მთავარი,სიახლეები

ეტლით მოსარგებლე ადამიანები არ გაგვითვალისწინეს – არაადაპტირებული მიკროავტობუსები ბათუმში

07.09.2024 •
ეტლით მოსარგებლე ადამიანები არ გაგვითვალისწინეს – არაადაპტირებული მიკროავტობუსები ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 100 ახალი მიკროავტობუსი შეიძინა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 15,9 მლნ ლარს გადავიხდით. ახალი მიკროავტობუსები ცხრა ადმინისტრაციულ ერთეულში იმოძრავებს.

სიძვირის მიუხედავად, მიკროავტობუსები ადაპტირებული არ არის და შესაბამისად, ეტლით მოსარგებლე პირები ვერ ისარგებლებენ.

არქიტექტორი ნოდო ქარცივაძე ეტლითმოსარგებლეა და სოფელ ახალშენიდან ყოველ დღე უწევს ქალაქში ჩამოსვლა. ახალი მიკროავტობუსი მისი სოფლის მიმართულებითაც ივლის, თუმცა ნოდო ქარცივაძეს ამ ტრანსპორტით სარგებლობა არ შეუძლია.

„მიკროავტობუსების შემოყვანას რომ აპირებდნენ, პირველად ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებზე“ ვნახე და მაშინვე ჩანდა, რომ არ იყო ადაპტირების საკითხი განსაზღვრული.

ამის შემდეგ, მე და ჩემს მეგობრებს გვქონდა კომუნიკაცია „ბათუმის ავტოტრანსპორტთან“ და ვთხოვეთ, რომ გაეთვალისწინებინათ ადაპტირების საკითხი, რადგან ბევრი მიმართულებით უნდა იმოძრაონ ამ მიკროავტობუსებმა, მათ შორის ქალაქგარეთ და ვიცით, როგორი რთულია იმ შშმ ადამიანებისთვის გადაადგილება, ვინც გარეუბნებში ცხოვრობს.

ქალაქის შიგნით, რაღაც დონეზე ასე თუ ისე მოგვარებულია ეს საკითხი, მაგრამ ქალაქის გარეთ, გარეუბნებში, პრაქტიკულად ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის“, – ამბობს ნოდო ქარცივაძე.

მისი თქმით, ეტლით მოსარგებლე პირებმა, სიტყვიერადა თხოვეს შესაბამის უწყებებს და წერილობითაც, თუმცა მათი თხოვნა არ გაითვალისწინეს.

15.9 მლნ-ად შეძენილი მიკროავტობუსები შშმ პირებისთვის არაადაპტირებულია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანები არ გაგვითვალისწინეს.

მეც პირადად ახალშენიდან დავდივარ სამსახურში, ათი წელია კომუნიკაცია მაქვს მუნიციპალიტეტთან და სულ ვითხოვ, რომ დანიშნონ ადაპტირებული ტრანსპორტი, მაგრამ მაინც გამოიჩინეს გულგრილობა.

მე კი მყავს პირადი ავტომობილი და დავდივარ, მაგრამ ყოველდღიურად მაინც დიდი ხარჯია პირადი მანქანით გადაადგილება და არ იქნებოდა ცუდი, მუნიციპალური ტრანსპორტითაც რომ მესარგებლა.

საერთოდ, ადაპტირებული მიკროავტობუსების პრაქტიკა საქართველოში არ მახსენდება რომ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ მერიას, რომ ვყოფილიყავით თუნდაც პირველი ამ მიმართულებით, მაგრამ მაინც არ გაითვალისწინეს“, – გვეუბნება ნოდო ქარცივაძე.

მისი თქმით, ადაპტირებული მიკროავტობუსები ევროპის ბევრ ქვეყანაში მოძრაობს და შეგვეძლო მათი გამოცდილება გაგვეზიარებინა.

„მე, პირადად, ვიმგზავრე ესპანეთში ყოფნისას ადაპტირებული მიკროავტობუსით.

შეიძლებოდა მოკვლევა რომ ჩაეტარებინათ, რა მიმართულებებზე ცხოვრობენ ეტლით მოსარგებლე ადამიანები და იმ მარშრუტებზე მაინც შეეძინათ ადაპტირებული ტრანსპორტი, მაგრამ არც ამაზე იმუშავეს. 100 მიკროავტობუსიდან, ნახევარი მაინც შეეძინათ ადაპტირებული“, – ამბობს ნოდო ქარცივაძე.

ახალი მიკროავტობუსები ეტაპობრივად დაიწყებენ მოძრაობას განსაზღვრულ მარშრუტებზე. ისინი მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან გააჩერებენ და მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ უკონტაქტო პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: