„ემიგრანტები ყურადღების ცენტრში როდის ექცევიან? ძალიან იშვიათად. ჩვენ არჩევნების შემდეგ ყველას დავავიწყდებით. მე ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ უნდა ვასწავლოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ აუცილებელია უკეთესი ურთიერთობა, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მოგვაქციონ ყურადღება. მთავრობის გაგრძელება კი არ უნდა იყოს ხალხი, ხალხის გაგრძელება უნდა იყოს მთავრობა“, – ამბობს “ბათუმელებთან” აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ვასილ ცისკარიშვილი.
ვასილ ცისკარიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად სკოლის მოსწავლე ჩავიდა, ფლექსის გაცვლითი პროგრამით. ხანგრძლივი ემიგრაციის გადაწყვეტილება კი 2002 წელს მიიღო. ის ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს აშშ-ში.
2024 წლის არჩევნების წინ ვასილმა, ისევე როგორც აშშ-ში მცხოვრებმა არაერთმა ქართველმა ემიგრანტმა, წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა.
ის არის ემიგრანტების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო ჯგუფის Geo Vote USA-ს წევრი და აქტიურადაა ჩართული ემიგრანტების მობილიზებაში – დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და მივიდნენ არჩევნებზე.
იმისთვის, რომ თავად შესძლებოდა არჩევნებში მონაწილეობა, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი გაიარა, რაც მოიცავდა ბიომეტრიული პასპორტის განახლებას და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას.
„ბათუმელები“ ვასილ ცისკარიშვილს აშშ-ში ესაუბრა.
- ბატონო ვასილ, მოგვიყევით რა მიზანი აქვს Geo Vote USA-ს და რისი გაკეთება შეძელით წინასაარჩევნო პერიოდში?
Geo Vote USA – ეს არის არაპოლიტიკური ჯგუფი, რომლის მიზანია აშშ-ში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმაროს იმ ბარიერების გადალახვაში, რაც არჩევნებში მონაწილეობაში უშლით ხელს.
საკოორდინაციო ჯგუფი შედგება 50 ადამიანისგან და მისი დამფუძნებლები არიან ისინი, ვინც ვაშინგტონ DC-ში ცხოვრობენ.
Geo Vote USA თანამშრომლობს ამერიკის ქართულ ასოციაციასთან. ეს ორგანიზაცია შექმნილია 1932 წელს და დაფუძნებულია იმ ხალხის მიერ, რომლებსაც 100 წლის წინ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ მოუწიათ საქართველოს იძულებითი დატოვება.
ეს არის არაპარტიული ორგანიზაცია, რადგან მოგეხსენებათ, მთავრობა კიდევ ბევრჯერ შეიცვლება, ბევრჯერ გამოვა ხალხი კიდევ ქუჩაში, ბევრი პოზიცია იქნება. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია ვერ იქნება მიკერძოებული, არ მიემხრობა რომელიმე პარტიას.
Geo Vote USA-მ და ამერიკის ქართულმა ასოციაციამ ჩაატარა ერთობლივი ბლიცგამოკითხვა იმის შესახებ, თუ რა საჭიროებები აქვს ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას.
- როგორ გამოჰკითხეთ ემიგრანტები, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა და რა გამოიკვეთა ამ გამოკითხვის შედეგად?
სულ გაიგზავნა 4855 იმეილი, ასევე კითხვარი გავრცელდა აშშ-ში ემიგრანტების სოციალური მედიის ჯგუფებში ფეისბუქზე. ბლიცგამოკითხვა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა. კითხვარის შევსების ბოლო ვადა იყო 15 აგვისტო, თუმცა პასუხები შემოვიდა 18 აგვისტომდე. ამერიკის გარდა პასუხები გამოაგზავნეს იტალიიდან და კანადიდან. რამდენიმე რესპონდენტი იყო საქართველოდან. ეს პასუხები გამოაკლდა საერთო სიას და სულ დარჩა 127 ვალიდური პასუხი.
- გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა 6 პრობლემური საკითხი.
პირველი და მთავარი – ხალხს აქვს არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა. ამერიკაში მცხოვრები ქართველებიდან მხოლოდ 0,6-დან 1%-მდე თუ მოახერხებს, რომ ჩამოვიდეს აშშ-ში გახსნილ სამ საარჩევნო პუნქტში და მისცეს ხმა. ეს არის ძალიან მცირე პროცენტი. ემიგრაციაში ხალხს რა უნდა, ამით ვერ გაიგებ. ეს მსგავსია იმისა, რომ, მაგალითად, ქუთაისში ან თბილისის ორ უბანზე ჩავატაროთ მხოლოდ არჩევნები და იქ მისული ამომრჩევლის არჩევანით განისაზღვროს, ვინ მართავს ქვეყანას. ეს აბსურდია.
მეორე იყო დოკუმენტების დისტანციური განახლება, გადახდის მეთოდები და საკონსულოს მომსახურების პრობლემები.
ვთქვათ, გინდათ, რომ აღიდგინოთ მოქალაქეობა: ჯერ ფიზიკურად მისვლით განცხადება უნდა შეიტანოთ საკონსულოში, მერე თავიდან დანიშნოთ ვიზიტი, მიხვიდეთ და თითის ანაბეჭდები ჩააბაროთ. ასევე, საკონსულოში ვიზიტის დრო საკმაოდ ლიმიტირებულია. მაგალითად, ახლა რომ მოინდომოთ დანიშვნა, ვიზიტი შესაძლებელი იქნება ალბათ ორი თვის შემდეგ. ამიტომ ეს გადაწელილი ვადები, ის ფაქტი, რომ არ შეგიძლიათ იოლად მიხვიდეთ საკონსულოში, აღიდგინოთ თქვენი საბუთები, დიდი პრობლემაა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ემიგრანტებს აქვთ, ეხება უფასო იურიდიულ სერვისს, რომელიც ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხების შესახებ კონსულტაციას გაუწევდა მოქალაქეებს.
მეხუთე პრობლემა, რომელიც ემიგრანტების გამოკითხვით გამოიკვეთა, ეხება კონსულების არჩევითობას.
იმის გამო, რომ კონსულები ახლა მაინცადამაინც ემიგრანტებზე არ არიან ორიენტირებულნი, იქნებ ისე მოხდეს, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებიდან სამომავლოდ ჩვენ ავირჩიოთ კონსული.
მეექვსე საკითხი იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, საიდანაც დიასპორის წარმომადგენლებს შეეძლებათ საქართველოში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა.
ეს რას ნიშნავს? საქართველოდან გადინებული ინტელექტი მიმოფანტულია მთელ მსოფლიოში. მე ვარ ექიმი, ვიღაც არის ფიზიკოსი, ვიღაც ეკონომისტი, ვიღაც აგრონომი და ა.შ. ეს ცოდნა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, შეიძლება გადავცეთ ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ჩვენგან ცოდნის გაზიარება სჭირდება.თ
- რა ბედი ეწია ამ გამოკითხვის შედეგებს?
ბლიცგამოკითხვიდან მიღებული შედეგები გავაცანით გამოკითხულ ადამიანებს და ვუთხარით, რომ მას გავუგზავნიდით ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ და დაველოდებოდით პასუხებს. თითქმის ყველა პარტიას მივაწოდეთ ამ გამოკითხვის შედეგები, ზოგიერთის საკონტაქტო ინფორმაცია ვერსად ვნახეთ. 12 სექტემბრამდე მივეცით პასუხების ვადა.
მივწერეთ, თუ რა პრობლემები აქვთ ემიგრანტებს და გვაინტერესებს, თუ მთავრობაში მოხვალთ, ამ საკითხებს როგორ გადაწყვეტთ და რა ვადებში.
როგორ ფიქრობთ, ჩვენ მიერ გაგზავნილ წერილებზე 12 სექტემბრამდე რამდენმა პარტიამ გაგვცა პასუხი?
არც ერთმა.
შემდეგ კი შემოვიდა დაგვიანებით ერთი პასუხი, მაგრამ იცით რა არის? ჩვენ უნდა ვასწავლოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ აუცილებელია უკეთესი ურთიერთობა, როდესაც სოციალურად აქტიურ ჯგუფებს, ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას მოგვაქცევენ ყურადღებას. ეს იდეები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, არ უნდა მოდიოდეს ზემოდან ქვემოთ, ეს უნდა მოდიოდეს ქვემოდან ზემოთ.
მთავრობის გაგრძელება კი არ უნდა იყოს ხალხი, ხალხის გაგრძელება უნდა იყოს მთავრობა. ამის შეგრძნება დღეს საქართველოში არ არსებობს. ჩვენ ლამის ბრმად ვირჩევთ ადამიანებს, რომლებიც მოდიან მთავრობაში და შემდეგ გვეუბნებიან, თუ როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ, ვინ იქნება ჩვენი მოსამართლე და ა.შ.
დღევანდელი პერსპექტივა ასეთია – მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც პოპულარულია, ვიღაც უფრო მეტად ჩანს ტელევიზორში, ვიღაც გრავიტაციის ძალებს ებრძვის სიმძიმეების აწევით… ისინი შედიან პარლამენტში.
- რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის, რომ არსებულ პრობლემებზე ჰქონდეთ რეაქცია პოლიტიკურ პარტიებს, მინიმუმ თავიანთი ხედვა მაინც გაგიზიარონ, თუ როგორ ფიქრობენ პრობლემური საკითხების გადაჭრას?
ემიგრანტები ყურადღების ცენტრში როდის ექცევიან? ძალიან იშვიათად. ჩვენ არჩევნების შემდეგ ყველას დავავიწყდებით, მე ამაში დარწმუნებული ვარ.
33 წელია, რაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობს. რამდენი არჩევნები ჩატარდა? ეს პრობლემები, მე რაც ჩამოვთვალე, ერთხელ კი არ იყო პრობლემა, ყველა არჩევნებზე იყო.
არასდროს არ გადაწყდა მთავარი პრობლემა – არჩევნებში მონაწილეობა იყოს უფრო იოლი. ამერიკაში წერილობით ხმის მიცემის პრაქტიკა არსებობს. ამ პრაქტიკის გამოყენება ხომ შეიძლება? ონლაინ ხმის მიცემა ხომ უკვე შესაძლებელია? ესტონეთის მაგალითი გვაქვს.
არსებობს ხმის მიცემის ისეთი მეთოდები, როდესაც არამხოლოდ 0,6 %-ს, არამედ უმრავლესობას შეგვეძლება ხმა მივცეთ.
მე, პირადად, ძალიან მინდა ისეთი პარტიები მოვიდნენ მთავრობაში, რომლებიც არ იქნებიან თანხვედრაში პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც დღეს საქართველოს მართავს. მეორე მხრივ, ასევე არ მინდა ისეთი პოლიტიკური ძალა ან ძალები მოვიდნენ, რომლებიც ამ ოთხწლიან ციკლს თავიდან გაიმეორებენ. შესაძლებლობა, რომ ამაზე რამე ზეგავლენა მოვახდინოთ, არის დღეს და ეს არ იქნება შემდეგ, როცა მათ ხმას მივცემთ.
- ამ პრობლემების ფონზე, რა გზის გავლა მოუწევთ ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს 26 ოქტომბერს იმისათვის, რომ საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ?
ამერიკის ვიზუალური რუკა ყველას აქვს ნანახი. ამ რუკაზე, უკიდურეს მარცხენა მხარეს, სან ფრანცისკოში, არის ერთი საარჩევნო უბანი. ასევე, უკიდურეს მარჯვენა მხარეს, ანუ აღმოსავლეთ სანაპიროზე არის ორი საარჩევნო უბანი – ეს არის ვაშინგტონსა და ნიუ იორკში. ნიუ იორკში ორ საარჩევნო პუნქტს კი გახსნიან, მაგრამ გეოგრაფიული განაწილების კუთხით თუ შევხედავთ, მაინც ერთ გეოგრაფიულ წერტილშია ეს ორი საარჩევნო პუნქტი.
მანძილი ამ საარჩევნო პუნქტებს შორის არის ძალიან დიდი. ამერიკა უზარმაზარი ქვეყანაა. შუა ამერიკიდან რომ დაიძრას ადამიანი ხმის მისაცემად რომელიმე პუნქტისაკენ, ერთი დღე მარტო გზაში უნდა იყოს. მანქანით თუ წამოვა იმ შემთხვევაში.
რაც შეეხება ფრენას. ჯერ უნდა აიღო შვებულება, მერე იყიდო თვითმფრინავის ბილეთი, რომელიც იმდენად ძვირია, რამდენადაც შორს ცხოვრობ საარჩევნო უბნიდან. მაგალითად, თუ ტეხასში ცხოვრობ 350-400 დოლარი გჭირდება, რომ ჩამოფრინდე. მერე სასტუმრო გჭირდება, მინიმუმ ერთი ღამე. სან ფრანცისკო, ვაშინგტონი და ნიუ იორკი ისეთი ქალაქებია, რომ სასტუმრო ძალიან ძვირია. სასტუმროში 100-150 დოლარი მინიმუმ გჭირდება. შესაბამისად, საბოლოოდ დიდ თანხაზე გადის.
კიდევ სად იყრის ბევრი ქართველი თავს – დასახელებული საარჩევნო პუნქტების გარდა, ეს არის ფილადელფია, მაიამი, ჩიკაგო, ატლანტა, ლოს ანჯელესი.
ასევე შუა ამერიკაში ბევრი ქართველია მიმოფანტული, ერთიანობაში არ ჩანან, მაგრამ საკმაოდ დიდი ჯგუფია.
ალბათ იმათაც უნდა გაუხსნან ცალკე საარჩევნო უბანი, კოლორადოში ან ტეხასში.
ეს ბარიერები სამომავლო არჩევნებისთვის ისევ დარჩება ბარიერებად. რადგან ამერიკის ზომა არ შემცირდება, უნდა შემცირდეს ის ბარიერები, რაც ფიზიკურად წასვლა-წამოსვლას და ამდენი ფულის ხარჯვას მოითხოვს. ასევე ვფიქრობ, საფოსტო გზავნილით ხმის მიცემაც უნდა გახდეს შესაძლებელი.
- თქვენ რომელ ქალაქში ცხოვრობთ, სად და როგორ გეგმავთ ხმის მიცემას?
ვირჯინიაში ვცხოვრობ. იღბლიანი ვარ ამ კუთხით, რომ ძალიან შორს არ ვცხოვრობ. სადღაც 200 მილი მაქვს გასავლელი. სამ-საათნახევარში ჩავალ. ხმას ვაძლევ ვაშინგტონში. მეც და ჩემს მეუღლესაც 26 ოქტომბრისთვის შვებულება გვაქვს აღებული. მანქანით ჩავალთ, მეგობართან დავრჩებით, მეორე დღეს მივცემთ ხმას და შევხვდებით სხვა ქართველებს.
Geo Vote USA-ს ამერიკის ქართულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, დაჯავშნილი გვაქვს პარკი, სადაც შევხვდებით სხვადასხვა შტატიდან ჩამოსულ ქართველებს და ვისაუბრებთ მათთან ერთად. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ გვინდა ერთმანეთს შევხვდეთ და გავიცნოთ.
ძალიან ვერიდები გავაკრიტიკო ქართული პოლიტიკური სპექტრი, მინდა საქართველოს მომავალი ჩაბარდეს ისეთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან მართლა ხალხისთვის, გააკეთებენ საქმეს და არ ექნებათ ცარიელი დაპირებები, მათგანაც უნდა დავინახოთ სასიკეთო ცვლილებების მოტივაცია.
აუცილებელია, რომ მათ ძალაუფლება გაყონ ხალხთან. ეს არ არის მარტო ემიგრანტების პრობლემა. მათ უნდა გაუყონ ძალაუფლება ხალხს.
- როგორ უნდა მოხდეს ეს?
ჩვენ მსგავს ორგანიზაციებს უფრო მეტად უნდა მოუსმინონ. ამერიკაში მივეჩვიეთ იმას, რომ როცა რამე გვაწუხებს, შეგვიძლია მივწეროთ კონგრესმენს, პრეზიდენტს. მე, მაგალითად, ორჯერ მივწერე პრეზიდენტს და ორივეჯერ მომივიდა პასუხი.
სამწუხარო კიდევ ის არის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში არიან ან მოსვლა უნდათ, აქ აქვთ განათლება მიღებული. ანუ იციან ეს ყველაფერი როგორ მუშაობს.
მე მინდა, რომ ეს შეიცვალოს, უკუკავშირის და კომუნიკაციის გარეშე არაფერი შეიცვლება. ჩვენი კომუნიკაციის შემოფარგვლა მოკლე ვიდეოების ჩაწერით და ორწუთიანი შეკითხვების დასმით არაფერს წაადგება, დროის კარგვაა.
ახლანდელი რეალობა ასეთია: იმხელა დინოზავრი გვყავს უკან რუსეთის სახით, მაინც გვიწევს მივცეთ იმ პარტიებს ხმა, რომლებიც, დღეს რეაგირებას არ ახდენენ ჩვენ მიერ გაგზავნილ შეკითხვებზე, მაგრამ, როგორც მინიმუმი, ევროპისა და ამერიკისკენ აქვთ გეზი.
ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. მე არ ვიცი პირადად ვის მივცემ ხმას, დაველოდები პარტიებისგან ჩვენს კითხვებზე პასუხს და მერე გადავწყვეტ.