ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმი ახალ 25 საქალაქო ავტობუსში 16 მილიონ ლარს გადაიხდის

29.07.2024 •
ბათუმი ახალ 25 საქალაქო ავტობუსში 16 მილიონ ლარს გადაიხდის

ბათუმისთვის ახალი M3 კატეგორიის საქალაქო ავტობუსების შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 648 ათას 402 ლარია, ანუ 25 ავტობუსის შესყიდვის მაქსიმალური თანხაა 16 210 050 ლარი. პირობა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გეგმური ფლობის კომპონენტებსაც ითვალისწინებს.

კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულისგან ავტობუსებს ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ შეისყიდის.

ავტობუსები უნდა იყოს: ერთი და იმავე ბრენდის და მოდელის; ახალი, არაუადრეს 2024 წლის გამოშვების; მარცხენასაჭიანი; ექსპლუატაციაში არმყოფი; მიწოდებისას გარბენი არაუმეტეს 3 000 კმ; ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის პირველ აგვისტოს დაიწყება და 2 აგვისტოს დასრულდება.

განახლება: 3 აგვისტოს მდგომარეობით შესყიდვების სააგენტოს თურქული კომპანია otokar otomotiv ve savunma sanayi anonim sirketi ერთი ავტობუსის მიწოდებას 673 191 ლარად სთავაზობს. ეს არის ამ დროისთვის ყველაზე დაბალი ფასი და ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

„მიმწოდებელი ვალდებულია არანაკლებ 10 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიწოდება განახორციელოს არაუგვიანეს 2024 წლის 10 სექტემბრისა, ხოლო დარჩენილი რაოდენობის მიწოდება არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრისა“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

საგარანტიო პერიოდი კი განსაზღვრულია არანაკლებ 200 000 კმ გარბენი ან არანაკლებ 24 თვე [რომელიც ადრე დადგება].

„მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს ავტობუსის გეგმიური ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც პრეტენდენტის მიერ არ იქნება გათვალისწინებული გეგმური ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია მთლიან ავტობუსზე საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტ(ებ)ად“, – აღნიშნულია პირობაში.

რამდენიმე დეტალი ავტობუსის ტექნიკური პარამეტრებიდან:

  • „სიგრძე – არანაკლებ 11,5 მეტრი და არაუმეტეს 12,5 მეტრი
  • არანაკლებ 25 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით.
  • ადგილების კონფიგურაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
  • მგზავრების რაოდენობა სულ [მძღოლის დასაჯდომის გარეშე] – არანაკლებ 70 მგზავრი.
  • დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავა, არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ძრავა განთავსებული უნდა იყოს ავტობუსის უკანა ნაწილში.
  • ავტობუსს მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს 3 ასასვლელი. წინა და შუა ასასვლელებს არ უნდა გააჩნდეს საფეხურები, ხოლო უკანა კართან დასაშვებია საფეხურებიანი ასასვლელი.
  • ავტობუსების ჩამოყვანამდე და ჩამოყვანის შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია ჩაუტაროს ტექნიკურ პერსონალსა და მძღოლებს სწავლება-ტრენინგები, ავტობუსების ექსპლუატაციის, მართვასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
  • მიმწოდებელი ასევე ვალდებულია ავტობუსის ქარხნულ კომპლექტაციაში არსებული ყველა მოწყობილობა და ხელსაწყო მოაყოლოს ავტობუსს. ასევე დეტალურად აღწეროს იმ საცხებ საპოხი მასალებისა და საწვავის ტექნიკური მახასიათებლები მაჩვენებლები, რომელსაც იძლევა ქარხანა წარმოებულ სატრანსპორტო საშუალებაზე…“

ბათუმისთვის 25 ახალი ავტობუსისა და 100 მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერის გამოცხადებამდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევდა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შესყიდვაზე ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში გაავრცელა ბათუმის მერიამაც და აღნიშნა, რომ ახალი ავტობუსების შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 30 მილიონ 219 ათას 500 ლარი იყო გათვალისწინებული.

100 ახალ მიკროავტობუსზე ტენდერი დასრულებულია და ავტობუსების შემოტანაც დაწყებულია.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 მიკროავტობუსს ჯამში 15 944 800 ლარად იყიდის. ხელშეკრულება კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ შპს „ჯი-თი მოტორსთან“ არის გაფორმებული.

ამავე თემაზე ვრცლად:

100 ახალ მიკროავტობუსში ბათუმი 15,9 მილიონ ლარს გადაიხდის

მთავარი ფოტო „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: