განათლება,სიახლეები

იცით რას ნიშნავს 25 საათი კვირაში? არ უნდა ამოისუნთქო – პედაგოგი სახელფასო პოლიტიკაზე

01.07.2024 •
იცით რას ნიშნავს 25 საათი კვირაში? არ უნდა ამოისუნთქო – პედაგოგი სახელფასო პოლიტიკაზე

თბილისის 126-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ნათია უჩავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2024 წლის საუკეთესო ათეულის წევრია. „ბათუმელები“ პედაგოგს განათლებაში არსებულ პრობლემებსა და იმ იმედგაცრუებაზე ესაუბრა, რასაც დღეს პედაგოგების დიდი ნაწილი, სამინისტროსგან დაპირებული და არ შესრულებული ხელფასების ზრდის გამო განიცდის.

  • ქალბატონო ნათია, დაწყებითი საფეხური ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებაში, ალბათ ამიტომაც არის, რომ პირველ ეტაპზე მშობლები დიდი მონდომებით არჩევენ ხოლმე სკოლას, პედაგოგს. თქვენ რას ანიჭებთ უპირატესობას სწავლა-სწავლების პროცესში და როგორია თქვენი ურთიერთობა ბავშვებთან?

დაწყებით საფეხურს თავისი სპეციფიკა ნამდვილად აქვს, რადგან უნდა გავითვალისწინოთ ასაკობრივი თავისებურებები, ინტერესები და ისეთი აქტივობები უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს, რაც მათთვის საინტერესო იქნება.

ამიტომ, ძალიან დიდ დროს ვუთმობ და ბევრ ენერგიას ვხარჯავ ხოლმე საინტერესო აქტივობების დაგეგმვაზე, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში და შესაბამისად, შედეგებზეც უფრო მარტივად გადის ხოლმე მასწავლებელი.

ამ საფეხურზე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები. სოციალური უნარების ქონა მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, პირველ კლასში კი ხშირად არ აქვთ ხოლმე ბავშვებს ეს მზაობა და საჭიროა ამაზე მუშაობა. ზოგიერთი მოსწავლე მორცხვია, ზოგი – პირიქით, ჰიპერაქტიური და შეიძლება უჭირდეს საკლასო წესების დაცვა.

შესაბამისად, ამ ყველაფერსაც ძალიან დიდ დროს ვუთმობ ხოლმე.

  • როგორი აქტივობები მოსწონთ ბავშვებს, რისი კეთება უყვართ ამ ასაკში განსაკუთრებით?

ძალიან მოსწონთ ისეთი აქტივობები, სადაც თვითონ მონაწილეობენ და არიან მთავარ როლში. მოსწონთ ჯგუფური მუშაობა, წყვილებში მუშაობა, კეთებით სწავლება, სადაც თავად ქმნიან პროდუქტს. შეიძლება რაღაც მაღალი ხარისხის არ გამოვიდეს, მაგრამ თავიანთი გაკეთებული რომ არის და ხედავენ, ეს მოსწონთ.

თუ ამ ნამუშევრებს შევაგროვებთ და შემდეგ გამოფენასაც მოვაწყობთ, ამაზე საერთოდ გიჟდებიან ხოლმე, რადგან თვალნათლივ ხედავენ იმას, რაშიც თავად დებენ ძალისხმევას და შრომას.

ძალიან მოსწონთ და ყველაზე მეტად ამახსოვრდებათ ხოლმე გასვლითი ღონისძიებები, კინოში, თეატრში თუ წავედით ან რაიმე მასტერ-კლასზე თუ არიან.

  • შეიძლება ძალიან ტრივიალური კითხვაა, მაგრამ მაინც გვინდა აგვიხსნათ, თქვენი აზრით, რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი? რა არის ის საბაზისო უნარები, რომელიც უნდა ჩამოუყალიბოს მასწავლებელმა მოსწავლეს და თქვენ როგორ ახერხებთ ამას?

კარგი მასწავლებელია ის, ვისაც უყვარს ბავშვები და თავისი საქმე, ამას უდგება პასუხისმგებლობით, მუდმივ ძიებაშია სიახლის და ვითარდება. დღევანდელ სისტემაში ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას მასწავლებელი და თუ ფეხი არ აუწყო თანამედროვე მოთხოვნებს, არ მოერგო 21-ე საუკუნის ბავშვის ინტერესებს, ისე ვერ გასწვდება და ვერ დააკმაყოფილებს მოსწავლეების მოთხოვნებსაც.

თქვენ ახსენეთ მშობლები. დიახ, მეც მსმენია, რომ ისინი დიდი ინტერესით არჩევენ ხოლმე თავიანთი შვილებისთვის პირველ მასწავლებელს, მაგრამ მშობელი და მასწავლებელი ცალ-ცალკე არ უნდა იდგეს. ყოველთვის უნდა იყოს თანამშრომლობა მათ შორის და ერთად უნდა იზრუნონ ბავშვის განვითარებაზე.

თუ იმას, რაზეც მე ვმუშაობ კლასში, მშობელი არ განამტკიცებს სახლში, შესაძლოა შედეგზე ვერ გავიდე, ან ამას მოვანდომო უფრო მეტი დრო და ძალისხმევა ვიდრე მაშინ, როცა მშობელია ჩართული.

პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაზე თანაბრად უნდა იმუშაოს როგორც მასწავლებელმა, ასევე მშობელმა, რადგან თუ ბავშვს არ აქვს პასუხისმგებლობა, ეს ბევრ რამეში უშლის ხელს, დაწყებითშიც და მაღალ საფეხურზე სწავლის დროსაც.

მაგალითად, ბავშვმა უნდა იცოდეს საკუთარი ნივთების მოწესრიგება. ჩვენ ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას ამაზე, რომ მოაწესრიგონ საკუთარი მერხი, საკუთარი ნივთები დააწყონ სწორად, მოემზადონ შემდეგი გაკვეთილისთვის. თუ ამას არ ექნება გაგრძელება სახლში, არ ასწავლის მშობელი, რომ ბავშვმა მოაწესრიგოს, მაგალითად, სათამაშოები, წიგნები, თავისი ოთახი და ამ ყველაფერს მშობელი უკეთებს, აი, აქ ცოტა გვიჭირს ხოლმე.

მშობელმა ან მასწავლებელმა მზამზარეული კი არ უნდა მიაწოდოს ბავშვს, არამედ დაეხმაროს, მასთან ერთად გააკეთოს და ერთობლივად შეეცადონ რაღაცის კეთებას. ბავშვმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, გააცნობიეროს, რა ევალება მას. შემდეგ კი მოთხოვნილებაც გაუჩნდება, რომ დავალება შეასრულოს, მასწავლებელს უსმინოს და ასე შემდეგ.

  • თქვენ 11 წელია ასწავლით სკოლაში. როგორია მშობელთა ჩართულობის დინამიკა და თუ შეიცვალა რაიმე არსებითად ამ ხნის მანძილზე? პროგრესი გვაქვს, თუ პირიქით?

გააჩნია მშობლის კონტინგენტს, გააჩნია მშობლის ასაკს და თვითშეგნებასაც. ბევრნაირ მშობელთან მქონია ურთიერთობა. ზოგიერთს ძალიან კარგად აქვს ეს გაცნობიერებული და თუ სწორი მიმართულებით მიჰყავს აღზრდა, მერე ეს სწავლის პროცესზეც აისახება ხოლმე. ზოგ შემთხვევაში კი ეს საკმაოდ რთულია.

  • ალბათ გყავთ ისეთი მოსწავლეებიც, ვისაც ემიგრაციაში ჰყავს მშობელი. ასეთ შემთხვევაში რა სირთულეებს აწყდებით, როგორი მიღწევები აქვთ ამ ბავშვებს და თუ ხერხდება ამ მშობლების ჩართულობა?

მყავდა ისეთი მოსწავლეც, რომელსაც საზღვარგარეთ ჰყავდა დედა და ყველაფერზე აისახებოდა ეს. ამ ბავშვებს პირველ რიგში აქვთ მშობლის დანაკლისი. მაგალითად, თუ წამოიჭრება მშობლის თემა, უხერხულობას გრძნობენ თითქოს თავს და ამბობენ „იცით, მე არ მყავს დედა აქ“, „მამა არ მყავს აქ“, – გვეუბნება ბავშვი და ყველაზე მეტად მათ აკლიათ სითბო და ყურადღება.

ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს ხოლმე ამ დანაკლისს, ზოგი აგრესიაში, ზოგი – პირიქით და მე პირადად, როცა ასეთი შემთხვევა მქონდა, რამდენიმე თვე დამჭირდა ბავშვთან სამუშაოდ. ყველა მეთოდი ვცადე, მაგრამ ყველაზე მეტად გაჭრა თბილად საუბარმა, წახალისებამ და შემდეგ ბავშვი ძალიან შეიცვალა, სწავლის მოტივაციაც აუმაღლდა და აქტიურიც გახდა.

როცა რაიმე ღონისძიება გვაქვს, ყველა ბავშვთან მოდის ხოლმე მშობელი და ამათთან არა. იცით, როგორი თვალები აქვთ ბავშვებს იმ დროს?! წყლიანი. როცა არის ხოლმე ოჯახის თემა, ვცდილობთ ფაქიზად ვისაუბროთ ამ ბავშვებთან და ისე მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია, ვუთხრათ, რომ მართალია მშობელი შორსაა, მაგრამ ხომ სულ ენატრები, ხომ გეხმიანება, სულ გკითხულობს და ასე შემდეგ. რაღაცით უნდა დავუბალანსოთ ეს სიშორე.

  • მასწავლებლებისგან ხშირად მესმის, რომ დღეს, გაჯეტების და ინტერნეტის ეპოქაში, ძნელია დააინტერესო მოსწავლე. თქვენი დაკვირვება როგორია, რა აინტერესებთ 6-7 წლის ბავშვებს, არის რაიმე, რაც მასწავლებლისგან განსაკუთრებულ მზაობას მოითხოვს?

ყველაზე დიდი პრობლემა გამოიკვეთა პანდემიის დროს იმ ბავშვებთან, რომლებმაც ვერ იარეს საბავშვო ბაღში ან სახლში მოუწიათ პირველი-მეორე კლასების გავლა. ამ ნაკადის ბავშვებთან გვქონდა სერიოზული პრობლემები, რადგან ბავშვებს არ ჰქონდათ ემოციები. ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდათ თავიანთი ასაკის ბავშვებთან, სახლში, ტელეფონებთან იყვნენ მეტწილად და უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვდა მათთან მუშაობა.

  • აი, ეს კონტინგენტი დღეს როგორ მდგომარეობაშია, თუ მოხერხდა ამ ბავშვების სოციალიზაცია, აკადემიური უნარების გაზრდა?

უჭირთ მასალის ათვისება, უფრო ნელი ტემპით მიდიან, ვიდრე სხვა ნაკადის ბავშვები, რომლებსაც არ გამოუვლიათ პანდემიის პერიოდი.

ზოგადად, ბავშვებს ყურადღების კონცენტრაცია უჭირთ. ამ უნარს სჭირდება გამომუშავება. ზოგ ბავშვს აქვს სურვილი, რომ დაჯდეს და რაღაც გააკეთოს, ზოგს – არა.

მასწავლებელი უნდა მიხვდეს, რა საჭიროება აქვს კონკრეტულ ბავშვს და ინდივიდუალურად უნდა შესთავაზოს დავალებები, აქტივობები მორგებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს. ამიტომ სულ უნდა ცვალო ეს აქტივობები და ყოველთვის სიახლე უნდა შესთავაზო, როგორც კი შეამჩნევ, რომ მოდუნდა ბავშვი.

ძალიან მოსწონთ თვალსაჩინოებები, პროექტორით თუ აყურებინებ რაიმეს. ძალიან მოსწონთ, როცა წაახალისებ, შეაქებ და ეს წახალისებაც უნდა იყოს მუდმივად. ასეთ დროს უფრო მეტს აკეთებენ ხოლმე.

  • ალბათ ამ საფეხურიდან იწყება მოქალაქის აღზრდაც. რა არის ის ღირებულებები, რაც აუცილებელია ბავშვის პიროვნული ფორმირებისთვის? თქვენი მიდგომა როგორია, როგორ აწვდით და აგებინებთ ამ ყველაფერს ბავშვებს?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები – მეგობრობა, ემპათიის გრძნობა, სხვისი პატივისცემა, ტოლერანტობა, სხვისი დახმარება…

ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაც გაკვეთილი აღარ ჩამიტარებია და ასეთი საკითხებისთვის დამითმია დრო, როცა დავინახე, რომ ბავშვებს გაუჭირდათ ამ საკითხში და ჩავთვალე, რომ საჭირო იყო ამ თემების გაშლა.

მუდმივი საუბრით, მაგალითებით უნდა ვესაუბროთ ამ ღირებულებებზე, რადგან თუ ადამიანური ღირებულებების პრობლემა არსებობს, იქ უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა ნიშანზე სწავლობს მოსწავლე.

  • ამ წლების განმავლობაში ბევრი ცვლილების წინაშე დადგა განათლების სისტემა, მუდმივი გამოწვევა იყო მასწავლებლების ანაზღაურება და კვალიფიკაცია. როგორ შეაფასებთ იმ გარემოს, რაშიც გიწევთ დღეს პედაგოგებს საქმიანობა?

მე ვთვლი, რომ მასწავლებელი მაინც არ არის სათანადოდ დაფასებული, არც ანაზღაურების მხრივ არის დაფასებული. აი, ამ ახალი სახელფასო პოლიტიკის პირობებში ხომ საერთოდ, რადგან ძალიან არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენეს მასწავლებლები. განსაკუთრებით ის მასწავლებლები, ვინც რაღაც გააკეთეს, იშრომეს პროფესიული წინსვლისთვის. ფაქტობრივად წყალში ჩაიყარა ყველაფერი და ეს უსამართლობის განცდას უჩენს ადამიანს.

კი, ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე, ბავშვები, მაგრამ მხოლოდ ენთუზიაზმზე ვერ იქნება ეს. მასწავლებლობა ჩვენი სამსახურია, საარსებო წყაროა და შესაბამისად, გვჭირდება ღირსეული ხელფასი შრომისთვის.

  • თქვენ ხართ მენტორი პედაგოგი, ყველაზე მაღალი სტატუსია ეს მასწავლებლისთვის. შეგიძლიათ გვითხრათ, ამ ახალი მოდელის მიხედვით თუ გაგეზარდათ 500 ლარით ხელფასი, როგორც ამას სამინისტრო გპირდებოდათ და თუ არა, რატომ?

ძალიან ცოტა მოგვემატა მენტორებს. ზოგიერთს საერთოდ დააკლდა.

პირადად მე ასი ლარითაც კი არ გამზრდია ხელფასი.

მე ყველაფერი გავაკეთე, რაც პროფესიული წინსვლისთვის დაგვიწესა სახელმწიფომ. ჩავაბარე გამოცდები, მოვამზადე კვლევები, ავიმაღლე სტატუსი და ეს სისტემა ჩემი მოგონილი ხომ არ ყოფილა?! ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენ, ვინც ეს გავაკეთეთ, ხელფასის ყველაზე დაბალი მატება გვაქვს, ვიდრე მათ, ვისაც ეს ნაბიჯები არ გაუვლია.

როცა 100 ლარითაც არ გეზრდება ხელფასი, მაშინ როცა 500 ლარს გპირდებოდნენ, ცხადია, მაქვს უსამართლობის განცდა. მეც ხომ მინდა მოტივაცია, თუნდაც იმისთვის, რომ ვიგრძნო ჩემნაირ აქტიურ მასწავლებელს როგორ აფასებს სახელმწიფო.

  • ეს ახალი მიდგომა ალბათ გააჩენს საათებზე მოთხოვნას და შეამცირებს პროფესიულ ზრდას. ფიქრობთ, რომ პედაგოგები აღარ იზრუნებენ პორტფოლიოს შექმნაზე და საკუთარი შრომის წარმოჩენაზე?

ნეგატიურად იმოქმედებს, რა თქმა უნდა, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა უსამართლობის განცდა. მე მენტორის სტატუსი მექნებოდა თუ წამყვანის, ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებდი, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ არის გარკვეული კატეგორია, ვისთვისაც ამოსავალი იყო სტატუსი, ხელფასი და შესაძლოა მათზე იქონიოს ამ ყველაფერმა გავლენა. ზოგადად, ანაზღაურება ჩემი შრომის პროპორციული უნდა იყოს.

  • როგორ ფიქრობთ, მოატყუა სამინისტრომ პედაგოგები?

მე იმიტომ არ ვგრძნობ თავს მოტყუებულად, რომ არც დამიჯერებია მათი დაპირება, რადგან ძალიან არარეალური იყო.

ვიღაცას შეიძლება მოემატა 500 ლარით ხელფასი, მაგრამ ეს ის ხალხია, ვისაც 25 საათი აქვთ დატვირთვა. იცით, რას ნიშნავს 25 საათი კვირაში? არ უნდა ამოისუნთქოს მასწავლებელმა, დღეში 5-5 გაკვეთილი უნდა ატაროს და მერე ასეთი მასწავლებელი პროდუქტიული იქნება?

ჩემი აზრით, ბოლოს პროფესიულ გადაწვამდე მივალთ. ეს შეამცირებს განათლების ხარისხსაც. როგორ წარმოგვიდგენიათ, 25 საათი ატაროს მასწავლებელმა ყოველ კვირა და მას დრო დარჩეს იმისთვის, რომ ცალკე დაგეგმოს შემდეგი დღის გაკვეთილები, განახორციელოს სხვა პროექტები და ასე შემდეგ.

  • ხელფასების მატებაზე საუბარი ყოველთვის წინასაარჩევნოდ იწყება ხოლმე და ახლაც იყო განცდა, რომ ამ დაპირებით „ქართული ოცნება“ შეეცდებოდა მიეღო პედაგოგების ხმები. თქვენ თუ გაქვთ იგივე განცდა და რამდენად აისახება ეს არჩევნებზე?

სახელმწიფოს მიერ ხელფასის მომატება ან არმომატება, ჩემს ღირებულებებზე, არ აქვს მნიშვნელობა მასწავლებელი ვარ თუ სხვა პროფესიის ადამიანი, გავლენას ვერ მოახდენს. რა პოზიციაც მაქვს, იგივე დამრჩება და თუ ვინმეზე ახდენს გავლენას, ეს პრობლემა მგონია უკვე იმ ადამიანისთვის. სამწუხაროდ, მასწავლებელიც შეიძლება აღმოჩნდეს ასეთი.

  • ვიცით, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების ძალიან დიდი წინააღმდეგობის ფონზე მაინც მიიღო რუსული კანონი და საფრთხე შეუქმნა ამ ქვეყნის დემოკრატიას და ევროინტეგრაციას. თქვენთვის, როგორც მასწავლებლისთვის, რამდენად პრობლემურია ეს საკითხი და თუ არ შეიცვლება ამ მხრივ რაიმე, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ გარემოში მუშაობა?

ვთვლი, რომ ამ კანონის მიღებით ნამდვილად ვშორდებით ევროკავშირში ინტეგრაციას და იმას, რისთვისაც ვიბრძოდით, რადგან განათლების სისტემაში ძალიან ბევრია ევროპული ბენეფიტები, ბევრი დონორი ორგანიზაცია გვეხმარება, გვაქვს გაცვლითი პროგრამები და ასე შემდეგ, ამიტომ ეს კანონი, რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის და სამომავლოდ კითხვის ნიშნის ქვეშე დგება საერთოდ ევროკავშირში შესვლაც.

შესაბამისად, ეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, რომელიც მომავალზე ვფიქრობ, ნამდვილად პრობლემურია.

არადემოკრატიული გარემო კი დააზარალებს ნებისმიერ საკითხს ამ ქვეყანაში, იქნება ეს განათლება თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

ყველა ცვლილება, რომელიც განათლების სფეროში გაკეთდება, უნდა იყოს გონივრული, მასწავლებლის საჭიროებაზე და მოთხოვნებზე მორგებული და არა პირიქით. შემოთავაზებული ახალი მოდელი კი გამოიწვევს იმას, რომ ყველას მოუნდება მეტი საათი, ეს გააჩენს კონფლიქტურ სიტუაციებსაც და ხელს შეუშლის ახალი კადრების შემოდინებას სკოლაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: