ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში 10 ახალი ავტობუსი შემოვიდა, 15 გზაშია

20.09.2024
ბათუმში 10 ახალი ავტობუსი შემოვიდა, 15 გზაშია

ბათუმის საქალაქო ტრანსპორტს 10 ახალი ავტობუსი დაემატა. ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ დღე-დღეზე ქალაქში კიდევ 15 ახალი ავტობუსი შემოვა. მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ახალი 12-მეტრიანი ავტობუსებით ხელვაჩაურისა [N12] და სარფის მიმართულებით [N16] მოძრავ 10-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამ ხაზებზე მოძრავ 10-მეტრიან ავტობუსებს კი, ქალაქის სხვადასხვა ხაზზე დაამატებენ, თუმცა რომელ ხაზებზე – ეს „ავტოტრანსპორტში“ არ დაგვიკონკრეტეს.

„ავტოტრანსპორტში“ ასევე გვითხრეს, რომ დაგეგმილია ქალაქში ახალი ხაზის გახსნაც, თუმცა კონკრეტული მარშრუტი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ახალი ხაზი თამარის დასახლების [„ბენზეს“] მიმართულებით დაინიშნება.

25 ახალ ავტობუსში ბიუჯეტიდან 16,8 მილიონ ლარს გადაუხდიან თურქულ კომპანია otokar otomotiv ve savunma sanayi anonim sirketi-ს [ერთი ავტობუსის ფასია 673 191 ლარი.]

ტენდერის პირობის მიხედვით, კომპანიას არანაკლებ 10 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსი უნდა მოეწოდებინა არაუგვიანეს 2024 წლის 10 სექტემბრისა, ხოლო დარჩენილი 15 ავტობუსის მოწოდების ვადაა – არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბერი“.

ამ თემაზე: ბათუმი ახალ 25 საქალაქო ავტობუსში 16 მილიონ ლარს გადაიხდის

მართალია, 15 ახალი ავტობუსი ჯერ კიდევ შემოსატანია, თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა 10 ავტობუსის ფონზე ახალი ავტობუსების პრეზენტაცია უკვე გამართეს და განაცხადეს, რომ ამით ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება დასრულდა.

მოქალაქეები ბათუმში არაერთი ახალი მუნიციპალური სამარშრუტო ხაზისა თუ არსებულ ხაზებზე ტრანსპორტის დამატებას ითხოვენ.

ახალი ავტობუსები ბათუმში / ფოტო: ბათუმის მერია

„ავტოპარკის განახლების“ ფარგლებში ბათუმში ცოტა ხნის წინ 100 ერთეული არაადაპტირებული მიკროავტობუსიც შემოიტანეს.

მუნიციპალურ მიკროავტობუსებში, რომლებიც ძირითადად ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლების მიმართულებით მოძრაობენ, მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი.

ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გონიოს მიმართულების გარდა, ცოტა ხნის წინ კიდევ რამდენიმე ხაზი დაემატა. ამ ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების კონკრეტულ მარშრუტებს „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“ მიღებისთანავე აქვე მოგაწვდით.

___

ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტები და ფასები ნახეთ ამ ბმულზე:

რა მარშრუტით მოძრაობენ ბათუმსა და ხელვაჩაურის სოფლებში მუნიციპალური მიკროავტობუსები

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მერიის ფეისბუქგვერდიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: