ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

საგანმანათლებლო ცენტრი, კინოკლუბი, კარაოკე – ჭვანის სოფლის სახლში NGO-ების მხარდაჭერით

30.11.2020 • 1352
საგანმანათლებლო ცენტრი, კინოკლუბი, კარაოკე –  ჭვანის სოფლის სახლში NGO-ების მხარდაჭერით

„სახლი რომ ავაშენეთ ადრე, გზა არ გვქონდა. ბილიკი იყო მხოლოდ. ზამთარში თხილამურებით დავდიოდით. ზურგით ამოგვქონდა ტვირთი, ოჯახს რაც სჭირდებოდა. გზა როცა გავაკეთეთ ცოტა გაადვილდა ცხოვრება, ადვილად გავიარეთ, მაგრამ მანქანა ვერ ამოდიოდა. ახლა ბეტონიც რომ დაიგო, მანქანა კარებთან მოდის, გარეგანათებაც გაკეთდა და ამ კუთხით დაძაბულობა რაც იყო, აღარ არის“, – ამბობს ნაზიკო ქათამაძე, რომელიც 60 წელია სოფელ ჭვანაში ცხოვრობს.

სოფელი ჭვანა

ჭვანა შუახევის მაღალმთიანი სოფელია, სადაც 70 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის შიდა გზაზე, იმ მონაკვეთებში, რომლებიც ყველაზე უფრო პრობლემული იყო, ბეტონის საფარი მოსახლეობამ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით დააგო.

სოფლის ზოგ უბანში გზა უშუალოდ ტყეში გადის, სადაც გადაადგილება, როგორც ადგილობრივები ამბობენ, საღამოს სახიფათო იყო, ნადირის გამო.

ნაირა ბერიძე

„სადმე თუ წავიდოდი და შემაგვიანდებოდა, საღამოს ოჯახის წევრები მხვდებოდნენ სოფლის ცენტრში და ისე მოვდიოდი სახლში. გზის ერთი მონაკვეთია, 15 წუთის სავალია ჩემს სახლამდე, მაგრამ განათება როცა არ იყო, გადაადგილება მეშინოდა. ზოგჯერ, ზამთარში, როცა ადრე ვერ გამოგვყავდა ბავშვები ბაღიდან, საღამოს მარტო ვეღარ მივდიოდით დედები… ახლა გარეგანათება რომ დამონტაჟდა, ეს შიშის გრძნობა აღარ მაქვს“, – გვეუბნება ნაირა ბერიძე.

გარეგანათება ჭვანის ორ უბანში მოსახლეობამ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მოაგვარა. პროექტში შუახევის მერიაც იყო ჩართული.

ნაზიკო ქათამაძე

„ახლა გზები არის, განათებაც, მაგრამ სოფელი მაინც არავის უნდა. ახალგაზრდებს ბათუმი, ბინები უნდათ“, – ამბობს ნაზიკო ქათამაძე.

ახალგაზრდებს სოფელში ცხოვრების მეტი სტიმული რომ ჰქონდეთ, მათთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის ფარგლებში ამჯერად კომპიუტერული ტექნიკა შეიძინა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის სახლსაც. პროექტში ჩართულია ორგანიზაცია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიც.

„ეს ტექნიკა შესაძლებლობას მისცემს სოფელს, რომ მოაწყოს სოფლის სახლში კინოკლუბი, კარაოკე, დისკოტეკა, ან გამოიყენოს ეს ტექნიკა სხვადასხვა ღონისძიების დროს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიძლება ამ ტექნიკის გადატანა, შესაბამისად, როდესაც მოსახლეობა მიდის მთაში, შესაძლებელია იქვე გამართოს ადგილზე ღონისძიებები“, – ამბობს ასლან ჭანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი.

ჭვანის სოფლის სახლის დარბაზი და ელექტროტექნიკა, რომელიც სოფელს გადაეცემა

კახა ქათამაძე

„ჩვენ გვაქვს სოფლის სახლი, სადაც იმართება ღონისძიებები, შეკრებები, სახლს სჭირდებოდა ცოტა მოწესრიგება – ფარდები, კონდიციონერი, გამწოვები. არასამთავრობომ გვიშუამდგომლა, მოგვაწოდა მასალები, სხვადასვა ტექნიკური აღჭურვილობა და სოფლის სახლს ვაწესრიგებთ. შეგვიძინეს ასევე კინოპროექტორი, ნოუთბუქი და სხვა ტექნიკა, რომლისთვისაც სოფლის სახლში გამოიყოფა ცალკე ოთახი. ამ ტექნიკით სოფლის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა ისარგებლებს, სტიმული იქნება მათთვის, განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა.

მართალია, ახალგაზრდობამ განათლება ქალაქში უნდა მიიღოს, მაგრამ დაბრუნებაც საჭიროა. სწორედ ამის საფუძველს ვქმნით ახლა, რომ საინტერესო გახდეს მათთვის სოფელში ცხოვრება“, – ამბობს კახა ქათამაძე. ის იმ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც სოფელშია შექმნილი და მოსახლეობასთან ერთად სოფლის პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს.

კახა ქათამაძის თქმით, სოფელში ინტერნეტიზაციის პრობლემაა და ახლა ამ პრობლემის მოგვარებაზეც მუშაობენ.

გიორგი ქათამაძე

„სხვადასხვა ღონისძიებას ვაწყობდით სოფლის სახლში, ახალ წელს ვიკრიბებით, დაბადების დღებია… ტექნიკას კი,  სადღაც უნდა წავსულიყავით, გვეთხოვა, ვქირაობდით. ახლა ჩვენი გვექნება და ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის უფრო საინტერესოც იქნება, ელექტრონული მუსიკის გაკეთებაც კი შეიძლება… სოფელში, ძირითადად მობილურის ინტერნეტით ვსარგებლობთ. მე სტუდენტი ვარ და შეხვედრებზე ახლა ონლაინ მიწევს ჩართვა და რთულია, დისკომფორტია პრობლემური ინტერნეტით და ტელეფონით. როცა ინტერნეტის პრობლემას მოვაგვარებთ და საჭიროება იქნება, ამ ტექნიკასაც გამოვიყენებთ, ასეთი შეხვედრებისთვის, ჩართვებისთვის“, – გვეუბნება გიორგი ქათამაძე.

ასლან ჭანიძის თქმით, სოფელში სხვა პრობლემებიცაა და სურვილი აქვთ კიდევ დაეხმარონ: „სოფელ ჭვანასთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს. 2016 წელს იყო მშვიდობიოს დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხერხდა გზების შეკეთება. შემდეგ დავეხმარეთ სოფელს და დამოუკიდებლად შეძლეს გარეგანათების მოწესრიგება,  ახლა სოფლის სახლის რეაბილიტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. ყველა ამ პროექტის დონორია გერმანული ფონდი – „პური მსოფლიოსთვის პროტესტანტული განვითარების სამსახური“ [BFDW]“

სოფელი ჭვანა. გზა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით გაკეთდა

სოფელი ჭვანა.

გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფში 10 წევრია და ერთ-ერთ ახალ პროექტზე უკვე მუშაობენ: „არ მინდა ჯერ დავასახელო, დავასრულებთ და დონორ ორგანიზაციებს მივმართავთ, რომ მოვიპოვოთ დაფინანსება… ამ ჯგუფში ყოფნა და საერთოდ ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან დამეხმარა მე პირადად, რომ მესწავლა პროექტის წერა და ამ კუთხით მივიღე დიდი გამოცდილება. ახლა შემიძლია სოფელში არსებული პრობლემების გამოკვეთა, პროექტის დაწერა და შემდგომში დაფინანსების მისაღებად“.

სოფელი ჭვანა / ჭვანის ხეობა / შუახევი

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: