მთავარი,სიახლეები

შტორმი მუშაობაში ხელს გვიშლის – ამბასადორი ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე 

23.08.2024 •
შტორმი მუშაობაში ხელს გვიშლის – ამბასადორი ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე 

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმთან ზღვაში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, ამბობს, რომ შტორმი მუშაობაში ხელს უშლის.

კომპანია ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. ნებართვა კი 2022 წლის პირველ სექტემბერს, „ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ ნაპირსამაგრი ჯებირის“ მშენებლობაზე გაიცა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტზე.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანებით მშენებლობის ნებართვა ძალაში იყო 2023 წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით. ანუ, „ამბასადორს“ ეს ე.წ. ნაპირდამცავი ჯებირი 2023 წლის დეკემბრამდე უნდა აეშენებინა.

„ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ვინაიდან მშენებლობა აღნიშნულ დროში ვერ დამთავრდებოდა, სააგენტოს ბრძანებაში შეიტანეს ცვლილება და მშენებლობის ვადა 2024 წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით გააგრძელეს.

„ამბასადორმა“, რომელიც მშენებლობას ვერც ამ ცვლილებით განსაზღვრულ ვადაში ამთავრებს, 2024 წლის ივლისში წერილით მიმართა სააგენტოს და მშენებლობის ვადის კიდევ 378 დღით გაზრდა მოითხოვა.

„მეტეოროლოგიური და ტექნოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ნებართვით გათვალისწინებული მშენებლობა საჭიროებს გაგრძელებას, ვინაიდან შავი ზღვა ხასიათდება შტორმით და ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება სამუშაოების დინამიკის შენარჩუნება, მიუხედავად კომპანიის მუდმივი მუშაობისა. რაც შეეხება დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციას ცვლილებები არ განხორციელებულა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ არსებული მშენებლობის ვადა წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად გაგვიგრძელოთ 378 დღის ვადით“, – აღნიშნულია „ამბასადორის“ მიერ სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

მშენებლობის გეგმა გრაფიკი / „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ სააგენტოში გაგზავნილი წერილიდან

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2022 წლის ბრძანებაში მორიგი ცვლილება 2024 წლის 9 აგვისტოს შეიტანა და „ჯებირის“ მშენებლობის ვადა 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით გააგრძელა.

„ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის 27 ნოემბრის ძლიერ შტორმს ბათუმის კუნძულის ხელოვნურად მოწყობილ 2 ჰა მიწის ნაკვეთზე უარყოფითი ზემოქმედება არ გამოუვლენია, რაც მკაფიოდ ადასტურებს პროექტის განხორციელებაში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მაღალ პროფესიონალიზმს და წინასწარი კვლევების სიზუსტეს“, – ეს განცხადება „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ საკუთარ ფეისბუქგვერდზე 2023 წლის 11 დეკემბერს გამოაქვეყნა.

კომპანიის მიერ სააგენტოში გაგზავნილი წერილიდან კი ირკვევა, რომ „ნაპირსამაგრი ჯებირის“ მშენებლობის გეგმა-გრაფიკის შედგენისას „შტორმის უარყოფითი ზემოქმედება“ წინასწარ ეტყობა მთლად ასეთი სიზუსტით ვერ გათვალეს.

„ამბასადორის“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ზღვაში უკვე „შექმნილია 10 ჰექტრამდე ფართობის ხელოვნური ნაკვეთი, რომლის მიწით ამოვსების სამუშაოებიც უკვე დასრულებულია. 2024 წლის შემოდგომიდან, კუნძულზე მიწის დამატებითი სამუშაოების პარალელურად, კომპანიის გეგმებშია პირველი პარკისა და ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობების განვითარება.“

რაც შეეხება უშუალოდ კუნძულს, მის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2024 წლის 14 აგვისტოს გასცა. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ოცამდე საკითხი, რაზეც ინფორმაცია და დოკუმენტები „ამბასადორმა“ დამატებით უნდა წარუდგინოს გარემოს სააგენტოს, როგორც კუნძულის მშენებლობის დაწყებამდე ასევე შემდგომ პერიოდშიც.

ვრცლად ამ თემაზე:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

 

მთავარი ფოტო: ბარცხანის სანაპირო ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობის საწყის ეტაპზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: