განათლება,მთავარი,სიახლეები

კობახიძემ პედაგოგებს არ უპასუხა – „ვაპირებთ მივმართოთ სახალხო დამცველს და სასამართლოს“

05.09.2024
კობახიძემ პედაგოგებს არ უპასუხა – „ვაპირებთ მივმართოთ სახალხო დამცველს და სასამართლოს“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საჯარო სკოლის მასწავლებლებს ოფიციალურად გაგზავნილ წერილზე არ უპასუხა.

პედაგოგები კობახიძეს ახალი სახელფასო ფორმულის გადახედვას, მასწავლებლის სტატუსის აღდგენას და სახელფასო დოკუმენტში ფუნქციური დანამატის განსაზღვრას სთხოვდნენ, თუმცა, 69 პედაგოგის ხელმოწერილი წერილი პრემიერ-მინისტრმა უპასუხოდ დატოვა.

წერილი მასწავლებლებმა პრემიერის სახელზე ჯერ კიდევ 18 ივლისს გააგზავნეს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი პედაგოგი, ეკატერინე წულუკიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პედაგოგები დისკრიმინაციის დადგენის მიზნით აპირებენ სახალხო დამცველსაც მიმართონ და სასამართლოშიც დაიცვან თავიანთი უფლებები.

„უნდა მივწეროთ სახალხო დამცველს, ამ ახალი სახელფასო ფორმულით, რომელი მუხლით დავზარალდით პედაგოგების გარკვეული ნაწილი და დისკრიმინაციის ფორმა, რომ იკვეთება, ეს ნათელია.

ჩვენ ასევე დავიწყეთ მომზადება და 15 სექტემბრამდე უნდა შევიტანოთ სასამართლოში სარჩელი.

ასევე, ვაპირებთ ამის შესახებ გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ ყველა მასწავლებელს, ვისაც სურვილი აქვს, შეეძლოს გახდეს მოსარჩელე, ხელი მოაწეროს სარჩელს,

ჩვენს ინტერესებს სასამართლოში დაიცავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“- ამბობს ეკატერინე წულუკიძე.

მისი თქმით, შესაძლოა სასამართლო პროცესი გაიწელოს, თუმცა, მთავარია სასამართლომ გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ საქართელოს მთავრობა მთელი გასული წლის განმავლობაში პედაგოგებს ხელფასების 500-ლარიან მატებას ჰპირდებოდა, თუმცა პირველ ივლისს, პედაგოგების ნაწილმა აღმოაჩინა, რომ ხელფასები კი არ გაუზარდეს, არამედ დააკლეს.

ამასთან, განათლების სამინისტრომ გააუქმა მასწავლებლის სტატუსის დანამატი და განაცხადა, რომ პედაგოგებს ხელფასი სრული დატვირთვის შემთხვევაში გაეზრდებოდათ, რამაც პედაგოგების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

საჯარო სკოლებში სრული დატვირთვა პედაგოგების მცირე რაოდენობას აქვს, ამიტომ, მასწავლებლების ნაწილი თავს მოტყუებულად მიიჩნევს და ხელისუფლებას გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს.

______________

ამ თემაზე:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: