მთავარი,სიახლეები

ქვიარაქტივისტი მარიამ ქაჯაია კატო მიქელაძის პრემია 2020 წლის გამარჯვებულია

29.11.2020 • 1791
ქვიარაქტივისტი მარიამ ქაჯაია კატო მიქელაძის პრემია 2020 წლის გამარჯვებულია

კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული ქვიარაქტივისტი მარიამ ქაჯაია გახდა.

მარიამ ქაჯაია ბათუმში “იდენტობა იუს”-ის რეგიონულ ოფისს ხელმძღვანელობს. ის უფლებადამცველი და ქვიარაქტივისტია. მუშაობს ქვიარჯგუფებთან და განსაკუთრებით მოწყვლად ქალთა საჭიროებებზე აჭარის რეგიონში.

„მარიამი სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ფემინისტი აქტივისტი და მოაზროვნეა. მისი შრომა ზრუნვის ეთიკის ყველაზე ემპათიურ გაგებაზე დგას და მუდმივ თვითგაუმჯობესებასა და თვითკრიტიკას ეფუძნება. ბოლო წლების განმავლობაში მისი უანგარო შრომა ადგილობრივად ქვიარჯგუფის გაძლიერებისთვის და ქალთა საჭიროებების გამოკვეთისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო.

ყოველდღიურ საქმიანობაში, მარიამი განსაკუთრებით კარგად ხვდება კავშირებს ჩაგვრის ღერძებს შორის და მუდმივად ესწრაფვის ამ ანალიტიკური მიგნებების საპასუხოდ კონკრეტული მეთოდოლოგიური ჩარჩოს შემუშავებისკენ.

მისი ფემინისტური/სოციალური სამართლიანობის ბრძოლა ერთდროულად პერსონალურიც არის და საზოგადოც, თეორიულიც და პრაქტიკულიც, ადგილობრივ საჭიროებას მორგებულიც და ფართო პრობლემაზეც მიმართული. ამავე დროს, მისი შრომა კაპილარულია, და არა ზედაპირული. ის თანაბრად ცდილობს მისი რესურსების ფარგლებშიც და მის მიღმაც, მხარდაჭერა გამოუცხადოს ნებისმიერ იმ ჯგუფს, რომელიც მას საჭიროებს, იქნება ეს ქვიარ ჯგუფი, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალები თუ უსამართლო შრომითი პირობებით დაზარალებული ბათუმის მაცხოვრებლები, რასაც ის, არა უბრალოდ სერვისის გაცემით, არამედ “თანაგაზიარებული ზრუნვის” მეთოდოლოგიით აკეთებს. მისი შრომა, განსაკუთრებით იმ სივრცეებში, სადაც მხარდაჭერის ნაკლები შესაძლებლობებია, განსაკუთრებულ იმედს ბადებს ბევრი ახალგაზრდისთვის,” –  წერია ქალთა ფონდის გვერდზე კატო მიქელაძის წლევანდელი პრემიის გამარჯვებულის, მარიამ ქაჯაიას შესახებ.

29 ნოემბერი ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეა. 2013 წლიდან დღემდე ყოველ 29 ნოემბერს, “ქალთა ფონდი საქართველოში” ქალთა ემანსიპაციისთვის მებრძოლი კატო მიქელაძის სახელობის პრემიას გადასცემს ერთ უფლებადამცველ ქალს საქართველოში.

2020 წლის კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტები იყვნენ:
  • ალა ბეჟენცევა – ასოციაციის ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები” ხელმძღვანელი და საქართველოს რუს ქალთა კავშირის „იაროსლავნას“ თავჯდომარე.
  • ანა ქათამაძე – ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, აქტივისტი ფემინისტი და ლიდერი.
  • მაია ჩიტაია –„ქალთა მოძრაობის“ აქტიური წევრი. ერთ-ერთი დამფუძნებელი და ავტორი პლატფორმისა „ქალები საქართველოდან“.
  • მარი კორკოტაძე – ხელმძღვანელი ორგანიზაციისა – “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” (FAD).
  • ნაზი ჯანეზაშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
  • ნატალია პატარიძე – ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, აქტივისტი ფემინისტი და ლიდერი.
  • ნინო გამისონია – დაარსების დღიდან “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფისა” და “ქალთა მოძრაობის” წევრი, 25 ნოემბრის აქციების თანაორგანიზატორი, პლატფორმის “ქალები საქართველოდან” ავტორი და თანადამფუძნებელი.
  • ნინო თვალთვაძე – ქუთაისის მერის მოადგილე 3 წლის განმავლობაში.
  • ნინო წერეთელი – საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ “თანადგომას” აღმასრულებელი დირექტორი, პროფესიით ფსიქოლოგი და აივ/შიდსის საკითხებში საერთაშორისო კონსულტანტია (ექსპერტი).
  • რაისა ლიპარტელიანი – 2017 წლის სექტემბრიდან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, 2018 წლიდან მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და დამფუძნებელი (ILAW Network).
  • ციცინო შენგელია – ქალთა უფლებადამცველი სამეგრელოდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: