„დამაკლდა და რომ არ გავბრაზდე და ძალიან ბევრი არ ვიყვირო, ამიტომ მიმატებენ ამ 200 ლარს, რომელიც იბეგრება და ხელზე ავიღებ სადღაც 156 ლარს. ტყუილი არის პრობლემა“, – ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის მენტორი პედაგოგი ნათია მანია.
მას „ბათუმელები“ მასწავლებლების ახალ სახელფასო ფორმულაზე ესაუბრა, რომელმაც პედაგოგების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
ხელისუფლების მიერ დაანონსებული ხელფასების მატების ნაცვლად, მასწავლებლების გარკვეულ ნაწილს ხელფასზე დააკლდა. რატომ არის სამინისტროს პოლიტიკა ფარსი და სიყალბე? – სწორედ ამ თემაზე საუბრობს პედაგოგი.
„მათხოვარივით მოგვექცნენ, – აი ასეთი გრძნობა გაუჩნდათ მასწავლებლებს ამ ახალი სახელფასო ფორმულით.
ტყუილი არის პრობლემა და რა იყო ტყუილი? – ეს სქემა დაიწყო აქტივობებით, ოქმებით, გაფორმებებით და ხალხმა იფიქრა – „მე ხელფასი მომემატება იმ შემთხვევაში, თუ ამ დავალებებს ხუთიანზე შევასრულებ. და იყვნენ ადამიანები, ვინც შეასრულეს ხუთიანზე და მიიღეს სტატუსები.
მეც გავხდი მენტორი მასწავლებელი და მიხაროდა, რომ ხელფასი გამეზრდებოდა.
ამ დანაპირებშიც იყო მეორე ტყუილი, რადგან ჩვენ გვითხრეს, თუ გამოცდას ჩააბარებთ, აღარ იქნება საჭირო ის ათასი აქტივობა, რასაც ვაკეთებდით გამოცდის გარეშე. რეალურად, ასე არ მოხდა.
გამოცდა ჩავაბარეთ და შემდეგ მაინც უნდა გაგვეკეთებინა პორტფოლიო, სადაც ასევე ჩადებული იყო სხვადასხვა აქტივობა.
კარგი, ესეც შევასრულეთ ხუთიანზე. ვფიქრობ, მაქვს გარკვეული ხელფასი, მაქვს დანამატი, ველოდები, რომ კიდევ მომემატება და მიხარია.
უცებ, გამოვიდა, რომ დამაკლდა.
მინისტრი კი ამბობს, რომ არავის არ დააკლდა, 200 ლარი მოემატაო, მაგრამ ეს 200 ლარიც ორწლიანია და თანაც რეალურად კანონით კი არ არის ასე, თვითონ ამბობენ, რომ „ვისაც დააკლდა, იმას ვუმატებ“, ანუ დამაკლდა და რომ არ გავბრაზდე და ძალიან ბევრი არ ვიყვირო, ამიტომ მიმატებენ ამ 200 ლარს“, – ამბობს ნათია მანია.
მისი თქმით, როცა მასწავლებელს წლების განმავლობაში ეუბნებოდა სამინისტრო, რომ თუ იშრომებდა, ხელფასიც მაღალი ექნებოდა, ახლა აღმოჩნდა, რომ სამინისტრომ სრულიად უგულებელყო მასწავლებლების შრომა და დანაპირებიც.
„ახლა გვეუბნებიან, რატომ უნდა მოგცე? რით ხარ გამორჩეული. ჩაატარე მეტი გაკვეთილი და გექნება უფრო დიდი ხელფასი. საკუთარ ნათქვამს თვითონ აბიაბრუებ და აბიაბრუებ ამდენი ადამიანის შრომას.
არ ვიცი ვინ ჭკვიანმა ურჩია ასეთი საოცარი ფორმულა, ან როგორ ვერ გათვალეს, რომ ასეთ ხმაურს ატეხდნენ მასწავლებლები, რადგან ის მასწავლებლებიც კი, რომლებსაც არასდროს არაფერზე ხმა არ გაუღიათ და კონფორმისტულად უდგებოდნენ მუდამ ყველაფერს, გააგიჟეს და ააყვირეს. ამაზე მეცინება, – სად დაარტყეს და სად გავარდა“, – ამბობს ნათია.
პედაგოგის აზრით, ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ, მასწავლებლების გულის მოგებაზე იყო გათვლილი, თუმცა ხელისუფლებას საპირისპიროდ გამოუვიდა.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გული მოიგონ წინასაარჩევნოდ. ეს ძალიან ცხადია, მაგრამ ზოგადად, რა არის მიზანი, რა ხდება და რატომ ვერ ახერხებს ჩვენი სისტემა გაიმართოს ამდენი ხნის განმავლობაში, მართლა არ ვიცი, გაოცებული ვარ.
ყველაფერი არის აღრეული ერთმანეთში და ყველაფერს აქვს დაკარგული აზრი – გამოცდას, პორტფოლიოს, სამინისტროს დავალებების შესრულებას, არშესრულებას – ყველაფერი არის სულერთი, არათანმიმდევრული.
ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ვინმეს აწყობს, რომ ჩვენ ვიყოთ გაუნათლებლები? აბა როგორ შეიძლება ამდენი წლის განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობილი სისტემა არ გქონდეს, გეგმა არ გქონდეს, რომელსაც მიჰყვება სამინისტრო და როცა ერთი მინისტრი შეიცლება, გააგრძელებს მეორე მინისტრი და არ იქნება ისე, რომ ახალი როცა მოვა, გადააგდებს ყველაფერს, რასაც წინა აკეთებდა და დაიწყებს ახლიდან.
ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ ახალმა სახელფასო ფორმულამ განსაკუთრებით გამიტეხა გული და რომ ხვალვე წავალ სკოლიდან. თუმცა, სკოლიდან წასვლაზე ისედაც მიფიქრია იმიტომ, რომ შენ სკოლაში, როგორც მასწავლებელი ხარ სრულიად მარტო და შენს თავზე ხარ დამოკიდებული.
შენს აზრს არავინ სცემს პატივს, არავის არ აინტერესებს, რას ფიქრობ პროგრამაზე, ეროვნულ გეგმაზე, მეთოდიკაზე, რა მიგაჩნია სწორად და რა არა. არავინ არაფერს გეკითხება, რაღაცას მოგცემენ და იმას უნდა მისდიო. გამოგივა არ გამოგივა, არავის აინტერესებს. მარტო ხარ, დამხმარე არავინ ჩანს გარშემო და ეს ძალიან დამღლელია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემის ნაწილი ვარ და ამ სისტემის ჭანჭიკი ვარ, არის ასე – ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი, ფარსი, სიყალბე. აი, ასეთია ჩემი პირადი დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება გაძლიერდა აი ამ ეგრეთ წოდებული „უპრეცედენტო მატებით“, – ამბობს ნათია მანია.
___
მმართველმა პარტიამ მასწავლებლების ხელფასების მატება გასულ წელს დააანონსა. ითქვა, რომ 2024 წლის ივლისიდან მასწავლებლების ხელფასი 500 ლარით და მეტით გაიზრდებოდა, თუმცა ექვსთვიანი ლოდინისა და არაერთი პასუხგაუცემელი კითხვების შემდეგ, მასწავლებლებმა დაინახეს რომ ხელფასები არა 500 ლარით გაეზარდათ, ის დანამატიც კი გაუუქმდათ, რაც კარიერული წინსვლის სქემით მიღებული სტატუსის შედეგად მიიღეს.
ახალ სახელფასო ფორმულას მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა.