განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, კიდევ ერთმა პედაგოგმა გადაურიცხა თანხა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა როლანდ შავაძემ, სიმბოლური „41“ ლარი გადაურიცხა განათლების მინისტრს და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი მასწავლებლების ახალი სახელფასო პოლიტიკის მიმართ, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილს, ზრდის ნაცვლად, ხელფასები დააკლდათ.
„განათლების მინისტრს სიმბოლურად „41“ ლარი გადავურიცხე. მინდა გაიაზროს, რომ ძალაუფლების სათავეში ყოფნის სანაცვლოდ ღირსება არ უნდა გაიყიდოს.
ქვეყნის მომავლის საზომია, თუ როგორ მოიაზრებს სისტემა მასწავლებლის როლს და საქმიანობას“, – წერს როლანდ შავაძე ფეისბუქზე.
პედაგოგი „ბათუმელებთან“ აზუსტებს, რატომ არის ღირსების შემლახველი სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკა.
„სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკა ჩვენი ღირსების შემლახველი გადაწყვეტილებაა. სისტემა უნდა უფრთხილდებოდეს თითოეული მასწავლებლის შრომას და რეპუტაციას.
ამ შემთხვევაში სამინისტრომ ათასობით მასწავლებელი მოატყუა დაპირებული სახელფასო 500-900 ლარის ზრდის ნაცვლად, 2 წლის დათქმით, სოციალური შემწეობა დაუნიშნა.
41 ლარი მინისტრზე გადარიცხვა სიმბოლურია იმ გუნდის მიმართ, რომელიც ძალაუფლების სათავეშია და როგორც განათლების სექტორის, ასევე ზოგადად ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ“, – ამბობს როლანდ შავაძე.
მასწავლებლების ხელფასების „უპრეცედენტო“ მატება ჯერ კიდევ წინა წელს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა, შემდეგ კი განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი, მთელი 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა პლატფორმაზე იმეორებდა, რომ პირველი ივლისიდან ყველა მასწავლებელს 500-800 ლარით გაეზრდებოდა ხელფასი.
აღმოჩნდა, რომ ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედების შემდეგ მასწავლებლების დიდ ნაწილს, ხელფასი დააკლდა. განსაკუთრებით იმ პედაგოგებს, ვისაც მაღალი სტატუსი (წამყვანი, მენტორი) აქვთ მოპოვებული და ასევე აქვთ არასრული საათები სკოლაში.
ახალი სახელფასო სისტემით, მასწავლებლებს იმ შემთხვევაში მოემატება ხელფასი, თუ კვირაში 18-25 საათს ჩაატარებენ.
იმ პედაგოგებს, ვისაც ახალი სახელფასო ფორმულით ხელფასი დააკლდა, განათლების სამინისტრომ გარდამავალი დებულებით 200 ლარი დაუმატა და ისიც მხოლოდ ორი წლით.
200 ლარის დაბეგვრის შემდეგ, პედაგოგებს 157 ლარი დაერიცხათ. სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა კიდევ ერთმა პედაგოგმა მანანა მიქავამ და გუშინ 9 ივლისს, ახალი სახელფასო ფორმულის შედეგად დამატებული 157 ლარი, უკან გადაურიცხა განათლების მინისტრს.
დღეს კი კოლეგის პროტესტს როლანდ შავაძეც შეუერთდა.
ამავე თემაზე:
პედაგოგმა მინისტრს 157 ლარი დაუბრუნა – „თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას, ეს შემწეობა მივიღო“