შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა „ბილდინგ-დეველოპერის“ საჩივარი ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ წინააღმდეგ. გასაჩივრებული ტენდერი 16,2 მილიონი ლარითაა გამოცხადებული და მწვანე კონცხის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერში მონაწილეობს „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი ჭყონიას კომპანიაც.
„ბილდინგ-დეველოპერ“ მომსახურებას შემსყიდველს 14,9 მილიონად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო პრეტენდენტი კი არის „ოცნების“ კანდიდატის და შემწირველის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზა“, რომელიც „ბათუმის წყალს“ მომსახურებას 185 ათასი ლარით ძვირად, 15 მილიონ 85 ათას ლარად სთავაზობს.
მომჩივანი კომპანია თვლიდა, რომ განფასება, რომელიც კომისიამ დაზუსტებულ დოკუმენტში შეუსაბამოდ ჩათვალა, ანალოგიურად იყო იმ დოკუმენტშიც, რომელიც კომპანიამ მანამდე წარადგინა, ვიდრე კომისია მონაცემების დაზუსტებას მოსთხოვდა. დასაზუსტებელ ოქმში კი, აღნიშნული განფასების დაზუსტებაზე არაფერი იყო ნათქვამი. დისკვალიფიკაციის მიზეზად „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიამ სწორედ ეს „შეუსაბამობა“ ჩათვალა.
„ბილდინგ-დეველოპერის“ საჩივარი შპს „ბათუმის წყლის“ ტენდერთან დაკავშირებით დავების საბჭომ დასაშვებად 2024 წლის 27 აგვისტოს ცნო, ხოლო გადაწყვეტილება 11 სექტემბერს მიიღო.
„შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდეს. დაევალოს „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიას №2 და №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება და „ბილდინგ-დეველოპერის“ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“, – აღნიშნულია დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში.
რამდენიმე ამონარიდი ამავე გადაწყვეტილებიდან:
- „საბჭო მიიჩნევს, რომ „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისია ვალდებული იყო, სრულყოფილად ემსჯელა პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად, სატენდერო წინადადების ატვირთვის ეტაპზე წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაზე და მხოლოდ აღნიშნულის შედეგად მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულ სადავო პოზიციაზე „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიას 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომის №2 ოქმში არ უმსჯელია.
- საბჭო აღნიშნავს, რომ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას საფუძვლად დაედო, ის კონკრეტული საკითხი, რაც პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად, სატენდერო წინადადების ატვირთვის ეტაპზე წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაშიც ანალოგიური პრინციპით იყო მითითებული და რისი დაზუსტების შესაძლებლობაზეც „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიას არ უმსჯელია, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას.
- საბჭო მიიჩნევს, რომ „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიამ დეტალურად უნდა იმსჯელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ გარემოებებზე და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიას ტენდერთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია. ყოველ შემთხვევაში შესყიდვების პორტალზე შესაბამისი ოქმი ამ დროისთვის [17 სექტემბერი] ატვირთული არ არის.
სადაო ტენდერის პირობის მიხედვით, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, ამ დასახლებებში არ არის საკანალიზაციო [წყალარინების] ქსელი:
16 მილიონი ლარი წყალმომარაგებისთვის მწვანე კონცხზე, სადაც კანალიზაცია არ არის
რაც შეეხება დავას ტენდერისთვის, ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
„ოცნების“ კანდიდატის კომპანია ბათუმის მერიის 16-მილიონიანი ტენდერისთვის იბრძვის