ხელვაჩაურის მერი კომერციული ფართობის გაქირავებით მიღებულ 54 000 ლარს მალავს

ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს ბოლო ქონებრივ დეკლარაციაშიც მითითებული აქვს, რომ ის კომერციული ფართობის მესაკუთრეა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ჯუმბერ ვარდმანიძეს თავის დეკლარაციაში არსად აქვს ნახსენები ამ კომერციული ფართობიდან მიღებული შემოსავლის შესახებ, რაც კანონდარღვევაა.

კომერციული ფართობი, რომლის მესაკუთრეც ჯუმბერ ვარდმანიძეა, ჭავჭავაძის #6-ში მდებარეობს და 103,57 კვადრატული მეტრია. აქ „ბათუმელებს“ საკონდიტრო მაღაზია დახვდა. მაღაზიაში გვითხრეს, რომ ყოველთვიურად ქონების მესაკუთრეს 4500 ლარს უხდიან.

შესაბამისად, ხელვაჩაურის მერი ამ მაღაზიის გაქირავებიდან წელიწადში 54 ათას ლარს იღებს, თუმცა ამ შემოსავლის შესახებ ჯუმბერ ვარდმანიძის ქონებრივ დეკლარაციაში ვერაფერს ნახავთ.

ქონებრივ დეკლარაციაში ხელვაჩაურის მერი წერს, რომ მას ბათუმის ცენტრში, ჭავჭავაძის #6-ში კომერციული ფართობი აჩუქეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, ჯუმბერ ვარდმანიძემ ეს ქონება 2009 წელს იყიდა.

„ეს კომერციული ფართობი არის ჩემი სიძის, ჩემი არაა, უბრალოდ სესხი რომ გამოეტანა ჩემი სახელფასოთი, მაშინ მე ჯერ კიდევ აკადემიაში ვმუშაობდი, იძულებული გახდა, რომ ჩემზე გადმოეფორმებია,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მას ვკითხეთ, რატომ არ არის ასახული დეკლარაციაში კომერციული ფართობის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი.

ხელვაჩაურის მერის განმარტებით, კომერციული ფართობის გაქირავებით, რომლის მესაკუთრეც ოფიციალურად თავადაა, სარგებელს მისი დისშვილი და სიძე იღებენ.

„…შემოსავლებში არაა ასახული, რადგან მათ ანგარიშზეა, ჩემი სიძის და დისშვილის,“ – დასძინა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის არჩეული მერია. ამას გარდა, იგი ბათუმის საზღვაო აკადემიის პროფესორად მუშაობს.

კომერციული ფართობი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ამ ფართობის მოიჯარეები მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიან 4 500 ლარს. ჯუმბერ ვარდმანიძე თავის ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ ეს ქონება მისი საკუთრებაა.

მოხუცთა თავშესაფარს ბათუმში მოხალისეები სჭირდება

ბათუმში მოხუცთა თავშესაფარს მოხალისეები სჭირდება. თავშესაფრის ხელმძღვანელის, იოანე ბარამიძის თქმით, მოხალისეობის მსურველებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გადაამზადებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ მუშაობას.

„ჩვენ გვჭირდება სრულწლოვანი ახალგაზრდები, უფრო მეტად ქალები, რომლებიც დაეხმარებიან მოხუცებს კვების პერიოდში. დაგვპირდა ჯანდაცვის სამინისტრო, რომ დაგვეხმარება მსურველების გადამზადებაში. გვაქვს სათანადო ეკიპირება, რომ მოხალისეებმა უსაფრთხოდ შეძლონ მუშაობა თავშესაფარში,“ – ამბობს იოანე ბარამიძე.

მოხალისეებს კარანტინის რეჟიმში მოუწევთ ცხოვრება სასტუმროში, სათნოების სახლ „სავანეში“ კი სხვადასხვა ცვლაში იმუშავებენ.

მოხალისეების საჭიროება მოხუცთა თავშესაფარში მას შემდეგ გაჩნდა, რაც თავშესაფრის ბინადრებისა და პერსონალს კორონავირუსი დაუფიქსირდა. დღემდე ამ თავშესაფარში 30 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ბათუმის წმიდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება.

მილის დაზიანების გამო გორგილაძის ქუჩის მონაკვეთი დაიტბორა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც ქუჩის ნაწილი დაიტბორა.

ავარიული დაზიაების გამო 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა ზურაბ გორგილაძის, ქუჩას ჰადარ აბაშიძისა და მელიქიშვილის ქუჩების მონაკვეთს.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე წყალი შეწყდა

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა ზურაბ გორგილაძის ქუჩას და ჰაიდარ აბაშიძას ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩების მონაკვეთს.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში

 

ბსუ-ში 65 ადგილზე 124 აპლიკანტი ცდილობს მოხვედრას – მასწავლებელთა მომზადების პროგრამა

როგორც ბსუ-ში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ლელა თავდგირიძე ამბობს, 2018 წელს ბსუ-ში მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამაზე 50 უფასო ადგილი იყო – ჩაირიცხა 31. შარშან 50 მსურველი ჩაირიცხა პროგრამაზე, წელს კი 124 აპლიკანტი ცდილობს მოხვდეს 65 თავისუფალ ადგილზე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მოთხოვნა იზრდება.

პროგრამაზე მოთხოვნის გაზრდას ადასტურებს ნანა მაკარაძეც – დაწყებითი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი თქმით, 2016 წელს, როცა ეს ერთწლიანი პროგრამა პირველად ამოქმედდა, სულ რაღაც 13, 15 მსურველი ჩაირიცხა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ნანა მაკარაძის თქმით, ამ მიმართულებაზე ძირითადად უკვე დასაქმებული ახალგაზრდა მასწავლებლები ან მაძიებლები ირიცხებიან, რომლებსაც უნივერსიტეტისგან დასაქმების მოლოდინი არ აქვთ. „სკოლებს განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების კარგი მასწავლებლების პოვნა უჭირთ. როცა სკოლებს ვაკანსიები აქვთ, პირველად ჩვენ გვიკავშირდებიან და გვაცნობენ, რომ ცხადდება კონკურსი და ხომ არ დაინტერესდებოდნენ ჩვენი სტუდენტებიც. ეს იმისთვის, რომ არ გამორჩეთ ყველაზე კომპეტენტურ პრეტენდენტებს კონკურსები სკოლის ვაკანსიებზე“, – ამბობს ნანა მაკარაძე.

მასწავლებლების მომზადების საგანმანათლებლო, დამოუკიდებელი, ერთწლიანი პროგრამა ბაკალავრიატდამთავრებულ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია გაიაროს.

პროგრამა არ ანიჭებს კვალიფიკაციას, თუმცა მისი დასრულება კურსდამთავრებულს სკოლაში მუშაობის უფლებას აძლევს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შემდეგ.

____

ამავე თემაზე:

მასწავლებლობის 7 706-მა მსურველმა საგნობრივი გამოცდა ვერ ჩააბარა

ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს

ირაკლი ელაშვილი ფინკა ბანკი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეა.

ის ფინკა ბანკს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის სექტემბერში შემოუერთდა. მას ფინანსურ და საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა Barclays Bank, BNP Paribas და თიბისი კაპიტალი. 2017-2019 წლებში ირაკლი თიბისი კაპიტალის დირექტორი და საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ფინანსურ სექტორში მოღვაწეობამდე, ირაკლი საქართველოში ენერგეტიკის სექტორში წამყვან გლობალურ საკონსულტაციო ფირმაში – PA Consulting Group-ში მუშაობდა მენეჯმენტ კონსულტანტისა და სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციებზე. ირაკლი ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (2008), ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საბანკო საქმისა და ფინანსების განხრით (2002).

„მივესალმებით FINCA Impact Finance-ის გლობალურ გუნდში ახალ წევრს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი თავისი მდიდარი გამოცდილებით, ფინკა ბანკის ამბიციური გეგმების განხორციელების პროცესს ეფექტურად წარმართავს. მიზანი ერთია – ფინკა ბანკმა, თავის სეგმენტში, ბაზარზე მოწინავე პოზიცია დაიკავოს, როგორც ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულმა, მომგებიანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელიც მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებსა და ბანკთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებას შესთავაზებს“, განაცხადა ფლორინ ლილამ, ფინკა იმპაქტ ფაინენსის ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა და ფინკა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ირაკლი ელაშვილი
ირაკლი ელაშვილი

„ჩემთვის დიდი პატივია შევუერთდე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე გლობალურ საბანკო ორგანიზაციას და მის მაღალპროფესიონალურ გუნდს. მიხარია, რომ ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა და სამეთვალყურეო საბჭომ გამოხატა ჩემდამი ნდობა, სათავეში ჩავუდგე ფინკა ბანკს ტრანსფორმაციისა და განვითარების ახალ ეტაპზე. ფინკა ბანკის უპირველესი ამოცანაა, მომსახურების მაღალი სტანდარტი დანერგოს, მათ შორის საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის იმ დიდი ნაწილისათვის, ვისთვისაც სრულ საბანკო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ დაბალია. ფინკა ბანკი, უფრო მეტად ვიდრე აქამდე, მომხმარებელს მომსახურების მაღალ სტანდარტთან ერთად, შესთავაზებს ინოვაციებს და ორიენტირებული იქნება მათთვის  დამატებითი ღირებულების შექმნაზე. ასევე, ჩვენი მიზანი იქნება ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებასა და ეკონომიკის კონკრეტული სექტორების გაჯანსაღებას. დარწმუნებული ვარ, რომ ფინკა ბანკის დიდი ოჯახი, ბანკის ყველა თანამშრომელი, წარმატებით ვუპასუხებთ ამ დიდ გამოწვევებს, გავაგრძელებთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას საქართველოს საბანკო სექტორში და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ბანკის ზრდისა და ტრანსფორმაცის პროცესში.“ – აცხადებს ირაკლი ელაშვილი, ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.

ფინკა ბანკის შესახებ

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენლობაა საქართველოში. ფინკამ საქართველოში ოპერირება დაიწყო 1998 წელს და 2013 წლის 6 აგვისტომდე საქმიანობდა როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტი. 2013 წლის 6 აგვისტოს ინსტიტუტმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია აიღო.

ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო აქციონერები და ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, და Triple Jump.

ფინკა ბანკი საქართველო ორიენტირებულია თავის მთავარ სეგმენტს, მათ საჭიროებაზე მორგებული, ახალი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს ტექნოლოგიურად ინოვაციური, გაზომვადი და დამატებითი ღირებულების მომტანი გადაწყვეტილებებით. ბანკი დღეისათვის 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება ქვეყნის ყველა რეგიონში.

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლში და მოვუაროთ ინფიცირებულს

29 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ბინაზე 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ბინაზე მკურნალობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი პროტოკოლით დაუშვა.

„ბათუმელები“ გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, რას ითვალისწინებს ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი, როგორ უნდა მოიქცეს ინფიცირებული და როგორ უნდა დაეხმარონ მას სხვა პირები.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით, ბინაზე დასაშვებია კორონავირუსული ინფექციის მსუბუქი შემთხვევების მართვა.

რას ნიშნავს კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა?

ჯანდაცვის  სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსის ინფექციის მსუბუქ შემთხვევად ითვლება გაურთულებელი ზემო სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექცია.

მსუბუქი დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მოთენთილობა, ხველა (ნახველით ან მის გარეშე), ანორექსია, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება. იშვიათად, სიმპტომები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დიარეით, გულისრევით ან პირღებინებით.

პროტოკოლის თანახმად, მსუბუქ პნევმონიად განიხილება შემთხვევა, თუკი პაციენტს არ აღენიშნება მომატებული რისკი. არ არის  სამოც წელზე მეტი ასაკის, აქვს სისხლის ნორმალური წნევა და პულსი, ბოლო სამი თვის განმავლობაში არ ყოფილა ჰოსპიტალში და არ მიუღია ანტიბიოტიკები. ასევე არ აქვს სხვა მწვავე სამედიცინო მდგომარეობა.

როგორ  უნდა იმართოს ბინაზე კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა?

პროტოკოლში გაწერილია კოვიდპაციენტებთან როგორ უნდა იმართოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ცხელება და სუნთქვის გაძნელება.

ხველების მართვისთვის რეკომენდებულია კოვიდინფიცირებული არ იწვეს ზურგზე, რადგან ამ პოზიციაში ამოხველება არაეფექტურია.

ერთ წელზე მეტი ასაკის ინფიცირებულებში რეკომენდებულია მკურნალობის მარტივი მეთოდები, მაგალითად, თაფლის ან სხვა არამედიკამენტური საშუალებების მიღება.

COVID19-ით დაავადებულ პირებში, შესაძლებელია, ხანმოკლე პერიოდით კოდეინის შემცველი ხველის სიროფების გამოყენება, შემაწუხებელი ხველის დათრგუნვის მიზნით.

კოვიდისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია ცხელება, რომელიც ინფიცირებულს ყველაზე ხშირად მეხუთე დღიდან აღენიშნება.

ცხელების მართვისთვის პროტოკოლში გაწერილია, რომ პაციენტმა რეგულარულად უნდა მიიღოს სითხე (არაუმეტეს 2 ლიტრი დღეში), დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად.

თუ პაციენტს აქვს ცხელება, რეკომენდებულია პარაცეტამოლის ან იბუპროფენის მიღება. თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება და სხვა სიმპტომები, რომელთა შემსუბუქებაც შესაძლებელია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდის მიღებისას, პაციენტმა უნდა გამოიყენოს მისი უმდაბლესი ეფექტური დოზა, სიმპტომების კონტროლისთვის საჭირო უმოკლესი დროით.

ცალკეა გამოყოფილი სუნთქვის გაძნელების მართვა.

სუნთქვის გაძნელებამ შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, რაც უფრო მეტად აუარესებს სუნთქვას.  პროტოკოლის თანახმად, მხარდამჭერი მკურნალობის სახით, სუნთქვის გაძნელების მართვის მიზნით, რეკომენდებულია ოთახში სიგრილის შენარჩუნება, რელაქსაციისა და სუნთქვითი ტექნიკის გამოყენება და სხეულის პოზიციის ცვლილება. პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში მარტო, ხშირად უნდა გაანიავონ ოთახი. არ უნდა გამოიყენონ ვენტილატორი, რადგანაც ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას.

პნევმონიის მართვა

პროტოკოლის თანახმად, პირისპირ გასინჯვის და სხვა ობიექტური მეთოდების გამოყენების შეუძლებლობის პირობებში, პნევმონიის დიაგნოზი მოზრდილებში შესაძლებელია დაისვას შემდეგი სიმპტომებისა და ნიშნების საფუძველზე:

სხეულის ტემპერატურა 38°C-ზე მეტი, სუნთქვის სიხშირე აღემატება წუთში 20-ს, ხოლო  გულისცემის სიხშირე აღემატება წუთში 100-ს და პაციენტს აღენიშნება მწვავედ დაწყებული აბნეულობა.

პროტოკოლის თანახმად, არ არის აუცილებელი საშუალო სიმძიმის პნევმონიის ჰოსპიტალიზაცია, თუ სახეზე არ გვაქვს სუნთქვის გაძნელება და დეჰიდრატაციის ნიშნები, რაც მოიცავს გაძლიერებულ წყურვილს, პირის სიმშრალეს, შარდის გამოყოფის შემცირებას, მშრალ კანს, თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას.

პროტოკოლში  ხაზგასმულია, რომ ანტიბიოტიკები არ უნდა დაინიშნოს სავარაუდო COVID-19 პნევმონიის შემთხვევაში, როდესაც პაციენტს მსუბუქი სიმპტომები აქვს.

ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებისას, რეკომენდებულია, გადაწყვეტილება მიღებული იქნეს ინფექციონისტისა და ოჯახის ექიმის ერთობლივი შეთანხმებით.

პაციენტმა, შეიძლება, დაასრულოს თვითიზოლაცია და ჩაითვალოს განკურნებულად, თუ მას აღარ აღენიშნება სიმპტომები და აქვს ტესტირების ორი უარყოფითი შედეგი (სულ მცირე, 24 საათის ინტერვალით აღებულ ნიმუშებზე). თუ ტესტირება შესაძლებელი არ არის, პაციენტი იზოლაციაში უნდა დარჩეს სიმპტომების ალაგებიდან ორი კვირის განმავლობაში.

წესები, რომლებიც ბინაზე მყოფმა კოვიდპაციენტმა უნდა დაიცვას

ვინაიდან COVID 19-ის სპეციფიკური ეფექტური მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს, კოვიდპაციენტის ბინაზე მართვა მოიცავს დამხმარე სიმპტომურ თერაპიას. პროტოკოლში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ  სახლში კონკრეტული პაციენტების მოვლა შეიძლება დაშვებული იყოს მსუბუქი ავადმყოფობის შემთხვევაში.

პაციენტთა ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილების შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობის მართვა რეკომენდებულია ინფექციონისტებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაციით. თუ COVID 19-ის სიმპტომები გაუარესდა, მდგომარეობა შეიძლება ძალიან სწრაფად დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

ბინაზე მკურნალობის პერიოდში, მანამ, სანამ პაციენტის სიმპტომები სრულად არ ალაგდება, რეკომენდებულია უწყვეტი კომუნიკაცია პაციენტს, სამედიცინო პერსონალსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შორის.

როგორ  უნდა მოვუაროთ ბინაზე კოვიდინფიცირებულს

პროტოკოლში გაწერილია რჩევები კოვიდინფიცირებულების მომვლელთათვის. პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, აუცილებელია დაიცვათ საკუთარი თავი ინფიცირებისგან.

COVID19 ვრცელდება რესპირაციული წვეთების მეშვეობით, როდესაც ინფიცირებული საუბრობს, ახველებს ან აცემინებს, მჭიდრო კონტაქტში (დაახლოებით 2 მეტრზე ახლოს) მყოფ პირებს შორის.

ის, ვინც კოვიდინფიცირებულს უვლის, სასურველია არ იყოს COVID 19-ის მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში.

კოვიდინფიცირებულის მომვლელმა უნდა გამოიყენოს იზოლირებული საძინებელი და საპირფარეშო.

თუ შესაძლებელია, შეეცადეთ, რომ დაავადებული პირი დარჩეს მისთვის გამოყოფილ ოთახში, სხვებისგან მოშორებით. ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში, ინფიცირებული უნდა სარგებლობდეს განცალკევებული სააბაზანოთი.

იმ შემთხვევაში, თუ გიწევთ საზიარო ფართობის გამოყენება, აუცილებელია ოთახი კარგად ნიავდებოდეს. მოერიდეთ სტუმრების მიღებას. საკვები მიირთვით განცალკევებულ ოთახში ან სივრცეში.

სასურველია ინფიცირებული პირი იკვებებოდეს თავის ოთახში. ჭურჭლისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გარეცხვისას კი იხმარეთ ხელთათმანები და ცხელი წყალი.

ინფიცირებული პირის მიერ გამოყენებულ ნებისმიერ ჭურჭელს, ჭიქას ან ვერცხლის ნივთებს არ უნდა შეეხოთ ხელთათმანის გარეშე. გარეცხეთ ჭურჭელი საპნისა და ცხელი წყლის გამოყენებით, ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ხელთათმანების მოხსნის ან ნახმარი ჭურჭლის შეხების შემდეგ დაიბანეთ ხელები.

მოერიდეთ ინფიცირებულთან პირადი ნივთების გაზიარებას. არ გამოიყენოთ ინფიცირებულის ჭურჭელი, თეთრეული ან ელექტრონული მოწყობილობები – ტელეფონი ან პლანშეტი.

ინფიცირებულმა პირმა სახის ნიღაბი უნდა ატაროს სხვა პირების გარემოცვაში როგორც გარეთ, ისე შინ (მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში). სახის ნიღაბი ხელს უშლის ინფიცირებულ პირის მიერ ვირუსის გავრცელებას. ნიღაბი აგროვებს რესპირაციულ წვეთებს და ხელს უშლის მათ გადაცემას ირგვლივ მყოფ პირებზე.

დაავადების თავიდან აცილების მიზნით ყოველდღიურად ჩაატარეთ პრევენციული ზომები: ხშირად დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ თვალების, პირის და ცხვირის შეხებას დაუბანელი ხელებით. ხშირად ჩაატარეთ ზედაპირების დეზინფექცია.

ყოველდღიურად უნდა დამუშავდეს მაგიდები, კარების სახელურები, სინათლის ჩამრთველები, საწერი მაგიდები, ტუალეტები, ონკანები, ნიჟარები და ელექტროხელსაწყოები.

ინფიცირებული პირის მომვლელმა და მჭიდრო კონტაქტში მყოფმა პირებმა თვალყური უნდა ადევნონ საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას COVID19-ზე საეჭვო სიმპტომების თვალსაზრისით.

აჭარის მუნიციპალიტეტებში დასრულებული მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს ხუთივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას.

ამ ეტაპზე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

[checklist]

  • კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

[/checklist]

პროექტის ფარგლებში ორკილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. დასრულებულია ერთი ახალი ხიდის მშენებლობა, მოეწყო შესაბამისი ხელოვნური და დამცავი ნაგებობები.

რეაბილიტირებული გზით 150 ოჯახი ისარგებლებს.

[checklist]

  • ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით 1800 მეტრ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

[/checklist]

პროექტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობა, დამონტაჟდა წყალგამტარი ლითონის მილები და აშენდა ახალი ხიდი.

რეაბილიტირებული გზა ბობოყვათს, დაგვისა და კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულებს ერთმანეთთან აკავშირებს და 180-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.

[checklist]

  • ასევე დასრულდა აჭყვისთავი-ზოიძეების მიმართულებით ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.

[/checklist]

რეაბილიტირებული გზით 100 ოჯახი შეძლებს კომფორტულად გადაადგილებას.

[checklist]

  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 9000 კუბ.მ. ბეტონი.

[/checklist]

ამ დროისთვის ოცდაოთხ კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოწყობილია 8044 კუბური მეტრი ცემენტობეტონი.

[checklist]

  • ქედის მუნიციპალიტეტში, ოქტომბერი-კუჭულა-ინაშარიძეების საავტომობილო გზაზე 2350 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

[/checklist]

პროექტის ფარგლებში, გზასთან ერთად მოეწყო შესაბამისი ხელოვნური და დამცავი ნაგებობები.

რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები ორმოცი ოჯახი ისარგებლებს.

[checklist]

  • ცხმორისი-ზედა ცხმორისის მიმართულებით საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

[/checklist]

პროექტის ფარგლებში 2745 მეტრ მონაკვეთზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი შესაბამისი ხელოვნური და დამცავი ნაგებობებით. გზასთან ერთად ერთ ხიდს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული გზით სოფელში მცხოვრები ორასი ოჯახი შეძლებს კომფორტულად გადაადგილებას.

პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.

[checklist]

  • შუახევის მუნიციპალიტეტში, ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 3200 მეტრ მონაკვეთზე დასრულდა ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

[/checklist]

აღნიშნული გზით შუახევის სოფლების –  ფურტიოსა და ბუთურაულის გარდა გადაადგილდებიან სხალთისა და ხიხაძირის ხეობაში, რაც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

[checklist]

  • ხულოს მუნიციპალიტეტში სრულდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი.

[/checklist]

ყინჩაური-ძმაგულის საავტომობილო გზის 2055 გრძ. მეტრზე დასრულდა ხელოვნური ნაგებობებისა და ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.

ამ ეტაპზე 1724 გრძ. მეტრზე მიმდინარეობს დამცავი ზღუდარების მოწყობა, რის შემდეგაც დაიწყება გზის საფარის ჰორიზონტალური მონიშვნა.

[checklist]

  • ასევე ხულოს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა  ვაშლოვანი-შურმულის საავტომობილო გზაზე ხიდის რეაბილიტაცია.

[/checklist]

პროექტის ფარგლებში შეიცვალა ხიდის სავალი ნაწილი, დამცავი ზღუდარები, შუქამრიდები და ორივე მხარეს მოეწყო ბეტონის საფარი.

რეაბილიტირებული ხიდით სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები 450 ოჯახი ისარგებლებს.

აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 6211-ით გაიზარდა – უსკოს განახლებული მონაცემები

უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარაში მცხოვრები ამომრჩევლების რაოდენობას აქვეყნებს. განახლებული მონაცემებით, აჭარაში სულ 315 060 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათ შორის, 147 291 ამომრჩეველია ბათუმში [28-ე მაჟორიტარული ოლქი].

29-ე მაჟორიტარულ ოლქში [ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული] რეგისტრირებულია 70 911 ამომრჩეველი, ხოლო 30-ე მაჟორიტარულ ოლქში – 96 858 [ხელვაჩაურის – მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა – ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები].

2018 წელთან შედარებით, როცა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, აჭარის რეგიონში ამომრჩეველთა რაოდენობა 6211-ით გაიზარდა. 2018 წელს ამომრჩეველთა რაოდენობა რეგიონში იყო 308 849.

გაზრდილია ამომრჩეველთა რაოდენობა ბათუმშიც – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბათუმში 141 464 ამომრჩეველი ცხოვრობდა. 2020 წლის არჩევნებისთვის ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა 5827-ით გაზრდილა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აჭარაში საარჩევნო ხმის უფლება სულ

315 060 მოქალაქეს ექნება:

  • ბათუმი – 147 291 ამომრჩეველი [28-ე მაჟორიტარული ოლქი]
  • ქობულეთი – 70 911 ამომრჩეველი [29-ე მაჟორიტარული ოლქი]
  • ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – 96 858  ამომრჩეველი [30-ე მაჟორიტარული ოლქი]

ბათუმში კომპანიამ სახლი უნებართვოდ დაანგრია – რას აპირებს არჩილ ჩიქოვანი

ბათუმში, ფარნავაზ მეფის #59 -ში კომპანიამ სამსართულიანი სახლი უნებართვოდ დაანგრია. ადგილზე გვითხრეს, რომ ნებართვა აქვთ, თუმცა ვერ წარმოგვიდგინეს: „ხვალ გაჩვენებთ“, გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. მან არ გვიპასუხა კითხვაზე, რომელ კომპანიას წარმოადგენდა და რა ფუნქციისა და მასშტაბის მშენებლობა იგეგმება ადგილზე.

იმის მიუხედავად, რომ კანონით სავალდებულოა მშენებლობის ადგილზე ბანერის განთავსება, რომელზეც დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია, მშენებელი კომპანიების მფლობელების უმრავლესობა ბათუმში ამას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, არც ანგარიშვალდებულებას გრძნობს საზოგადოების – იმ ქუჩის მცხოვრებთა წინაშე, ვის საცხოვრებელ გარემოსაც მის მიერ წამოწყებული ახალი მშენებლობა ცვლის.

სწორედ იმ მოტივით, რომ მოქალაქეს აქვს უფლება დემონტაჟის დაწყებამდე, ნებართვის გაცემამდეც კი, გაიგოს რა იგეგმება მის საცხოვრებელ სახლთან, კანონი აწესებს საინფორმაციო დაფის განთავსების აუცილებლობას პროცედურის დაწყების პირველივე დღიდან.

ამ დაფაზე უნდა განთავსდეს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია მშენებლობის მასშტაბების და ფუნქციური დატვირთვის შესახებ, ბათუმში კი მშენებლები არათუ ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებენ, არამედ ადგილზე კითხვებზეც კი არ პასუხობენ.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, კომპანიას ამ მისამართზე სახლის დემონტაჟისა და მის ნაცვლად ახლის მშენებლობაზე პროცედურა მერიაში დიდი ხანია წამოწყებული აქვს. არსებობს ბრძანება, რომლის თანახმადაც პროექტი მერიამ უკვე შეითანხმა, თუმცა საბოლოო ნებართვა კომპანიას არ მიუღია. შესაბამისად, სამსართულიანი სახლი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში უკანონოდ დაანგრიეს.

„ინსპექციამ უკვე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და  კომპანიის მიმართ გატარდება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, რაც შედის ინსპექციის კომპეტენციაში“, – უთხრეს „ბათუმელებს“ უწყებაში.

ამ ვითარებაში ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა მშენებლობის საბოლოო ნებართვას უნდა მოაწეროს ხელი.

მერის მოვალეობის შემსრულებელს ვკითხეთ, როგორია მისი რეაქცია, როცა კომპანია ბედავს მერიასთან ახლოს, თითქმის ერთ კვარტალში სახლის უკანონოდ დანგრევას, მაშინ, როცა მას ამ ნებართვის მიღებამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს და შეუძლია, უბრალოდ, რამდენიმე დღე დაიცადოს. არჩილ ჩიქოვანმა პრესსამსახურის დახმარებით გვიპასუხა, რომ ის შეუწყნარებელი იქნება ყველა უკანონო ქმედების მიმართ და კომპანია კანონით გათვალისწინებული ზომების შესაბამისად დაისჯება.

ფარნავაზ მეფის #59-ში მშენებლობის ნებართვას კომპანია „რენესანს დეველოპმენტ გრუპი“ ითხოვდა, ეს საკითხი რამდენჯერმე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზეც განიხილეს, რაზეც „ბათუმელები“ ადრეც წერდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფარნავაზ მეფის #59-ში არსებული სახლის მფლობელებთან შპს „რდ გრუპს“ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „რდ გრუპი“ იგივე „რენესანს დეველოპმენტ გრუპია“.

კომპანია რუსეთის მოქალაქეს გრიგორი ანჩაბაძეს ეკუთვნის [მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს].

„რენესანს დეველოპმენტს გრუპი“ ის კომპანიაა, რომელმაც ბარათაშვილის #26-ში ისტორიული, ორსართულიანი სახლი დაანგრია, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იდგა ქალაქში. სახლი წლების წინ დიმიტრიადების ოჯახს ეკუთვნოდა, სწორედ ამ ოჯახის შთამომავალი იყო ცნობილი დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი, ბათუმის, თბილისისა და ათენის საპატიო მოქალაქე, რომელიც ბავშვობაში ბათუმის კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა.

სახელმწიფო 7,8 მილიონ ლარად 87 თეთრ პიკაპს იყიდის

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 87 პიკაპის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესყიდვის სავარაუდო თანხა ჯამში 7 899 600 ლარია.

ტენდერის პირობის მიხედვით:

[checklist]

  • 50 პიკაპი განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
  • 25 პიკაპი – შპს „საქართველოს მელიორაციისთვის“
  • 10 პიკაპი კი – სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის

[/checklist]

„წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის 87 ერთეული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა“ – აღნიშნულია ტენდერში. წინადადებების მიღება 2020 წლის 4 ოქტომბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით: „ავტომობილები უნდა იყოს თეთრი ფერის; ახალი, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება“.

ტენდერში გამარჯვებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.

საქართველოში 34-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

საქართველოში კიდევ ერთი, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დამატებითი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ ჯერ უცნობია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. გუშინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 წლის ქალი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ქვეყანაში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 225 შემთხვევა, აჭარაში გამოვლინდა. სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე აჭარა ქვეყანაში კოვიდაფეთქების ეპიცენტრია.

უფასო ტესტირება ბათუმში მხოლოდ #1 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი – Covid 19

კორონავირუსზე უფასო ტესტირება ბათუმში მხოლოდ პირველ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი. ეს პოლიკლინიკა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მდებარეობს. დღეიდან, 29 სექტემბრიდან, უფასო ტესტირება სხვა პოლიკლინიკებში აღარ ჩატარდება.

გუშინ, 28 სექტემბერს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ „არ არის საჭირო კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა ყველა პირმა ჩაიტაროს ტესტირება.“ ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მიზნობრივი ტესტირების რაოდენობას გაზრდიან.

„…არ უნდა დაიტესტონ, პირდაპირ უნდა წავიდნენ იზოლაციაში. ვინაიდან კონტაქტში მყოფი პირი თავისით არ უნდა მოძრაობდეს ქუჩაში, ის უნდა იყოს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში უფასო ტესტირება 11-დან 14:00 საათამდეა შესაძლებელი.

ქვეყნის მასშტაბით დღეს, 29 სექტემბერს, კორონავირუსის 314 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, აჭარაში – 225. დღესვე ბათუმში კოვიდით გარდაიცვალა 55 წლის ქალი. მთლიანობაში ქვეყანაში უკვე 33 პირი გარდაიცვალა კორნავირუსით.

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 20 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი 20 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 13 თავშესაფრის ბინადარია, 7 კი ადმინისტრაციის თანამშრომელი.

კიდევ ხუთი ადამიანი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება.

თავშესაფრის ხელმძღვანელი იოანე ბარამიძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ნაწილი კი – საკარანტინო სივრცეებში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 463 პაციენტი, აქედან – 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული. რეანიმაციაშია 24 პაციენტი.

შენიშვნა: თავდაპირველად სტატიის სახელწოდება იყო „ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 35 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი“

ტექსტში ეწერა რომ ვირუსი დაუდასტურდა თავშესაფრის 25 ბინადარს და ადმინისტრაციის ათ თანამშრომელს. მოგვიანებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია დააზუსტა და თქვა რომ დღეს, 29  სექტემბერს მოხუცთა თავშესაფარში მხოლოდ 20 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ბათუმში კორონავირუსით 55 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში გუშინ, ღამით, კორონავირუსით ინფიცირებული 55 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისი დიაგნოზი იყო: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი. ის 26 სექტემბრიდან მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქვეყნის მასშტაბით დღეს, 29 სექტემბერს, კორონავირუსის 314 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, აჭარაში – 225.

ბათუმში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 463 პაციენტი, აქედან – 32  არასრულწლოვანი და 10 ორსული. რეანიმაციაშია 24 პაციენტი.

დღეის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში მკურნალობს 957 ადამიანი, ხოლო ბინაზე – 600-ზე მეტი ადამიანი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 400-მდე პაციენტმა. დაახლოებით 300 პაციენტი გაეწერა კოვიდსასტუმროდან, 100-მდე პაციენტი კი – კლინიკებიდან.

სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინკლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია 553 პირს; კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება.

ამ დროისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი და კოვიდდადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარანტინო სივრცე.

კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა – 29 სექტემბრის მონაცემები საქართველოში

stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 300-ზე მეტია.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 5866 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 2324 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით 33 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი – ბოლო 24 საათში.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5637  ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836კოვიდსასტუმროში იმყოფება 800 პირი. 

გუშინ, 28 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა პანდემიის შედეგად

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 29 სექტემბერის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად 1 001 644 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი – 205 070 ადამიანი Covid19-ის დიაგნოზით გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 142 058 – ბრაზილიაში, 96 318 კი – ინდოეთში.

29 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 33 353 614 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ეპიცენტრია აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და კოლუმბია.

პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის იანვრიდან დღემდე, კორონავირუსისგან განიკურნა 23 151 117 ადამიანი.

______________

ფოტოზე: ბრაზილია, კოპაკაბანას სანაპირო, აქციაზე აქტივისტი ასობით ჯვარით მიანიშნებს იმ შეცდომაზე, რაც ბრაზილიის ხელისუფლებამ დაუშვა კორონავირუსთან ბრძოლაში. ქვეყნის პრეზიდენტი ბოლსონარუ პანდემიის დასაწყისში აცხადებდა, რომ კორონავირუსი უბრალოდ გრიპი იყო. ფოტო: ევროპის პრესპოტო სააგენტო. EPA/ANTONIO LACERDA

რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 29 სექტემბერს საღამოს 22:00 საათიდან, 30 სექტემბრის დილის 8:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

  • ლერმონტოვის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე
  • ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე
  • გრიბოედოვის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე
  • ჯავახიშვილის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე
  • ოძელაშვილის ქუჩა – სრულად
  • სარაჯიშვილის ქუჩა – სრულად
  • გრიბოედოვის შესახვევი – სრულად
  • ორბელიანის ქუჩა – სრულად
  • გაგარინის ქუჩა – სრულად
  • ჯავახიშვილის I და II შესახვევი – სრულად
  • ფერაძის ქუჩა – სრულად
  • პუშკინის ქუჩა – შარტავას ქუჩიდან სრულად ხიმშიაშვილის ქუჩამდე
  • გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა – ოძელაშვილის ქუჩიდან სრულად ხიმშიაშვილის ქუჩამდე
  • აკ. მამია კომახიძის ქუჩა – ოძელაშვილის ქუჩიდან სრულად ხიმშიაშვილის ქუჩამდე
  • ბაგრატიონის ქუჩა – ჯავახიშვილის ქუჩიდან სრულად. ხიმშიაშვილის ქუჩამდე 

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

არ უნდა დაიტესტონ, პირდაპირ უნდა წავიდნენ იზოლაციაში – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ დღეს, 28 სექტემბერს ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას PCR ტესტირების მიზნობრიობის შესახებ. დღეიდან ბათუმის მხოლოდ ორ პოლიკლინიკაში ხდება უფასო ტესტირება და ისიც – სამი საათის განმავლობაში, რამაც ბათუმში პოლიკლინიკებთან რიგები და მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, არ არის საჭირო კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა ყველა პირმა ჩაიტაროს ტესტირება.

„მინდა მოქალაქეების საყურადღებოდ ვთქვა, როდესაც გავიგებთ, რომ ჩვენს ირგვლივ ვიღაცას დაუდასტურდა კორონავირუსი, ყველას უნდა, მაშინვე გაიქცეს, გადაამოწმოს და მოისვენოს, რომ ტესტი უარყოფითია. თუ კი ვიცით, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში ვიყავით, ვალდებული ვართ 12 დღე ვიყოთ იზოლაციაში. ის, რომ ჩვენ დღეს ვართ უარყოფითი, არ ნიშნავს, რომ ორი დღის შემდეგაც უარყოფითი ვიქნებით. შესაბამისად, ეს ვალდებულება გაგვაჩნია.

…არ უნდა დაიტესტონ, პირდაპირ უნდა წავიდნენ იზოლაციაში. ვინაიდან კონტაქტში მყოფი პირი თავისით არ უნდა მოძრაობდეს ქუჩაში, ის უნდა იყოს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ კი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ეპიდემიოლოგებს ჰყავთ აღრიცხული, შემთხვევის დადასტურებიდან მეოთხე-მუხეთე დღეს მას მიაკითხავენ და ბინაზე ჩაუტარებენ ტესტირებასა და დიაგნოსტიკას.

„ყველაზე მეტი ალბათობა დაავადების დაწყებისა, სწორედ ეს პერიოდი გახლავთ. შესაბამისად, საწყის პერიოდში ტესტირება და პოლიკლინიკებში მიმართვიანობა უფრო მეტ რისკს ბადებს.

როდესაც ტესტირების საათები შეიზღუდა, ესეც მწვავე თემა გახდა. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, ძალიან გაგებით მოეკიდონ. ტესტირების ჩატარებას უნდა ჰქონდეს მიზნობრივი დატვრითვა, აუცილებელია ტესტირებას იტარებდეს ინფიცირებულის ახლო კონტაქტი, მაგრამ ის უნდა იყოს იზოლაციაში. დღევანდელი უარყოფითი პასუხი არ არის გარანტია 5 დღის მერეც უარყოფითი პასუხის.

თუ ადამიანს არ ეწყება სიმპტომები, ის უბრალოდ უნდა იყოს იზოლაციაში. 112-ზე შეტყობინებაც არ არის საჭირო, ვინაიდან ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და ასეთ ადამიანს მიაკითხავენ მაინც, მეოთხე-მუხეთე დღეს“.

კითხვაზე, საიდან ექნება ინფორმაცია ამის შესახებ ეპიდემიოლოგიურ სამსახურს, თუ, მაგალითად, კოვიდინფიცირებულმა არ მიაწოდა მათ საკონტაქტო პირების სრული სია, ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ საუბარია ისეთ პირებზე, რომლებიც აღრიცხულნი იქნებიან, როგორც ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები.

ამავე თემაზე: 

უფასო PCR ტესტირებისთვის გამოყოფილი 3 საათი და რიგები ბათუმის პოლიკლინიკებთან

მედუზების სეზონი ბათუმში [წყალქვეშა ფოტოები]

მართალია ზაფხული მიილია, მაგრამ ზღვის სეზონი ბევრისთვის ისევ გრძელდება. სექტემბრის თვეში, ნაპირთან მისულიც კი შეამჩნევდით რომ ზღაში უამრავი მედუზაა – ეს შავი ზღვის უდიდესი მედუზა – Rhizostoma pulmo-ა, იგივე კორნეროტი.

Rhizostoma pulmo-ს დიამეტრი 40 სანტიმეტრს აღწევს.  იგი აგრესიული არ არის, მაგრამ ცოტათი შხამიანია და მასთან შეხებამ კანის უმნიშვნელო გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ალბათ სწორედ ამის გამოა, რომ ადამიანები წყალში მედუზის გამოჩენისთანავე შორდებიან იმ ადგილს.

მედუზის იმ სახეობას, რომელიც ბათუმის სანაპირო წყლებში გვხვდება, “ქოლგის” გარე კიდეზე მუქი ლურჯი ან იასამნისფერი ფერის პატარა მომრგვალებული დაბოლოებები აქვს.

საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული. გარდაცვლილის შესახება დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო 24 საათში საქართველოში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა, მათგან ორი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 5552 შემთხვევაა, რომელთაგან 2054 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

უფასო PCR ტესტირებისთვის გამოყოფილი 3 საათი და რიგები ბათუმის პოლიკლინიკებთან

დღეს, 28 სექტემბერს, ბათუმში რიგები გაჩნდა იმ პოლიკლინიკებთან, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასო ტესტირება შეეძლოთ. აქამდე ბათუმში მოქალაქეებს 5 პოლიკლინიკაში შეეძლოთ უფასო ტესტირება, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ტესტირება უფასოდ მხოლოდ ორ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი: ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრსა და ბათუმის #1 პოლიკლინიკაში, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ახლოს მდებარეობს.

„ბათუმელები“ რამდენიმე მოქალაქეს ესაუბრა, ვინც დღეს უფასო ტესტირება გაიარა. ისინი ამბობენ, რომ რიგი პოლიკლინიკებთან არაორგანიზებული იყო, არ იყო დაცული დისტანცია მოქალაქეებს შორის, იყო „ნაცნობების“ ურიგოდ შეყვანის ფაქტები და ა.შ. მოქალაქეების უკმაყოფილებას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ ტესტირების საათები შემცირდა, ახლა უფასო ტესტირება მხოლოდ დილის 11 საათიდან 14 საათამდეა შესაძლებელი.

პოლიკლინიკებთან რომ რიგები შეიქმნა, ამას სამედიცინო დაწესებულებებში ადასტურებენ. ბათუმის #1 პოლიკლინიკის დირექტორმა, თენგიზ შერვაშიძემ გვითხრა, რომ უფასო ტესტირება ხვალ და შემდეგ დილის 11-დან 14 საათამდე გაგრძელდება, „თუ რაიმე განკარგულება არ მოვიდა“.

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრთან ხალხმრავალი რიგის მოსაწესრიგებლად დღეს პოლიციის დახმარებაც დასჭირდათ.

„ორზე უნდა დაგვესრულებინა მიღება, მაგრამ ხალხი არ წავიდა, პოლიცია დაგვეხმარა, საშინელი უსიამოვნება იყო. პოლიცია კი გვეხმარება, მაგრამ შეჯგუფული ხალხი ეპიდსაშიშია. სადღაც ორის ნახევარზე შევწყვიტე ცოცხალ რიგში ჩაწერა, მეტი აღარ ჩაეწეროთ და ვინც ჩაეწერა, ყველას მოგემსახურები-მეთქი და რეალურად იმდენი ყოფილა ჩაწერილი, ნახევარი საათი არ აღმოჩნდა საკმარისი. სიტყვა უკვე ნათქვამი მქონდა და ეს ხალხი ვეღარ გავაბრუნე“, – გვითხრა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორმა ბექა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ტესტირებისათვის განკუთვნილი დროის შესახებ გუშინ მიიღეს ინფორმაცია სამინისტროდან და ეს უკავშირდება ტესტირების მიზნობრიობას:

„მიზეზი არის შემდეგი, 80 პროცენტი ვინც იკეთებს ტესტირებას, არიან ადამიანები, რომლებსაც კონტაქტი არ ჰქონიათ ინფიცირებულ პირებთან და არც სიმპტომები აქვთ. შესაბამისად, როგორც ამიხსნეს, ცდილობენ მაქსიმალურად მიზნობრივ ჯგუფებამდე დაიყვანონ სკრინინგი და საათებიც შეამცირეს, რომ სერვისი გადავიდეს ძირითადად დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებისა და სიმპტომების მქონე პაციენტების ტესტირებაზე“.

ბექა იოსელიანი ასევე აღნიშნავს, რომ დიდი რიგები საშიშია ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით: „300 ადამიანი რომ მოდის, აქედან 200-ს არანაირი სიმპტომი არა აქვს, მაგრამ 50-ს აქვს სიმპტომები და ამ რიგში ის 200 ადამიანიც დარტყმის ქვეშ დგას“, – ამბობს ბექა იოსელიანი.

რატომ შემცირდა ბათუმში იმ კლინიკების ჩამონათვალი, სადაც უფასო ტესტირება იყო შესაძლებელი, რატომ შემცირდა ტესტირებისთვის განკუთვნილი დრო და ეს როგორ უზრუნველყოფს ტესტირების მიზნობრიობას? – ამის შესახებ გვინდოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრისთვის, ნინო ნიჟარაძისთვის გვეკითხა, თუმცა მან, ჯერჯერობით, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამ ინფორმაციის მიღება ვერც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შევძელით.

_______________

რიგი PCR ტესტირებაზე. ფოტო: „ბათუმელები“

ნენიის 120 წლის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე

მცენარეების იმიტაციები, მზის, რომბებისა და ყვავილების მსგავსი ხეზე ნაკვეთი ფერადი, გაცრეცილი გამოსახულებები – თითქმის საუკუნე-ნახევრის ეს ძველი მეჩეთი შუახევის სოფელ ნენიაშია. მეჩეთი მუხისგანაა ნაგები, საკმაოდ მყარია, მაგრამ გამაგრება და რესტავრაცია სჭირდება. ხის ფიცრებს შორის მზის სხივები, წვიმა, თოვლი ადვილად აღწევს – შედეგად კედლებზე მოხატულობის დიდი ნაწილი უკვე წაშლილი და დაკარგულია.

დეკორატიული მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ მოაჯირებზე, ბოძებსა და  ინტერიერის ნაწილზე.

მკვლევარ რუსლან ბარამიძის ნაშრომში – „მუსლიმური საკულტო ძეგლები“ – აღნიშნულია, რომ ნენიის მეჩეთი 1891-1892 წლებშია აგებული ლაზი ხელოსნის, ჰასან უსტას მიერ. ამავე კვლევის მიხედვით, საბჭოთა პერიოდში მეჩეთს საწყობად იყენებდნენ.

ქვის საძირკველზე დადგმული ხის შენობის სიგრძე 9, სიგანე 9,1; სიმაღლე კი 4,7 მეტრია.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს. მოსახლეობა და სამუფთო ცდილობს საკუთარი სახსრებით შეაკეთოს დაზიანებული მეჩეთი. ასე შეკეთდა შეძლებისდაგვარად მეჩეთის სახურავი, რომ წყალი არ ჩამოსულიყო, თუმცა კედლებიდან წვიმა ისევ აღწევს.

როგორც შუახევის მუფთი, ასლან შარაშიძე ამბობს, სამუფთო აპირებს საკუთარი სახსრებით შემოაკრას ხის მეჩეთს თუნუქის ფურცლები. თუნუქი სამუფთოს მეჩეთის ეზოში უკვე მომარაგებული აქვს და სამუშაოები მალე უნდა დაიწყოს, დაზამთრებამდე. 120 წლის მეჩეთის თუნუქის „პერანგში“ ჩასმა კი ნიშნავს, რომ აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტო ნენიის მეჩეთს აღარცკი აღწერს, როგორც ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობას. მეორე მხრივ, შეკეთების გარეშე მოხატულობა და ხის კედლები ნადგურდება.

„გამოვცვალეთ და გავამაგრეთ საყრდენი ბოძები, მოხატულობა რომ შევინარჩუნოთ. ვფიქრობთ, სამ მხარეს ავაკრათ თუნუქი გარედან, წვიმისგან დასაცავად, წინა ფასადი ღია დარჩება.

ნენიის მეჩეთის მსგავსად შუახევში უნიკალურია ასევე დღვანის, დარჩიძეების, ნიგაზეულის, ჩანჩხალოს, ფურტიოსა და ნაღვარევის მეჩეთები. ამათგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არც ერთს არ აქვს“, – ამბობს შუახევის მუფთი.

ვინ უნდა შენიშნოს, რომ ნაგებობას ძეგლის ნიშნები აქვს და ვინ არის ვალდებული ამის შესახებ აცნობოს ეროვნულ სააგენტოს?

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ ეროვნულ სააგენტოს.

შუახევის მუნიციპალიტეტში დიდი ხანია იციან, რომ არაერთი საუკუნოვანი და მხატვრული ღირებულებებით გამორჩეული მეჩეთია მუნიციპალიტეტში განადგურების პირას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო მუნიციპალიტეტიდან არავის მიუმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის, რომ ადგილზე შეესწავლათ ძეგლების ნიშნის მქონე მეჩეთები და განეხილათ მათი საკითხი, რაც მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა.

შუახევის მუფთის თქმით, ის 2016 წლის შემდეგ ყოველი შეხვედრისას უყვება შუახევის მერსა და მის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მეჩეთების მძიმე მდგომარეობის შესახებ, თუმცა უშედეგოდ.

„ყოველ შეხვედრაზე ვსვამ მერიაში ამ საკითხს, რა ეშველება მეჩეთებს-მეთქი. ერთად შევისწავლოთ და გავაკეთოთ რამეო, გვპირდებიან, მაგრამ აქამდე ეს არ მოხდა“, – ამბობს ასლან შარაშიძე.

შუახევის ყოფილი მერი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ფრიდონ ფუტკარაძე ამბობს, რომ მას ზუსტად არ ახსოვს მიმართა თუ არა შუახევის მერიამ მისი მერობისას ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს მეჩეთების საკითხებზე.

მერის რწმუნებულმა, ივერი კაკალაძემ კი გვითხრა, რომ შუახევის მერიაში მეჩეთების საკითხი არაერთხელ დამდგარა.

„განხილვისას იყო აზრი, რომ მხოლოდ ნენიის მეჩეთის გაძეგლების საკითხს ვერ დავაყენებდით, მთლიანად შუახევში უნდა აღგვეწერა ძეგლის ნიშნის მატარებელი მეჩეთები,  შუახევში კი თითქმის ყველა მეჩეთი ძველია“, – ამბობს მერის რწმუნებული.

ნენიის და, ზოგადად, შუახევის ძველი მეჩეთების შესახებ არც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უცნობებია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის. სამინისტროში ,,ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 2017 წლიდან მოყოლებული ციფრულ არქივში აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიმართვის არც ერთი წერილი არ ინახება შუახევის მეჩეთებთან დაკავშირებით.

„ყველაზე მარტივი და ლოგიკურია, ადგილობრივმა, აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტომ მოიაროს შუახევი. გამოგვიგზავნოს მასალა და ჩვენ დიდი სიამოვნებით განვიხილავდით მეჩეთების საკითხს. ვერ ვიხსენებთ, რომ შუახევის მეჩეთებზე მოემართოთ. ისე კი მოხატული მეჩეთები აჭარაში თითქმის ყველა ხელოვნების ნიმუშია და უბრალოდ ჩამოვლა და აღწერა სჭირდება”, – გვითხრეს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩენილი, ნენიის 120 წლის მეჩეთის შესახებ აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსს, ზაურ ახვლედიანსაც ვკითხეთ.

„არ დავინტერესებულვართ შუახევის მეჩეთებით, არ აღგვიწერია. არც მოსახლეობას, არც მუფთს არ მოუმართავს სააგენტოსთვის. ჯეოგრაფიკის ხელოვნებათმცოდნეებმა შეისწავლეს ნენიისა და  ფურტიოს მეჩეთები და თქვეს, რომ არც ერთს არ აქვს ძეგლის ნიშნები”, – ამბობს ზაურ ახვლედიანი.

ნამდვილად შეისწავლეს თუ არა ხელოვნებათმცოდნეებმა 120 წლის, მოხატული მეჩეთი და არის თუ არა ეს ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობა – ვიკითხეთ„ჯეოგრაფიკში“. ორგანიზაციაში რატომღაც არ დაგვაკავშირეს ჯგუფს, რომელმაც, როგორც ზაურ ახვლედიანმა თქვა, შუახევის მუნიცილპალიტეტის ისტორიული მეჩეთები შეისწავლა.

კანონის თანახმად, ისტორიული განაშენიანება გულისხმობს – 100 ან მეტი წლის წინ ჩამოყალიბებულ, ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე განაშენიანებას. შესაბამისად, შენობა თუ ასზე მეტი წლისაა, ხდება მისი შესწავლა, ცხადია იმ შემთხვევაში, თუ გარდა წლებისა, ობიექტს აქვს კიდევ სხვა ტიპის ღირებულება: მხატვრულ-არქიტექტურული, ისტორიული და ა.შ.

ისტორიკოს რუსლან ბარამიძის ნაშრომის – „მუსლიმური საკულტო ძეგლები“ მიხედვით, შუახევის მუნიციპალიტეტში 15 მეჩეთია და ყველა მათგანი საუკუნეზე მეტი ხნისაა [ჭვანის, ნიგაზეულის, ჩანჩხალოს, ნენიის, ფურტიოს, ჯაბნიძეების, ქიძინიძეების, დღვანის, გოგაძეების, კვიახიძეების, გოგინაურის, მაწყვალთის, მახალაკიძეების, შუბნის და დარჩიძეების მეჩეთები]. შესაბამისად, ისინი, მინიმუმ, უნდა აღწერონ, როგორც ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტები და მათ შესახებ ინფორმაცია ეროვნულ სააგენტოს უნდა მიაწოდონ.

აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსის, ზაურ ახვლედიანის თქმით კი, შუახევის მეჩეთებს არც მხატვრულობის და არც ხანდაზმულობის თვალსაზრისით ღირებულება არ აქვს. ჩვენს კითხვაზე, უნახავს თუ არა მას თავად შუახევში მეჩეთები, გვიპასუხა, რომ დაინტერესდება.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ძეგლის ნიშნის მქონე შენობის აღწერა მარტივი პროცედურაა, რისთვისაც საკმარისია პროფესიონალმა უბრალოდ მოიძიოს ნაგებობა და შეავსოს ძეგლის სააღრიცხვო ბარათი, აგების თარიღისა და არქიტექტურული თავისებურებების აღწერით.

სააღრიცხვო  ბარათი გადის საბჭოზე, რომელიც მოწვეული სპეციალისტებისგან შედგება. ისინი აფასებენ ძეგლის ღირებულებას. მას შემდეგ, რაც დოკუმენტაცია საბჭოს გაივლის, საჭიროა რამდენიმე კვირა ძეგლის სტატუსის მისაღებად. დრო კი შუახევის შეუფასებელი ძეგლების საპირისპიროდ მუშაობს და წარსულის კვალს ყოველდღიურად შლის.


ამავე თემაზე:

რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული მეჩეთები აჭარაში

ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი სასამართლოში უჩივის

მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, არასრულწლოვნის უფლებების დარღვევას, ცილისწამებას, პატივისა და ღირსების შემლახავი, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე ედავება. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია.

დავის საგანი 23 სექტემბრის ეთერში გასული „ნანუკას შოუა“, რომლის ერთ-ერთმა სტუმარმა, ანასტასია შატალოვამ განაცხადა, რომ მას ზურაბ ბერიძე საერთო შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს. ზურაბ ბერიძე კი აცხადებს, რომ ანასტასია შატალოვასთან სამოქალაქო ქორწინებაში არასდროს ყოფილა და შვილის ნახვა დედისთვის არასდროს შეუზღუდავს.

ზურაბ ბერიძის ადვოკატებმა, რომლებმაც დღეს, 28 სექტემბერს, ბათუმში ბრიფინგი გამართეს, თქვეს, რომ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვის მამისთვის მიკუთვნების თაობაზე.

„…სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობს ბავშვის მამისთვის მიკუთვნების თაობაზე. შესაბამისად, ზურაბ ბერიძის მიმართ გახმოვანებული ბრალდებები, რომ თითქოს ის ზეგავლენას ახდენდა სასამართლოზე და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს, წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას… ასევე არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ მცირეწლოვნის დედას არ აძლევდნენ შვილის ნახვის საშუალებას. დედას ბავშვის ნახვა ნებისმიერ დროს შეეძლო, როცა ამის სურვილი და დრო ჰქონდა,“ – აღნიშნავს ზურაბ ბერიძის ადვოკატი გულო დილავერიძე.

„სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს, არსებითი განხილვა არ დაწყებულა, ეს ვიცით, მაგრამ არსებობს განჩინება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ უარი თქვა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულიყო დედის მისამართი,“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. მან მოსამართლე როინ კახიძის მიერ 2020 წლის აგვისტოში მიღებული განჩინება გვაჩვენა „დროებით განკარგულებაზე უარის თქმის შესახებ“. ამ განჩინების მიხედვით, სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია დავის დასრულებამდე ბავშვი საცხოვრებლად დედასთან გადავიდეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ მისი ინტერესი იყო კონკრეტული ქალის პრობლემის ჩვენება, რომელიც დედაა და შვილს ვერ ნახულობს. ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გადაცემამდე მან პოზიციის დაფიქსირება შესთავაზა ზურაბ ბერიძეს, თუმცა უარი მიიღო.

„ზურაბ ბერიძემ ნანუკა ჟორჟოლიანს შესთავაზა საქმის მასალების სრულად გაცნობა და თუ კითხვები დარჩებოდა, შემდეგ მოემზადებინა სიუჟეტი… ეს არის ნანუკა ჟორჟოლიანის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომ თითქოს ის უსამართლობას ებრძვის, სინამდვილეში კი გავრცელდა ცრუ ინფორმაცია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზურაბ ბერიძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, გულო დილავერიძემ.

„მე ჩავწერე ორსაათიანი ინტერვიუ, მაგრამ ემოციური ნაწილი არ გაგვიშუქებია, გავაშუქეთ მხოლოდ ის, რაზეც იყო მტკიცებულებები – მოსამართლის გადაწყვეტილება და ფაქტი, რომ დედა თავის მცირეწლოვან შვილს ვერ ნახულობს… ზურაბ ბერიძემ გადაცემის ჩაწერამდე ისე ისაუბრა ამ პრობლემაზე, რომ ჩავთვალე, მორალური უფლება არ მქონდა, ეს ყველაფერი ეთერში გამეშვა… მან გადაცემაში მონაწილეობაზე საბოლოოდ უარი თქვა. თუ ის მიმართავს სასამართლოს, მე შენახული მაქვს ყველა ეს მტკიცებულება… ზურაბ ბერიძემ არათუ ჩემთან, ჩემი ოჯახის წევრებთანაც დაარეკინა ახლობლებს, რომ ეს ამბავი არ გაშუქებულიყო,“ – გვითხრა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ადვოკატები არ აკონკრეტებენ, მოითხოვს თუ არა ზურაბ ბერიძე მორალური ზიანის ანაზღაურებას. იგი ნანუკა ჟორჟოლიანს „გონივრულ ვადას“ აძლევს ფაქტების უარსაყოფად და იმავე ეთერში ბოდიშის მოსახდელად.

მედიასთან განმარტებას არ აკეთებს თავად ზურაბ ბერიძე. მისი ადვოკატები კი ამბობენ, რომ მან შესაძლოა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართოს.

„მიმართოს სასამართლოს, მე არ ვფიქრობ, რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი… მე ვისაუბრე დედაზე, რომელსაც შვილს არ აჩვენებენ,“ – დასძინა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

 

ზურაბ ბერიძის ადვოკატების ბრიფინგი

როდის შეიძლება 30 ათასი ლარის გრანტზე განაცხადის შეტანა – სახელმწიფომ პროგრამის ვადები განსაზღვრა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების/აქტივობების ვადები დამტკიცებულია.

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების მიღება 2020 წლის 5 ოქტომბრიდან დაიწყება.

განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელი იქნება „აწარმოე საქართველოში“-ს ვებგვერდიდან.

გრანტის მიღების მიზნით განაცხადის წარდგენა 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ ინდმეწარმეებს და ასევე მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებს.

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის ბრძანებით, პროგრამის ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:

პროგრამა მიკრო და მცირე სამეწარმეო საქმიანობის, ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის მეორადი წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ბმულზე:

30 000 ლარი გრანტი მცირე მეწარმეებს – განაცხადების მიღება ოქტომბრიდან დაიწყება

სექტემბრის ბოლო დღეები უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28  სექტემბრის 21 საათიდან 29 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 30 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 30 სექტემბერს მოსალოდნელია  უმეტესად უნალექო ამინდი, ოქტომბრის პირველ რიცხვებში კი – წვიმა.

________

ფოტო: „ბათუმელები“

შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-მდეც შეიძლება იყოს – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მოსალოდნელია კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების ზრდა.

„სწავლა იწყება, ეს დაკავშირებულია მობილობის ზრდასთან, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი დაცვა იმ რეკომენდაციებისა, რაზეც ვსაუბრობთ – პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება.

ყოველდღიური შემთხვევების ზრდა გვექნება, მთავარია, რომ სისტემა მართავს ამ ეტაპზე და ეპიდსიტუაცია ქვეყანაში რჩება სრულად მართვადი. შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით იმერყევებს 200-400, 500- შორისაც შეიძლება ყოველდღიურად მთელს ქვეყანაში, მაგრამ 70 პროცენტი ჯერჯერობით მოდის აჭარაზე. ამიტომ ჩვენი ყურადღება მიმართულია აჭარაზე. ვფიქრობთ, ჩვენ დავასტაბილიზირებთ ამ მდგომარეობას აჭარაში და მთლიანად ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს, 28 სექტემბერს, ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში არსებული ტესტების 4 პროცენტი დადებითია.

„ანუ ასი სინჯიდან ოთხია ხოლმე დადებითი, დანარჩენი – უარყოფითი. მაგრამ ის ოთხი დადებითი თუ არ დარჩა სახლში, ის ინფექციის გამავრცელებელია. ამიტომ პასუხამდე ვიყოთ თვითიზოლაციაში და როცა პასუხი მოვა, ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით“, – განაცხადა მან.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის კორონავირუსის ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. „ზრდა გვექნება სხვა რეგიონებშიც, მაგრამ თავიდან უნდა ავირიდოთ ისეთი ზრდა, როგორიც გვქონდა აჭარაში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მთავრობის დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში 12 ოქტომბერს მუშაობას გაანახლებენ საბავშვო ბაღები და უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, თუმცა არა აჭარაში. აჭარაში კვლავ დისტანციურა წარიმართება სწავლება სკოლებში.

 

უნივერსიტეტების აუდიტორიებში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება, მაგრამ არა აჭარაში

უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების აუდიტორიებში სტუდენტები 19 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა უწყებათაშორისო კომისიის სხდომის შემდეგ.

განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება აჭარაში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს.

დღეს, 28 სექტემბერს, კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 175 ბათუმში.

აჭარაში საბავშვო ბაღები ჯერ არ გაიხსნება – განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 12 ოქტომბრიდან საქართველოში მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები, თუმცა აჭარაში – არა.

ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს, 28 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა.

საბავშვო ბაღებმა მუშაობა საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო გაზაფხულზე, მარტში შეაჩერეს.

 

საკონდიტრო „დონა“ მუშაობას განაახლებს

საკონდიტრო “დონა”, რომელიც კორონავისურის გამო ერთი თვეა დახურულია, მუშაობას 5 ოქტომბრიდან განაახლებს.

„ძვირფასო და ერთგულო მომხმარებლებო, 5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საკონდიტრომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებული კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში გაჩნდა. კორონავირუსი საკონდიტროს 22 თანამშრომელს დაუდასტურდა. მოგვიანებით ვირუსი დაუდასტურდა “დონას” თანამშრომლებთან დაკავშირებულ სხვა პირებს და საკონდიტროს სტუმრებს.

ბათუმში კორონავირუსის 175 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 492 პაციენტი, აქედან – 40 ბავშვი და 14 ორსული.

დღეის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში მკურნალობს 998 ადამიანი, ხოლო ბინაზე – 600-მდე ადამიანი.

კოვიდკლინიკებიდან გაეწერა 17 გამოჯანმრთელებული, ხოლო საკარანტინო სივრცეებიდან – 38.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ორი ბათუმში.

ქვეყნის მასშტაბით დღეს კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 5552-მდე გაიზარდა.

 

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ერთ-ერთი მათგანი, 65 წლის კაცი, 22 სექტემბერს შეიყვანეს კლინიკაში დიაგნოზით – კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა.  პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიუმის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ორმხრივი ჰიდროთორაქსი“. პაციენტი 28 სექტემბერს, 07:45 საათზე გარდაიცვალა.

ასევე ბათუმში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის პაციენტი, კაცი, რომელიც 21 სექტემბერს მიიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დიაგნოზით – კოვიდ 19, ცხელება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორამაციით, „პაციენტს გადატანილი ჰქონდა: ინსულტი, ვეგატატიური სტატუსი“. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 08:25 საათზე.

28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 სექტემბერი

დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 5552-მდე გაიზარდა.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, გამოჯანმრთელდა 148, კარანტინშია 5650 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 800 პირი.

კოვიდპაციენტის ზარი 112-ში შევიდა და არა ჩვენთან – სასწრაფოს განმარტება მოქალაქის პრეტენზიაზე

დღეს, 27 სექტემბერს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ინფიცირებული ღამეს ქუჩაში ათევდა, სასწრაფოში კი ეუბნებოდნენ, სადაც ხარ, იქ იყავიო“ – კოვიდდადებითი“.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახური და  კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები კოვიდპაციენტებთან მისვლას აგვიანებენ.

პრესსამსახურის ცნობით, მსგავსი შემთხვევა, როდესაც კოვიდპაციენტი სასწრაფო დახმარებამ რეაგირების გარეშე დატოვა, არ დაფიქსირებულა.

„ბათუმელებმა“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მიაწოდა სტატიაში მოყვანილ პირთა მონაცემები, ამ პირებისვე თანხმობით. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურმა მომხდარი ფაქტი შემდეგნაირად განმარტა:

„სამივე პირი ჩვენთვის უკვე ცნობილია. არც ერთი მათგანის შესახებ, სასწრაფო დახმარების სამსახურს არ მიუღია შეტყობინება. შესაბამისად, შეტყობინებას თუ ვერ მიიღებდნენ, რეაგირებაც ვერ მოხდებოდა.

პროცედურა არის შემდეგი, 112-ში ზარი რომ ფიქსირდება, ზარი გადის ფილტრაციას 112-შივე, მისამართდება ან ოჯახის ექიმთან, ან მისამართდება სასწრაფოსთან. ჩვენ ასეთი შეტყობინება არც ერთ მათგანზე არ მიგვიღია. მოქალაქემ თუ ჩათვალა, 112-ში რომ დარეკა, ამით უკვე სასწრაფო გამოიძახა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. თუმცა გასაგებია, რომ ვიღაცას შეიძლება ასე ეგონოს. სასწრაფოს მსგავსი გამოძახება არ მიუღია არც ერთი მათგანისგან. დამატებით დავაზუსტე, რომ ერთ-ერთმა პაციენტმა ოჯახის ექიმის კონსულტაცია მიიღო,“ – განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მაშინ როცა კოვიდინფიცირებულები 112-ში რეკავდნენ, სად მისამართდებოდა ზარი და რატომ ვერ ხვდებოდა ის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, პრესსამსახურში განმარტავენ:

„პროტოკოლი არის შემდეგი:  ზარი ფიქსირდება საერთო ცენტრში, რომელიც ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის საინფორმაციო ცენტრს. ზარის დაფიქსირების შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული მოქალაქის ზარი გადადის ოჯახის ექიმთან. მოქალაქეს უკავშირდება ოჯახის ექიმი, რომელიც დისტანციურად აფასებს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ოჯახის ექიმი სხვადასხვა კრიტერიუმებითა და გაიდლაინებით ასევე აფასებს – რამდენად ესაჭიროება პირს გადაუდებელი დახმარება/სასწრაფო. ხდება პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ხანრგძლივი, დისტანციური მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში, პირის მონაცემები მიეწოდება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რომელიც ახდენს რეაგირებას თითოეულ შემთხვევაზე”.

პრესსამსახურისვე თქმით, ოჯახის ექიმთან კონსულტაცია არ ნიშნავს, რომ სასწრაფო დახმარება ესაუბრება პაციენტს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ სასწრაფოში არ ხვდებოდა, მაშინ სად მისამართდებოდა 112-ში შესული მოქალაქის ზარები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია  უშუალოდ 112-ში უნდა გავარკვიოთ.

„შემიძლიათ გითხრათ, რომ 112-ში შესული ზარი არ იკარგება. 112 ინფორმაციას გადასცემს ოჯახის ექიმებს. ოჯახის ექიმები შემდეგ ესაუბრებიან პაციენტს. თუ ეს არ მომხდარა მათთან, უკვე შეგიძლიათ დააზუსტოთ 112-თან. თუმცა მე როგორც მოგახსენეთ, სასწრაფო დახმარებაში მსგავსი ინფორმაცია არ არის გადმოცემული,” – გვითხრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურმა.

ბათუმელი ექიმი მთავრობას მიმართავს – „მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები“

საავადმყოფოში როცა მოვხვდი, მაშინ დავიჯერე ვირუსის არსებობა – კოვიდპაციენტი

24 წლის გიო ჩავლეიშვილი კოვიდინფიცირებულია. ის თავის ისტორიას „ბათუმელებს“ უყვება და საზოგადოებას მოუწოდებს, დაიჯერონ ვირუსის არსებობა.

„14 სექტემბერს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც სიმპტომები მქონდა (ყელი მქონდა გაღიზიანებული, სიცხეც მომცა) გადავწყვიტე წავსულიყავი ტესტის ჩასაბარებლად. ტესტი ჩავაბარე რურუას ქუჩაზე, კარავში. 16-ში ღამე დამირეკეს და მითხრეს, რომ დადებითი იყო ჩემი ტესტის პასუხი. კერძო სახლში ვცხოვრობ და ორი დღე სახლში ვიყავი, სახლიდან არ გავდიოდი, ოჯახის წევრებისგანაც იზოლირებული ვიყავი. შიშის ფაქტორი იყო. მერე ჩემმა მშობლებმაც ჩააბარეს ტესტი, მაგრამ მათი პასუხი უარყოფითი იყო.

17-ში ზარები აღარ წყდებოდა, მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და წამიყვანეს „მედალფაში“ ფილტვების ტომოგრაფიაზე. ფილტვებზე რომ გადამიღეს, მცირე პნევმონია იყო და მაშინვე დამაწვინეს. 24 წლის ისე გავხდი, ექიმთან არ ვყოფილვარ. რატომღაც უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ ამ ექვსი დღის მანძილზე, რასაც ვუყურე, მთლიანად შემეცვალა წარმოდგენა ექიმებსა და ექთნებზე. ყოველ ნახევარ საათში მოდიოდნენ. ჩემი ტოლა გოგო-ბიჭები იყვნენ. რაც შეეძლოთ იმაზე მეტს აკეთებდნენ. ყოველ დილას ათ საათზე იცვლებოდა მორიგეობა, ფანჯრიდან ვუყურებდი, ცოცხალი გვამებივით იყვნენ, ისე დაღლილები ჩანდნენ დილას, შეცვლის შემდეგ.

სანამ საავადმყოფოში მივიდოდი, სიმართლე გითხრათ, მეტ-ნაკლებად მჯეროდა ვირუსის არსებობა. მაგრამ საავადმყოფოში რაც დავინახე, მერე დავიჯერე. ჩემთან ერთად იყო ბიჭი, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში სიცხე ვერ ჩაუქრეს. ეს ბიჭი კლინიკაში მოყვანამდე სასტუმროში იყო, კარანტინში. საერთოდ უსიმპტომო. უცებ სიცხემ დაარტყა ღამე. ოჯახის წევრები ტელეფონზე ურეკავდნენ, რომ ვერ გავიდნენ, მერე სასტუმროს ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ. ადმინისტრაციიდან ავიდნენ ამ ბიჭის ნომერში, მაღალი სიცხით დახვდათ, ვერ ლაპარაკობდა, ისეთ დღეში იყო. კლინიკაში ყოფნისას მკურნალობდნენ, მაგრამ სიცხე ქვემოთ არ იწევდა. ერთ ქალს საერთოდ ფილტვის 50% დახურული ჰქონდა.

„არ არსებობს ვირუსი“ – არ არის სიმართლე. აქედან რომ გავალ, ყველას ვეტყვი, რომ ფრთხილად იყვნენ, რომ ეს ვირუსი მართლა არსებობს და საშიშია.

მეც ისე ვიყავი თავიდან განწყობილი – არავის არ ჭირს, რაღაცა მოგონილია, მაგრამ ნამდვილად არაა მოგონილი. იმიტომ გავასაჯაროვე ჩემი ინფიცირების ამბავი, რომ ვფიქრობ, ყველამ უნდა დავწეროთ, ყველა კონტაქტს უნდა გავაგებინოთ, რომ მათი ახლობლები დავიცვათ. ვინმე ავადმყოფი რომ ჰყავდეთ სახლში, ის ხომ ვერ გადაიტანს.

ამჟამად კოვიდსასტუმროში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ“.

Exit mobile version