სიახლეები

„გზასაც კი არ გვიკეთებენ“ – რას ამბობენ სოფელში, სადაც ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

11.09.2024 •
„გზასაც კი არ გვიკეთებენ“ – რას ამბობენ სოფელში, სადაც ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

„კარგია, თუ კეთდება კუნძული, მაგრამ გლეხისთვის არაფერი არ კეთდება, სოფელს ამით სარგებელი არ აქვს, სოფელს რამე ხომ უნდა წაადგეს?“ – ქობულეთში, სოფელ ხალაში მცხოვრები აკაკი ბერიძე ერთადერთი არაა, ვისაც ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს.

სოფელში, სადაც 10 წელზე მეტია ტონობით ინერტულ მასალას მოიპოვებენ, ამჯერად ახალი კარიერისთვის გზა გაჰყავთ მთებში – ახალი კარიერი მოსახლეობასთან ბევრად უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ძველი, რომელიც ამ დროისთვის გაჩერებულია.

ახალ კარიერზე სოფელ ხალაში ნახევარ მილიონ კუბურ მეტრ ინერტულ მასალას ულიცენზიოდ მოიპოვებენ ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის.

პრემიერ კობახიძის მიერ 2024 წლის პირველ აგვისტოს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 1 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაში 24 თეთრს გადაიხდის. სოფლის სიმდიდრე გააქვთ, თუმცა ეს სოფელზე დადებითად არ ისახება. პირიქით, ამ სოფელში ცხოვრება, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, წლიდან წლამდე უარესდება.

მაგალითად, შიდა სასოფლო გზაზე, რომელიც აკაკი ბერიძის სახლამდე მიდის, მხოლოდ ალაგ-ალაგ დასხმული ბეტონის საფარი დაგხვდებათ. აკაკი ბერიძე ამბობს, ეს გზა 500 მეტრია და 10 წელია კეთდება არჩევნებიდან არჩევნებამდე.

გზა სოფელ ხალაში, სადაც ინერტულ მასალას ხელოვნური კუნძულისთვის მოიპოვებენ

კარიერთან მისასვლელ გზაზე მომუშავე ადამიანებმა კი, გვითხრეს, რომ გზის მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება. შემდეგი ეტაპი მთის დაშლა და ინერტული მასალის სოფლიდან გატანა იქნება

ხალაში მცხოვრები ნანი ლორთქიფანიძე კი, ყურადღებას ინერტული მასალის წინა მომპოვებელზე ამახვილებს, მასალა სოფლიდან გაიტანეს, გზები დაგვიზიანეს და მერე ეს გზებიც არ აღადგინეს, ისევ ბიუჯეტის ფული დაიხარჯა სოფლის ცენტრალური გზის მოსაწყობადო.

„სოფელს არანაირი სარგებელი არ მიუღია ამით, პირიქით, გზა იყო დაზიანებული და ისიც გამგეობამ გააკეთა, ბიუჯეტის ხარჯზე გაკეთდა… იქ ახლო-მახლო ვინც ცხოვრობს, საშიშ ზონაში აღმოჩნდნენ და ზოგი ოჯახი გადაიყვანეს საერთოდ. გამგეობას უნდა ჰქონდეს გაწერილი გეგმა, ვინც შემოვა სოფელში, რაღაც სოფელს მოახმაროს.

მრავალშვილიანი ოჯახები, შეიძლება შეღავათი დენის გადასახადზე, გარეგანათება მოსაწყობია, ან ის, რომ კაპიტალურად რაღაც გაკეთდეს: მაგალითად, თუ წვიმა და ქარი იქნა, მაშინვე ხალაში შუქი ითიშება,“ – გვიყვება ნანი ლორთქიფანიძე.

ნანი ლორთქიფანიძე

„ჩვენთან საერთოდ არავინ მოსულა, არავინ გველაპარაკება,“ – ამბობს აკაკი ბერიძე. ის, პირველ რიგში, უსაფრთხოების რისკებზე საუბრობს – ახალი კარიერი მისი სახლიდან ზუსტად ნახევარ კილომეტრშია. აკაკის და მისი მეზობლების სახლების მდგომარეობა, უსაფრთხოების რისკები არავის შეუსწავლია.

რამდენად უსაფრთხოა ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის ინერტული მასალის მოპოვება სოფელ ხალაში და რატომ არ იღებს ამით სარგებელს სოფელი?

ეს შეკითხვა სოფელ ხალადან ინერტული მასალის გატანაზე დღეს, 11 სექტემბერს უპასუხოდ დატოვეს ქობულეთის მერიაში. კითხვას არც კომპანია შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდში“ უპასუხეს.

„აქ მოსული იყო ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე. ვუთხარი, აქ გზა გაჰყავთ და აფეთქებები წავა, მოსახლეობა ვართ, რა უნდა ვქნათ? ვერაფერი პასუხი ვერ გამცა კაცმა.

კომპანიის წარმომადგენელს შეხვდი ერთხელ, როცა გზის გაყვანა დაიწყეს, რასაც დაგვავალებენ, ჩვენ იმას გავაკეთებთო… მოხარული ვართ, რომ კეთდება ეს კუნძული, მაგრამ სარგებელი მიაქვთ, ჩვენ კი, არაფერი სარგებელი არ გვაქვს. ეს გზები მაინც გაგვიკეთონ, ან აგვასახლონ. მე თუ დავზარალდი და სახიფათოდ გვაქვს საქმე, აგვასახლონ. ვინაა პატრონი-მეთქი, ვკითხე მერს და ვერ მიპასუხა.

იქ ყანებიც გვქონდა, ნიგოზი, სადაც ახლა გზები გაჰყავთ, სატყეოს ტერიტორიაა, მაგრამ ჩვენ ვსარგებლობდით, არავის არაფერი უთქვამს კომპენსაციაზე,“ – გვითხრა აკაკი ბერიძემ.

აკაკი ბერიძე

სოფელ ხალაში ახალ კარიერთან მისასვლელ გზას აწყობენ. ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად ულიცენზიოდ ინერტული მასალის მოპოვებაზე განკარგულება პრემიერმა კობახიძემ 2024 წლის პირველ აგვისტოს გამოსცა.

მოსაცდელი სოფელ ხალაში

„ოქროსაც ეძებდნენ ჩვენს სოფელში, ვინ გეტყვის, გლეხს, ვიპოვეთო. დახურეს მერე და წავიდნენ,“ – ოქროს საბადოს ხალაში მოპოვებაზე ღიმილით გვიყვება აკაკი ბერიძე და დასძენს, არც მაგით მიუღია რამე სარგებელი ჩვენს სოფელსო.

„ამდენი სიმდიდრე გადის სოფლიდან, ხომ შეიძლება პროცენტი დაირიცხოს-მეთქი. გამგეობაში მითხრეს, მაგი ჩვენ არ გვეხებაო. შენი სოფელი შენ როგორ არ გეხება? გლეხი კაცი ვხდები მაგას და გამგეობაში არ ფიქრობთ-მეთქი?

ეს არის ხელისუფლების არასწორი მოქმედებები, უყურადღებობა…“ – კატეგორიულია აკაკი ბერიძე.

ელოდებით ცვლილებებს არჩევნებზე? – აუცილებლადო, გვპასუხობს სოფელ ხალაში მცხოვრები: „ეს მთავრობა უნდა გადადგეს“, – უკმაყოფილებას არ მალავს აკაკი ბერიძე და პაუზის შემდეგ ქვეყნის საქმეზეც გვესაუბრება, რუსეთთან დამეგობრება არ მგონია სწორი იყოს, როგორც ჩვენ, ხალხს, გვინდა, ისე უნდა ვიცხოვროთო.

„რუსეთის დამეგობრება არ მგონია სწორი იყოს, როგორც გვინდა, ისე უნდა ვიყოთ. ევროპაში მიმავალი გზა ხსნილი უნდა იყოს ჩვენთვის.

ასე თუ წავიდა, რუსეთს დაპყრობილი ვყავართ, არ ვიცი, როგორ იქნება ევროპისკენ მიმავალი გზა, მოხარული ვართ, რომ ვიყოთ ამ გზაზე, ერთმანეთის მხარდაჭერაა საჭირო, მე სუფრასთან დავჯდები, თუ სხვაგან, ამაზე ვლაპარაკობ.

ევროპა იმიტომაა კარგი, რომ იქ კარგი განათლებაა, შეგნებაა, თავისუფლება, ადამიანის დაფასება. მე ევროპაში არასდროს ვყოფილვარ, გადმოცემით, რაც ვიცი და რასაც ტელევიზიით ვუყურებთ, ევროპაა მშვენიერი,“ – დაასრულა აკაკი ბერიძემ.

ხედი ძველი კარიერიდან – აქ ინერტულ მასალას დაახლოებით 10 წელი მოიპოვებდნენ. ხელოვნური კუნძულისთვის კი, კარიერი მოპირდაპირე ქედზე მოეწყობა.

 

„მე დავსვი კითხვა: რა სარგებელი მოაქვს ინერტული მასალის ჩვენს სოფელში მოპოვებას ჩვენთვის? გზაც არ გვაქვს წესიერი, დააგებენ ხრეშს და წვიმის შემდეგ მიდის უკან. მოხარული ვართ, რომ საქართველო აყვავდება, მაგრამ მეორე მხრივ, მოსახლეობა ზარალდება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭაღალიძემ. ის ახალ კარიერთან ყველაზე ახლოს ცხოვრობს.

ზურაბ ჭაღალიძე

„ჩვენთან არავინ მოსულა, არცერთი ოჯახი არ შეუსწავლიათ. აფეთქებები წავა, ჩემ სახლს ბზარები არ აქვს არანაირი, პასუხისმგებელი ვინ არის ამაზე? პასუხს არავინ გვცემს,“ – გვითხრა ზურაბ ჭაღალიძემ.

სოფელი ხალა, ქობულეთი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: