ეს თანამდებობის პირები – პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტიის დეპუტატები, წლების განმავლობაში იღებდნენ დასავლურ დაფინანსებას, ბევრი მათგანი სწავლობდა დასავლეთში, ბევრი მათგანის ყველაზე ახლობელი ადამიანები – ოჯახის წევრები დღემდე ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ, ზოგიერთი მათგანის შვილი ევროპაში დაიბადა კიდეც, მაგრამ ამ ადამიანების ძალისხმევით და უშუალო მონაწილეობით ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაიკეტა.
მათ მიიღეს რუსული კანონი – ევროკავშირმა კი თქვა, რომ ამ კანონით საქართველო ვერ გახდება მისი წევრი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობის გადახედვა დაიწყო.
ვინ არიან ეს ადამიანები, რომელთა უშუალო ძალისხმევითაც ქვეყანის ევროპული პერსპექტივას საფრთხე ემუქრება?
- მაღალი თანამდებობის 9 პირი, რომლებიც უცხოურ ორგანიზაციებსა და NGO-ებში მუშაობდნენ
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში 2003 წელს ხელისუფლება გარე ძალების [უკვე საჯაროდაც ამბობენ, რომ ეს გარე ძალა აშშ-ია] ჩარევით შეიცვალა. „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიის თანახმად, ამ მიზნებს გარე ძალები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით აღწევდნენ.
იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთმა საქართველოში, როგორც „ოცნებაში“ აცხადებენ, „თავისი მარიონეტი ხელისუფლება“ მოიყვანა, რომელმაც შემდეგში – 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მაღალ პოზიცებზე მუშაობდნენ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილს თავისი თანაგუნდელები ამ კონტექსტში აქამდე არ უხსენებია, ჯერჯერობით მაინც.
მაგალითად, ირაკლი კობახიძე ამერიკული USAID-ის საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი იყო. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი საქართველოში გერმანული ფონდს ხელმძღვანელობდა.
არც ირაკლი კობახიძეს და არც შალვა პაპუაშვილს დღემდე არ აუხსნიათ საზოგადოებისთვის, რა ტიპის დავალებებს იღებდნენ უცხოური ორგანიზაციებისგან და იყო თუ არა ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, ასრულებდნენ ამ დავალებებს თუ უარს ამბობდნენ? თუ უარს ამბობდნენ, წლების განმავლობაში როგორ ინარჩუნებდნენ ამ თანამდებობებს?
„ქართული ოცნების“ არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და მათი ოჯახის წევრები მაღალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობდნენ უცხოეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის დეპუტატებიც, რომლებმაც რუსული კანონი მიიღეს.
მონაცემები მოხელეების შესახებ, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდნენ, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა“ დაამუშავა:
-
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პოლიტიკაში მოსვლამდე, ჯერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი (USAID), შემდეგ კი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი იყო. 2011-12 წლებში ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრის პოზიცია ეკავა.
- 17 წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომელი იყო. მუშაობის ბოლო წლებში, ის ორგანიზაციაში საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებდა.
- სხვადასხვა წლებში გივი მიქანაძე იყო გაეროს ერთ-ერთი პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი, ევროკავშირის პროექტის „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ეროვნული ექსპერტი, ეუთოს პროექტის დირექტორი, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი.
- სხვადასხვა წლებში მაია ბითაძე იყო მსოფლიო ბანკის პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“ იურისტ-ექსპერტი; ეუთოს პროექტის „ორჰუსის ცენტრი“ კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.
- ბექა დავითულიანი იყო შპს „მედიაჰაუსი დეკომის“ იურისტ-კონსულტანტი და ჟურნალ „ლიბერალის“ თანამშრომელი. შპს „მედიაჰაუსი დეკომი“ აერთიანებდა ჟურნალებს „ცხელი შოკოლადი“, „ლიბერალი“ და რადიოს – „ცხელი შოკოლადი“.
- სხვადასხვა დროს ირაკლი ბერაია მუშაობდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის პოზიციაზე, ასევე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს დელეგაციაში, რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე.
- ანრი ოხანაშვილი იყო ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტის მეცნიერ-თანამშრომელი, „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი.
- სხვადასხვა წლებში სოზარ სუბარი იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი, აშშ-ს მთავრობის მიერ დაფუძნებული „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი. 2004 წელს, სოზარ სუბარს მიღებული აქვს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის გრანტი გაზეთი „სპექტრის“ პროექტის ფარგლებში ტრენერობისთვის.
- ქართული ოცნების დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროექტის დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა 2011-12 წლებში.
- დეპუტატები, რომლებმაც თავიანთ შვილებს ევროპული განათლება მისცეს, სხვის შვილებს კი – რუსული კანონი
სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა შვილები დასავლეთის ქვეყნებში სწავლობენ, ზოგიერთ მათგანს კი თავადაც ევროპაში აქვს განათლება მიღებული. ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც მიიღეს რუსული კანონი, ქვეყანას ჩაუკეტეს ევროპული პერსპექტივა, სხვისი შვილების ევროპული განათლება კი დიდი დარტყმის ქვეშ დააყენეს.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ანალიტიკოსის, სალომე ბრეგვაძის შეფასებით, „ევროპული განათლება „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატებისთვისაც მნიშვნელოვანია: საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და მათი ოჯახის წევრი სხვადასხვა დროს ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში მაგისტრისა თუ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სწავლობდა. თუმცა, საყურადღებოა, რომ ისინი მაინც მხარს უჭერენ ისეთ კანონს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და მეტად აშორებს ქართულ საგანმანათლებლო სფეროს დასავლური განათლების დახვეწილი სისტემისგან“.
- გოჩა ენუქიძის შვილმა, თინათინ ენუქიძემ, ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით გერმანიაში, ბრემენში, Constructor Universityში მიიღო.
- მაკა ბოჭორიშვილის შვილი, ნინო რამიშვილი, Collège Saint-Michel (Bruxelles)ში სწავლობს და დღემდე ბრიუსელში ცხოვრობს.
- ზაზა ლომინაძის უფროსი შვილი, ეკა ლომინაძე, გერმანიაში ცხოვრობს. ეკა ლომინაძემ განათლება გერმანიაში სამედიცინო მიმართულებით მიიღო და იდარ-ობერშტეინის საავადმყოფოშია დასაქმებული.
- როგორც დეპუტატი გიორგი (გია) ვოლსკი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, მისმა შუათანა შვილმა, სანდრო ვოლსკიმ ნიუ-იორკში მიიღო უმაღლესი განათლება. სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, სანდრო ვოლსკი აშშ-ის მთავრობის კონტრაქტორ კომპანიაში „CULMEN INTERNATIONAL-ში უფროს მრჩევლად მუშაობს.
- გიორგი სოსიაშვილის შვილი, ნათია სოსიაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე ტუშის უნივერსიტეტში, ქალაქ ვიტერბოში (იტალია) სწავლობს.
- სალომე ქურასბედიანმა, რომელიც თავად „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატია და მანვე ითავა რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის გაკრიტიკება, განათლება საფრანგეთში, ტულუზის კაპიტოლის უნივერსიტეტში (Université Toulouse Capitole) მიიღო.
- მართალია, რუსული კანონი მას არ მიუღია და ამ კანონს საჯაროდ მხარს არ უჭერდა, მაგრამ იმ პარტიის თავმჯდომარეა, რომელმაც ეს კანონი საზოგადოების უწყვეტი პროტესტის ფონზე მიაღებინა საქართველოს პარლამენტს – ირაკლი ღარიბაშვილის შვილი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს სკოლაში სწავლობს.
- ანტიდასავლელი დეპუტატები, ვისი შვილებიც ევროპასა და აშშ-ი დაიბადნენ
სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეა ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან, მაგრამ დასავლეთის სიკეთეებით აქამდეც რომ სარგებლობდნენ და მას შემდეგაც, რაც მათ მიერ მიღებულმა რუსულმა კანონმა და ანტიდასავლურმა პროპაგანდამ საქართველოს ევროინტეგრაციას გზა გადაუკეტა.
ეს დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები დღემდე აგრძელებენ დასავლური სიკეთეებით სარგებლობას.
კვლევის ავტორი, სალომე ბრეგვაძე წერს:
„პარადოქსულია, რომ ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ის დეპუტატები თუ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც დასავლური სიკეთეებით არაერთხელ უსარგებლიათ, როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების პიროვნული და კარიერული განვითარების მიზნით.
საინტერესოა, რომ, „რუსული კანონის“ მხარდამჭერ და ანტიდასავლური რიტორიკის გამავრცელებელ მინიმუმ 10-მდე დეპუტატსა თუ მათი ოჯახის წევრებს, საჭიროების შემთხვევაში, არა ქართული ჯანდაცვის, არამედ სწორედ დასავლური ჯანდაცვის სისტემისთვის მიუმართავთ“.
ამ კვლევის თანახმად ქართული ოცნების 0 დეპუტატის შვილი ან აშშ-ში დაიბადა ან ევროპაში. აი ისინიც:
- ავთანდილ ენუქიძის უმცროსი შვილი, სოფია ენუქიძე საფრანგეთის ქალაქ ლილიში დაიბადა.
- გიორგი(გია) ვოლსკის შვილი გიორგი ვოლსკი ნიუ-იორკშია დაბადებული.
- ლევან კობიაშვილის შვილები, სალომე და ნიკოლოზ კობიაშვილები, გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგსა და დუისბურგში დაიბადნენ.
- ბაია კვიციანმა შვილი გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში გააჩინა.
- ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამორჩეული ბექა ოდიშარიას შვილი, მანანა ოდიშარია, ილინოისის შტატში დაიბადა.
- დავით სონღულაშვილის უფროსი შვილი, სესილი სონღულაშვილი, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში დაიბადა.
- ალუდა ღუდუშაურის შვილები, ელენე და შოთა ღუდუშაურები, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადნენ და, შესაბამისად, აშშ-ს მოქალაქეები არიან.
- მიხეილ ყაველაშვილის უფროსი ქალიშვილი, მარიამ ყაველაშვილი, ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, ხოლო უმცროსი შვილი, გურამ ყაველაშვილი, ციურიხში.
- ანრი ოხანაშვილის შვილები, მარიამ და ანა ოხანაშვილები, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დაიბადნენ.