არჩევნები,მთავარი,სიახლეები

„თბილისიდან მიწევს ჩამოსვლა ხმის მისაცემად“ – როგორ აპირებენ ახალგაზრდები არჩევნებში მონაწილეობას

18.09.2024 •
„თბილისიდან მიწევს ჩამოსვლა ხმის მისაცემად“ – როგორ აპირებენ ახალგაზრდები არჩევნებში მონაწილეობას

26 ოქტომბრის არჩევნებამდე 38 დღე დარჩა.

ქვეყანაში ათასობით ახალგაზრდაა, რომლებიც მათი რეგისტრაციის ადგილიდან მოშორებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, სწავლობენ ან მუშაობენ.

„ბათუმელებმა“ გამოკითხა ის ახალგაზრდები, რომლებიც ამჟამად თბილისში ცხოვრობენ, თუმცა აჭარის მუნიციპალიტეტებში არიან ჩაწერილები. რატომაა მნიშვნელოვანი არჩევნებზე წასვლა? როგორ აპირებთ საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას? – ვკითხეთ მათ.

„მინდა, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდეს და როცა მე და ჩემი მეგობრები ჩვენს მომავალს ვგეგმავთ, კითხვითი ნიშნები არ გვქონდეს – სად ვიქნებით? მინდა, რომ ჩემს ცხოვრებას ჩემს ქვეყანაში ვგეგმავდე და ამაში ხელს არ მიშლიდეს არაკონსტიტუციური, ადამიანების უფლებების შემლახავი კანონები“, – ამბობს ხატია კახიძე. ის 22 წლისაა და ახლახან დაამთავრა სწავლა ჟურნალისტიკის მიმართულებაზე.

„ხმას ვაძლევ ჩემს სოფელში, ხელვაჩაურის რაიონში. თბილისიდან მიწევს ჩამოსვლა ხმის მისაცემად, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო. შემეძლო გადმოვწერილიყავი ფაქტობრივ მისამართზე. ორი მიზეზის გამო არ გავაკეთე ეს: ჩემს სოფელზე მაქვს შეგრძნება, რომ სწორედ ის ადგილია, საიდანაც მინდა ცვლილებები დავიწყო. ასევე, ვაპირებ, რომ დამკვირვებელი ვიყო არჩევნებზე. ვფიქრობ, დედაქალაქში საკმარისზე მეტი მოხალისე იქნება ამისთვის და ამ საკითხში გაძლიერება რეგიონებს უფრო სჭირდება.

26 ოქტომბერს, კალენდარში ყველას მხოლოდ ერთი რამ უნდა გვქონდეს მონიშნული გასაკეთებლად –  ხმა მივცეთ!

არჩევნების დღეს პარლამენტის წინ „ჯოს“ რომ ვყვირით ბოლო ხმაზე, ეგ ხმა ექოს უნდა გამოსცემდეს. 

არჩევნებზე არ მისვლა ტეხავს“ – ამბობს ხატია. 

ხატია კახიძე

თამთა თავართქილაძე სტუდენტობის შემდეგ სამუშაოდ დარჩა თბილისში. ის ხულოდანაა და არჩევნებზე ხმის მიცემასაც მისსავე მუნიციპალიტეტში გეგმავს. ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული არჩევნებია, რომელზეც აქამდე ყოფილა და შესაბამისად, ვერ გამოტოვებს.

„ხმას ხულოში, ჩემს საარჩევნო უბანზე ვაძლევ. თბილისიდან მატარებლით ჩამოვალ ბათუმამდე, მერე სამარშრუტო ტაქსით ხულომდე. თბილისში მეორე დღეს, 27 ოქტომბერს დავბრუნდები, ალბათ. დროებით გადმოწერაზე დიდად არ მიფიქრია… ყოველთვის ხულოში ვაძლევ ხმას და ახლაც ასე მირჩევნია. თან მაინტერესებს, როგორ ჩატარდება არჩევნები ხულოში.

ჩემთვის პირველი არჩევნები არ არის, 2019 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებზე ვიყავი. ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, რომ მივიდე და ჩემი არჩევანი გამოვხატო. თუ გვინდა ჩვენი ხმა ისმოდეს პირველ რიგში, უნდა გამოვიყენოთ ხმის მიცემის უფლება და ვეცადოთ, გვყავდეს მთავრობა, რომელიც ჩვენი ერის ევროპულ ღირებულებებს და მისწრაფებებს იზიარებს. სამწუხაროა, რომ აქამდე ლამის მოსახლეობის მეოთხედი ირჩევდა მთავრობას. იმედია, წელს განსაკუთრებით ბევრი მოქალაქე მივა არჩევნებზე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.

ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ამ არჩევნებმა მინდა შეცვალოს მთავრობა, ერთპიროვნული მმართველობა და ერთი ადამიანის ხელში პირდაპირ თუ არაპირდაპირ მთელი ძალაუფლების მოქცევა. თან მინდა პარლამენტი ისე დაკომპლექტდეს, რომ ბევრი განსხვავებული იდეა ჟღერდებოდეს და საპარლამენტო სხდომებზე ჯანსაღი კრიტიკა და დისკუსია გვესმოდეს მადლობების ნაცვლად ბელადების მიმართ“, – გვეუბნება თამთა.

თამთას თქმით, ყველა მისი მეგობარი, ვინც ხულოდანაა და ახლა თბილისში ცხოვრობს, არჩევანის გასაკეთებლად მუნიციპალიტეტში დაბრუნებას გეგმავს.

„ჩემს ირგვლივ წელს ყველა მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ დაბრუნდეს იქ, სადაც არის რეგისტრირებული და ხმა მისცეს. თუმცა ძირითადი პრობლემა მაინც დრო არის ხოლმე. ტრანსპორტირება, მეორე დღეს სამსახური შეიძლება ჰქონდეს ვინმეს და ა.შ“.

თამთა თავართქილაძე

23 წლის სტუდენტი, ივერი შაინიძეც ხულოდანაა. მისი თქმით, ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, რადგან ახლა წყდება, თუ როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ.

„რეგისტრირებული ვიყავი ხულოში, ხმას სწორედ მანდ ვაძლევდი, მაგრამ ეს დამატებით სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან მიწევდა თბილისიდან ხულოს სოფელ წაბლიანში ასვლა. ამიტომ გადავწყვიტე ბათუმში ჩავწერილიყავი. სამსახურის გამო მალევე უნდა დავბრუნდე თბილისში.

ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან სწორედ ამ არჩევნებზე გადაწყდება როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არჩეული აქვს ქვეყნისთვის საზიანო კურსი და ცდილობს, რუსეთის გავლენის ქვეშ მოაქციონ საქართველო. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია თითოეული ჩვენგანი მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი. ჩვენი ქვეყნის მტრებს, არასდროს მოვუხდით ბოდიშს, არასდროს ვიქნებით რუსეთის უკანა ეზო, ეს ქვეყანა არის ევროპული და ამის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

აუცილებელია ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ გზას. გვაქვს ისტორიული შანსი ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომელსაც ეს გაერთიანება გვთავაზობს. სამწუხაროდ, არსებული ხელისუფლების პირობებში ეს ყველაფერი შეუძლებელია, ამიტომ ხელისუფლების შეცვლა გვჭირდება“, – გვეუბნება ივერი და ამატებს, რომ მის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც რეგიონში ბრუნდება ხმის მისაცემად – „არიან ისეთებიც, რომლებმაც შეიცვალეს რეგისტრაციის ადგილი“.

ივერი შაინიძე, სტუდენტი

სტუდენტი და აქტივისტი ნათია ჭელიძე წელს პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

„ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პირველი არჩევნები, სადაც უნდა გადავწყვიტო ვინ იქნება ჩემი, როგორც ახალგაზრდის, როგორც ქალის, როგორც რელიგიური უმცირესობის, როგორც სტუდენტის და როგორც უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქის წარმომადგენელი, მთავარი ხმა და ცხადია ვიქნები ამ პროცესის მონაწილე.

ხმას მივცემ ხულოში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რადგან კარგად ვიცნობ და ვიცი მისი საჭიროებები…

4-წელში ერთხელ გვეკითხებიან ვინ გვინდა იყოს ჩვენი წარმომადგენელი და თუ რაიმე არ მოგვწონს აუცილებლად უნდა შევცვალოთ, რისი ერთ-ერთი მშვიდობიანი და დემოკრატიული გზა პირველ რიგში არჩევნებზე მისვლაა…

ვიმედოვნებ, რომ წელს იქნება არჩევნებზე მისვლის ყველაზე დიდი მაჩვენებელი, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის.

უპირველესად, მინდა ილიას გზა გავაგრძელოთ და ეს გზა არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, ეს გზა არ არის ჯენზების მოგონილი, ეს გზა იწყება იქედან, საიდანაც დაიწყო საქართველოს ისტორიის წერა და ეს ისტორია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, – ამბობს ნათია.

ნათია ჭელიძე, აქტივისტი

„ეჭვგარეშედ და აუცილებლად მივდივარ არჩევნებზე“, – გვეუბნება 30 წლის ლიკა ლაზიშვილი და განაგრძობს, „ჩემი ფაქტობრივი მისამართი თბილისია, შემეძლო გადმოვწერილიყავი და თბილისში მიმეცა ხმა, თუმცა იურიდიულ მისამართზე ვარჩიე. ჩემი იდეოლოგიური აღქმით აუცილებელია დეცენტრალიზაცია და სამოქალაქო სექტორის გაძლიერება რეგიონურ დონეზე, რაშიც არჩევნებია საწყისი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი“.

ლიკა ქობულეთიდანაა, სადაც არჩევნებზე ხმის მისაცემად გეგმავს ჩამოსვლას – „მიწევს თბილისიდან ქობულეთის მიმართულებით ტრანსპორტირების დაგეგმვა, ფინანსირება… ამისთვის მაქვს სათანადო მზაობა.

არჩევნები არის მშვიდობიანი და ცივილური გზა ცვლილებებისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის! თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ ჩვენი როლი და ფასეულობები სახელმწიფოსთან მიმართებით. ასევე, უნდა გვესმოდეს და ვიცოდეთ ჩვენი ფუნდამენტური უფლებები და ვიბრძოლოთ მათ დასაცავად.

არჩევნების გზით მინდა ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს. მრავალპარტიულობით შევძლოთ დეცენტრალიზაცია, დეოლიგარქიზაცია. მკაფიოდ განვუდგეთ რუსიფიკაციას და ირანიზაციას! ეტაპობრივად, დასავლური ღირებულებებით შევძლოთ ცხოვრების სტანდარტისა და ხარისხის ზრდა!“, – ამბობს ლიკა. როგორც მან გვითხრა, მისი ნაცნობების დიდი ნაწილი თავიანთ ქალაქებში და სოფლებში ბრუნდება არჩევნებში მონაწილეობისთვის.

ლიკა ლაზიშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: