ბათუმი,მთავარი,სიახლეები

კუნძულისთვის ხრეშს ჭოროხიდანაც ამოიღებენ – მთავრობამ „ამბასადორს“ ადგილი 3 წლით გადასცა

18.09.2024 •
კუნძულისთვის ხრეშს ჭოროხიდანაც ამოიღებენ – მთავრობამ „ამბასადორს“ ადგილი 3 წლით გადასცა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს მდინარე ჭოროხის ნაპირიდანაც ამოიღებს.

მთავრობის 2024 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, „ამბასადორს“ მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, სოფელ ახალსოფელში 15 042 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი 3 წლით, იჯარით გადაეცა.

კომპანია ყოველწლიურად საიჯარო ქირას – 84 904 ლარს გადაიხდის. ამასთან, კომპანიას „შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის 25 506 ლარის გადახდაც“ დააკისრეს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რა რაოდენობის ხრეშს ამოიღებს „ამბასადორი“ იჯარით გადაცემული ფართობიდან, მთავრობის განკარგულებაში ეს განსაზღვრული არ არის, თუმცა მთლიანობაში კომპანიას მხოლოდ 280 218 ლარის გადახდა მოუწევს.

„ამბასადორზე“ იჯარით გადაცემული ნაკვეთი [მონიშნულია წითელი ფერით] მდინარე ჭოროხთან

„სავარაუდოდ მანდ არის ხრეშის საბადო და ამ ხრეშის მოპოვება დაახლოებით ეს თანხა ჯდება, რაც იჯარის პირობაში გავწერეთ, ეს თანხა წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ჩაგვადებინა პირობაში. რაც შეეხება ლიცენზიას, ეს საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა ახალი კარიერის მოწყობა გინდა და აქ კარიერი უკვე არის“ – გვითხრეს ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში.

არის თუ არა განსაზღვრული რამდენი კუბური მეტრი ხრეში უნდა მოიპოვოს ამ ადგილზე „ამბასადორმა“ და საჭირო იყო თუ არა შესაბამისი ლიცენზია ამ ადგილზე წიაღისეულის მოსაპოვებლად? თუ არა რატომ? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ მომზადებული გზშ-ს დოკუმენტის მიხედვით ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ინერტული მასალების შემოტანა დაგეგმილი იყო სხვადასხვა ლიცენზირებული კარიერიდან, ხოლო ქვების შემოტანა ასევე, თურქეთის რესპუბლიკიდან.

მდინარე ჭოროხის კალაპოტი და მიმდებარე ადგილები კი ამ კარიერების ჩამონათვალში არ იყო.

პროექტის გზშ-ში აღნიშნული იყო, რომ ინერტული მასალების და ქვების შემოტანა დაგეგმილი იყო საქართველოში მოქმედი შემდეგი ლიცენზირებული კარიერებიდან:

  • „ქობულეთი – სოფელ ქობულეთის და სოფელ ხუცუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე კინტრიშის კალაპოტში მდებარე ინერტული
    მასალების კარიერი;
  • ქედა – სოფელ დოლოგანის მიმდებარედ ანდეზიტის, ბაზალტის და სხვა სამშენებლო მასალების კარიერი;
  • წყალტუბო – სოფელ ოფურჩხეთის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის [ტეშენიტის] კარიერი
  • თურქეთი – შეთანხმება მიღწეულია ართვინის რეგიონში მოქმედ კომპანიასთან ყოველთვიურად 30 000 – 60 000 ტონა ქვის მოწოდების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ქვების მნიშვნელოვანი რაოდენობის შემოტანა თურქეთის რესპუბლიკიდან.
  • დამცავი მოლების მოსაწყობად საჭირო სამშენებლო მასალების შემოტანა მოხდება კვირიკეს, ხალას და დოლოგნის კარიერებიდან, ასევე იმერეთის რეგიონიდან და თურქეთიდან“,

მიუხედავად ამისა, მთავრობამ ქობულეთის სოფელ ხალაში უკვე არსებული კარიერისგან მოშორებით სხვა ადგილი გამოუყო „ამბასადორს“ ინერტული მასალის მოსაპოვებლად, ახალი კარიერის მოწყობა-სარგებლობის ლიცენზიისგან კი კომპანია საერთოდ გაათავისუფლა.

ვრცლად: „ამბასადორი“ კუნძულისთვის 500 000 კუბ.მ ინერტულ მასალას ხალაში ულიცენზიოდ მოიპოვებს – მთავრობა

სოფელ ხალაში, სადაც 10 წელზე მეტია ინერტულ მასალას მოიპოვებენ, ამჯერად ახალი კარიერისთვის გზა გაჰყავთ მთებში – ახალი კარიერი კი მოსახლეობასთან ბევრად უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ძველი.

ვრცლად: „გზასაც კი არ გვიკეთებენ“ – რას ამბობენ სოფელში, სადაც ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხიდან ზღვაში ნატანის შეტანის შემცირებამ სანაპირო ზოლის წარეცხვა გამოიწვია. ზღვამ არაერთხელ დაანგრია და წარეცხა ბათუმის, აეროპორტის მიმდებარედ და ახალი ბულვარის გასწვრივ, სანაპირო. ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ბათუმის სანაპიროზე პლაჟის შესანარჩუნებლად და ნაპირის დასაცავად ყოველწლიურად ზღვის ხელოვნური კვებაა აუცილებელი, რაშიც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება და უნდა დაიხარჯოს მომავალშიც.

ბათუმის სანაპიროს დასაცავად კი ხრეში სწორედ მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან შეაქვთ ზღვაში.

სპეციალისტების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ რეკომენდებულია მდინარის [განსაკუთრებით ჭოროხის დელტასა და მის მიმდებარედ არსებული] ნატანი მასალა [ქვიშა/ხრეში] აუცილებლად იქნას გამოყენებული მხოლოდ სანაპირო ზოლისა და პლაჟების შესანარჩუნებლად.

ზღვის ხელოვნურ კვებასთან ერთად სპეციალისტების აზრით შესამუშავებელია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიაც, რომლის გარეშე ბათუმის სანაპირო ზოლში კატასტროფა გარდაუვალია.

ამ თემაზე: ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

ვითარებას ართულებს მდინარეებიდან ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდინარეებიდან ინერტული მასალის უკანონო მოპოვების 270 ფაქტია ოფიციალურად დაფიქსირებული.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 218 შემთხვევაში სამართალწარმოება ადმინისტრაციული წესით, ხოლო 52 საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

ამასთან, ადმინისტრაციული საქმეებიდან – 41, ხოლო სისხლის სამართლის საქმეებიდან – 22 ეხებოდა იურიდიულ პირებს/კომპანიებს, დანარჩენ საქმეებში კი ფიზიკური პირები ფიგურირებდნენ [177 – ადმინისტრაციული და 30 – სისხლის].

არის ჭოროხთან ხრეშის უკანონოდ მოპოვებისა თუ სახელმწიფო ქონებით სარგებლობის სხვა ისეთი ფაქტებიც, რაზეც სახელმწიფო არ რეაგირებს.

ამ თემაზე ნახეთ: როგორ ვიშოვოთ მილიონები ჭოროხის სანაპიროზე, ანუ რას არ იმჩნევს მთავრობა – ეპიზოდი III

„ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ მთავრობის მიერ 3 წლით გადაცემული ტერიტორია [მონიშნულია წითელი ფერით] მდინარე ჭოროხთან, სადაც „ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს ამოიღებს

ისევ „ამბასადორს“ რომ მივუბრუნდეთ, კომპანიამ ერთ-ერთი ბოლო შტორმის დროს გაავრცელა განცხადება, რომ ძლიერ შტორმს „ბათუმის კუნძულის ხელოვნურად მოწყობილ 2 ჰა მიწის ნაკვეთზე უარყოფითი ზემოქმედება არ გამოუვლენია, რაც მკაფიოდ ადასტურებს პროექტის განხორციელებაში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მაღალ პროფესიონალიზმს და წინასწარი კვლევების სიზუსტეს“.

კომპანია ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. ნებართვა კი 2022 წლის სექტემბერში „ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ ნაპირსამაგრი ჯებირის“ მშენებლობაზე გაიცა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტზე.

„ამბასადორს“ ეს ე.წ. ნაპირდამცავი ჯებირი 2023 წლის დეკემბრამდე უნდა აეშენებინა. სამუშაოების დასრულების ვადა „ამბასადორის“ თხოვნით არაერთხელ გადავადდა და ამ დროისთვის ეს ბოლო ვადა 2025 წლის 14 ნოემბერია.

გადავადების უმთავრეს მიზეზად კი „ამბასადორი“ სწორედ შტორმს ასახელებდა: „მეტეოროლოგიური და ტექნოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ნებართვით გათვალისწინებული მშენებლობა საჭიროებს გაგრძელებას, ვინაიდან შავი ზღვა ხასიათდება შტორმით და ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება სამუშაოების დინამიკის შენარჩუნება, მიუხედავად კომპანიის მუდმივი მუშაობისა.“

„ამბასადორი ბათუმი აილენდს“ უშუალოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ჯერ არ დაუწყია. კომპანია ამ ეტაპზე ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობას აგრძელებს.

ამავე თემაზე:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

 

მთავარი ფოტო: ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / ფოტო: Ambassadori Batumi Island, 5.09.2024

გადაბეჭდვის წესი


ასევე: