მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ წევრი ვარ, შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ“ – ვინ დანიშნა ცესკომ ნეიტრალურ წევრებად ხელვაჩაურში

16.09.2024 •
„ოცნების“ წევრი ვარ, შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ“ – ვინ დანიშნა ცესკომ ნეიტრალურ წევრებად ხელვაჩაურში

„მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი 2012 წლიდან, რა თქმა უნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვარ,“ – არაფერს მალავს ედნარ მორთულაძე. ის რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ #3 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ შეარჩია – „ნეიტრალურ“ წევრად.

ნეიტრალური წევრი იმას ნიშნავს, რომ ვიდრე პარტიები საუბნო კომისიებში საკუთარი ინტერესების წარმომადგენლებს დანიშნავენ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად ჩატარებისთვის, პროფესიონალიზმისა და სანდოობის კუთხით, თითოეულ კომისიაში 8-8 წევრს ირჩევს.

რთული არაა იმის დადასტურება, რომ საუბნო თუ საოლქო კომისიების დონეზე ე.წ. ნეიტრალური კომისიის წევრები ხშირ შემთხვევაში პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არიან კავშირში. ზოგიერთი მათგანი მმართველი პოლიტიკური პარტიის აგიტაციაშიც კი არის ჩართული, რაც მათი ფეისბუქგვერდებიდან ჩანს.

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის სხდომის ოქმს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა განსხვავებული აზრი დაურთეს „ნეიტრალურ“ წევრებზე ვრცელი ჩამონათვალით და სქრინებით „ნეიტრალური“ წევრების ფეისბუქპოსტებიდან.

ოპოზიცია საოლქო კომისიას დაწვრილებით აწვდის ინფორმაციას, როგორაა ჩართული იმ პირების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ აგიტაციაში, ვისაც კომისიის უპარტიო წევრობა სურს, თუმცა კომისიას ეს მონაცემები თაროზე შემოუდია, ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურში სხვადასხვა საუბნო კომისიის რამდენიმე წევრს დაუკავშირდა და ჰკითხა: რამდენად შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, როცა არჩევნებს ნეიტრალური პირების ნაცვლად, პარტია „ქართული ოცნების“ სამსახურში ჩამდგარი პირები ჩაატარებენ?

„რატომ იქნება პრობლემა? რატომ იქნება კითხვები? ჩვენ პატიოსნურად ვმუშაობთ 2020 წლიდან. ვარშალომიძესაც ვიცნობ [ლევან ვარშალომიძე – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე], ნათესაური კავშირიც მაქვს, ძალიან თუ გაინტერესებთ, მაგ უბანში ვცხოვრობ, მაგრამ მე ჩემი პრინციპები მაქვს, მათ – მათი პრინციპები…

პრობლემა არ იქნება არც იმ მხრიდან, არც ამ მხრიდან,“ – გვითხრა ედნარ მორთულაძემ.

ედნარ მორთულაძე

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის წევრი ენმ-დან, არმაზ ვარშალომიძე აცხადებს, რომ ედნარ მორთულაძემ „სამთავრობო სტრუქტურების დავალებით მიიღო მონაწილეობა კონკურსში“: ედნარ მორთულაძის ძმა – ალბერტ მორთულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

„ეს გამორიცხულია, ჩემი ძმა თავის საქმეს აკეთებს, რა შუაშია, რატომ მეკითხებით?“ – კითხულობს ედნარ მორთულაძე, რომელიც წლებია ხელვაჩაურის მერიის ააიპ „დასუფთავების სამსახურშია“ დასაქმებული.

საიდან ხართ ნეიტრალური, თუ 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ წევრი ხართ? – ვკითხეთ საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.

„გვერდში მდგომი ვარ, პარტიული არ ვარ,“ – ამჯერად ეს გვითხრა საარჩევნო მოხელემ. – „ვინ როგორ შემაფასებს, მაგი მათზეა დამოკიდებული,“ – დასძინა მან.

„ქართული ოცნების“ პოსტებს ყველაზე აქტიურად საკუთარ ფეისბუქგვერდზე მანუჩარ ცინცაძე აზიარებს. ის „ხელვაჩაურის წყლის“ თანამშრომელია და ხელვაჩაურში მეორე საარჩევნო უბნის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი ცოლი, დიანა ვერძაძე კი, მესამე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გახდა.

„რა პრობლემაა, რომ გამოვხატავ მხარდაჭერას. მე პარტიული არ ვარ, ვაზიარებ იმას, რაც მომწონს და გაკეთებულია, რა შეკითხვაა ეს?“ – კომისიის თავმჯდომარეს ფეისბუქგვერდზე „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიებების აქტიურ გაზიარებაზე ვკითხეთ.

ერთ-ერთი საჯარო ფეისბუქპოსტი მანუჩარ ცინცაძის ფეისბუქგვერდიდან

„2007 წლიდან ვატარებ არჩევნებს. მეხუთე არჩევნებია თავმჯდომარედ მირჩევენ. ახლა კონკურსის წესით ამირჩიეს, არასდროს მქონია გადაცდომა და საყვედური… არც 2012 წლამდე ყოფილა რამე, შესაძლოა რაღაც პროცედურული ყოფილიყო.

მე აგიტაციას არ ვეწევი, პარტიულ შეკრებებს არ ვესწრები. ვმუშაობ „ხელვაჩაურის წყალში“ აუზების ზედამხედველად. პარტიული მე არ ვარ, ამ ხელისუფლების რაც მომწონს, ის ყოველთვის იქნება ჩემთვის მისაღები, არავის ვკითხავ, რამეს გავაზიარებ, თუ დავალაიქებ,“ – გვითხრა მანუჩარ ცინცაძემ.

საარჩევნო პერიოდშიც გააზიარებთ პარტიულ აქტივობებს? – ვკითხეთ საარჩევნო მოხელეს. საარჩევნო რეგულაციებით წინასაარჩევნო პერიოდში ეზღუდება საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელს პოლიტიკური შეხედულებების ღიად გამოხატვა:

„არ ვიცი, შევხედავ… „ქართული ოცნების“ პოსტებსაც გავაზიარებ და თქვენს გვერდსაც, თუ მეგობრებში დამიმატებთ,“ – აღნიშნა მანუჩარ ცინცაძემ.

„ქართული ოცნების“ პოსტებს აზიარებს ირმა ნაკაშიძეც. ის მეხუთე საუბნო კომისიის წევრი და ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელია ხელვაჩაურში. ირმა ნაკაშიძეც, როგორც უპარტიო, ნეიტრალურ წევრად შეარჩია ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ.

„არანაირი პრეტენზია არ არის,“ – მხოლოდ ეს გვითხრა და დამშვიდობება არჩია ირმა ნაკაშიძემ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი პოსტი ირმა ნაკაშიძის ფეისბუქგვერდიდან

„ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის გავრცელებით არის დაკავებული თალიკო დევაძეც. იგი ახალშენის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელია და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ მე-17 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ შეარჩიეს. თალიკო დევაძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ერთ-ერთი პოსტი თალიკო დევაძის ფეისბუქგვერდიდან

„ქართული ოცნების“ სამსახურშია ახალსოფლის საბავშვო ბაღის კიდევ ერთი თანამშრომელი – მეგი სურმანიძე. ის 27-ე საუბნო კომისიის ნეიტრალურ წევრად აირჩიეს.

პოსტი მეგი სურმანიძის ფეისბუქგვერდიდან

ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ საოლქო კომისიას ბევრი სხვა შემთხვევის შესახებაც აწვდიდა ინფორმაციას, მაგალითად, მე-8 საუბნო კომისიაზე, სადაც საოლქო კომისიის ოპოზიციონერი წარმომადგენლების ინფორმაციით, ნეიტრალური 8 წევრიდან 5 – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის – არჩილ მხეიძის ახლო ნათესავია.

არჩილ მხეიძე საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

სხდომის ოქმში ნახავთ მონაცემს მერაბ ფარტენაძის შესახებაც. ის პირველი საუბნო კომისიის თავმჯდომარეა. საოლქო კომისიის წევრების, არმაზ ვარშალომიძის [ენმ] და ია დავითაძის [სტრატეგია აღმაშენებელი] ინფორმაციით, მერაბ ფარტენაძე სუს-ის მოქმედი თანამშრომლის, დავით ფარტენაძის ძმაა და მან ამ სამთავრობო სტრუქტურის დავალებით მიიღო მონაწილეობა კონკურსში.

„მოგვიანებით გიპასუხებთ,“ – გვითხრა მერაბ ფარტენაძემ, თუმცა შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

  • რას ამბობს კანონი? 

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს [გარდა პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა] ეზღუდება პარტიული საქმიანობა.

„მოხელე ვალდებულია თავი აარიდოს ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს რომელიმე პარტიისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად/წინააღმდეგ ქმედებად. მოხელე თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს საჯარო ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან.

მოხელე ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა და პირადი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად“, – ვკითხულობთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში.

ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა დისციპლინურ გადაცდომად ითვლება და საარჩევნო მოხელეს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა.

ვინ მოახდენს რეაგირებას, როცა ზემდგომმა საოლქო კომისიამ შეარჩია ეს ადამიანები საუბნო კომისიის წევრებად?

„რა უფლება მაქვს, ვიღაცის პირად ცხოვრებაში ჩავერიო?“ – კითხვა შემოგვიტრიალა ომარ ვარშანიძემ, ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ. მას ვკითხეთ, რატომ აირჩია საოლქო კომისიამ ნეიტრალურ წევრებად „ქართულ ოცნების“ აგიტაციაში ღიად ჩართული ადამიანები, ასევე პარტიის წევრები?

„ბათუმელების“ ინფორმაციით,  მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან კონკრეტული ადამიანების კავშირის დამადასტურებელი ფაქტები ოპოზიციამ ომარ ვარშანიძეს სამუშაო მაგიდაზე დაულაგა.

„მთავარი მოთხოვნა იყო სერტიფიცირება. როგორც იცით, თავმჯდომარეს, მოადგილეს და წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სერტიფიკატი. დანარჩენი, რაც აქ შემოდიოდა, ჩვენ მაგის ვალდებულება არ გვაქვს, რომ შეგვესწავლა… ჩვენ ხომ საგამოძიებო ორგანო არ ვართ?

თუ ვინმეს პრეტენზია ჰქონდა კონკურსანტებთან დაკავშირებით, შეეძლო, მანამდე გამოეთქვა ეს მოსაზრება… მათ მოიტანეს მასალები, არ ვიცი, რა იყო. 400 ადამიანს ჩვენ სათითაოდ ვერ გავარკვევთ, ვინ ვისი მხარდამჭერია, ამის ვალდებულება არ გვაქვს. მთავარია, როცა საარჩევნო ადმინისტრაციაში ავირჩევთ, შემდეგ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იგივე ეთიკის კოდექსი ახსენეთ თქვენ. ალბათ გაათვითცნობიერებენ ამას,“ – უთხრა ომარ ვარშანიძემ „ბათუმელებს“.

„დადგენილ საკონკურსო პირობებს უნდა დამატებოდა გასაუბრების კომპონენტი კონკურსანტებთან, რადგან კომისიისთვის წევრებთან გასაუბრების შედეგად სარწმუნო გამხდარიყო მათი პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. მიღებული საკონკურსო განაცხადები იმდენად მწირი ინფორმაციის შემცველია და ზედაპირულია კონკურსანტის შესახებ, რომ კომისიის წევრების მიერ შეუძლებელია რაციონალური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.

გარდა ამისა, საოლქო კომისიამ გამოიყენა წარმოდგენილი საკონკურსო განცხადებების გასაცნობად მინიმალური ვადა, მიღების დასრულებიდან 1 კალენდარული დღე [ფაქტობრივად რამდენიმე საათი], რაც 344 კონკურსანტის გაცნობისა და განხილვისთვის არაოპტიმალურ ვადას წარმოადგენს.

კონკურსანტების ელექტრონულად და საოლქო კომისიაში ადგილზე მისვლით რეგისტრაცია; კონკურსანტების შესახებ მოძიებული [შეგროვებული] საჯარო ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა მათი კავშირების მყარი ფაქტობრივი მტკიცებულებები [ნათესაური კავშირები საჯარო თანამდებობის პირებთან, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება და სხვა]“, – ვკითხულობთ სხდომის ოქმის ჩანაწერში, სადაც არმაზ ვარშალომიძემ [ენმ] და ია დავითაძემ [სტრატეგია აღმაშენებელი] განსხვავებულ მოსაზრება დააფიქსირეს.

ამ თემას გამოეხმაურნენ პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ ცენტრალურ ოფისშიც, სადაც აღნიშნეს, რომ ეს პრობლემა ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა:

„საუბნო საარჩევნო კომისიის ე.წ. „ნეიტრალური“ წევრები, სინამდვილეში არიან ღიად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, დადიან მათ აქციებზე, მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, არიან საჯარო ბაღების, სკოლების, მერიის თანამშრომლები. მაგრამ, ამას არ იკვლევს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ეს ადასტურებს იმას, რომ წინასაარჩევნო გარემო არის უთანასწორო, არასამართლიანი. შეუძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაციამ სამართლიანი საარჩევნო გარემო შექმნას იმ პირობებში, როცა ქვედა დონის კომისიები გაუმჭვირვალე პროცედურებით კომპლექტდება,“ – აღნიშნა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ.

ნეიტრალურობის მიმართ დამოკიდებულება ენმ-მ გააპროტესტა ბათუმის საოლქო კომისიაშიც. ბათუმის საოლქო კომისიის დროებითი, ე.წ. ნეიტრალური წევრად ცესკომ გურანდა შაინიძე შეარჩია, რომლის ქმარიც ირაკლი სანადირაძეა – „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, საარჩევნო აგიტაციაში ჩართული პირი და საბიუჯეტო ორგანიზაცია „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ პროექტების კოორდინატორი.

სქრინი ირაკლი სანადირაძის ფეისბუქგვერდიდან, სადაც ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პოსტებს აზიარებს.

„როცა ჩვენ დავიწყეთ საუბნო კომისიების წევრების არჩევა, ოლქის თავმჯდომარემ წაგვიკითხა ამონარიდი კანონიდან, რომ ოლქის წევრებს არ უნდა აერჩიათ საუბნო კომისიის წევრები, რომლებიც იქნებოდა მათი ნათესავი, მეუღლე და ასე შემდეგ. თუ საუბნო კომისიებზე გვაქვს ეს სტანდარტი, საოლქოში ხომ უფრო მაღალი უნდა იყოს სტანდარტი – ზემდგომია.

ირაკლი სანადირაძე „ქართული ოცნების“ შტაბის წევრია და მე ეს მტკიცებულება წარმოვადგინე. გურანდა შაინიძემ გააპროტესტა, მე რა შუაში ვარო. მაგრამ ნეიტრალურობის სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა ამ კუთხით გაიზარდოს, მიუკერძოებლობაზე კითხვები არ უნდა გაჩნდეს,“ – გვეუბნება ირმა ხოროიშვილი, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში ენმ-ს წარმომადგენელი.

„რაში გამოჩნდა, რომ მიკერძოებული ვარ?“ – ბათუმის საოლქო კომისიის წევრი, გურანდა შაინიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ უნდა ჩნდებოდეს ეჭვი საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობაზე, თუ მისი მეუღლე „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერი და პარტიის შტაბის წევრია. საარჩევნო მოხელე მიიჩნევს, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში უნდა დავინახოთ, ვინმეს მითითებას დაექვემდებარა თუ არა.

„მე მაქვს ჩემი პოზიცია, ჩემს მეუღლეს – თავისი. მე პირადად ვერავინ მეტყვის, რომ ოდესმე მსგავსი რამ [„ქართული ოცნების“ პოსტები]  გავაზიარე… ჩემი მეუღლე არ არის რომელიმე კომისიის წევრი, რა შუაშია შტაბი და საოლქო კომისია?“ – კითხულობს გურანდა შაინიძე.

საარჩევნო მოხელეს ვუთხარით, რომ არსებობს ეთიკის კოდექსი, რომ ეს პრინციპი ემთხვევა, მაგალითად, მოსამართლის შემთხვევას: თუ მოსამართლე პირობითად თავისი ქმრის საქმეს განიხილავს და თვითაცილებას არ მოახდენს, შესაძლოა, მან საქმე სრულიად სამართლიანადაც განიხილოს, მაგრამ აუდიტორიას ექნება სამართლიანი საფუძველი იფიქროს: იქნებ მოსამართლემ რამე მიჩქმალა და სიმართლეს გვერდი აუარა?

„თუ თქვენ ჩემ რომელიმე გადაწყვეტილებაში დაინახავთ, რომ მე მივიღე ეს არანეიტრალური ინტერესებიდან გამომდიანრე, არამედ რომელიმე მითითებიდან გამომდინარე, მაშინ კი ბატონო… მე არ მაქვს ვალდებულება, რომ ჩემი მეუღლის აზრზე ვიყო,“ – უკან აღარ დაიხია ბათუმის საოლქო კომისიის ნეიტრალურმა წევრმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: