ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 14 აგვისტოს გასცა. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ოცამდე საკითხი, რაზეც ინფორმაცია და დოკუმენტები გარემოს სააგენტოს „ამბასადორმა“ დამატებით უნდა წარუდგინოს.
რა დაავალეს დამატებით „ამბასადორი ბათუმი აილენდს“? – სანახავად დააწკაპუნეთ აქ
შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს მდ. კუბასწყლის წყალდიდობის ჰიდროგრაფისა და მოლოებით შემოსაზღვრულ აკვატორიაში ინტენსიური წვიმების შედეგად აკუმულირებული წყლის მოცულობის და ზღვაზე სხვადასხვა მეტეოროლოგიური პირობების სცენარების შესაბამისი, აკვატორიაში დამყარებული დონეების გაანგარიშებების სააგენტოში წარმოდგენა შესათანხმებლად;
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული გეოდეზიური დაკვირვებების ქსელის პროექტის სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა;
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს დაზუსტებული ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა ღრმა გრუნტების შეფასების მიზნით გაყვანილი დამატებითი ჭაბურღილის შესახებ;
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებული გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმის სააგენტოსთან შეთანხმება, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება:
- წინასამშენებლო კვლევის ფარგლებში ამჟამინდელი მდგომარეობით არსებული ზღვის ეკოსისტემის [ჰაბიტატები, ზღვის ძუძუმწოვრები, თევზები, უხერხემლოები, მათ შორის მაკროფიტები/ფიტობენთოზი და ა.შ.] შეფასება;
- წინასამშენებლო კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ (ACCOBAMS)“ საერთაშორისო შეთანხმებით და საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში გავრცელებულ საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ სახეობებზე, დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში მათზე მოსალოდნელ ზემოქმედებაზე და ამ ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით დაგეგმილ შემარბილებელ და საჭიროებისამებრ საკომპენსაციო ღონისძიებებზე.
- გეგმაში ასევე უნდა აისახოს ზემოაღნიშნულ გასატარებელ ქმედებების განხორციელებასა და შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობაზე დაკვირვებისა და სააგენტოსთან შედეგების წარმოდგენის საკითხი;
- მწვანე კონცხის და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაკროფიტების არსებობის შესახებ ოთხივე სავეგეტაციო სეზონზე კვლევების ჩატარების საკითხი, კერძოდ, კვლევის დაწყება 2024 წლის შემოდგომა-ზამთარში და გაგრძელება 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულში.
- კვლევის შედეგად, მწვანე კონცხისა და ციხისძირის მაკროფიტების ჰაბიტატების ფართობის, მრავალფეროვნებისა და შესაბამისი ეკოლოგიური სტატუსის განსაზღვრა, ხოლო შემდგომ, 3 წლის განმავლობაში ჰაბიტატებზე მშენებლობის სავარაუდო ზეგავლენის შეფასება სააგენტოსთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად;
- მშენებლობის დასრულებამდე მიკრობიოტის კვლევის განხორციელების საკითხი სეზონურობის გათვალისწინებით (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი), ხოლო შემდგომი მონიტორინგის 10 წლის განმავლობაში განხორციელების საკითხი, სააგენტოსთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით;
- მშენებლობის დასრულებამდე მშენებლობის შესაძლო გავლენის შესწავლის საკითხი იქთიოპლანქტონზე შესაბამისი კვლევების მეშვეობით, ასევე მონიტორინგის განხორციელების საკითხი მშენებლობის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში;
- საქმიანობის შედეგად ზღვის ბიოლოგიურ გარემოს ცვლილებებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე, ასევე ჰაბიტატის აღდგენისათვის დაგეგმილ შემარბილებელ ღონისძიების ეფექტიანობაზე დაკვირვების საკითხი. ამასთან, 10 წლიანი სამონიტორინგო დაკვირვების შემდგომ, მიღებული შედეგების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდეს აღნიშნული ვადის გახანგრძლივება და დამატებითი პრევენციული ქმედებების გატარება სააგენტოსთან შეთანხმებით;
- მშენებლობის აკვატორიაში მყვინთავების მეშვეობით წყალქვეშა გადაღებითი (ვიდეოსკანირება) სამუშაოების ყველა ვეგეტაციურ სეზონზე განხორციელებისა და კვლევის შედეგების – სახეობათა მრავალფეროვნების (ჰიდრობიოლოგიური) შესაბამისი შეფასებით, სააგენტოში ექვს თვეში ერთხელ წარმოდგენის საკითხი;
- ფრინველებზე მოსალოდნელი ზემოქმედების (განსაკუთრებით ექსპლუატაციის ეტაპისთვის) და შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობაზე დაკვირვების საკითხი, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი შემარბილებელი/საკომპენსაციო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით;
- ექსპლუატაციის ეტაპზე წყლის გარემოს მონიტორინგისას, გარე აკვატორიის წყლის სინჯის აღების საკონტროლო წერტილების GPS კოორდინატები და მშენებლობის ეტაპზე გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ხარისხის მონიტორინგის საკითხი, ასევე კუნძულის შიდა წყლის ხარისხის კვლევის საფუძველზე, შესაბამისი შემარბილებელი და პრევენციული ღონისძიებების სააგენტოსთან შეთანხმების საკითხი.
- მონიტორინგის განხორციელება უზრუნველყოს შეთანხმებული მონიტორინგის გეგმის შესაბამისად.
შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს საქმიანობის დროებით ან ხანგრძლივი ვადით შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალური გეგმა-გრაფიკის სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა, ტერიტორიის სარემედიაციო ღონისძიებების, კონსერვაციის და პირველად მდგომარეობამდე აღდგენითი სამუშაოების მითითებით. ღონისძიებების მართვა უზრუნველყოს შეთანხმების შესაბამისად;
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ფსკერდაღრმავების სამუშაოების მართვის გეგმისა და ფსკერდაღრმავების სამუშაოებისას ამოღებული დაბინძურებული ნალექების (გრუნტის) მართვის შესახებ (გრუნტის გაუწყლოება, განთავსება და ა.შ) დეტალური ინფორმაციის სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა;
უზრუნველყოს ძლიერი შტორმის დროს, შემომზღუდავი ნაგებობის თხემზე ტალღის გადმოდინებისგან ადამიანების უსაფრთხოების დაცვის პირობების გატარება, როგორიცაა გამაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟი, ფიზიკური ბარიერების მოწყობა და სხვა;
შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ უსახელო ხევის სადერივაციო კოლექტორის მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს სადერივაციო კოლექტორის პარამეტრების დაზუსტება მდინარეში ჩამდინარე და სანიაღვრე წყლების ხარჯების გათვალისწინებით და სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა;
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მდინარეების მყარი ნატანის (როგორც ფსკერული ისე ატივნარებული) დაზუსტებული მონაცემების სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა;
ფსკერდაღრმავების სამუშაოების შესრულებისას ფსკერული ნალექების – გრუნტის მოპოვება შემდგომი გამოყენების მიზნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ უზრუნველყოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტით სააგენტოსთან შეთანხმებული გამოყოფის და გაფრქვევის წყაროების, ასევე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების პარამეტრების დაცვა და შესაბამისად, ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შესრულება.
უზრუნველყოს ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების დაცვა სააგენტოსთან შეთანხმებული „ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმების” შესაბამისად;
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ნარჩენების მართვის გეგმის სამინისტროსთან შეთანხმება მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს N211 ბრძანების შესაბამისად, ხოლო ნარჩენების მართვა განახორციელოს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებისა და ვალდებულებების და შეთანხმებული ნარჩენების მართვის გეგმის შესაბამისად;
- შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ მშენებლობის დაწყებისა და დასრულების შესახებ აცნობოს სააგენტოს;
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირზე გადაცემის შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემა განახორციელოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი წესით.“
წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2024 წლის 14 აგვისტოს ბრძანება „ქ. ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე კუნძულის პროექტის გზშ-სთან დაკავშირებით სააგენტოს განხილვა შეჩერებული ჰქონდა.
მიზეზი შპს „ტერმინალ1“-ის განცხადებები იყო, რომლითაც კომპანია „დაუშვებლად მიიჩნევდა კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, ვინაიდან კუნძულის საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ1-ის“ ნავმისადგომზე მომავალი საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლის, მანევრის და დგომის მარშრუტს და საფრთხეს უქმნის ტერმინალის უსაფრთხო ფუნქციონირებას. ასევე მის მიერ დაგეგმილ საქმიანობას [ნავთობტერმინალის გაფართოება და ღია ნავმისადგომის აშენება დიდი ტანკერებისთვის]“.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ „ტერმინალ 1“-ის წერილებში დასმული საკითხები სცილდებოდა გზშ-ს ფარგლებს და სააგენტოს კომპეტენციას, ამიტომ აღნიშნულის შესახებ აცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
ეკონომიკის სამინისტროს წერილ[ებ]ით კი, „ტერმინალ 1-სა“ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, „არ შეიზღუდება იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლა, რომლითაც სარგებლობს „ტერმინალი 1“; ამასთან, კუნძულის მშენებლობა და ექსპლუატაცია არ შეუქმნის საფრთხეს „ტერმინალ 1-ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას.“
სამინისტროს წერილი „ამბასადორმა“ გარემოს სააგენტოს გადაუგზავნა, სააგენტომ კი ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
ამ თემაზე ვრცლად: კუნძულთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სააგენტოს წერს, რომ სამინისტროდან მიღებული წერილებით „მარტივად დგინდება, რომ ბათუმის ორი ნახევარკუნძულის/ერთი კუნძულის პროექტს არა აქვს შემხებლობა შპს „ტერმინალი-1“-ის ტერიტორიასთან.“
„ამბასადორი“ ასევე აცხადებს, რომ „გზშ-ს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი „ტერმინალ1-ის“ უნაპირო ნავმისადგომის ალტერნატიული ნახაზი მოწოდებული იქნა ამავე ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 17 აპრილს. „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“, სწორედ, აღნიშნული ნახაზი, ყოველგვარი დამატებითი ცვლილებების გარეშე, დაურთო წარმოდგენილ გზშ-ს მასალებს. იმ შემთხვევაში თუ შპს „ტერმინალი-1“ არ ეთანხმება თავისივე წარმოდგენილ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეთანხმებულ უნაპირო ნავმისადგომის ნახაზებს, აღნიშნულზე ჩვენი კომპანია ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.“
„რაც შეეხება შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ დამატებით წარმოდგენილ წერილს და ამავე ორგანიზაციის მითითებით საერთაშორისოდ აღიარებულ საპროექტო კომპანია შპს „ანკორი ინჟინერინგის“ წინასწარ შეფასებასა და რისკებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საპროექტო ორგანიზაცია არცერთი კრიტერიუმით არ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის მატარებელ იურიდიულ პირს.
შპს „ანკორ ინჟინერინგი“ რეგისტრირებულია უკრაინაში. კომპანიის ვებსაიტი სტრუქტურულიზებულია მხოლოდ რუსულ ენაზე. ვებსაიტზე გაკეთებული ოფიციალური განმარტებით, აღნიშნული კომპანია კლიენტებს სთავაზობს საინჟინრო და საწარმოო სერვისების სრულ სპექტრს ჰაერის გამოყოფის პროდუქტების წარმოების შექმნის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის და ტექნიკური აირების წარმოებისთვის (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, ნახშირორჟანგი).
რაც შეეხება ხომალდების უსაფრთხო გადაადგილებას და მარშრუტის დადგენას, აშკარად, არ წარმოადგენს შპს „ანკორ ინჟინერინგი“-ის ოფიციალურ ვებსაიტზე გაცხადებულ საქმიანობის მიმართულებას“, – წერს „ამბასადორი“ გარემოს სააგენტოს.
„ტერმინალ1“-ის მითითებაზე სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, „ამბასადორი“ სააგენტოს წერს, რომ „მსგავსი მითითება წარმოადგენს, აშკარად, საფუძველს მოკლებულს, ვინაიდან, „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს და შპს „ტერმინალ-1“-ის სარგებლობაში არსებულ საკადასტრო ტერიტორიას სახმელეთო კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან და შუაში მოქცეულია ზღვა და მდინარე, რაც იმთავითვე გამორიცხავს ხანძრის გავრცელებას კუნძულის ტერიტორიაზე.“
„ამბასადორი“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილ წერილში ხაზს უსვამს, რომ ტერიტორიას სადაც ნახევარკუნძულები და კუნძული უნდა მოეწყოს, მთავრობამ განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი მიანიჭა.
„შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორიის განვითარება სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული ინტერესის მატარებელია“, – აცხადებს „ამბასადორი ბათუმი აილენდი.
განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი ხელოვნური კუნძულის საპროექტო ტერიტორიას საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 20 დეკემბერს მიანიჭა [„ტერმინალი1“ კი თავის წერილებში აღნიშნავს, რომ მათ მიერ დაგეგმილი საქმიანობისა და კუნძულის წარმოდგენილი პროექტით მშენებლობის დაუშვებლობაზე ინფორმაცია სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს 2022 წელშიც ჰქონდა].
ამ თემაზე ვრცლად: განსაკუთრებული ზონა – ხელოვნური კუნძულის ტერიტორიას მთავრობამ ახალი სტატუსი მიანიჭა
მთავრობამ ზღვის ნაწილს განსაკუთრებული ზონის სტატუსი მას შემდეგ მიანიჭა, რაც „ამბასადორს“ ნახევარკუნძულის/როგორც დამცავი ნაგებობის მშენებლობა უკვე დაწყებული ჰქონდა.
„რაც შეეხება მიმდინარე მიწის წარმოქმნის სამუშაოებთან დაკავშირებით გამოხატულ შპს „ტერმინალი1-ის“ პრეტენზიას – აღნიშნულ ტერიტორიაზე სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა შავი ზღვის აკვატორიაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის/ერთი კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული ნაპირსამაგრი ჯებირის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამავე სააგენტოს მიერ 2022 წლის 1-ელ სექტემბერს კი, გამოიცა ბრძანება ნაპირსამაგრ ჯებირზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“, – წერს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ასევე აცხადებს, რომ „2024 წლის 9 აგვისტოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ცვლილება შევიდა სანებართვო მოწმობაში და მისი მოქმედება გაგრძელდა 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამისად „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ მოწყობილია 8 ჰექტრამდე ხელოვნურად განაშენიანებული ტერიტორია. შესაბამისად [ანუ ახალი ცვლილების გათვალისწინებით – ავტ.], მშენებლობა მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით.“
რატომ შეიტანეს ცვლილება სანებართვო მოწმობაში? – ამის დასადგენად „ბათუმელებმა“ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილობით ოფიციალურად მიმართა და სააგენტოს უფროსის თავდაპირველი ბრძანებისა და „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის 2024 წლის 18 ივლისის განცხადების [ასევე თანდართულ დოკუმენტაციის] ასლები გამოითხოვა. ცვლილებები ბრძანებაში სწორედ „ამბასადორის“ განცხადების საფუძველზე შეიტანეს.
განახლება: სააგენტოდან მიღებული დოკუმენტებით ირკვევა თუ რატომ მოითხოვა „ამბასადორმა“ მშენებლობის ვადის გაგრძელება. „…ნებართვით გათვალისწინებული მშენებლობა საჭიროებს გაგრძელებას, ვინაიდან შავი ზღვა ხასიათდება შტორმით და ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება სამუშაოების დინამიკის შენარჩუნება, მიუხედავად კომპანიის მუდმივი მუშაობისა…“ – მიწერა კომპანიამ სააგენტოს.
ხელოვნური კუნძულის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის განხილვის ეტაპზე, შენიშვნები ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციასაც.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“, „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ წევრების, ურბანისტი გიორგი აბაშიძისა და სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილის წერილობით შენიშვნებთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიისგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა. სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სადაც განხილული იქნა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი შენიშვნები.“ – აცხადებს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“.
კომპანიის განცხადებით, დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, სააგენტოში შევიდა მხოლოდ ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ წერილობითი შენიშვნები.
გთავაზობთ „ფლორა-და ფაუნას“ შენიშვნებსა და მათზე „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პასუხებს. ეს დოკუმენტი „ამბასადორმა“ გარემოს სააგენტოს გადაუგზავნა.
ამბასადორის პასუხი შენიშვნებზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის დღესვე, ინფორმაცია გაავრცელა „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“, სადაც აღნიშნა, რომ ვადაზე ადრე ასრულებს სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებებს.
„ამჟამად ტერიტორიაზე ფაქტობრივად შექმნილია 10 ჰექტრამდე ფართობის ხელოვნური ნაკვეთი, რომლის მიწით ამოვსების სამუშაოებიც უკვე დასრულებულია. 2024 წლის შემოდგომიდან, კუნძულზე მიწის დამატებითი სამუშაოების პარალელურად, კომპანიის გეგმებშია პირველი პარკისა და ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობების განვითარება.“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ასევე აცხადებს, რომ „ახლო პერიოდში ბათუმის საკრებულოსთან იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ბათუმის ორ ნახევარკუნძულზე/ერთ კუნძულზე ადგილობრივი მოსახლეობის საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფისა და დასაქმების სფეროში პრიორიტეტის მინიჭებასთან დაკავშირებით.“
მთავარი ფოტო: Ambassadori Batumi Island/facebook
ამავე თემაზე:
კუნძული თუ ნავთობტერმინალი, ვის დარჩება ზღვა – სააგენტომ ორივე პროექტის განხილვა შეაჩერა