მთავარი,სიახლეები

ქუთაისში ჯერარგახსნილი ჰაბის პრეზენტაციაზე მთავრობა 496 ათას ლარს ხარჯავს 

17.09.2024
ქუთაისში ჯერარგახსნილი ჰაბის პრეზენტაციაზე მთავრობა 496 ათას ლარს ხარჯავს 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 11 ოქტომბერს ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის პრეზენტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 496 ათას 272 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ტექნოჰაბი საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს.

მთავრობამ ჰაბის გახსნა სააგენტოს 2025 წლისთვის დაავალა – შენობაში საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციაა აუცილებელი, რისთვისაც 20 მილიონი ლარის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვინაიდან წინასაარჩევნოდ ტექნოჰაბს ვერ გახსნიდა, მთავრობამ „ტექნოჰაბის პრეზენტაციის ღონისძიების“ ჩატარება გადაწყვიტა.

„მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს დაგეგმილია ჰაბის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნებიან სამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფორმატი დაფუძნებულია ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, როგორიცაა მულტიმედია, ⁠პროგრამირებადი განათებები, სხვადასხვა პროექციები, შუქდიოდური ეკრანები, ლაზერისა და აუდიო ეფექტები.

ღონისძიება შექმნის უნიკალურ გამოცდილებას, რითაც ხელს შეუწყობს ქუთაისის ტექნოლოგიური პარკის მიმართ ცნობადობის ამაღლებას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნულია ნოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს [GITA] განაცხადში, რომლითაც მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე ითხოვს.

GITA ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პრეზენტაციას სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებად თვლის და აქედან გამომდინარე აცხადებს, რომ ის შეუფერხებლად, შეზღუდულ ვადებში უნდა ჩატარდეს, რასაც „შესყიდვის ობიექტის მნიშვნელობის, მასშტაბისა და სირთულის გათვალისწინებით, სატენდერო პროცედურებით შესყიდვის განხორციელება შეუძლებელს ხდის“.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ღონისძიების ორგანიზებისთვის სააგენტო 496 ათას 272 ლარს ტენდერის გარეშე შპს „რუბიკონ გრუფს“ გადაუხდის.

საჯარო რეესტრის მიხედვით „რუბიკონ გრუფი“ 2022 წელს თბილისში რეგისტრირებული კერძო კომპანიაა, რომლის მესაკუთრეები არიან გიორგი ტეტიაშვილი, ხათუნა ჯიბლაძე, ნინელი მეგრელაძე და ქეთევან ნიკოლეიშვილი.

GITA-ს 6 სექტემბრის განაცხადში ასევე აღნიშნულია, რომ „ამჟამად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სარემონტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია“, თუმცა აქ დიდი ალბათობით იგულისხმება პარლამენტის ყოფილ შენობასთან გარე პერიმეტრის კეთილმოწყობის სამუშაოები. ამ სამუშაოებზე სააგენტოს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „არადანთან“ ადრე აქვს დადებული 1 597 301 ლარზე.

რაც შეეხება „ყოფილი საპარლამენტო კომპლექსის ცენტრალური შენობის საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია-გამოსწორებისა და გასაუმჯობესებელი სამუშაოების შესყიდვას“, ტენდერი 2024 წლის 16 სექტემბერს, სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“ გამოაცხადა. ამ ტენდერში წინადადებების მიღება კი, ტექნოჰაბის პრეზენტაციის მეორე დღეს, 12 ოქტომბერს დაიწყება და 17 ოქტომბერს დასრულდება.

ტენდერი 20 980 777 ლარითაა გამოცხადებული. პირობის მიხედვით „გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, სამუშაოები დაიწყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 თვის განმავლობაში.“

მთავრობის განკარგულებით, უშუალოდ ტექნოჰაბის გახსნისთვის 2025 წელს საჭირო იქნება დამატებით 9 მილიონი ლარი, რაც ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინონ.

ვის დაავალა მთავრობამ ტექნოჰაბის შენობის რეაბილიტაციის, პრეზენტაციისა თუ გახსნისთვის საჭირო ფულის ბიუჯეტიდან შეგროვება – ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოჰაბის გახსნისთვის ბიუჯეტში 33 მილიონი ლარი უნდა გამოინახოს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: