მთავარი,სიახლეები

„ჩემი 30 წლის შვილის საფლავი მენგრევა, სახლი სულ არ მაინტერესებს“ – შუქრუთელი ქალი

17.09.2024
„ჩემი 30 წლის შვილის საფლავი მენგრევა, სახლი სულ არ მაინტერესებს“ – შუქრუთელი ქალი

ჩემი შვილის საფლავი რომ ჩაინგრეს, სად ვეძებო ჩემი შვილის ნაშთი?! – ამბობს მარინა ბურჯანაძე, შუქრუთელი ქალი, რომელიც საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა 6 თვეა უწყვეტი საპროტესტო აქციებს მართავს სოფელში, 11 სექტემბრიდან კი – საქართველოს პარლამენტთანაც. შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.

„სახლების ნგრევასთან ერთად გვენგრევა საფლავები, ახალაშენებული ეკლესია. მე მაგალითად მენგრევა 30 წლის შვილის საფლავი, ყველაზე მეტად რასაც ვჯავრობ და ვნერვიულობ. უცებ რომ ჩაინგრეს საფლავი, სად ვეძებო ჩემი შვილის ნაშთები? განა შეიძლება ასე შიშით ვიცხოვროთ და ვიარსებოთ სოფელ შუქრუთში? ვინ არის გამკითხავი?

მე რა უნდა მოვითხოვო, სახლის შეფასება თუ საფლავის შეფასება? სახლი სულ არ მაინტერესებს, ჩემი შვილის სახლი ის არის, სასაფლაო“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ მარინა ბურჯანაძემ.

შუქრუთელები ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან რეაგირებასა და დახმარებას ელიან.

პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ კი ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული.

პარლამენტთან აქციის მონაწილეებს საქართველოს მთავრობა ამ დრომდე არ შეხვედრია. 13 სექტემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს კომპენსაცია აქვთ მიღებული და ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება.

________________________

ამავე თემაზე: სოფელი, რომელსაც შეიძლება მიწამ პირი უყოს 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: