მთავარი,სიახლეები

თბილისი იქცა თავკომბალად და გაუსაძლისია ცხოვრება – ქუთაისში პარლამენტის გადატანა გააპროტესტეს

18.12.2022 • 1255
თბილისი იქცა თავკომბალად და გაუსაძლისია ცხოვრება – ქუთაისში პარლამენტის გადატანა გააპროტესტეს

„ათენი, სტამბული, ვარშავა, კრაკოვი, რომი, ამერიკა, ირლანდია, ისრაელი, პოლონეთი“, – ეწერა დღეს ჩემოდნებზე, რომელიც მოქალაქეებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მიიტანეს.

მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და თქვეს, რომ ქალაქმა, რომელსაც მოქმედმა ხელისუფლებამ პარლამენტი წაართვა, ფუნქცია დაკარგა.

სრულ უპერსპექტივობას კი ქუთაისში მცხოვრებლები ემიგრაციაში გაურბიან. აქციის მონაწილეთა თქმით, ემიგრაციაში მიდის ყველა ასაკის და პროფესიის ადამიანი, რადგან ეს მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა.

აქცია-პერფორმანსი ქუთაისში ფოტო: ირაკლი ვაჩიბერაძე

„4 წელი გავიდა, რაც საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან გადავიდა თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებდა, ეს არ დაეტყობოდა ქალაქსო, მოხდა პირიქით. ქალაქმა დაკარგა ფუნქცია. აღარ არის არანაირი პერსპექტივა, ქუთაისელთა დიდი ნაწილი იძულებულია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში. ეს გვინდოდა დღეს ხელისუფლებისთვის დაგვენახებინა.

მათ ქალაქს მოუკლეს პერსპექტივა. შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისს წაართვეს განვითარების შანსი. არამარტო ქუთაისს, არამედ სრულად დასავლეთ საქართველოს, რადგან ქუთაისში პარლამენტის არსებობა, არ ნიშნავდა მხოლოდ ქუთაისისთვის რაღაცას. ეს იყო რეგიონისთვის, დასავლეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის მონაწილე ხვიჩა ვაშაყმაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანით, დედაქალაქიც დაზარალდა.

„დღევანდელი აქციით დავანახეთ საზოგადოებას რა რეალობის წინაშე დგას ქალაქი და, ზოგადად, ქვეყანა. იმიტომ, რომ ქვეყანა არ ვითარდება ერთნაირად. თბილისი გადაიქცა თავკომბალად, სადაც გაუსაძლისია ცხოვრება. ხელისუფლებამ პარლამენტის თბილისში გადატანით ცუდი გაუკეთა არამარტო ქუთაისს, არამედ ავნო დედაქალაქს. ქუთაისელთა დიდი ნაწილი და არამარტო, მიემგზავრება საზღვარგარეთ ან გადადიან დედაქალაქში საცხოვრებლად,“ – ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

აქცია-პერფორმანსი ქუთაისში ფოტო: ირაკლი ვაჩიბერაძე

დღეს ქუთაისში გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები და  მოძრაობა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“.

საქართველოს პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს გადავიდა. პარლამენტისთვის ქუთაისში ახალი შენობა ააგეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მალევე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნებულიყო.

2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვრა თბილისი და ქუთაისი. ამის მიუხედავად 2019 წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი სრულად დაბრუნდა თბილისში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: