„წინა არჩევნებზეც გვპირდებოდნენ წყალს, მაგრამ დაპირება არც ერთხელ არ შესრულდა,“ – ამბობს მარინა სურმანიძე და ჭახრაკის თვალს ატრიალებს. ის ქობულეთში, ქვედა კვირიკეში ცხოვრობს.
ამ სოფელში სასმელ წყალს ქალაქიდან ან წყაროდან ეზიდებიან. ონკანში კი წყალი, რომელიც სასმელად არ ვარგა, დღეში მხოლოდ 1-2 საათით მოედინება.
მარინა სურმანიძე გვიყვება, ნახევარი საათია საჭირო, ერთი ბოთლი რომ გავავსო ჭახრაკზე, შინ ჩვილი შვილიშვილი მყავს და დღეში სულ ცოტა 20 – 25 ლიტრი წყალი უნდა ავზიდოო.
ეს ის სოფელია, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი – ბიზნესმენი გიორგი ჭყონია ცხოვრობს. სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ დაპირებებს ამ კონკრეტულ სოფელში 12 წელია არ ასრულებს. ქვედა კვირიკეში გვითხრეს, ამჯერად დაპირებასაც აღარ გვაძლევენ, ჭყონიამ თქვა, არ ვიცოდი, წყალი თუ არ გქონდათო.
„ამ წყლით პური უნდა მოვზილო, საჭმელი გავაკეთო, ჩვილ ბავშვთან მით უმეტეს, რამდენი წყალია საჭირო? სული ამოგვდის პირში. შაქრიანი ქალი ვარ, ნაოპერაციები და 25 ლიტრი წყალი მაინც უნდა მივზიდო, რომ მეყოს.ჭახრაკით ვსარგებლობ, მაგრამ იქაც დაპატარავდა წყალი. ვინც უყურებდა ჭახრაკს, ის კაცი გარდაიცვალა…
მთავრობამ საქართველო წააქცია. მაინც არ რცხვენიათ, პარლამენტში რომ დაჯდებიან, მაგრამ თვითონ იგინებიან იქ და რას აკეთებენ? საქართველოში შეიძლება ოჯახს წყალი არ ჰქონდეს?“ – მარინა სურმანიძეს ხელისუფლებასთან კითხვები აქვს.
სოფელ ქვედა კვირიკეში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის KFW-ის მხარდაჭერით სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა დაიწყო, თუმცა პროექტი არ ეხება ქვედა კვირიკეს იმ ნაწილს [ყოფილი მეურნეობის დასახლება], სადაც მარინა სურმანიძე და 100-მდე ოჯახია.
„ხიდთან მოსული იყო წყალი, მილები იყო მხოლოდ საჭირო და გაკეთდებოდა წყალი, მაგრამ არ ქნეს, წყალი თქვენ გაქვთო,“ – საუბარში დანიელ მახარაძე ერთვება. ისიც წყალს ელოდება.
„რაც მოდის, ეს მდინარის წყალია. ხალხი დაავადებულია კანის ათასგვარი დაავადებით, თორემ სასმელად ამ წყალს არავინ იყენებს.
მუშახელი ვინც არის და ჯანმრთელი, ყველა ემიგრაციაშია, ქალები მომვლელებად წავიდნენ, ბავშვები, ვინც დაიბადნენ, უდედოდ იზრდებიან, ვეღარც ვმრავლდებით, სიკვდილიანობა მეტია. ხელისუფლება მარტო იმას ფიქრობს, ფული როგორ იშოვოს,“ – ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს დანიელ მახარაძე.
„მოაწევს არჩევნები, აფუთუნდებიან. ხმას რომ წაიღებენ, მერე ყველა გაჩუმდება,“ – დაპირებების აღარ სჯერა გულნაზ ჭაღალიძეს: „ამდენი წელი არ გაუკეთებიათ და ახლა გააკეთებენ?“ – კითხულობს ის და საცხოვრებელი კორპუსის ეზოსთან დადგმულ წყლის აუზებს გვაჩვენებს, ნახეთ, როგორი მღვრიე წყალიაო.
„წყალია მაგი, თქვენ გგონიათ? ჭაობი. საინებს რომ ვრეცხავ და აბანოში შევდივარ, მე ვიცი,“ – ეთერ ჯაიანიც ამატებს, დავბერდით და არცერთმა ხელისუფლებამ დაპირება არ შეგვისრულაო.
„ბატონო გია ჭყონია კარგი ბიჭია, ჩვენი სოფლიდანაა, მეზობლებს სინათლეც გაუკეთა და წყალიც,“ – უწყლოდ დარჩენილ ეთერ ჯაიანი „ქართული ოცნების“ კანდიდატზე, გიორგი ჭყონიაზე გვიყვება, ეგ შეასრულებს დაპირებებსო, თუმცა სხვები განმარტავენ, კონკრეტული დაპირებაც კი არ გაუცია გია ჭყონიას, შესაძლოა 2 წელიწადში ჩამოვიდნენ გერმანელი სპეციალისტებიო.
„ჰო, გერმანელები ეხმარებიან,“ – ამბობს ეთერ ჯაიანი. მას ვუკონკრეტებთ, რომ „ქართული ოცნებაა“ ზუსტად ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, საქართველოს ევროპული გზა რომ ჩაიკეტოს და დახმარებაც შეგვიწყვიტონ ევროპიდან.
„ჩემი ბიჭი მაგასთან მუშაობდა, კაი ბიჭია,“ – მოკლედ გვპასუხობს ეთერ ჯაიანი.
„გამოყოფილია ფული, გავაკეთოთ უნდაო, რამდენჯერ თქვეს, მარა სად მიდის ეს ფული, კაცმა არ იცის. თუ გაწვიმდება, გვექნება წყალი,“ – გაღიმებას ცდილობს ანზორ გორგაძე.
„კომუნისტების დროს ქალაქზე იყო დაერთებული წყლის სისტემა, მას მერე 30 წელი წყალი პრობლემაა. სააკაშვილმა მოგვცა „შლანგები“ და ღაღაიშვილებიდან ჩამოვიყვანეთ ღელის წყალი, ტანს დაიბან, ჭურჭელს გარეცხავ, მაგრამ დასალევად არ ვარგა.
სარეცხი მანქანებიც გაგვიფუჭდა, იმდენად უვარგისი წყალია.
სასმელი წყალი მანქანით ქალაქიდან ამოგვაქვს. ჭახრაკია ქვევით, მაგრამ იქაც რამდენ ხანს უნდა უცადო წყლის ავსებას? მთავრობის ბრალია ეს, აბა, ვისი ბრალია?“ – კითხვები აქვს „ქართულ ოცნებასთან“ ანზორ გორგაძესაც.
„არავის იმედი აღარ მაქვს, სულ გვპირდებიან არჩევნები როცა მოდის, ახლა ამ პირობასაც აღარ გვაძლევენ… 24 წელია აქ ვცხოვრობ და წყალი არ დამინახავს. ეს არის უპასუხისმგებლობა და უყურადღებობა,“ – გვეუბნება ნაზი აბაშიძე. ისიც ქვედა კვირიკეში ცხოვრობს.
„ვინ არის უკმაყოფილო, ვინ? რამით უკმაყოფილო ვინ არის? – ბარგი, რკინიგზის სადგური, ნახვამდის“, – მეზობლების დაშინებას ცდილობს ქვედა კვირიკეში მცხოვრები არმენ კარაპეტიანი. მან კომენტარზე უარი გვითხრა და აქტიურად სცადა, კორპუსების წინ თავმოყრილ ადამიანებთან გასაუბრებაში ხელი შეეშალა.
ხალხთან გასაუბრების დროს, ქვედა კვირიკეში, საცხოვრებელ კორპუსებთან მალევე სოფლის რწმუნებული და „ოცნების“ კოორდინატორი მოვიდნენ. ისინი პოლიციის მანქანამ მოაცილა. ქობულეთის მერიის რწმუნებულმა გვითხრა, რომ შემთხვევით გამოიარა და კომენტარს ვერ მოგვცემს, „ოცნების“ კოორდინატორმა კი თქვა, რომ ტენდერი გამოცხადებულია ჭაბურღილების მოწყობაზე. მას შემდეგ, რაც მას ტენდერის პირობების დაზუსტება ვთხოვეთ, გვითხრა, რომ ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის.
არსებობს თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილება სოფელ ქვედა კვირიკეში სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრისთვის? – კონკრეტული შეკითხვით ქობულეთის მერიის პრესცენტრს მივმართეთ. პასუხი ვერ მივიღეთ. „აჭარის წყლის ალიანსში“ განმარტეს, რომ ამ ეტაპზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება ყოფილი მეურნეობის დასახლებაში წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე.
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა ქობულეთში, გია ჭყონიამ „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხა.
„ტენდერს თქვენ რატომ აკონტროლებთ? შედით და ნახავთ… პროექტი არაა ჯერ, საყიდელია, ტენდერი გამოცხადდება მერე, საქმის კურსშია ხელისუფლება,“ – გვიპასუხა გოგიტა ცეცხლაძემ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა.
„ქართული ოცნების“ კოორდინატორს შევახსენეთ, რომ დაპირებებს „ქართული ოცნება“ მის თანასოფლელებს 12 წელია აძლევს და ატყუებს. არის თუ არა ამაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“? – ვკითხეთ კოორდინატორს.
„მე ვაძლევ მათ გარანტიას… „ქართულ ოცნებას“ გაანებეთ თავი, მე, პიროვნულად გელაპარაკებით. გზა მოწესრიგდა ისე, რომ ამნაირი გზა არაა არც ერთ სოფელში. გრაფიკით მიეწოდებათ წყალი, ორი ჭაბურღილის მოწყობაზე შეთანხმებული ვართ ახლა. ასე უცებ გამოიტანო და გააკეთო არაა, თავისი პროცედურა აქვს…
გზის პრობლემა იყო პირველი და ის გავაკეთეთ. ეტაპობრივად დაიწყო ჯერ გზის მოწესრიგება, მერე გაზის,“ – აქცენტის გადატანა სცადა „ოცნების“ კოორდინატორმა. მას ვთხოვეთ დაკონკრეტება, კიდევ რამდენი წელი სჭირდება „ქართულ ოცნებას“ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, რომ სოფელს მინიმუმ სასმელი წყალი ჰქონდეს?
„ოპოზიციამ რატომ არ შეიტანა განაცხადი პირადად, რომ ამ სოფელს უჭირს? ინტრიგანობას აკეთებთ, სოფელში გინდათ ხალხი სიგლახით განაწყოთ, რომ ის, რაც კეთდება სოფლისთვის, აღარ გაკეთდეს,“ – „ოცნების“ კოორდინატორთან საუბარში არმენ კარაპეტიანი ჩაერთო, რომელიც მანამდე მეზობლების გაჩუმებას ცდილობდა, ამჯერად კი, ჩვენ მოგვიწოდა, პრობლემა ხომ გაიგეთ რაცაა, დატოვეთ ტერიტორიაო.
„დაპირება იყო რამდენჯერ და არ შესრულდა, ამ შენობაზე ფუნდამენტიც გამოღებულია… ამას უნდა დაეხმაროს არჩევნები, აბა, რისთვისაა არჩევნები? მხოლოდ არჩევნების დროს რომ მოდიან, რომ ხმა მისცე, მარტო ერთი ვინმემ გადმოხედა ამ ხალხს?“ – „ქართული ოცნების“ კოორდინატორს მიუბრუნდა მარინა სურმანიძე.
___
ნახეთ სოფელ კვირიკეში უწყლობის თემაზე 2019 წელს გამოქვეყნებული ვიდეო: