand Experience & Activation | GAMING-LED BRAND EXPERIENCE

Holy Motors (For Georgian Football Federation) – We Are Here – Media | ENTERTAINMENT

Mari Sukhishvili (For BANK OF GEORGIA) – REMARKABLE READINGS – Media | USE OF INFLUENCERS

წელს AD BLACK SEA-მ ახალი ისტორია დაწერა, პირველად 8 წლის განმავლობაში ფესტივალზე ორი გრან პრი გაიცა – Grand Prix for Good, უკრაინულ სააგენტო Saatchi & Saatchi Ukraine-ს ერგო წილად. Grand Prix-ის მფლობელი კი უზბეკური სააგენტო Lokals Central Asia გახდა. უკრაინასა და უზბეკეთისთვის ეს პირველი Grand Prix არის AD BLACK SEA-ს ისტორიაში.

რაც შეეხება საუკეთესოებს, ჟიურიმ ასეთი არჩევანი გააკეთა:

The Best Local Client – Bank of Georgia

The Best Agency –  GForce / Grey( KAZAKHSTAN)

The Best Independent Agency – Lokals ( UZBEKISTAN)

The Best Network – Grey

სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებზე, წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიას დასწრების საშუალება ჰქონდათ. ფესტივალმა წელს სტუმრების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა.

ტრადიციულად ფესტივალს ახალი თემა ჰქონდა,  რომლის გარშემოც  აეწყო  როგორც სპიკერების გამოსვლები, ისე სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობა. ფესტივალის აფიშაზე მოგიზგიზე ცეცხლოვანი გული, იმ მიძღვნაზე მიგვანიშნებს, რაც ასეთი აუცილებელია შემოქმედებითი პროცესისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ქაოსურ და გამოწვევებით სავსე რეალობაში დარჩეს საღ გონებაზე, იყოს გულწრფელი და საკუთარი ღირებულებების ერთგული – DEVOTED TO CRAFT, TO IDEAS, TO CREATIVITY.

შარშანდლის მსგავსად, ფესტივალის კონკურსი წელსაც დახურული იყო  რუსული და ბელორუსული სააგენტოების ნამუშევრებისთვის. რუსული აგრესიის წინააღმდეგ იყო მიმართული განსაკუთრებული პროექტიც – “დიზაინერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, რომელიც ცნობილი გრაფიკული დიზაინერის სტეფან ზაგმაისტერის კურატორობით შეიქმნა. ზაგმაისტერი თბილისს ამ წლის მაისში, Ad Black Sea-ს მიერ ორგანიზებული პირველი თბილისის დიზაინის ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდა და ამ ინიციატივასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი.

დიზაინერმა თავად შეარჩია 15 ნამუშევრები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავენ პროტესტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. შერჩეული ნამუშევრები გამოიცა თბილისის დიზაინის ფესტივალის ჟურნალის პირველი ნომრის სახით და Ad Black Sea 2024 დელეგატებს ღონისძიების მსვლელობისას გადაეცა.

წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებულად საინტერესო სპიკერებით იყო წარმოდგენილი: Paco Conde-ს, Saulo Rocha , Tanja Grubner, Iain Tait. უდიდესი პატივით უმასპინძლა ფესტივალმა ქართველ არტისტებსაც: ეთერი ჭკადუას, ნიკა მაჩაიძეს და მაქს მაჩაიძეს, მიშიკო სულაკაურს (LAMB). რადიო თავისუფლებასთან ერთად გლობალურ და ლოკალურ მედია ლანდშაფტზე და დემოკრატიაზე საინტერესო საუბრები იმართებოდა. მედიის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო Rishad Patel-ის გამოსვლა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მედია სტრატეგიას ეხებოდა.

ფესტივალის პარტნიორები არიან: europop, ქარვა, ბაკურიანი, Cellfie, Extra, UN Women, Metro Production, U.S. Embassy in Georgia, D Block, Radio Liberty, Metropol, Ranina Wine, Pepsi, Lays, Maxx Power, Elit Electronics, DeLonghi, ნიკორა, Windfor’s Workshops, Biletebi.ge, VAVAVA Agency, Smugglers, ROOMS, ტენე, Bloom Music.

უკვე მერვე წელია ფესტივალის ოქროს პარტნიორია თიბისი.

მედია პარტნიორები: ფორმულა; ნეტგაზეთი; ბათუმელები; On.ge;  At.ge; პუბლიკა; Forbes; BMG ; Marketer.ge

Exit mobile version