ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში მოამზადოს. არსებული დოკუმენტების მიხედვით, შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ვადად დაახლოებით 3,5-4 წელია განსაზღვრული. სამუშაოების დაწყება კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება გზშ-ს მომზადებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებას.
საპროექტო ტერიტორიაზე „ინერტულ მასალას ადგილობრივი ლიცენზირებული კარიერებიდან შეიტანენ, ხოლო მოლების მშენებლობისთვის საჭირო სხვადასხვა ზომის ქვების შემოტანა დაგეგმილია თურქეთიდან“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს სკოპინგის დასკვნაში.
„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულის მოწყობას ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში გეგმავს [აშენდება ერთი ღუზის ფორმის კუნძული და ორი ნახევარკუნძული]. საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი 144,3 ჰექტარია.
დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ
საპროექტო ტერიტორია ექცევა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ბათუმის ხელოვნების ცენტრის ვიზუალური დაცვის არეალში. შესაბამისად, პროექტი უნდა შეთანხმდეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.
საპროექტო ტერიტორიიდან უახლოესი საცხოვრებელი სახლი დაშორებულია 65 მეტრით. საცხოვრებელ ზონასთან ყველაზე ახლოს მდებარე ობიექტი კი, სამშენებლო ბანაკი იქნება.
ბანაკს, ხელოვნური კუნძულის საპროექტო აკვატორიაში, ნაპირდამცავი ჯებირის ტერიტორიაზე მოაწყობენ.
„ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა კი, „ამბასადორმა“, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, გზშ-ს პროცედურის გარეშე დაიწყო.
სკოპინგის ანგარიშის თანახმად, „ბანაკის ტერიტორიაზე განთავსდება: ბეტონის კვანძი, სამშენებლო ტექნიკის სადგომი, ბეტონმზიდი მიქსერების სადგომი, ინერტული მასალების საწყობი, დამხმარე სახელოსნო, ტეტრაბლოკების საწარმოო უბანი, დიზელის საწვავის ორი რეზერვუარი, მზა ბლოკების დასაწყობების უბანი, ამწე მექანიზმი, საოფისე და მუშათა საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობები“.
კუნძულის მშენებლობა ხმელეთიდანაა დაგეგმილი, კერძოდ: სამშენებლო ბანაკის ტერიტორიიდან ეტაპობრივად მოაწყობენ დამცავ მოლებს და მოლების უკან შექმნილი არეალი შეივსება ქვებითა და ინერტული მასალით.
დაგეგმილია ასევე 555 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის მოწყობა. გზშ-ის ანგარიშში კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ნავმისადგომის პარამეტრებისა და სამშენებლო სამუშაოების შესახებ, ასევე შეფასებული უნდა იქნეს მშენებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად გარემოს კომპონენტებზე ზემოქმედება.
პროექტის განხორციელებით ადგილი ექნება საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ვიზუალურ-ლანდშაფტურ ფონზე ზემოქმედებას, რის გამოც გათვალისწინებულია სხვადასხვა შემარბილებელი ღონისძიებების გატარება – ხელოვნური სანაპიროების, სკვერებისა და სხვა დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვ.
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საველე კვლევებისა და არსებული სამეცნიერო ლიტერატურული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, საკვლევ ზონაში და მის მიმდებარე ადგილებში გამოვლენილია ძუძუმწოვრების 35-მდე, ხელფრთიანების 20-მდე, ფრინველების 300-ზე მეტი, ქვეწარმავლების და ამფიბიების 20-მდე, მოლუსკების და სხვადასხვა სახის უხერხემლოების 500-ზე მეტი სახეობა.
„გზშ-ის ეტაპზე აისახება დეტალური ინფორმაცია ჩატარებული კვლევების შესახებ, დეტალურად იქნება შეფასებული ზემოქმედებების სახეები და მასშტაბები, ასევე წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები“, – აღნიშნულია სააგენტოს დასკვნაში.
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო კუნძულის მოწყობისას მოსალოდნელია ასევე ჰიდრობიონტების საარსებო ჰაბიტატების კარგვა. ხოლო განსაკუთრებული ზემოქმედება დაკავშირებული იქნება ფსკერულ [ბენთოსურ] პოპულაციებზე.
პროექტის განხორციელებით ზემოქმედება მოსალოდნელია საპროექტო ზონაში შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეებში იქთიოფაუნის მიგრაციის შეფერხებასთანაც, ასევე, მოსალოდნელია ზემოქმედება შავი ზღვის ძუძუმწოვრებზე.
„გარდა აღნიშნულისა, ზემოქმედებები დაკავშირებული იქნება წყლის ხარისხის გაუარესებასთან და ხმაურისა და ვიბრაციით მოსალოდნელი ზემოქმედებებით ქვირითობის პერიოდში, საპროექტო ტერიტორიაზე სატოფო ჰაბიტატების არსებობის შემთხვევაში ან/და შავი ზღვის აკვატორიიდან საპროექტო ზონაში ჩამდინარე მდინარეებში სატოფო მიგრაციაზე უარყოფით ზემოქმედებასთან“.
გზშ-ის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს კუნძულის, ნახევარკუნძულებისა და მოლების მოწყობის შედეგად შავი ზღვის წყლის ხარისხსა და ბენთოსზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია ეფექტური შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით.
გზშ-ის ანგარიშში დეტალურად უნდა იქნეს შეფასებული ხმაურისა და ვიბრაციის გავრცელებით გამოწვეული ზემოქმედება ხმელეთზე და წყალქვეშ. ასევე გაანგარიშებული უნდა იყოს ხმაურის დონეების გავრცელების რადიუსი და პოტენციური ზემოქმედება შავი ზღვის ზოობენთოსზე;
სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში გაბურღულა 21 სანაპირო ჭაბურღილი 38 მ სიღრმემდე. „ჭაბურღილებიდან მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით კი, საპროექტო რეგიონში გრუნტის დაჯდომასთან დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.“
თუმცა სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრიტიკულ რეგიონს წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი.
„დაგეგმილი საქმიანობის სპეციფიკისა და მასშტაბიდან გამომდინარე, გზშ-ის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს და აღიწეროს ყველაზე უარესი სცენარის გათვალისწინებით, გეოლოგიურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია, მითითებული უნდა იქნეს საუკეთესო ხელმისაწვდომი პრაქტიკების გათვალისწინებით, ეფექტური საინჟინრო ღონისძიებების გატარების შესახებ დასაბუთებული ინფორმაცია.“
გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ამბასადორის“ მიერ გზშ-ის ანგარიში შედგენილი უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის, განსაკუთრებით, სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული მითითებების სრული დაცვით.
სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტალღების ღელვა ამ ეტაპზე არ არის შესწავლილი. გზშ-ის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს ტალღებისა და ქარის გავრცელებით მოსალოდნელი ზემოქმედებების შესახებ ინფორმაცია;
წარმოდგენილი უნდა იქნეს:
საპროექტო მოლებით შემოფარგლულ აკვატორიაში წყლის ცირკულაციის საკითხი; შემომზღუდავი ნაგებობის თხემის შერჩეული ნიშნულის დასაბუთება. ასევე დასაბუთებული უნდა იქნას შემომზღუდავი ნაგებობის წინ ე.წ. კბილის პარამეტრები და ფსკერის დამცავი ქვეშსაგები ფენის პარამეტრები;
აკვატორიაში შემავალი მდინარის საპროექტო საინჟინრო ჰიდროლოგიური მახასიათებლები და მისი გავლენა კომპლექსის ინფრასტრუქტურაზე [საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს მდინარე ბარცხანა, მდინარე კუბასწყალი კი, ზღვას საპროექტო ტერიტორიაზე უერთდება.];
ზემოქმედების შეფასება მდ. კუბასწყლისა და მდ. ბარცხანის წყლის ხარისხსა და იქთიოფაუნაზე, შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით;
საპროექტო არეალში შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეების ზემოქმედების შეფასება სანაპირო ზოლზე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურაზე, შესაბამისი საინჟინრო და საკომპენსაციო ღონისძიებების მითითებით;
გზშ-ის ეტაპზე წარმოსადგენია ასევე ზღვის აკვატორიაში ექსკავაციის სამუშაოებისას ამოღებული მასალის მოცულობის და მისი მართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ვინაიდან საპროექტო ტერიტორიაზე აღინიშნება ზღვის ფსკერის ნავთობპროდუქტებით ისტორიული დაბინძურება, წარმოდგენილი უნდა იქნეს მშენებლობის პროცესში ნავთობპროდუქტების დაბინძურებული მასის გავრცელების პრევენციის, დაკონსერვების ან/და გაწმენდის შესახებ ინფორმაცია;
წარმოდგენილი უნდა იქნეს პროექტის განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია ტურიზმის სექტორსა და რეგიონის ტურისტულ განვითარებაზე;
მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს ფსკერის ჰაბიტატებზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, მომზადდეს გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველი მასალები და დაიგეგმოს შესაბამისი მასშტაბის საკომპენსაციო ღონისძიებები;
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით: გასათვალისწინებელია ხელოვნური კუნძულის შემადგენელი ტალღამჭრელების ფაქტორი, რომლებიც გამოიწვევენ ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან მომავალი ტალღების პერფორაციას და გასათვალისწინებელი იქნება მათი ზეგავლენა არსებულ ნავსადგურზე.
აღნიშნულ ფაქტორს ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს, ასევე პროექტის მიმდინარეობის თაობაზე, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს პროექტის მომიჯნავე შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“, შპს „ტერმინალ-1“-სა და შპს „იბერია ლიმითედის“ ადმინისტრაციას, მათი მხრიდან შესაძლო შენიშვნებისა და რეკომენდაციებისათვის;
საჭიროა ანგარიშში სრულყოფილად იქნეს წარმოდგენილი თევზის სახეობების ანოტირებული სია და დაზუსტებული იქნეს ადგილობრივი და შემთხვევით მოხვედრილ სახეობათა ჩამონათვალი;
შეზღუდული წყალცვლის პირობებში საპროექტო არეალში შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეებზე ზემოქმედების შეფასება. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მდინარეების შესართავებთან ბიოლოგიურ გარემოზე (გამტკნარების რისკების გათვალისწინებით) ზემოქმედების შესახებ;
საპროექტო ტერიტორიას ესაზღვრება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იქნეს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიცია და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
—
„ამბასადორის“ ინფორმაციით, ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების შექმნის პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100 მილიონ აშშ დოლარს.
„ამბასადორმა“ უშუალოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მისაღებად შესაბამისი პროცედურები 2023 წლის ივნისში დაიწყო.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კი კომპანიის განცხადების განხილვა შეაჩერა და დამატებითი დოკუმენტების მიღების შემდეგ განაახლა.
2023 წლის ივლისში ბათუმის მერიამ პროექტის საჯაროდ განხილვის შესახებ განცხადება გაავრცელა, თუმცა სად შეიძლებოდა პროექტის ნახვა, არ მიუთითა.
ხელოვნური კუნძულის პროექტთან დაკავშირებული შეხვედრა ბათუმის მერიის დარბაზში 2023 წლის 13 ივლისს შედგა.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/481851/