მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმი 100 მიკროავტობუსს იყიდის

19.01.2024
ბათუმი 100 მიკროავტობუსს იყიდის

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 ცალი მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს. მიკროავტობუსებს კონსოლიდირებული ტენდერით შეისყიდიან, რომელსაც შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს.

სააგენტოს ინფორმაციით, „M2 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის.“

კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე სატენდერო/შესყიდვის სავარაუდო ფასის დასადგენად სააგენტო ბაზარს იკვლევს.

„გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ მიუთითოთ ასევე ვალუტა] და არსებობის შემთხვევაში შენიშვნები, როგორც შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ აღწერილობასთან, ასევე სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან მიმართებით“, – აღნიშნულია სააგენტოს ბაზრის კვლევის განაცხადში.

„ბათუმელებს“ შესყიდვების სააგენტოში უთხრეს, რომ მიკროავტობუსებს შემსყიდველი ორგანიზაცია [„ბათუმის ავტოტრანსპორტი“] საკუთარი ბიუჯეტით იყიდის.

ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, შეთავაზებული ავტობუსები უნდა იყოს:

  • ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2024 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, განბაჟებული;
  • საწვავის ტიპი – დიზელი; დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავა, არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის შესაბამისი; არანაკლებ 16 დასაჯდომი ადგილი +1 დასაჯდომი მძღოლისთვის; საწვავის მოხმარება ქალაქში წვის პირობებში 100 კმ/ზე – ქალაქში არაუმეტეს 11 ლიტრი, შერეული არაუმეტეს 9 ლიტრი, ქალაქგარეთ.
  • მიკროავტობუსების ფერი შეთანხმდება „ბათუმის ავტოტრანსპორტთან“.

„ბათუმელებისთვის“ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსებით ქალაქში დღეს არსებული სამარშრუტო მიკროავტობუსების ჩანაცვლება არ იგეგმება. როგორც მერიაში გვითხრეს, „ახალი მიკროავტობუსები სავარაუდოდ იმ მარშრუტებზე ივლიან, სადაც დღეს ჩვეულებრივი საქალაქო ავტობუსები არ დადიან].

რა თანხით აპირებს მიკროავტობუსების შეძენას და ეტაპობრივად შეიძენენ თუ ერთიანად – ამ ინფორმაციაზე პასუხი „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“ ჯერჯერობით არ გვაქვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: