სოფელ შუქრუთის პირველ საჯარო სკოლაში წელს პირველად ახალი სასწავლო წელი ვეღარ განახლდა. დაბზარული და დაზიანებული სკოლის შენობა ექსპერტიზის მიხედვით დემონტაჟს ექვემდებარება.
სოფელში, სადაც „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოების გამო საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, ზიანი მიადგა სკოლის შენობასაც.
ბავშვები იძულებული არიან სწავლა მეზობელი სოფლის პატარა სკოლაში გააგრძელონ.
„ყველაფერი გადახსნილი, დაბზარული, გაუბედურებული და გაპარტახებულია.
ახლახან, სამხარაულის დასკვნით გახდა ცნობილი, რომ სასწავლო პროცესი ვეღარ აღდგება შუქრუთის საჯარო სკოლაში და დემონტაჟს ექვემდებარება სკოლა.
სკოლა დაკეტილია, აღარ ფუნქციონირებს და ბავშვები ერთი სოფლიდან მეორეში უნდა ვატაროთ,“ – ამბობს შუქრუთის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომელიც თბილისში, რუსთაველზე, საპროტესტო აქციაში მონაწილეობს და ხელისუფლებას სთხოვს, შეაჩეროს „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთის და სხვა სოფლების ნგრევა.
იმას, რომ შუქრუთის სკოლაში ზარი აღარასდროს დაირეკება, ჭიათურის რესურსცენტრშიც გვიდასტურებენ.
„შუქრუთში რადგან მაღაროა, ამის გამო ზიანდება სახლებიც და დაზიანდა სკოლაც. სამხარულის ექსპერტიზა დაიდო, რომ სახიფათოა შენობაში სწავლა და ამის გამო, მეზობელ სოფელ კალაურში გადავიდა შუქრუთის სკოლაც,“ – ამბობს რესურსცენტრის თანამშრომელი ხათუნა ხვედელიძე.
შუქრუთში სულ ორი სკოლაა, თუმცა ხვედელიძის თქმით, მეორე სკოლა მოშორებითაა, ამიტომ გადაიყვანეს ბავშვები მეზობელი სოფლის სკოლაში.
„მეორე სკოლა გარემონტებულია, წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა მაგრამ შორსაა. კალაურის სკოლას ჰქონდა დაწყებითი და რადგან იქ ბავშვები აღარ იყვნენ და დაკეტილი იყო, იქ ამჯობინეს გადაყვანა. ბავშვებს სასკოლო ტრანსპორტი მიიყვანს და მოიყვანს.
ჩვენც ვფიქრობთ, რომ აქ [შუქრუთში] სკოლა ალბათ აღარ აღდგება“, – ამბობს ხათუნა ხვედელიძე.
შუქრუთის პირველ სკოლაში დაახლოებით 30-მდე ბავშვი სწავლობდა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში უკვე 6 თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
ადგილობრივებს მაღაროს შესასვლელიც ჰქონდათ დაკავებული და აქვე დადგმულ კარავში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ათენებდნენ და აღამებდნენ. მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაზიანებული სახლების და მიწების გამო პროტესტს გამოხატავს და ხელისუფლებას სთხოვს, დაიცვას მათი უფლებები.
მადნის მოპოვების სამუშაოები დასახლებაში სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.
ხელისუფლება შუქრუთელებს ყურადღებას არ აქცევს.
შუქრუთელების პროტესტი ახლა თბილისში გრძელდება. რამდენიმე დღეა სოფელ შუქრუთში მცხოვრებლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათენებენ ღამეებს, თუმცა მათ პოლიცია კარვის გაშლის უფლებასაც არ აძლევს.
შუქრუთელებმა პროტესტის უმძიმეს ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს. „ქართულ ოცნებას“ კი შუქრუთელების პროტესტის ხმა მაინც არ ესმის.
საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება.
________________
მთავარი ფოტო: შუქრუთის 1-ელი სკოლა/ სკოლის ფეისბუქის გვერდიდან.