ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან მფრინავი ქალის ქანდაკებას ამჟამად დაზიანებული ნაწილი მწებავი ლენტით აქვს დაფიქსირებული. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია ქანდაკება აქ მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობისას დაზიანდა თუ არა, თუმცა ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურში, რომელიც ქანდაკებების მოვლა-შენახვაზეა პასუხისმგებელი, ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
ცენტრალური პარკის კოლონადებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამჟამად რეაბილიტაცია-რესტავრაცია უტარდება.
რესტავრაცია ჩაუტარდება მფრინავი ქალის ქანდაკებასაც, თუმცა პროექტში, სადაც დაზიანებების ჩამონათვალია, ქანდაკების დაზიანების ხარისხზე [ბავშვის ქანდაკების ფეხი ფაქტობრივად დამტვრეულია] არაფერია ნათქვამი.
„აღნიშნული ძეგლი იქნება რესტავრირებული და სრულიად გამოსწორებული, ხარვეზი რაზეც თქვენ საუბრობთ, იქნება აღმოფხვრილი“ – გვითხრეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.
კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციას, აღნიშნული სამმართველოს დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „იორ ბუილდინგ კომპანი“ ატარებს, რომელმაც სამუშაოები 2024 წლის 15 დეკემბერს უნდა დაასრულოს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 469 984 ლარი დაიხარჯება.
„ბათუმელები“ კომპანიის ხელმძღვანელს რევაზ ჭაღალიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ მოგვიანებით გადმოგვირეკავდა, თუმცა ამ დრომდე არ შეგვხმიანებია.
პროექტში, ობიექტის დაზიანებების შეფასების ნაწილში ვკითხულობთ: კოლონადების შემადგენელი არქიტექტურული ნაწილების ამჟამინდელი სახურავის ფენილი მოწყობილია მოთუთიებული თუნუქის ფურცლისგან; თუნუქის ფურცლები ბევრ მონაკვეთში ამორტიზებულია და იჟანგება, რაც აზიანებს კოლონადების არქიტექტურულ ელემენტებსა და დეტალების.
რამდენიმე ადგილას მცირე მონაკვეთზე ჩამოშლილია ლესვითი კარნიზები, ასევე დაფიქსირდა მოაჯირის სახელურებისა და რიკულების დაზიანებები. კოლონადების ზედაპირების მრავალფენიანი გადალესვებისა და შეღებვის გამო დარღვეული არქიტექტურული ელემენტების გამომსახველითობა. ასევე კოლონადების ზედაპირებზე ფიქსირდება ბზარები.“
პროექტით გათვალისწინებულია, რომ შეიცვალოს კოლონადების სახურავი; ასევე, კოლონადების შემადგენელი ელემენტების ზედაპირებიდან სპეციალური ხსნარებითა და მეთოდების გამოყენებით ავთენტურ საფუძვლამდე მოსცილდება სხვადასხვა პერიოდში დატანილი გადალესვები და საღებავის ფენები;
ამის შემდეგ ადგილზე უნდა დაზუსტდეს დაზიანებების სრული სურათი და დაიწყოს სარესტავრაციო სამუშაოები, რაც ითვალისწინებს – ბზარების დამუშავება-დაგმანვას, ამორტიზებული არქიტექტურულ-დეკორატიული ელემენტების დაშლასა და ხელახალის მოწყობა, ელემენტების გამომსახველობით აღდგენას.
რესტავრაციის შემდეგ, კოლონადების ზედაპირი დაიფარება სპეციალური ხსნარით, დამუშავდება საფასადო ფითხითა და შეიღებება გარე დაფარვის ემულსიური საღებავით…
კოლონადების რეაბილიტაციის პროექტი ასევე ითვალისწინებს ზემოთ აღწერილ სამუშაოებს მფრინავი ქალის ქანდაკების [პოსტამენტით] რესტავრაციისას, თუმცა აღწერილი არ არის ქანდაკებაზე ახლანდელი დაზიანებების არსებობა.
პროექტში აღნიშნულია, რომ „კოლონადების მოედან-ბაქანი ამჟამად მოპირკეთებულია ბუნებრივი გრანიტის ფილებით, რომლის მასალა და შესრულება შეფასებულია როგორც დაბალი ხარისხის“, ამიტომ მოედან-ბაქნიდან სრულად აიღებენ არსებულ ბუნებრივი გრანიტის ფილებს და დააგებენ ახალს [ფილების აღება დაწყებულია].
სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, „საქალაქო პარკის კოლონადები, ცენტრალურ შესასვლელში 1935 წელს აშენდა. მოგვიანებით, კოლონადების გახსნილ ცენტრალურ ნაწილში განთავსდა 1940 წელს დაღუპული, მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის ქანდაკება.“